რა საიდუმლოს ინახავდა მოჭრილ თითზე წამოცმული ბეჭედი
ბეჭდიანი თითი
33 წლის ვასილი კოსიგინი, მეტსახელად „შუსტრი“, ცნობილი მოსკოველი მძარცველი იყო. კოსიგინი ღამით მოსკოვის ბნელ შესახვევებში უსაფრდებოდა დაგვიანებულ მოქალაქეებს, ძირითადად, ქალებს და ხანჯლის მუქარით ძარცვავდა მათ. უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ საკმაოდ კარგი ნადავლიც რჩებოდა, თუმცა, მას მილიცია არ სწყალობდა და, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის ოთხჯერ იყო ნასამართლევი.
1970 წლის 3 აპრილს, მოსკოვური გაზაფხულის ცივ ღამეს, შუსტრი ვოროტნიკოვის ბნელ შესახვევში კარგა ხანს იდგა მსხვერპლის მოლოდინში. იმედი თითქმის გადაწურული ჰქონდა, როდესაც ქალის ნაბიჯების ხმა მოესმა. კოსიგინმა ხანჯალი ამოაცურა, კუთხეს ამოეფარა და, როდესაც უცნობი შესახვევს მიუახლოვდა, სწრაფად გამოხტა, ქალს თავზე მარჯვენა ხელი მოჰკიდა, მარცხენით კი ხანჯალი მიადო ყელზე და, რაც შეიძლება ჩახლეჩილი ხმით უთხრა შესაშინებლად:
– კედელზე აეკარი, ძუკნავ, და ხელები ასწიე, რომ კარგად გაგასუფთავო! ნუ გეშინია, თითს არ დაგაკარებ, მე მხოლოდ შენი ძვირფასეულობა და მაყუთი მინდა, ხორცი კი შენს ნაშას შეუნახე...
შუსტრიმ ამ გაზეპირებული ფრაზების წარმოთქმის მერე შენიშნა, რომ კედელზე აყუდებული, ბეწვისქუდიანი და ცხვირ-პირზე შარფშემოხვეული ადამიანი მამაკაცი იყო. ოდნავ დაბნეულმა, მას ხანჯალი მიაჭირა ყელზე და კბილებში გამოსცრა:
– არ გაინძრე, შე ლოხო, თორემ ყელს გამოგჭრი! ჩქარა, საფულე მოიტა და ჯიბეები ამოიცარიელე!
მამაკაცმა შუსტრის ხელი მოუქნია, მაგრამ მძარცველმა აიცილა და მთელი ძალით ჰკრა ხელი. უცნობი კედელზე გამავალ გაზის მილს კეფით შეასკდა და მოწყვეტით დაეცა. შუსტრიმ, გონებადაკარგულ უცნობს ჯიბიდან საფულე და პატარა ლითონის ყუთი ამოაცალა და მის „გასუფთავებას“ თავი დაანება, რადგან მიწაზე სისხლის ლაქა დაინახა და შეშინებულმა ჩაილაპარაკა: „ღმერთო, შემომაკვდა, კეფა გაეხვრიტა“! შემდეგ წამოხტა, მიიხედ-მოიხედა და ჩაბნელებულ შესახვევში გაუჩინარდა...
კოსიგინი სამი წუთის განმავლობაში გარბოდა თავქუდმოგლეჯილი და, ისე იყო შეშინებული, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, საით მირბოდა. ის მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც ჩაბნელებული შესახვევებიდან გაჩახჩახებულ პროსპექტზე აღმოჩნდა, მაგრამ, უკვე გვიან იყო, რადგან მილიციის მორიგე ჯგუფმა ის შენიშნა და, სანამ მიმალვას მოასწრებდა, ადგილზევე შეიპყრო... ჯგუფის უფროსმა, მილიციის კაპიტანმა პავლე ვორონოვმა, შუსტრი იცნო და ჰკითხა:
– ღამე მშვიდობისა, კოსიგინ. ასე გამწარებული სად მირბოდი?
– ვვარჯიშობდი, კაპიტანო, – გაუღიმა შუსტრიმ ვორონოვს და მაშინღა გაახსენდა, რომ ჯიბეში ნაძარცვი საფულე და პატარა ყუთი ედო. ამიტომ, ხელი სწრაფად ჩაიყო, რომ ნაყაჩაღარი მდინარე იაუზაში მოესროლა, მაგრამ ოპერებმა არ აცალეს, ნივთები ხელიდან გამოსტაცეს და პავლე ვორონოვს მიუტანეს.
– ეს ყუთი და საფულე შენია? – ჰკითხა მძარცველს კაპიტანმა.
– წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკებით, უფროსო, – მხრები აიჩეჩა შუსტრიმ.
– აი, ამ ნივთებზე, კოსიგინ, შენ რომ ჯიბეში გიპოვეს.
– მე ჯიბეში არაფერი მქონია.
კაპიტანს გაეცინა:
– შენ თვითონ იტყვი, რა დევს აქ და აღიარებ დანაშაულს, თუ მე ვნახო?
– ეგ ნივთები მე არ მქონია, – კვლავ იუარა შუსტრიმ.
ვორონოვმა ირონიული ღიმილით გააქნია თავი და პატარა ლითონის ყუთი გახსნა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა, შუსტრის შეხედა და გაფითრებულმა გამოსცრა:
– შენ რა, კოსიგინ, მანიაკობაც დაიწყე?
– ხუმრობთ, უფროსო? – გაეცინა შუსტრის.
გაფითრებულმა ვორონოვმა კი ყუთი დაანახვა კოლეგებს, რომელშიც ბრილიანტისთვლიანი ბეჭედწამოცმული, მოკვეთილი თითი იდო...
დანაწევრებული გვამი
ყუთში ჩადებული მოკვეთილი თითის დანახვაზე გამოცდილი მძარცველი გაფითრდა, აკანკალდა და კაპიტან პავლე ვორონოვს უთხრა:
– ეს მე არ მიქნია, კაპიტანო, ვფიცავ, არ მიქნია! თქვენ რა, პირველი წელია, რაც მიცნობთ? როდის იყო, მანიაკურად ვიქცეოდი? ჩემი საქმე ჰოპ-სტოპია: შეაყენე, წაართვი, „დაითესე“. თუმცა, – თავი ჩაღუნა შუსტრიმ, – თუმცა, ამჟამად მაინც გავები...
– რა „თუმცა“, კოსიგინ? – შეუტია ვორონოვმა – გარკვევით თქვი, რა გინდა და ნუ ლუღლუღებ!
შუსტრიმ მილიციელებს იქვე უამბო ყველაფერი და ბოლოს უთხრა:
– სისხლის ლაქით მივხვდი, რომ ის უბედური შემთხვევით დავბრიდე და შიშისგან იქიდან „მოვხიე“. მოჭრილი თითი კი, ვფიცავ, ჩემი ნამოქმედარი არაა. წამოდით და ყველაფერს ადგილზე განახვებთ!
ოპერჯგუფი და კოსიგინი უცნობი მამაკაცის ძარცვის ადგილზე მივიდნენ, მაგრამ სისხლის პატარა ლაქის გარდა, ვერაფერი აღმოაჩინეს და ვასილ კოსიგინი „მურში“ წაიყვანეს დაკითხვაზე. მანამდე კი, გამოცდილმა პავლე ვორონოვმა „მურის“ სამორიგეო ოპერატიულ განყოფილებაში შეიარა და ძარცვის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები გაგზავნა, რათა მათ ადგილზევე მოეხდინათ მოკვლევა და, რაც ყველაზე მთავარი იყო, მიწაზე დაღვრილი სისხლის ნიმუშები აეღოთ ლაბორატორიული შემოწმებისთვის... შემოწმებული იქნა მოკვეთილი თითი და შუსტრის სისხლიც, რამაც დაადასტურა, რომ მიწაზე აღმოჩენილი სისხლი მესამე პიროვნებას ეკუთვნოდა. ბეჭედზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ოცგრამიან ოქროს ბეჭედში ერთი სამკარატიანი და ოთხი თითოკარატიანი ბრილიანტები იყო ჩასმული. ბეჭედი 80 ათას მანეთად შეფასდა. თითის შემოწმების შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ მოკვეთილი თითი 30-35 წლის ქალის მარჯვენა ხელის ნაწილი იყო. მოკვეთილი თითის ბეწვოვანი საფარის მიხედვით დადგინდა ისიც, რომ ქალი ქერათმიანი უნდა ყოფილიყო. ამიტომ მოსკოვის პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო, მკვლელობის მუხლით საქმე არ აღუძრავთ, რადგან მოკვეთილი თითი ჯერ კიდევ არ იყო მკვლელობის დასტური. თუმცა, 41 წლის გამომძიებელი, სანდრო გავაშელი, რომელსაც ეს საქმე გადასცეს, დარწმუნებული იყო, რომ ქალი მოკლული იყო და სულ მალე გვამის აღმოჩენის იმედი ჰქონდა. გავაშელმა შუსტრი ორჯერ საფუძვლიანად დაკითხა და დარწმუნდა, რომ მძარცველი სიმართლეს ამბობდა. აქედან გამომდინარე, ქალის მკვლელად გავაშელს შუსტრის მიერ გაძარცვული უცნობი მიაჩნდა. ამიტომ ქართველმა გამომძიებელმა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტის შედგენა სცადა, მაგრამ შუსტრის მისი სახე არ დაუნახავს და, ამიტომ მხოლოდ ის უთხრა გამომძიებელს, რომ ის კაცი საშუალო სიმაღლის იყო, თავზე ბეწვის ქუდი ეხურა და ცხვირ-პირზე გრძელი შარფი ჰქონდა შემოხვეული...
– უფროსო, – დაასრულა თხრობა კოსიგინმა, – სისხლი რომ დავინახე და ვიფიქრე, დავბრიდე-მეთქი, იქიდან რაკეტასავით „მოვხიე“. აბა, რა ვიცოდი, თუ ის ცოცხალი იყო, თანაც, ასეთი საშინელი ვინმე...
შუსტრისგან ამოღებულ საფულეში იპოვეს 41 მანეთი და 37 კაპიკი, „ინტურისტის“ მიერ გამოშვებული 1970 წლის ჯიბის კალენდარი და ერთი ცალი ამერიკული წარმოების ფორთოხლის საღეჭი რეზინი... გარდა ამისა, მიწიდან აღებული სისხლის ანალიზით დადგინდა, რომ მისი პატრონი სიფილისის პირველი სტადიით იყო დაავადებული... ყველა ეს მონაცემი სანდრო გავაშელს უკვე 7 აპრილს, თითის აღმოჩენიდან მეოთხე დღეს ჰქონდა, ხოლო 8 აპრილს მედოვის შესახვევში მდებარე სახლის მეოთხე სართულზე, ოთხოთახიან ბინაში, 32 წლის მარგარიტა გრიცენკოს დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს. შიშველი გვამი წვრილ-წვრილ ნაწილებად იყო დაჭრილი, ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა, ქერათმიანი თავი კი თევზებით სავსე აკვარიუმში ეგდო. გვამს მარჯვენა ხელის თითი აკლდა და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ლითონის ყუთში აღმოჩენილი ბეჭდიანი თითი გრიცენკოს ეკუთვნოდა...
თარჯიმნის დღიური
32 წლის მარგარიტა გრიცენკო „ინტურისტის“ თარჯიმანი იყო. ოთხოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა. მეზობლები და თანამშრომლები ქალს დადებითად ახასიათებდნენ და მისი ასეთი საშინელი აღსასრული ყველას აოცებდა. გრიცენკო ქვრივი იყო – 1968 წელს ქმარი საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე სამსახურებრივი მოგზაურობისას დაეღუპა. გრიცენკოს მეუღლე, ვიქტორ ლუცკიც, თარჯიმანი იყო, ისიც „ინტურისტში“ მუშაობდა. მართალია მკვდარი არავის უნახავს, მაგრამ, რადგან იგი საშინელ ქარიშხალში მოჰყვა, რასაც თავად გრიცენკო და საბჭოთა ტურისტთა ჯგუფის მაშინდელი ხელმძღვანელი ანატოლი პოპოვიც ადასტურებდნენ, ლუცკი დაღუპულად მიიჩნიეს...
სანდრო გავაშელმა საფუძვლიანად გაჩხრიკა მოკლული ქალის სახლი და მისი დღიური აღმოაჩინა. ქართველმა გამომძიებელმა საგულდაგულოდ შეისწავლა გრიცენკოს ჩანაწერები და გაოგნდა: თავის დღიურში ქალი აღიარებდა, რომ მან და ანატოლი პოპოვმა, საბერძნეთში ყოფნისას ვიქტორ ლუცკი დანით მოკლეს, წყალში ჩააგდეს და განაცხადეს, რომ თითქოს ის ქარიშხლის დროს დაიღუპა... ჩანაწერებში ქალი ნანობდა თავის საქციელს და ყველაფერს პოპოვს აბრალებდა, რომელსაც ურჩხულს უწოდებდა. მარგარიტა გრიცენკოს დღიურში ეწერა: „ტოლიკა მოკვლით დამემუქრა, თუკი მე მას ვიტიას მკვლელობაში არ მივეხმარებოდი. რა უნდა მექნა? მე და ტოლიკმა ვიტია დანებით დავჩეხეთ და წყალში გადავაგდეთ...“
ანატოლი პოპოვი „ინტურისტის“ ერთ-ერთი განყოფილების გამგედ იყო დაწინაურებული და გრიცენკოს მკვლელობის დროს კანადაში იყო წასული სამსახურებრივი მივლინებით. ამიტომ, გავაშელმა ის სავარაუდო მკვლელთა სიიდან ამოშალა, თუმცა პოპოვი ლუცკის მკვლელობის თანამონაწილეობაში იმხილებოდა და, როგორც კი ის საბჭოთა კავშირში დაბრუნდა, გავაშელმა პოპოვი ტრაპთან დააკავა, „მურში“ მიიყვანა და უთხრა:
– თქვენ ბრალი გედებათ მოქალაქე ვიქტორ ლუცკის მკვლელობაში!
პოპოვი „მოტყდა“, გაფითრდა, თავი ჩაღუნა და ამოილუღლუღა:
– მარგომ გამყიდა?
გავაშელს ჩაეცინა:
– გრიცენკო მკვდარია. მისმა დღიურმა გაგყიდათ...
ბრილიანტის ბეჭდის საიდუმლო
ანატოლი პოპოვმა ყველაფერი აღიარა:
– როგორც ჩანს, ღმერთი მაინც არსებობს და მარგო იმიტომ დაიღუპა ასე საშინლად, მე კი, ალბათ, დამხვრეტენ.
– პოპოვ, დასახვრეტი ნამდვილად ხართ, – უთხრა გავაშელმა – მაგრამ, თუ მოგვეხმარებით მარგარიტას მკვლელის შეპყრობაში, შეიძლება, დახვრეტა თავიდან აიცილოთ.
– რა უნდა გავაკეთო?
– სატყუარას როლი უნდა შეასრულოთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელი ლუცკია და თქვენს მოკვლასაც შეეცდება. თქვენ იმან გიხსნათ, რომ კანადაში იმყოფებოდით და ლუცკი, უბრალოდ, ვერ მოგწვდათ.
– ვინაა მკვლელი? ვიტია? – აღმოხტა პოპოვს, – მაგრამ, ის ხომ მე და მარგომ მოვკალით?
– შესაძლოა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის გადარჩა და თქვენს მოკვლასაც შეეცდება...
ანატოლი პოპოვი გაათავისუფლეს და მან ჩვეულებრივად დაიწყო სამსახურში სიარული. თუმცა, მას მილიციის ოპერები დაჰყვებოდნენ შეუმჩნევლად და, საჭიროების შემთხვევაში, მზად იყვნენ, მიხმარებოდნენ. მართლაც, 1970 წლის 30 მაისს, პოლიციის თანამშრომლებმა პოპოვის სადარბაზოში დააპატიმრეს ვიქტორ ლუცკი, რომელიც პოპოვის მოკვლას აპირებდა. ლუცკი „მურში“ მიიყვანეს. გავაშელმა მას ბრალდება წაუყენა და ჰკითხა:
– ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ თქვენი ყოფილი მეუღლის, მარგარიტა გრიცენკოს მკვლელობაში?
– ვცნობ და მეტიც – ვნანობ, რომ ეს ნაძირალაც ვერ მივაყოლე იმ ძუკნას, – უთხრა ლუცკიმ გავაშელს და მის პირდაპირ მჯდომ პოპოვზე მიუთითა...
– ლუცკი, – უთხრა გავაშელმა ლუცკის, – მართალია, შური იძიეთ მეუღლეზე, მაგრამ, ბეჭდიანი თითი რატომ წააჭერით?
– იმიტომ, რომ ვერ მოვხსენი.
– მაგას არ გეკითხებით, ეს ისედაც გასაგებია. მე, უბრალოდ, მაინტერესებს, ბეჭედი რატომ წაიღეთ. მართალია, ის 80 ათასადაა შეფასებული, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, შურისმაძიებლები მსხვერპლს არ ძარცვავენ. თქვენ კი ეს წესი დაარღვიეთ.
– მე არ გამიძარცვავს მარგო, – მწარედ ჩაეცინა ლუცკოს, – ეს ბეჭედი ჩემს ბაბუას, წითელ კომისარს, ანტონ ლუცკის ეკუთვნოდა და დიდ საიდუმლოს შეიცავს: ბეჭდის ჩარჩოში ის ადგილია მითითებული, სადაც ბაბუაჩემმა და მისმა სამმა მეგობარმა, კომუნისტების კუთვნილი ოქრო და ძვირფასეულობა გადამალეს, რომელიც ფარულად გაიტაცეს. ეს მე თავად ბაბუამ გამანდო სიკვდილის წინ. ბაბუა კი ამ სამი წლის წინ გარდაიცვალა და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მოვახერხე ამ განძის პოვნა, რომ მარგომ და ამ ნაძირალამ ჩემი მოკვლა სცადეს...
კომისარ ლუცკის ბეჭდის ჩარჩოში მითითებული იყო ყირიმის ერთ-ერთი გამოქვაბული, სადაც მილიციამ 960 ათასი მანეთის ძვირფასეულობა აღმოაჩინა, რომელიც 1922 წელს ყოფილა გატაცებული.
ლუცკი დახვრიტეს, პოპოვი ციხეში გარდაიცვალა, კომუნისტების საგანძური კი სახელმწიფო საცავში მოათავსეს.