გამოქვეყნდა ბინ ლადენის გამოსახულება ჩალმისა და წვერის გარეშე
ამერიკის დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ, ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით შექმნა უსამა ბინ ლადენის ახალი გამოსახულება. საზოგადოების წინაშე ის პირველად წარადგინეს ტრადიციული ჩალმის გარეშე, უწვეროდ და ევროპულ ტანსაცმელში. ამ სახით „ნომერი პირველი ტერორისტი“ არავის და არასდროს უნახავს, მაგრამ, როგორც სპეცსამსახურები ვარაუდობენ, მას შეუძლია, ასეთი გარეგნობით დაემალოს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს. ხელოვნურად გაკეთებულ ფოტოებზე გამოსახული ბინ ლადენი მის ფართოდ გავრცელებულ პორტრეტთან შედარებით ასაკოვანი ჩანს.
შეერთებული შტატები უშედეგოდ ეძებს ბინ ლადენს 2001 წლიდან, როდესაც უდიდესი ტერორისტული თავდასხმა მოხდა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონზე. ვარაუდობენ „ალ ქაიდას“ მეთაური სისტემატურად გადაადგილდება სადღაც ძნელად მისადგომ მთიან ადგილებში ავღანეთისა და პაკისტანის საზღვართან. როგორც ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა, დეკემბერში აღიარა, წლებია, არ არსებობს ნამდვილი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის შესახებ, მისი კვალი დაკარგულია. ბინ ლადენის გზავნილების უმრავლესობა აუდიოჩანაწერების სახითაა, მხოლოდ ორია ვიდეოგამოსახულებით, 2001 და 2007 წლის სექტემბრის გზავნილები, თუმცა, მეორე გზავნილში ადრე ნაცნობი ჭაღარა წვერი ნახშირივით შავი ფერის პატარა წვერმა შეცვალა. ასე რომ, ჩანაწერების ნამდვილობას ბევრი ეჭვის ქვეშ აყენებს.
არის ვერსია, რომლითაც ამერიკის სპეცსამსახურები თვითონ თხზავენ ბინ ლადენის ვიდეოჩანაწერებს, მეორე ვერსიით, უსამა ჯერ კიდევ რვა წლის წინ, ბრძოლების დროს დაიღუპა გორა-ბორას გამოქვაბულებში ამერიკელების მიერ ბომბების ჩამოყრის დროს, სხვა ვერსიით კი ის თირკმელების სერიოზული დაავადებით გარდაიცვალა.
ბინ ლადენის ახალი გამოსახულება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერნეტ-საიტებზეა განთავსებული.