რატომ არ ყრიან ჩინელები ძვირფასი ფაიფურის ნამსხვრევებს და რა მასალისგანაა დამზადებული უნიკალური „გრაალის თასი“
ჩვენი რუბრიკის სტუმარი განსაკუთრებული კოლექციონერია, უფრო სწორად, კოლექციათა კოლექციონერი, რადგან იმდენად მრავალმხრივია მისი ინტერესების სფერო და გატაცებათა ობიექტები, ძნელია, ყველაფერი ერთ ჩარჩოში მოაქციო და კონკრეტული სახელი დაარქვა. თავად დღევანდელი პუბლიკაციის გმირი კი, ფილოლოგი, ქალბატონი ქეთევან გორგილაძე, საერთოდ არ მიიჩნევს თავს სერიოზულ კოლექციონერად და ამ გატაცებას, უბრალოდ, ლამაზი ნივთების სიყვარულს უწოდებს – მომწონს და იმიტომ ვაგროვებო.
ქალბატონი ქეთევანი: სურვილი, რომ რაღაც შემეგროვებინა, ბავშვობაში გამიჩნდა. ჩემი თავდაპირველი გატაცება იყო ფილატელისტობა და მართლაც კარგი კოლექცია მქონდა, მათ შორის იშვიათი და საკმაოდ ძვირფასი მარკებიც. თუმცა, შემდეგ ისინი დაიკარგა. მერე თანდათან სხვა ინტერესებიც გამიჩნდა და ამას, ალბათ, იმანაც შეუწყო ხელი, რომ ოჯახში ბევრი იყო ბებიის სახსოვარი უნიკალური ნივთი, ანუ საგვარეულო რარიტეტი. ძალიან მომწონდა ისინი და დამებადა სურვილი, ანალოგიური ნივთები მეც შემეძინა.
– განსაკუთრებით რომელ კოლექციას გამოყოფდით?
– ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მინიატურული გრაფინების კოლექცია. საერთოდ, მიყვარს პატარა ნივთები. ეს უძველესი ბროლის გრაფინი და კიდევ რამდენიმე, სწორედ ბებიასეულია. შემდეგ კი თანდათან შევიძინე დანარჩენებიც. აქ არის ფაიფურის ძველისძველი, თუმცა სერიული წარმოების რამდენიმე ნიმუში, ბროლის, მოხატული და ორნამენტებიანი, ფერადი მინის, გამჭვირვალე – ძველებურიც და თანამედროვეც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ფრანგული, გერმანული, ინგლისური, რუსული და კიდევ მრავალი სხვა, მათ შორის ქართულიც.
– ყველაზე საინტერესოა ის ნივთები, რომელსაც მთელი კედელი უჭირავს. ალბათ, თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. მით უმეტეს, როგორც თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, სხვადასხვა ქვეყნიდან უნდა იყოს ჩამოტანილი და, ასე ვთქვათ, ჟანრობრივადაც მრავალფეროვანია. მეტია კერამიკის ნაწარმი, მაგრამ არის ნაჭრის თოჯინაც და იარაღიც კი...
– დიახ, ეს ორი დამბაჩა, ანუ ამერიკული კოლტი ორიგინალია. ნახეთ, სპილოს ძვლის ორნამენტებიანი ტარი აქვს და ზედ თარიღია ამოტვიფრული. მეცხრამეტე საუკუნისაა. საკმაოდ მასიური და მძიმეა.
ეს თოჯინა კი ჩვენი ახლობლის, ნატა მინდაძის სახსოვარია, ის, ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს და ხატავს. მან გააკეთა ეს პრინცესა. ისე, ჩემს კოლექციონერობას ისიც უწყობდა ხელს, რომ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც – მეუღლე, ვაჟიშვილი, და, სიძე – ყველა ბევრს ვმოგზაურობთ და ნივთების უმეტესობა, სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულია.
– ალბათ, ეს დოქები... ქართული ორნამენტებითაა მოხატული...
– დიახ, ქართული კერამიკაა და არა მარტო ეს დოქები, რომელთაგან ზოგი ძველებურია, ზოგიც – თანამედროვე. ეს ფერადი თიხის თასი, რომელიც ასე ნატიფად არის გრავირებული და გრაალს მოგაგონებთ, ქართველი თანამედროვე ავტორისაა, სამწუხაროდ, გვარი არ მახსოვს. მისივეა და იმავე მასალითაა შესრულებული ქალის ეს ულამაზესი ჩანთა და ფოთლის ფორმის ხილის ვაზა.
– ეს საათიც, ხის ფუტლარითა და ბავშვების ფიგურებით, ძველებურია?
– არც ისე. რუსულია, საბჭოთა პერიოდში გამოვიდა. ჩემი ბავშვობის დროინდელია და იმ ეპოქაში, ალბათ ფუფუნების საგნად ითვლებოდა.
– ეს ნივთები შეიძლება იმის მიხედვითაც დაიყოს, თუ რომელი საიდან არის ჩამოტანილი და რომელი ქვეყნის კულტურას წარმოადგენს?!
– თუ მასე მივყვებით, როგორც უკვე აღვნიშნე, დამბაჩებიც და ეს ცისფერი მინის მუსიკალური ზარდახშაც ამერიკულია, ეს ურემი, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ქართულს, შამპანურის სადგარია და ლათინური ამერიკიდანაა. ასევე სამხრეთამერიკულია ეს უმსუბუქესი ხის მასალისგან დამზადებული ხელნაკეთი ჭადრაკის დაფა უნიკალური ფიგურებით... სხვაც ბევრია ამერიკული ექსპონატი, მაგრამ ამის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.
– აფრიკული კუთხეც გქონიათ...
– ამ ფაიფურის ჟირაფს გულისხმობთ ზამბარიანი კისრით? ესეც აფრიკულია. ეს მოხატული ნიღაბი კი რომელიღაც აფრიკული ტომის სარიტუალო ატრიბუტია. გაჩვენებთ კიდევ აფრიკულ ზარდახშას, რომელიც, გოგრისგან არის დამზადებული და ფერების ისეთი საოცარი ნაზავია, დამეთანხმებით ალბათ, რომ მართლაც ხელოვნების ნიმუშია.
– ახლა ოცდამეერთე საუკუნეა, თქვენს კოლექციაში კი ანტიკური ხანის „სიოც“ უბერავს...
– ეს მინიატურული ბერძნული ამფორები მართლაც ანტიკური პერიოდის ანალოგებია.
– თუ ეს ალადინის ლამპარია, ანტიკურიდან ზღაპრულ სამყაროში გადავინაცვლებთ...
– ალადინისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ინდური სურა კი არის.
– ნაწილი ნივთებისა, ალბათ, ნაჩუქარია?
– დიახ. მაგალითად, ეს ძველებური ვერცხლის მოსევადებული ჭინჭილა ქორწილში გვაჩუქა სერგო ქავთარაძემ. ის იყო საბჭოთა კავშირიდან წარგზავნილი პირველი ელჩი ამერიკაში. ეს კი ზურაბ წერეთლის ერთ-ერთი მონუმენტური კომპოზიციის მოდელია და თავად ავტორის სახსოვარია.
– ამ ხის „სამეფო სკიპტრას“ რკინის კბილანები რატომ აქვს ბუნიკზე? ვიკინგების იარაღს ჰგავს...
– მართლაც უძველესი საბრძოლო იარაღია. ჩემს მამამთილს აჩუქა ჰერმან ვედეკინდმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი გახლდათ და საქართველო-გერმანიის კულტურულ ურთიერთობებს კურირებდა. მაშინ ჩემი მამამთილი კულტურის მინისტრის მოადგილე იყო და ბატონი ჰერმანის დიდი მეგობარი გახლდათ.
– ხელოვნების სიყვარული ჩანს ყველაფერში. ცნობილი მხატვრების ნამუშევართა კოლექციაც გაქვთ...
– აქ არის გუდიაშვილი, ჩუბჩიკა (თენგიზ მირზაშვილი) – ის ძალიან ახლობელი იყო ჩვენი და ხედავთ მის ფერწერასაც. ესეც ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია: დილბარიანი, ცხოვრებაშვილი, სამხარაძე, კუპრავა. ეს სამხრეთამერიკული კომპოზიციებია, ეს მინიატურული სურათი კი ინდური ფერწერის ნიმუშია...
– აი, მივადექით ყველაზე საინტერესო და უძვირფასეს კოლექციას – მეჩვიდმეტე საუკუნის იაპონური ხელოვნების საოცრებად წოდებულ „ნეცკებს“. ცნობილია, რომ ამ უნატიფესი პატარა სტატუეტების მფლობელნი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან.
– საკუთარი თავის ქებას ვერ დავიწყებ და ისევ გავიმეორებ, ეს „ნეცკებიც“, ისევე, როგორც დანარჩენი ნივთები, შევაგროვე იმიტომ, რომ მომწონს.
– აქ არის ფაიფურის ვაზები, საყვავილეები, ზარდახშები ხის ქერქის ბურბუშელებითა და ყვავილების ფურცლებით...
– ეს სურნელოვანი ბურბუშელებია. ამ ზარდახშას, ნახეთ, როგორი სურნელება აქვს? თითქმის ოცი წლის წინათ ჩამოვიტანე ამერიკიდან და დღემდე არ დაუკარგავს არომატი. ეს პატარა უცნაური ფორმის ზარდახშა ჩინურია და სიმბოლური დატვირთვა აქვს. ჩინეთში ასეთი ტრადიციაა: როცა ოჯახში ძალიან ძვირფასი ფაიფურის ჭურჭელი ტყდება, მას არ აგდებენ და ნამტვრევისგან ახალ მოვერცხლილ ნივთს აკეთებენ, ალბათ, ოჯახის სიმდიდრე რომ არ გაჰყვეს ნამსხვრევებს.
– მართლაც ამოუცნობია თქვენი, როგორც კოლექციონერის ხედვა. ბიოლოგი არ ხართ და პროფესიულ ინტერესს ვერ მივაწერთ, მაშ, რამ გადაგაწყვეტინათ პეპლების შეგროვება?
– 1988 წელს ვიყავით ამერიკაში ჩვენს მეგობრებთან. ასაკოვანი ცოლ-ქმარი იყო და მათ მაჩუქეს ეს სამხრეთამერიკული პეპელა. ნახეთ, რა ლამაზი ფერებია?! ძალიან მომეწონა და მას შემდეგ დავიწყე მათი შეგროვება. ამერიკაშივე შევიძინე ეს ორი ნიმუში, ასევე სამხრეთამერიკული და შემდეგ ასე გაგრძელდა... ბოლოს, რა გითხრათ... შეიძლება, კიდევ გამიჩნდეს ახალი ინტერესი...
ნანა წერეთელი