როგორ დაკარგეს ერთმანეთთან კონტაქტი უკრაინელმა ნათესავებმა და ვის ეძებენ ისინი ბათუმში
32 წლის მაქსიმ ვალენტინის ძე ეძებს: დაახლოებით 65-70 წლის ვიქტორ ვლადიმირის ძე გულიაკევიჩს.
ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემის ნათესავს ქალაქ ბათუმში, ვიქტორ ვლადიმირის ძე გულიაკევიჩს. სამწუხაროდ, მისი ზუსტი ასაკი არ ვიცი, დაახლოებით 65 წლის უნდა იყოს. ბაბუაჩემის ნათესაობა დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ბათუმში. 70-80-იან წლებში ჩვენს ოჯახს მათთან მიმოწერაც კი ჰქონდა, მაგრამ 1992 წლის შემდეგ ყველანაირი კავშირი დაიკარგა. ყველანაირად ვცდილობდით მათ პოვნას, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროდ, მათი ფოტო არ გვაქვს, ამიტომ თქვენი მკითხველი და თქვენ ჩვენი ერთადერთი იმედი ხართ.
– როგორ გადაწყვიტეთ ნათესავების მოძებნა და რა ინფორმაცია გაქვთ მათ შესახებ?
– ვიქტორი ბაბუაჩემის ახლო ნათესავია, მათ ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბაბუა ხშირად მიყვებოდა ბათუმში მცხოვრებ ნათესავებზე. მე პატარაობიდანვე დიდი ინტერესი მქონდა მათ მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ჩემი ცდა, მეპოვა ისინი, კრახით დამთავრდა. ორი თვის წინ განვათავსე განცხადება „ჟდი მენიას“ საიტზე, რომლიდანაც გამომეხმაურნენ ნებაყოფლობითი დამხმარეები და თქვენი რუბრიკის შესახებ მაცნობეს. ვიცი, რომ ვიქტორის მამას ვლადიმირ ტარასის ძე გულიაკევიჩი ერქვა. მასთან ბიძაჩემსაც კი ჰქონია მიმოწერა, რაც 1990-იან წლებში შეწყდა. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ვიქტორს ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც 80-იან წლებში უკვე 5 წლის იყო. სამწუხაროდ, მისი სახელი არ ვიცი. დიდი ხანია, მინდოდა მათი მოძებნა. საერთოდ, მთელი ჩვენი ნათესაობა ძალიან თბილად არის განწყობილი საქართველოს მიმართ. ჯერ კიდევ წერილებში წერდა ვიქტორი, თუ რა ლამაზი და კარგი ქალაქია ბათუმი და რაოდენ განსაკუთრებული ხალხია ქართველები. ამჟამად მე მინსკში ვცხოვრობ და რამდენიმე თვეა, რაც საგვარეულო შტოს დადგენას შევუდექი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ვიქტორისა და ვლადიმირ გულიაკევიჩების პოვნა. საკმაოდ ბევრი ვიმუშავე სანათესაო შტოს დადგენასთან დაკავშირებით. გავარკვიე, რომ ჩემ მიერ ძებნილი ძმების, ვლადიმირისა და ვიქტორის მამის, ტარასის მამის სახელი იყო დომინიკო. მოვიძიე მათი წინაპრების სურათებიც თუ მათ იცნობენ ბათუმში მცხოვრები ჩემი ნათესავები, ალბათ, გამომეხმაურებიან.
– ჩვენ გარდა თუ გქონიათ სამძებრო საიტიდან რაიმე გამოხმაურება თქვენს ისტორიასთან დაკავშირებით?
– მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ პროფესიით ჟურნალისტი ვარ და მაქვს საკმაოდ დიდი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან, ამ საკითხთან დაკავშირებით მჭირდება განსაკუთრებული დახმარება და პროფესიული მიდგომა. სტავროპოლის მხარის დამხმარე გამომეხმაურა მხოლოდ და მირჩია თქვენთვის მომემართა, მეტი არავინ გამომხმაურებია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნათესავებს გვაპოვნინებთ. დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან გაუხარდებათ, როდესაც გაიგებენ, რომ ჩვენ ისინი არ დაგვვიწყებია. მით უმეტეს, რომ პირადად მე მათ არც ვიცნობ. უბრალოდ, იმდენჯერ მქონდა მოსმენილი ბაბუასგან, რომელიც ბოლო დროს ძალიან ნაღვლობდა და დარდობდა მათთან კავშირის შეწყვეტას, რომ, გადავწყვიტე, აქტიურად ჩავრთულიყავი მათი მოძებნის პროცესში. თავიდან ეს ძალიან იოლი საქმე მეგონა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩემ მიერ გაგზავნილი წერილები შეტყობინებით უკან დაბრუნდა, მივხვდი, არც ისეთი ადვილი ყოფილა. ტერიტორიულადაც საკმაოდ შორს ვართ ერთმანეთისგან.
– როგორ ფიქრობთ, ისინი თუ გეძებენ თქვენ ან ბაბუას, კიდევ ვინ გგულშემატკივრობთ მათ მოძებნაში?
– ალბათ, მათაც იგივე პრობლემა აქვთ, წერილებითაც ვეღარ გვიკავშირდებიან, მათ ჩვენი ტელეფონის ნომრები არ იციან, აქ ჩამოსვლა ან იქ გამგზავრება კი რთულია. ბაბუა ყვებოდა, იმათ ისე უყვართ თავიანთი ქალაქი, შეიძლება, ერთი კვირითაც კი არ მიატოვონო. გულშემატკივრები ამ ისტორიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მყავს ნათესავებიდან დაწყებული მეგობრებით დამთავრებული. ნათესაობა ოპტიმისტურად უყურებს ამ საკითხს და იმედი აქვთ, მეგობრები კი ფიქრობენ, რომ ჩემი ცდა უშედეგო იქნება და ბათუმში პირდაპირ ჩასვლას მირჩევენ, რაც ჩემი აზრით, უგუნურობაა – მისამართი მაინც უნდა ვიცოდე ან ფოტო მაინც უნდა მქონდეს.
– მათი პოვნის შემთხვევაში თუ აპირებთ ჩამოსვლას და ერთმანეთის ნახვას?
– ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. ხომ გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით უკრაინელები ვართ, საქართველოც და ქართველებიც ძალიან გვიყვარს. თუკი ნათესავებს ვიპოვით, აუცილებლად ჩამოვალთ მათთან სტუმრად.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.