ბინ ლადენის ოჯახი დუბაიში ყველაზე მაღალ სასტუმროს ააშენებს
სამშენებლო ჰოლდინგი „საუდი ბინ ლადენ გრუპი“, რომელიც მსოფლიოში ნომერი პირველ ტერორისტის, უსამა ბინ ლადენის ოჯახს ეკუთვნის, 2010 წლის მესამე კვარტლიდან დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმროს აშენებას აპირებს. ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე მაღალ სასტუმროდ დუბაიში მდებარე „როუს რეიანი“ მიიჩნევა, რომლის სიმაღლეც 333 მეტრია. ბინ ლადენის ოჯახი ააშენებს სასტუმრო „მაკა ქლოქ როიალ თაუერს“, რომლის სიმაღლეც 577 მეტრი იქნება. ახალი, 76-სართულიანი სასტუმრო 858 ნომერზეა გათვლილი, ხოლო მის სახურავზე 40-მეტრიანი საათი განთავსდება. აღსანიშნავია, რომ ეს საათი ლონდონის სახელგანთქმულ „ბიგ ბენზე“ ხუთჯერ უფრო მაღალი იქნება და მას 17 კილომეტრიდანაც შეამჩნევენ. სასტუმროს სახელიც – „ქლოქ როიალ თაუერი“ (საათის სამეფო კოშკი) აქედან მომდინარეობს. გარდა ამისა, ბინ ლადენების ოჯახური სასტუმრო იმითაც იქნება გამორჩეული, რომ მასში მთვარის ობსერვატორია და ისლამის მუზეუმი განთავსდება. „საუდი ბინ ლადენ გრუპი“ არაბული სამშენებლო ჰოლდინგია, რომლის შტაბ-ბინაც ტერორისტის სამშობლოში – საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარეობს. წარმატებული ჰოლდინგის წლიური შემოსავალი 5 მილიარდი დოლარია. ჰოლდინგი 1931 წელს ცნობილი ტერორისტის მამამ დააარსა. ოჯახი ამტკიცებს, რომ ამჟამად ძებნაში მყოფ უსამასთან მათ არანაირი კონტაქტი არ აქვთ.