კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ საფეხბურთო კლუბს ფლობს ოლიგარქი ლეონიდ ფედუნი და რა აკავშირებს მას ქართული ფეხბურთის იმედთან, ჯანო ანანიძესთან


საფეხბურთო კლუბ, მოსკოვის „სპარტაკის“ მფლობელი და ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ფედუნი საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გახდა, მაშინ, როდესაც ანდრეი ჩერვიჩენკოსგან რუსული „სახალხო გუნდის“ აქციები შეიძინა. მანამდე კი იგი, მხოლოდ ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. ჟურნალ „ფორბსის“ ბოლო, 2009 წლის მონაცემებით ლეონიდ ფედუნის ქონება 4,3 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული და მას 122-ე ადგილი უკავია მილიარდერთა რეიტინგში.

ლეონიდ არნოლდის ძე ფედუნი 1956 წელს კიევში დაიბადა. ბავშვობის პერიოდი მას საბჭოთა ბავშვების საოცნებო ადგილას, კოსმონავტიკის მექაში, „ბაიკანურში“ აქვს გატარებული, სადაც მამამისი, არნოლდ ანტონის ძე ფედუნი, სპეციალობით სამხედრო ექიმი განაწილებით მოხვდა. კიევისგან შორეულ ყაზახეთში, კოსმოდრომ „ბაიკანურზე“, არნოლდ ფედუნი დანიშნული იყო საგარნიზონო ჰოსპიტლის ხელმძღვანელად და იგი იძულებული გახდა თავისი ოჯახიც ყაზახეთში ჩაეყვანა. კოსმოდრომის გასაიდუმლოებულ ტერიტორიაზე, მომსახურე პერსონალისთვის უამრავი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა. სწორედ ასეთ გასაიდუმლოებულ ობიექტზე იზრდებოდა პატარა ლეონიდი, და დიდ ფეხბურთელობასა და არქეოლოგობაზე ოცნებობდა კოსმონავტობის ნაცვლად, როცა ეს იმდროინდელი ბავშვების სანუკვარი ოცნება იყო. საღამოობით კი, მოსკოვიდან მიღებულ რადიოსიგნალებს უსმენდა, სადაც კომენტატორები საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების რადიორეპორტაჟებს გადმოსცემდნენ, ესეც გართობის ერთადერთი საშუალება იყო მისთვის. 1972 წელს მამის გავლენით, ლეონიდმა როსტოვის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, მაგრამ მედიკოსობის ნაცვლად მან სამხედრო-პოლიტიკური ფაკულტეტი აირჩია. 1977 წელს სასწავლებლის დამთავრებისთანავე ლეონიდმა ძერჟინსკის სახელობის სამხედრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც დაიცვა კიდეც საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საზოგადოებრივი აზრი როგორც არმიის მორალური სულის გაძლიერების ფაქტორი“. ფედუნი აკადემიაშივე დარჩა სამუშაოდ და იქ ლექციებს კითხულობდა. ამას გარდა, იგი ლექტორების საკავშირო გაერთიანება „ზნანიას“ წევრიც იყო და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში ლექციების წასაკითხად მოგზაურობდა. იმ დროისთვის ფედუნის ხელფასი თვეში 150 რუბლი იყო.

1987 წელს კავშირმა „ზნანიამ“ ფედუნი ლექციების წასაკითხად შორეულ კოგალიმში, ციმბირში მიავლინა. თავდაპირველად ფედუნმა იფიქრა, რომ ლექციების წაკითხვა თეთრი დათვებისთვის მოუწევდა, მაგრამ სინამდვილეში ამ მივლინებამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მის ცხოვრებაში. კოგალიმში ფედუნმა გაიცნო ვიტალი შმიდტი, რომელიც სხვა მენავთობეებთან ერთად მისი ლექციის მოსასმენად იყო მოსული. შმიდტი „კოგალიმნეფტეგაზის“ გენერალური დირექტორის, ვაგით ალეკპეროვის მარჯვენა ხელი იყო და ლექციის დასრულების შემდეგ, მან საუბრის გასაგრძელებლად ფედუნი თავის კაბინეტში დაიბარა. შმიდტსა და ფედუნს შორის საკმაოდ საინტერესო საუბარი გაიმართა, ნავთობის და ენერეგეტიკის პრობლემებზე და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ფედუნის აზროვნებით მოხიბლულმა მენავთობემ მას კოგალიმში სამუშაოდ დარჩენა შესთავაზა. ფედუნიც დაჰყაბულდა. როდესაც 1990 წელს, ვაგით ალეკპეროვი ნავთობის და გაზის მრეწველობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს მან მოსკოვში თან წაიყვანა ლეონიდ ფედუნი.

1993 წელს ლეონიდ ფედუნმა თავი დაანება ლექტორობას, დაამთავრა პრივატიზაციის და მრეწველობის უმაღლესი სკოლა და კომპანია „ლუკოილ კონსალტინგის“ გენერალური დირექტორი გახდა. კომპანია „ლუკოილის“ ინტეგრირებული ერთეული იყო. მის ეფექტურ მუშაობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 1994 წელს იგი დაინიშნა ნავთობ-კომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტად ანუ ალეკპეროვის მარჯვენა ხელად.

მიუხედავად ასეთი კარიერული წინსვლისა, ფედუნი ახერხებდა დარჩენილიყო „ლუკოილის“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და იდუმალ მენეჯერად. პირველად მისი სახელი „ფორბსმა“ 2004 წელს ახსენა და მაშინდელი ქონება 1,3 მილიარდ დოლარად შეაფასა. სწორედ ფედუნის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ „ლუკოილი“ რუსეთის თავდაცვის უწყებებისთვის, საწვავის და ნავთობპროდუქტების მთავარ მიმწოდებლად ითვლება.

2003 წელს ლეონიდ ფედუნმა 70 მილიონ დოლარად შეიძინა, რუსეთში პოპულარული საფეხბურთო კლუბი, მოსკოვის „სპარტაკი“, რომელიც იმ დროისთვის არცთუ სახარბიელო სიტუაციაში იმყოფებოდა. ფედუნმა საკუთარი სახსრები დააბანდა კლუბში და ასევე სპონსორების მოზიდვაზეც დაიწყო ფიქრი. მისი მენეჯერობით „სპარტაკის“ ბიუჯეტი 40 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც კლუბს საშუალებას აძლევდა ძვირად ღირებული ფეხბურთელები და სახელოვანი მწვრთნელები მოეწვია. ფედუნს მოთამაშეებთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და სეზონის დასრულების შემდეგ, ის მათ საკმაოდ ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებს. მაგალითად ცნობილი ფაქტია, რომ 2006 წელს კლუბის მეკარეს, პოლონელ ვოიცეხ კოვალევსკის ფედუნმა ძვირად ღირებული ავტომობილი, „ჰამერი“ აჩუქა. სხვათა შორის, ფედუნი აქტიურად ერევა კლუბის საქმეებში. მისი უშუალო ბრძანებით, არასახარბიელო შედეგის გამო, მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ლეგენდარული დანიელი ექსფეხბურთელი მიქაელ ლაუდრუპი. ასევე მისი ბრძანებით, კლუბის მწვრთნელად დაინიშნა ახლო წარსულში ცნობილი რუსი ფეხბურთელი ვალერი კარპინი, რომლის ინიციატივით „სპარტაკის“ დუბლებიდან მთავარ გუნდში გადმოიყვანეს, ქართული ფეხბურთის იმედი და ამომავალი ვარსკვლავი, ჯანო ანანიძე. მასზე ფედუნი და კარპინი საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ და ჯერჯერობით უარით ისტუმრებენ ისეთი ბობოლა ევროპული კლუბების შემოთავაზებებს, როგორებიცაა „არსენალი“, „მილანი“ და „მანჩესტერ სიტი“.

ფეხბურთის გარდა, ფედუნი ქველმოქმედებითაც არის დაკავებული და მისი ინიციატივით და დაფინანსებით „მგიმოს“ ტიულინის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში არსებული უნიკალური აღმოსავლური ხელნაწერების რესტავრაცია და ამ ხელნაწერების ვირტუალური ბიბლიოთეკის პროექტი ხორციელდება, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.

P.S. ლეონიდ ფედუნის უმცროსი ქალიშვილი, „მგიმოს“ სტუდენტი კატია ფედუნი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სარძლოდ ითვლება, ქსენია სობჩაკთან, მარია შარაპოვასთან და ნასტია პოტანინასთან ერთად. რთული გამოსაცნობი არ არის, თუ რა კონკურენციაა გამართული. მათი გულების მოსაგებად, ყველას კარგად მოგეხსენებათ ამ გოგონების უკან ხომ მრავალმილიარდიანი ქონება და უზრუნველი მომავალი იმალება.


скачать dle 11.3