„ნელი“ მყარი დიეტა
ალბათ, მიხვდით, ამ დიეტას „ნელი“ იმიტომ ჰქვია, რომ ნელ-ნელა იკლებთ წონაში, „მყარი“ კი იმიტომ, რომ თუ დიეტის შემდეგ თავს არ მოიკლავთ ჭამით, დაკარგულ წონას აღარ აღიდგენთ.
დიეტა 25-დღიანია და ორ ეტაპად იყოფა: პირველი ეტაპი ორკვირიანია და 3-4 კილოგრამს იკლებთ, მეორე – 10-დღიანი ეტაპი კი 5-6 კილოგრამს მოგაშორებთ.
პირველი ეტაპი – მაწონი და „ცოცხალი“ ფაფა
წიწიბურა გაარჩიეთ და გარეცხეთ. 2 ჩაის ჭიქა ბურღულს დაასხით 3 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი (ან კეფირი), კარგად მოურიეთ და შედგით მთელი ღამით მაცივარში. მეორე დილიდან ეს „ცოცხალი“ ფაფა მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. არ შეაზავოთ მარილით ან შაქრით. წიწიბურა საკმაოდ კალორიული პროდუქტია და სხვა დამატებებს არ საჭიროებს. ამ ფაფის პარალელურად, დალიეთ დღეში 1-1,5 ლიტრი კეფირი (ან უცხიმო მაწონი). ხოლო იმისთვის, რომ ეს ერთფეროვანი საკვები არ მოგბეზრდეთ, კვებასა და კვებას შორის მიირთვით 1-2 ცალი არატკბილი ხილი, დაკეპილი კომბოსტოს სალათა, მწვანილი და 1 ჩაის კოვზი თაფლი; სვით წყალი და მწვანე ჩაი (დღეში 1,5-2 ლიტრის რაოდენობით).
მეორე ეტაპი – გახდომაში ხახვი დაგეხმარებათ
ხახვის სუპი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ დროს, როცა კი მოგშივდებათ. მთავარია, არ დაარღვიოთ მთავარი წესი: ხახვის წვნიანი უნდა მიირთვათ, სულ ცოტა, 10 დღის განმავლობაში და ამ რაციონს ყოველდღიურად მცირე ულუფებით უნდა დაუმატოთ ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს ცხიმებს: ხილი (ბანანისა და ყურძნის გარდა), ბოსტნეული (კარტოფილისა და ავოკადოს გარდა), მოხარშული ბრინჯი, ქათმის ან საქონლის მჭლე ხორცი. მთლიანად გამორიცხეთ მარილი და შაქარი. სვით უშაქრო, მწვანე (ან პიტნის) ჩაი და ჩვეულებრივი წყალი.
ხახვის სუპი მოამზადეთ შემდეგნაირად: 2 ლიტრ წყალში ჩააგდეთ 2 ცალი ბულიონის კუბიკი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი 1 მოზრდილი თავი ხახვი, თითო კონა ოხრახუში, კამა, ნიახური და რამდენიმე ღერი პიტნა, 1 ფოთოლი დაჭრილი კომბოსტო, 1 ცალი სტაფილო, რამდენიმე ცალი ლობიო (შეიძლება ლობიოს გარეშეც), 2 ცალი ბულგარული წიწაკა (მწვანილი სულ ბოლოს, გამორთვამდე ორი წუთით ადრე ჩაყარეთ). სურვილისამებრ, შეგიძლიათ, დაამატოთ 1 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი ან 2-3 ცალი კანგაცლილი პომიდორი. ცხიმი და მარილი გამორიცხეთ.
წარმატებას გისურვებთ!