აუცილებელია რელაქსი!
გადაბმული წვეულებები, შამპანური, მხიარული ღამისთევები თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ, როგორც იტყვიან, გადამეტებული არაფერი ვარგა. დღესასწაულის დღეებმა ჩაიარა, თქვენც დაუბრუნდით ყოველდღიურ ცხოვრებას, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მოთენთილად გრძნობთ თავს, განსაკუთრებით კი – დილით და საღამოთი, ხომ ასეა? კანიც, სახესა და მთელ სხეულზე, თითქოს მოდუნებული და გაუხეშებულია... ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ აუცილებელია რელაქსი, თანაც – სასწრაფოდ. ამისთვის კი რამდენიმე მარტივი და სასიამოვნო პროცედურა უნდა ჩაიტაროთ:
1. დაძინებამდე 2 საათით ადრე, აავსეთ აბაზანა იმ ტემპერატურის მქონე წყლით, რომელიც თქვენს სხეულს ესიამოვნება, გახსენით მასში დაახლოებით 2 მუჭი ზღვის მარილი, ცოტაოდენი ეთერზეთი და ნახევარი საათი ინებივრეთ.
2. გაიკეთეთ შოკოლადის ნიღაბი. წაისვით ყველგან, სადაც ხელით მისწვდებით: სახეზე, ყელზე, კიდურებზე, ტანზე... 20 წუთის შემდეგ დოლბანდის ტამპონით გაიკეთეთ მსუბუქი პილინგი. შემდეგ თბილი შხაპით ჩამოიბანეთ.
3. დილით, სამსახურში წასვლამდე, შხაპის გადავლების შემდეგ, აიღეთ ხაოიანი ან „ვაფლის“ პირსახოცი, დაასველეთ თბილ წყალში და კარგად გაწურეთ. მერე კი მთელ სხეულზე გაიკეთეთ მასაჟი.
4. თუ დილით ვერ ასწრებთ სავარჯიშოდ გასვლას, დადექით აივანზე ან გაღებულ ფანჯარასთან და გააკეთეთ ელემენტარული ვარჯიშები, შემდეგ კი პირი ცივი წყლით დაიბანეთ. აი, საღამოს მოციონი კი არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ – დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, თუნდაც ნახევარსაათიანი ფეხით სიარული (რომ აღარაფერი ვთქვათ ძუნძულით სირბილზე ან ველოსიპედით სეირნობაზე), დააჩქარებს თქვენი ენერგიის აღდგენასა და გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას.
5. ფიზიკური დაღლილობის ერთ-ერთი გამოვლინებაა თვალების ქვეშ შავი რგოლები. არადა, ასე ვერც სამსახურში წახვალთ, ვერც – მეგობრებთან. მართალია, სარელაქსაციო პროცედურები (ვარჯიშები და ასე შემდეგ) დაწყებული გაქვთ, მაგრამ ამ უსიამოვნო რგოლების გაქრობას დრო სჭირდება. ჩვეულებრივმა ტონალურმა კრემმა ვერ გიშველათ და არ იცით, როგორ მოიქცეთ? ამ პრობლემის (ცხადია, მათ გაქრობამდე) ყველაზე ეფექტური საშუალებაა კორექტორ-კონსილერი: დაისვით უპეებზე მისი წერტილები (ქვედა ქუთუთოს გასწვრივ) და მსუბუქად, დაჭერის გარეშე, გაშალეთ ის ჩამუქებულ კანზე.
6. არ არის გამორიცხული, თვალები ოდნავ შეგისივდეთ და სიმძიმის შეგრძნება გაგიჩნდეთ. არც ეს არის გამოუვალი მდგომარეობა: გათალეთ კიტრი და დაჭერით რგოლებად. ორ ცალ რგოლს დააწვეთეთ 3-4 წვეთი ლიმონი, წამოწექით და მჭიდროდ დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. 10 წუთის შემდეგ სახე დაიბანეთ გვირილის გრილი ნახარშით და წაისვით თქვენი კანის შესაფერისი თვალის გელი.
7. დილას და საღამოს დალიეთ პიტნის ჩაი, ნებისმიერი ტემპერატურის, ოღონდ, უშაქროდ. ლიმონის რამდენიმე წვეთი პიტნის გამამხნევებელ ეფექტს ერთიორად გაზრდის.