დიაბეტის სამკურნალოდ მოცვის ნაყენი დაგეხმარებათ
მოცვის ნაყოფი შეიცავს: შაქარს, ფრუქტოზას, ლაქტოზას, P აქტიურ ნივთიერებებს, კაროტინს, პექტინებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს. მისი ფოთლები კი შეიცავს დაახლოებით, შვიდიდან ოც პროცენტამდე მთრიმლავ ნივთიერებებს: ჰიდროქინონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, არბუთინს და ასე შემდეგ.
ხალხურ მედიცინაში მოცვის ნაყოფის ნახარში და ნაყენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, კერძოდ, გასტრიტის, ენტეროკოლიტის დროს. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა მისი გამოყენება ბავშვებში, როგორც კუჭის შესაკრავი საშუალება.
მოცვის წვენი და მისი ნახარში გამოიყენება ყელში გამოსავლებად ანგინის, ღრძილებისა და პირის ღრუს ანთების დროს, მისი საფენები კი – დამწვრობის ან კანზე გამონაყარის დროს.
მოცვს აქვს ანტისეპტიკური თვისება და ამიტომ კარგია მისი გამოყენება სტომატიტის სამკურნალოდ. ნედლი ნაყოფის მიღება რეკომენდებულია ქრონიკული შეკრულობის, კუჭის მჟავიანობის დაქვეითების, დიზენტერიის დროს. მოცვის ნაყოფი ასევე აუმჯობესებს მხედველობას.
მისი ფოთლების ნახარშს იყენებენ დიაბეტის საწყისი ფორმის სამკურნალოდ. მისი მიღება უმჯობესია თუთის ფოთლების ნახარშთან ერთად. ნედლი ნაყოფი კურნავს დიაბეტს, რევმატიზმს, ნიკრისის ქარსა და იმ დაავადებებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული.
მოცვის ნაყოფის ნაყენის მომზადება კი ასე შეგიძლიათ: ერთ ან ორ ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ოთხი საათით, დალიეთ 1/4 ჭიქა, დღეში ოთხჯერ.
ნახარშის მოსამზადებლად კი საჭიროა, ერთ სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხათ ორი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღოთ განახევრებამდე. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თბილი სახით, 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ.
კუჭის აშლილობის დროს ორ ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით დაახლოებით, 300 მილილიტრი ცივი წყალი, გააჩერეთ 7-8 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
დიაბეტის სამკურნალო ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: სამ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაზე, შემდეგ აციებენ ოთახის ტემპერატურაზე. სვამენ ერთი დღის განმავლობაში – თითო ჭიქა, დღეში 3-ჯერ.
დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე, თანაბარი რაოდენობით აღებული მოცვის ფოთლებისა და ლობიოს პარკისგან დამზადებული ნახარში.
ფართოდ გამოიყენება სამკურნალოდ მოცვის კისელი და ჯემი. მოცვის კისელის მოსამზადებლად ერთი სუფრის კოვზი ნაყოფი მოხარშეთ 1,5 ჭიქა წყალში, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი და შაქრის ფხვნილი გემოვნებით. დალიეთ კუჭის აშლილობის დროს 1/2 ჭიქა, დღეში 3-ჯერ.