ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 42 წლის ქალი. მაწუხებს ყელის ტკივილი მოჭერის შეგრძნებით, განსაკუთრებით სიცივეში. შეგრძნება კუჭის არიდან იწყება და თანდათან ზევით, ყელისკენ ვრცელდება. ზოგჯერ ასეთივე ტკივილს ბეჭებს შუა, ხერხემლის არეშიც ვგრძნობ. რისი ბრალია ეს და რომელ სპეციალისტს მივმართო?
პასუხი: თქვენ მიერ აღწერილი სურათი ძალიან ჰგავს ეზოფაგიტს. საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
ეზოფაგიტს საფუძვლად უდევს კუჭის შიგთავსის რეგურგიტაცია საყლაპავისკენ. კუჭის შიგთავსი, მოგეხსენებათ, მჟავე რეაქციისაა, ვინაიდან კუჭის წვენს შეიცავს. ამიტომ, საყლაპავში გადასვლისას მის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და ანთებას იწვევს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს. მანამდე კი გირჩევთ, იკვებოთ მცირე ულუფებით, ხშირ-ხშირად. სასთუმალი აიმაღლეთ, ნუ ისადილებთ ძილის წინ, ერიდეთ შუადღისას ძილს.
კითხვა: ექიმმა მითხრა, ფილტვების ანთების დასაწყისი გაქვსო. რა განსხვავებაა დასაწყისსა და ჩამოყალიბებულ ანთებებს შორის?
პასუხი: ანთებითი პროცესის დასაწყისსა და მისი განვითარების დანარჩენ ფაზებს ერთმანეთისგან განსხვავებული კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნები ახასიათებს. სხვადასხვაგვარია აუსკულტაციური მონაცემები, ავადმყოფის სუბიექტური შეგრძნებები და ობიექტური სიმპტომები. ხშირია შემთხვევა, როცა ბრონქიტის არასათანადო მკურნალობის გამო ანთებითი პროცესი ფილტვებზე გადადის. ასეთ დროს ინტენსიური ანტიბაქტერიული, ბრონქოსანაციური და ბრონქოდილაქტაციური თერაპია დაავადების უკუგანვითარების საშუალებას იძლევა. ეს ის მომენტია, როცა ექიმი გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს. პაციენტი კი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადოდ ვერ აფასებს და ექიმის მღელვარებას ზოგჯერ გადაჭარბებულად მიიჩნევს, რაც დიდი შეცდომაა და შეიძლება, სერიოზულ გართულებათა მიზეზად იქცეს. თუ ექიმი გეუბნებათ, ფილტვების ანთება გეწყებათო და ძლიერ პრეპარატს გინიშნავთ, ალბათ, საამისო საფუძველიც აქვს.
კითხვა: ორი წელია, მაწუხებს გავის ძვლისა და უკანა ტანის ტკივილი, რომელიც უსიამოვნოა, მაგრამ აუტანელი არ არის. რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ ვუმკურნალო?
პასუხი: ასეთი ჩივილები უმეტესად ნახეთქს, ჰემოროისა და სწორი ნაწლავის სხვა პათოლოგიებს ახასიათებს. ასე რომ, სასურველია პროქტოლოგის კონსულტაცია ჩაიტაროთ. არ არის გამორიცხული კიდევ ერთი პათოლოგია: გავა-კუდუსუნის სახსრის ანთებით-დისტროფიული ცვლილება.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ორსულობა ციკლის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში? სხეულის ტემპერატურის მიხედვით როგორ განვსაზღვროთ ორსულობის სასურველი დრო?
პასუხი: ციკლის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში ჩასახვა შეიძლება მოხდეს, მაგრამ გამორიცხული არ არის, ორსულობის დროს პრობლემებმა იჩინოს თავი. ამიტომ უმჯობესი იქნება, ჯერ გინეკოლოგს ეჩვენოთ, ციკლის დარღვევის მიზეზი დაადგინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ, ექიმისვე ნებართვით, დაგეგმოთ ორსულობა.
ჰორმონული ციკლი გარკვეულ გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურაზე, ამიტომ ქალური ჰორმონების ცვლაზე ინფორმაციის მისაღებად გინეკოლოგიაში ხშირად იყენებენ სწორ ნაწლავში გაზომილი ტემპერატურის მაჩვენებელს, თუმცა უშვილობის შემთხვევაში ჯერ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გამოირიცხოს.
კითხვა: ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ დამემართა შეხორცება, რის გამოც კუჭ-ნაწლავის მუშაობაში სირთულეები შემექმნა. მაქვს ტკივილები მუცლის არეში. იქნებ მირჩიოთ რამე, როგორ ვუმკურნალო ამ დაავადებას?
პასუხი: ოპერაციის შემდგომ შეხორცებითი პროცესები მუცლის ღრუში არღვევს კუჭ-ნაწლავის მოტორულ ფუნქციას, რაც საბოლოოდ მონელების დარღვევას, მეტეორიზმსა და მუცლის არეში ტკივილებს იწვევს. ასეთ დროს საერთო მდგომარეობა გასტროენტეროლოგებმა და ქირურგებმა უნდა შეაფასონ. თუ შეხორცებების შედეგები სასიცოცხლო პროცესებთან შეუთავსებელია, ისინი განმეორებითი ოპერაციის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ხოლო თუ კონსერვატიულ ანტისპაზმური და მონელების ხელშემწყობი თერაპია განკურნებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მას გასტროენტეროლოგი დაგინიშნავთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია