მცონარებაზე
„ყოველი აღსასრულებელი საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ, იმიტომ, რომ პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგვიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე, მეორე – მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდე და ასე შემდეგ. ამის გამო საქმე იწყება ძალიან გვიან და არ ესწრება დროულად, ან სრულიად მიტოვებულია, როგორც მძიმე ტვირთი. თუკი ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა, შეგიყვარდება კიდეც, შეგიყვარდება საქმიანობაზე მეტადაც, ხოლო როდესაც მოიკლავ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად გექცევა – არ აკეთო და, ან მცონარებაში შთავარდები, ან უსაქმურობის ვნება იმდენად დაგეუფლება, რომ ვეღარ გაიგებ, როგორი უმსგავსო და დამღუპველია იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც მცონარებით დამძიმებული, შერცხვენილი, ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, დაინახავ, როგორი დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი სასარგებლო საქმე დაუტევე აღსასრულებელი, უსარგებლო „რაც მინდა, იმას გავაკეთებ“ გამო.
***
„უწყოდე, თუკი გონებით არ იმოქმედებ და არ შეებრძოლები სიმძიმისა და სიძნელის შეგრძნებას, რომელსაც მტერი წარმოგიდგენს სასრულებელ საქმეთა გამო, მაშინ დაუდევრობა საბოლოოდ დაგრევს ხელს და არა მარტო მაშინ, როცა საქმე გაქვს შესასრულებელი, არამედ, როდესაც ჯერ კიდევ შორს მოჩანს იგი, გექნება ისეთი გრძნობა, თითქოს მთა გაწევს მხრებზე, დამძიმდები და დაიტანჯები. ასე იქნები მოსვენების დროსაც, არ გექნება სიმშვიდე და საქმის გარეშეც თავს დამძიმებულად იგრძნობ“.
***
„შენი ცხოვრების ყოველი ჟამი ღმერთისთვის სათნოდ წარმართე. მუდამ გახსოვდეს, რომ აწინდელი დღის შემდეგ დრო აღარ მოგეცემა და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისათვის პასუხი უნდა აგო. შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ დაფლანგავ, მოვა დრო, ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ“.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი