კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეიძლება გათხოვილ ქალს სხვა მამაკაცი შეუყვარდეს და როგორ უნდა დააღწიოს მან ამ სიყვარულს თავი


უძლებს თუ არა სიყვარული გამოცდას. რა ხდება მაშინ, როცა ერთი შეხედვით მოსიყვარულე ცოლ-ქმარს შორის მანძილი დგება. როცა ისინი, რაღაც მიზეზების გამო, დროებით შორდებიან ერთმანეთს. არსებობს თუ არა ამ დროს იმის საშიშროება, რომ ერთ-ერთის ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდება. თუ ეს მართლაც მოხდება, ესე იგი, სიყვარული ძლიერი არ ყოფილა ან, უბრალოდ, საერთოდ არ ყოფილა. მაგრამ ვინ განსაზღვრავს სიყვარულის ხარისხს. როგორ უნდა მიხვდე, რა არის ნამდვილი გრძნობა და რა – მხოლოდ მითი? ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია და მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ადვილად შეძლებთ საკუთარი ცხოვრების ყველა დეტალის წინასწარ გათვლას.


გიორგი (27 წლის): ერთი შეხედვით, საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვარ. მგონი, მე გავხდი ორი ადამიანის ურთიერთობის დანგრევის მიზეზი. ამაზე რომ ვფიქრობ, საზიზღარ გუნებაზე ვდგები. არ ვიცი, ვის ველაპარაკო ჩემს პრობლემაზე, ვინ გამცემს პასუხს კითხვებზე. უკვე საკუთარ გრძნობებშიც ვეღარ გავრკვეულვარ. ერთი სიტყვით, არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

– შეყვარებული ხართ და მას არ უყვარხართ?

– სიყვარული ძალიან ვერაგი რამაა. არასოდეს არაფერს გეკითხება, შენ ვერაფერს დაგეგმავ და ვერც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებ, რომ მერე თქვა, არაფერი შემშლიაო. მაკუნა რომ დავინახე, გავიფიქრე, აი, ვის ვეძებდი მთელი ცხოვრება-მეთქი. ჩემი ოცნების ქალი მხოლოდ ასეთი წარმომედგინა: არაჩვეულებრივი ღიმილით, ჭკვიანური მზერით, მოხდენილი და ელეგანტური. შთაბეჭდილება, რომელიც პირველ დღეს გამიჩნდა, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო გამიძლიერდა. მიხაროდა სამსახურში წასვლა, იქ მაკუნას ვხედავდი და ვტკბებოდი მასთან ურთიერთობით. საოცარი გოგოა, განათლებული, არაჩვეულებრივად კომუნიკაბელური და საყვარელი. ყველას ძალიან სწრაფად შეგვაყვარა თავი.

– როგორც მივხვდი, საკუთარ თანამშრომელზე ლაპარაკობთ.

– ახლა უკვე ყოფილ თანამშრომელზე. ისე ვიყავი მოხიბლული მაკუნათი, მისი პირადი ცხოვრება არ გამომიკითხავს. ვერც დავუშვი, რომ შეიძლებოდა, გათხოვილი ყოფილიყო.

– რატომ?

– როგორ გითხრათ... არ ვიცი, უბრალოდ, ვერ დავუშვი. შეიძლება, იმიტომ რომ თითქმის პირველივე ნახვისას შემიყვარდა. ჭკუა დავკარგე. არ ვიცი, ეს რა იყო. ახლა უფრო საღად ვაზროვნებ. მაშინ მთლიანად ემოციების ტყვეობაში ვიყავი. სულ მის ახლოს ვტრიალებდი და თვალებში შევციცინებდი. ნეტავი რამე ეთხოვა, გამიკეთეო და „ყურებზე გავივლიდი“. ჩემი მომავალი მის გარეშე ვეღარ წარმომედგინა. უკვე იმაზე ვფიქრობდი, როგორ ავუხსნიდი სიყვარულს და როგორ ვიქნებოდით სულ ერთად. იმის გაგება, რომ მაკუნა გათხოვილი იყო, მეხის გავარდნა და ცის ჩამოქცევა იყო ჩემთვის. ჯერ არც ვიჯერებდი. იმ თანამშრომელს, რომელმაც ეს მითხრა, ლამის კომპიუტერის კლავიატურა ჩავარტყი თავში – რას მატყუებ-მეთქი. კორპორაციული წვეულებისთვის ვემზადებოდით და სიას რომ ვწერდით, მაკუნამ თქვა, მე არ წამოვალ, არ ჩამწეროთო. გოგოები აჟრიამულდნენ. ვიცით, რატომაც არ მოდიხარ. ეგ რა პრობლემაა, ისიც წამოიყვანე და წამოდი. აუცილებლად სახლში უნდა გამოიკეტოთო. ჯერ ვერ გავაცნობიერე, რას ეუბნებოდნენ. მერე იმ გოგოს ვკითხე, განსაკუთრებით რომ აქტიურობდა, ვინ უნდა წამოიყვანოს-მეთქი... და, რა არ იცოდი, მაკუნას ქმარი რომ ჰყავს? გერმანიაში მუშაობს კონტრაქტით და ჩამოდის ხოლმე, ახლაც ჩამოსულა და მაკუნამ იმიტომ თქვა, ვერ წამოვალო, მისი მარტო დატოვება არ უნდაო. რომ არ წავქცეულიყავი, დავჯექი. გაოცებულმა შემომხედა, რა არ იცოდი, მაკუნა გათხოვილი რომ იყოო? ჯერ გავჩუმდი. მერე ისეთი ვუყვირე, რას მატყუებ-მეთქი, გოგო შეხტა. შენ ხომ არ გააფრინე, თუ ცოფიანი ხარ, წადი და იმკურნალე. ჩვენ რას გვერჩიო. რატომ ბეჭედი არ უკეთია-მეთქი. მიდი და მას ჰკითხე, შე იდიოტოო. საერთოდ არ ვარ კონფლიქტური ადამიანი და სამსახურშიც ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მით უმეტეს, გოგონებთან. პატარა ბავშვივით ვემსახურებოდი და ისინიც მანებივრებდნენ. მაკუნას ამბავმა გადამრია, ისე დავიბოღმე, პირველად ვიფიქრე, რომ მეც შეიძლება ვყოფილიყავი ბოროტი. იმ ტიპის შემშურდა. მაკუნას ქმრის. ვინ არის, რით დაიმსახურა მაკუნა-მეთქი.

– ხომ თქვით, სიყვარული თვითონ ირჩევს, ვისთან მივიდესო.

– რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ, ხომ გითხარით, ბოღმამ ამავსო. რა უბედურებაა, რატომ ეკუთვნის სხვას ქალი, რომელიც მე მიყვარს-მეთქი. ამას ვფიქრობდი. მანამდე სერიოზული გრძნობა არასოდეს მქონია. პატარ-პატარა სასიყვარულო თავგადასავლებს ქარაფშუტა გოგონებთან არ ვთვლი. ყოველთვის, როცა ჩემს მომავალ ცოლზე ვფიქრობდი, ზუსტად მაკუნასნაირი ქალი წარმომედგინა გვერდით. ძლივს ვიპოვე და უარი უნდა მეთქვა მასზე. ამის გაფიქრებაც კი ჭკუიდან მშლიდა. ისე, ერთ რაღაცას დავაკვირდი, ყველა მაგარი ქალი უკვე გათხოვილია. შეიძლება, გაგიჟდე...

– რას გულისხმობთ?

– რას ვგულისხმობ და იმას, რომ ვინც კი როდისმე მომწონებია და საკუთარი თავისთვის მითქვამს, ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქალი-მეთქი, გათხოვილი ყოფილა. ეს კაცები ჩასაფრებულები არიან. სხვა რა უნდა ვთქვა. წარმოვიდგინე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მაკუნას ქმარი. სასიამოვნო პორტრეტი ნამდვილად არ შემიქმნია. იქამდე შევიძულე, ვიდრე ვნახავდი. მაკუნა წვეულებაზე მაინც მოვიდა თავის ქმართან ერთად. ვუყურებდი, როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს და ვიტანჯებოდი. ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ წვეულება ჩამშხამდა. ვიცოფებოდი. მზად ვიყავი, მივვარდნოდი საძულველ მეტოქეს და ჩხუბი ამეტეხა მისთვის. ეს რომ არ გამეკეთებინა, წამოვედი. სამი დღის შემდეგ მაკუნა ძალიან მოწყენილი იყო, მთელი დღის განმავლობაში არ გაუღიმია. თავდახრილი მუშაობდა, შემაწუხა მისმა მდგომარეობამ. ჩემი საყვარელი ქალი ცუდად არის. შენ ამას ხედავ და ვერაფრით ეხმარები. მეორე დღესაც იგივე გამეორდა. ვერ მოვითმინე. მივედი მასთან და ვკითხე, ხომ არ შემიძლია, რამით დაგეხმარო, ვხედავ, რომ პრობლემა გაქვს. მითხარი, რა გიჭირს-მეთქი. გმადლობ, მაგრამ ჩემს პრობლემას შენ ვერ უშველიო. წავედი, ყავა და შოკოლადი მივუტანე და კიდევ ერთხელ ვკითხე, რა მოხდა, ვინმემ ხომ არ გაწყენინა-მეთქი. არა. უბრალოდ, ჩემი ქმარი წავიდა. ვიცოდი, რომ ორი კვირით იყო ჩამოსული, მაგრამ დაურეკეს და ვეღარ დარჩა. ამიტომ ვარ ასე. მაგრამ ყურადღებას ნუ მომაქცევ, მალე გამივლისო. ვერ მოვეშვი, ვერ დავანებე თავი.

– იმიტომ, რომ იმედი გაგიჩნდათ, რადგან ქმარი გვერდით არ ჰყავდა?

– არა. ეგ რა შუაშია. მართლა ძალიან მაწუხებდა მისი უგუნებობა. ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა, ისეთი მობუზული იჯდა, შემცივნული ბეღურასავით, რომ გული მომიკვდა. გეფიცებით, იმ წუთში მართლა მისი გამხიარულება მინდოდა, მეტი არაფერი. არანაირი ქვენა გრძნობები. მაკუნაც რაღაცნაირად მომეკედლა. ადამიანებს არ გვიყვარს სიმარტოვე. არ ვართ ამისთვის დაბადებულები. ყველას გვჭირდება ვიღაც, ვისაც მძიმე წუთებში მხარზე მიეყრდნობი და იგრძნობ, რომ მარტო არ ხარ. მამაკაცებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ეს და საყვარელი ქალი დიდხანს მარტო არ დატოვონ.

– იმიტომ, რომ მან სხვა კაცის მხარს არ დაუწყოს ძებნა?

– თუნდაც. მე არ ვიქნებოდი, გამოჩნდებოდა სხვა. არა, არ იფიქროთ, რომ თავის გამართლებას ვცდილობ. მე ეს არ მჭირდება. მე მაკუნაზე არ „მიჩალიჩია“. ამას მას ვერ ვაკადრებდი. ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა და გულმა არ გამიძლო. რომელი ნორმალური მამაკაცი იჯდება მშვიდად და აუღელვებლად უყურებს, როგორ იტანჯება მისი საყვარელი ქალი. ბუნებრივია, რომ ვცდილობდი, რაღაც მაინც გამეკეთებინა მისთვის.

– თან მის გვერდით ყოფილიყავით.

– ბუნებრივია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ლოგინში ნამდვილად არ ვცდილობდი მის ჩაწვენას. ამაზე არც მიფიქრია. მიზნადაც არ მქონია, სულ ყურადღების ცენტრში რომ მყავდა, ფაქტია. ამას ვაღიარებ.

– ყურადღების ცენტრში გყავდათ და არანაირი კონკრეტული მიზანი არ გქონიათ?

– მიყვარდა. ეს იყო ჩემი კონკრეტულიც და აბსტრაქტული მიზეზიც. ვკითხე, რატომ შენც არ გაემგზავრები მასთან ერთად-მეთქი. სამსახური ბინის ქირას კი უხდის, მაგრამ ეს რაღაც საერთო საცხოვრებლის ტიპის ბინაა და მე იქ ვერ მიმიყვანს. ცალკე რომ ვიქირავოთ ბინა, მაშინ ძვირი დაგვიჯდება და რაღა აზრი ექნება ჩვენს იქ ყოფნას. ბინის და მანქანის ფულს აგროვებს და ხელფასს, რასაც იღებს, სულ ინახავს. ორი წელი როგორმე უნდა გავძლოთ, თან აქ დედა მყავს. ასე რომ, მარტივად არ არის საქმეო. მაშინ, სცადე და არ იფიქრო ამაზე და დრო უფრო მალე გავა-მეთქი. ვცდილობ, მაგრამ არ გამომდისო. მე მოგეხმარები-მეთქი. გაეცინა, როგორო. როგორ და, მაგალითად, კაფეში დაგპატიჟებ, პიცაზე-მეთქი. უარი მითხრა. ვერ წამოვალო. არ ჩავციებივარ. მხოლოდ ის შევთავაზე, რომ სახლამდე მივიყვანდი. ამაზე უარი აღარ უთქვამს და სამი დღე მე მიმყავდა სახლში ჩემი მანქანით. რაღაცეებზე ვლაპარაკობდით. ვცდილობდი მის გამხიარულებას. მერე კაფეშიც წამომყვა. ის ჩემში დასაყრდენს ხედავდა, ადამიანს, რომელიც ზრუნავდა მასზე. ჩემი ბრალი არ არის, რომ რაღაც გრძნობა გაუჩნდა.

– როგორ არ არის თქვენი ბრალი, ხომ ამბობთ, ყველაფერს ვაკეთებდი, მარტოობა რომ არ ეგრძნოო.

– დიახ. მაგრამ მე ისიც ვთქვი, რომ ვერ დავტოვებდი უყურადღებოდ ქალს, რომელიც მიყვარს. მით უმეტეს, იმ დროს, როცა მას ძალიან უჭირდა.

– რამდენ ხანს გრძელდებოდა თქვენი მზრუნველობა მასზე?

– დაახლოებით სამი თვე. ერთხელ, ჩემმა დამ დისშვილი დამიტოვა. ორი წლის გოგონა. დავურეკე მაკუნას და ვთხოვე, დამხმარებოდა. დიახ, ვხვდები, თქვენს მზერაში რაც უნდა ვიგულისხმო. მე ეს სპეციალურად გავაკეთე, რომ კვირა დღე ერთად გაგვეტარებინა. უარი არ უთქვამს. პირიქით, მომეჩვენა, რომ გაუხარდა კიდეც. ბავშვი ჯერ ზოოპარკში გვყავდა, მერე პარკში ვასეირნეთ, სახლთან. მაკუნამ აჭამა, დაბანა კიდეც. ისეთი საყვარელი იყო დედის როლში, რომ არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, სულ ჩემთან რომ არ დავტოვე. თვითონაც მითხრა, ასე კარგად დღე როდის გავატარე, არ მახსოვსო. ზოოპარკში რომ ვსეირნობდით, ცოტა ხანი წარმოვიდგინე, რომ მაკუნა ჩემი ცოლი იყო, თათა – ჩვენი შვილი. ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, ლამის გული გამიჩერდა. იქნებ არ მქონდა უფლება, მეოცნება, მაგრამ ოცნება ხომ არ არის დანაშაული. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მაკუნას თავისი ქმარი უყვარდა და იმიტომ იყო მასთან. გეუბნებით, ზედმეტი არაფერი მიკადრებია მისთვის. ძალიან დიდი იყო სურვილი მისი ჩახუტებისა, მაგრამ არც კი მიკოცნია. მარტო მე ვიცი, ეს თავშეკავება რად მიღირდა. რა ვქნა, გული ვერ ამოვიგლიჯე. სიყვარულს ჩემთვის ნებართვა არ უთხოვია, ისე მოვიდა. ეტყობა, მაკუნას გულიც მიხვდა ამას. ქმარი რომ გვერდით ჰყოლოდა, ბუნებრივია, სიახლოვეს არ გავეკარებოდი. ვერც იმას ვიტყვი, რომ მისმა არყოფნამ გამათამამა და ეს შანსი გამოვიყენე. არა, რასაც მაკუნასთვის ვაკეთებდი, მხოლოდ გულის კარნახით, სიყვარულით ვაკეთებდი.

– ერთი სიტყვით, გათხოვილ ქალს თავი შეაყვარეთ.

– ასე გამოვიდა. მაგრამ ჯერ მე შემიყვარდა. ჩვენი ურთიერთობა სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა. აღარ შემეძლო მაკუნას გარეშე ჩემი ცხოვრება წარმომედგინა, მაგრამ ჩემი მდგომარეობის გამოუვალობასაც ვხვდებოდი. ერთ დღეს მივედი სამსახურში და მაკუნა არ მოვიდა. ძალიან შევშფოთდი. დავურეკე. ტელეფონი გამორთული ჰქონდა, გულმა რაღაც მიგრძნო. გოგოებს ვკითხე, არ იცით, მაკუნა რატომ არ არის-მეთქი? ერთმა ირონიით მითხრა, შენ ჩვენზე უკეთესად უნდა იცოდე, მისი მეგობარი ხარ, ნამდვილ მფარველ ანგელოზად ექეცი. გაფრინდა შენი ჩიტუნია ქმართან. რა, არაფერი გითხრაო? გამოვედი ოთახიდან, იმ გოგოსთვის რამე საზიზღრობა რომ არ მეთქვა. სახლში რომ მივედი და ჩემი კომპიუტერი ვნახე, წერილი დამხვდა, მაკუნას წერილი: „ეს გაქცევაა, მაგრამ შენგან კი არა, საკუთარი თავისგან გავიქეცი. ვხვდებოდი, რომ ვეღარ ვერეოდი. ჩემი ქმარი კარგი ადამიანია. ვუყვარვარ და მეც მიყვარს. თუმცა, უკვე აღარ ვიცი, რა არის სიყვარული – ის, რასაც შენთან ვგრძნობ, თუ ეს შეჩვეული გრძნობაა“. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. ერთი კვირა სახლიდან არ გავსულვარ. სამსახურშიც ვერ წავედი. გრიპი მაქვს-მეთქი, მოვიტყუე. ყოველ წუთს ველოდი მაკუნას წერილს. მე არაფერი მიმიწერია. რა აზრი ჰქონდა. იმედი სულ რომ დავკარგე, გადავწყვიტე, ბედს შევგუებოდი. სხვა გამოსავალი მაინც არ მქონდა. უნდა დამევიწყებინა ქალი, რომელმაც განსაკუთრებული გრძნობა გამიჩინა. მაკუნა ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა. მომწერა, შენი ნახვა მინდა და შევხვდეთო. ხომ გითხარით, აღარაფრის იმედი აღარ მქონდა. ძლივს გავათენე ის დღე, როცა ერთმანეთს უნდა შევხვედროდით. მაკუნა არ ჰგავდა ბედნიერ ქალს. დაღლილი სახე ჰქონდა, აშკარად, ნანერვიულები. მითხრა, ძალიან დავიბენი. საკუთარ თავთან ბრძოლამ დამღალა, ვერაფრით ვივიწყებ ჩვენს შეხვედრებს. მგონი, მარტო მაშინ ვიყავი ბედნიერი. ჩემს ქმართან ვეღარ ვძლებ. ვხვდები, რომ ერთმანეთის აღარ გვესმის. მაგრამ შენ თუ არ გჭირდები, მაშინ არ წამოვალ მისგან. შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. მიმიღებ? გეყვარები თუ ჩემთან ოჯახი შენს გეგმებში არ შედიოდა? მითხარი, როგორ მოვიქცე. თუ მართლა გიყვარვარ, დღესვე მივატოვებ ქმარს. მაგრამ, ის უნდა იცოდე, რომ ფეხმძიმედ ვარ. ჯერ ქმრისთვის არ მითქვამს. ვერასოდეს გაიგებს, რომ მისი შვილია. მთავარია, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებო. ლამის ენა ჩამივარდა. ვერაფერი ვუპასუხე და ვთხოვე, ცოტა დრო მოეცა მოსაფიქრებლად. შევატყვე, არ ესიამოვნა. ჩემს პასუხს ელოდება. მე კი არ ვიცი, რა ვქნა. მაკუნა მიყვარს, მაგრამ სხვისი შვილი როგორ მივითვისო. მაკუნას რომ ქმართან ცხოვრება აღარ უნდა, ამაში ბრალი მეც მიმიძღვის. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ მომავალი მაინც ძალიან მაშინებს. არ იფიქროთ, ლაჩარი ვარ, მაგრამ ასე ადვილია, სხვისი ფეხმძიმე ცოლი წამოიყვანო და შენს ცოლად დაისვა? თუმცა, იმასაც ვერ ავიტან, მაკუნა უბედური იყოს.

– იქნებ, ქმარს უთხრას და ისე წამოვიდეს მისგან?

– მაკუნას ეშინია, რომ ბავშვის გამო ქმარი პრობლემებს შეუქმნის. მითხრა, მინდა, ჩემი შვილი იმ კაცმა გაზარდოს, ვინც მიყვარს და მამაც იმას დაუძახოსო. ეს საკმაოდ რთულია და არ ვიცი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემთვის რომ ვინმეს ფეხმძიმე ცოლი წაერთმია, მოვკლავდი. მაგრამ, ეტყობა, იმ ტიპს არც ისე ძალიან უყვარს მაკუნა.


скачать dle 11.3