ინტიმური საუბრები
ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ფესვებს მივაგენი
ჩემი ისტორია მკითხველისთვის ბანალურია, მაგრამ, რადგან ჩემთვისაა დრამატული, ამიტომ, მაინც გადავწყვიტე, მომეწერა.
უკვე გათხოვილი ვიყავი და შვილებიც მყავდა, როცა გავიგე, რომ აყვანილი შვილი ვიყავი. სიმართლე გითხრათ, რაც წამოვიზარდე, სულ მაოცებდა ერთი ფაქტი: ჩემი მშობლები შავგვრემანები იყვნენ, საშუალო სიმაღლის, მე კი – მაღალი, თეთრი, ქერა და ნაცრისფერთვალება. მაღალ კლასებში რომ გადავედი, რამდენჯერმე დავუსვი კიდეც ეს კითხვა დედაჩემს, რომელმაც მითხრა, მამაშენის დედა (ანუ ბებიაჩემი, რომელსაც მე არ მოვსწრებივარ) მამით პოლონელი იყო და დედით – ესტონელიო და სურათებიც მაჩვენა. რაღაცით თითქოს წავაგავდი, თუმცა, სურათები ძველი და შავ-თეთრი იყო და, ამიტომ განსაკუთრებულ მსგავსებას, ასეც რომ ყოფილიყო, მაინც ვერ შევნიშნავდი. ყოველ შემთხვევაში, ეს საკმაოდ საჩოთირო კითხვა აღარც გამჩენია, სანამ მამაჩემი არ გარდაიცვალა. პანაშვიდზე მისი უამრავი ნათესავი მოვიდა – მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც, ოღონდ მათ შორის არც ერთი არ აღმოჩნდა ქერა და ნაცრისფერი (ან, თუნდაც, ცისფერი) თვალებით. თან, ყველა რაღაც უცნაურად მათვალიერებდა: დამაკვირდებოდნენ, მერე ერთმანეთს გადახედავდნენ, თავებს შეუმჩნევლად გადააქნევდნენ, გაივლიდნენ და მერე შორიდან მზვერავდნენ. იგივე გაგრძელდა ქელეხზეც. მე ამან ძალიან გამაღიზიანა და ცუდ ხასიათზე დამაყენა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემს ქმარს ვუამბე ეს ყველაფერი. მერე რატომღაც ისე, რომ მანამდე ამაზე არც მიფიქრია, ზალიკოს (ჩემს ქმარს) ვუთხარი: რა უცნაურად მიყურებდნენ და თავებს აქნევდნენ, რა იყო, აყვანილი ხომ არ ვარ-მეთქი. კოკასაც შტერულად წამოსცდა – შენ რა, ვინმემ გითხრა თუ თავად მიხვდიო. ხომ ამხელა ქალი ვიყავი უკვე, მაგრამ ისე იმოქმედა ამ სიტყვებმა, მოსასულიერებელი გავხდი. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, და გონს რომ მოვედი, ვაიძულე ქმარი, ყველაფერი მოეყოლა რაც იცოდა.
თავიდან კი ვთქვი, ჩემი ისტორია ბანალურია-მეთქი, მაგრამ, პრინციპში, მთლად ჩვეულებრივიც არ არის.
ჩემი მშობლები უშვილოები ყოფილან. მამაჩემის დედა მართლაც ნახევრად პოლონელი და ნახევრად ესტონელი იყო. მისი ერთ-ერთი და ტალინში ცხოვრობდა – იქ იყო გათხოვილი და ჰყავდა ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი. თვითონ უკვე ძალიან მოხუცებული ყოფილა, როცა მისი ქალიშვილი და სიძე (როგორც მერე დავადგინე – ჩემი მშობლები) ავარიაში დაღუპულან და დარჩენიათ 1 წლის გოგონა. ბებიაჩემის დას მამაჩემისთვის დაურეკავს და უთქვამს: მე მოხუცი და უძლური ვარ, ბავშვს ვერ მოვუვლი. მაინც არ გყავთ შვილი და, თუ შეგიძლიათ, ჩემი შვილიშვილი იშვილეთ, მაინც ნათესავად გერგებათ და მეც უფრო მშვიდად ვიქნები. თუ არა და, ბავშვთა სახლში წაიყვანენ და ბავშვს სამუდამოდ დავკარგავთო. ჩემი მშობლები მაშინვე დასთანხმებულან, ყველა საბუთი სასწრაფოდ მოუმზადებიათ და ტალინში გადაფრენილან. ეს იყო გასული საუკუნის 80-იანი წლები, ანუ საბჭოთა კავშირის კანონები ჯერ კიდევ ძალაში იყო. ჩემს მშობლებს ჩემი ნამდვილი ბებიის წამოყვანაც სდომებიათ, მაგრამ ის არ წამოჰყოლია – ფრენას ვერ გადავიტანო. ამიტომ, მარტო მე წამომიყვანეს. ერთ წელიწადში ბებიაჩემი გარდაცვლილა და თავისი ბინა ანდერძით ჩემთვის დაუტოვებია ერთი პირობით: მაშინ გავხდებოდი მისი ქონების მფლობელი, როცა 25 წელი შემისრულდებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, რა შუაში იყო 25 წელი, მაგრამ, მერე გავიგე, რომ დედაჩემი 25 წლის ყოფილა, როცა დაიღუპა და, უბრალოდ, ამის გამო მიუთითებია ბებიას თავის ანდერძში ეს ასაკი.
ეს ამბავი რომ გავიგე, 24 წლის ვიყავი, უფრო სწორად, რამდენიმე თვეში ვხდებოდი 25 წლის. დედაჩემს ვერ გაუბედავს ჩემთვის ამ ყველაფრის თქმა, ჩემი ქმრისთვის მოუყოლია და უთხოვია, პირველივე შესაძლო შემთხვევაში შენ უთხარი, შენს ნათქვამს უფრო ადვილად გადაიტანსო.
ასე გავარკვიე ჩემი წარმომავლობა. 25 წლის რომ გავხდი, ტალინში ჩავედით, ჩემი ბებიის სახლი გადმოვიფორმე და იქაური ნათესავებიც მოვიძიე. ახლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ყველას და განსაკუთრებით მიყვარს მამაც (რომელიც უკვე რამდენიმე წელია, აღარ არის) და ჩემი დედიკოც, რომელმაც არ დამაკარგვინა ჩემი ფესვები.
ნათია, 28 წლის.
სიყვარულისა და
სიმდიდრის ფილოსოფია
კვერცხისა და ქათმისა არ იყოს, ალბათ, საუკუნეების განმავლობაში დავობენ იმაზე, რა არის მთავარი – სიყვარული თუ მატერიალური კეთილდღეობა. ზოგი ერთს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი – მეორეს, უფრო ჭკვიანები კი ამბობენ, ცოტ-ცოტა ორივე საჭიროაო. მეც ასე ვიტყოდი, ოღონდ, თუ ნატვრაა (ან სურვილი), ნატვრა იყოს: ცოტ-ცოტა კი არა, ბევრ-ბევრი.
ერთხელ ერთ ფრანგ კომპოზიტორს ჰკითხეს (თუ არ მეშლება, ლეგრანს): სიმღერაში სიტყვებია უფრო მთავარი თუ მუსიკაო. კომპოზიტორმა უპასუხა: „დიახ!“ – ანუ, ორივეო. „ერთ-ერთი თუ გამოაკელი, სიმღერა აღარ იქნებაო“, – ახსნა ბოლოს. ჩემი აზრით, ასევეა სიყვარულისა და სიმდიდრის შემთხვევაშიც, თუმცა, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, არსებობს გამონაკლისებიც. ღატაკ ცოლ-ქმარს სიკვდილამდე ჰყვარებია ერთმანეთი და მდიდარ ცოლ-ქმარს სიკვდილამდე სძულებია.
საბოლოოდ კი, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ჭკვიანმა ადამიანებმა – ფული აუცილებელია სიყვარულის შესანარჩუნებლადო, ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ, თუ ნამდვილი სიყვარულია, ფულმა შეიძლება ის მხოლოდ სიურპრიზებით შეალამაზოს, თორემ, თუ გრძნობის ფულით შენარჩუნება გახდა საჭირო, ამას უკვე შენარჩუნება კი არა, ყიდვა ჰქვია. ნაყიდ სიყვარულს კი, რა ფასი აქვს? – ზუსტად იმდენი, რამდენიც მასში გადაიხადეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგივე სიყვარული, შეიძლება, ვინმე შენზე მდიდარმა „აგახიოს“ ცხვირწინ, ანუ, უფრო მეტი გადაიხადოს და ასე ჩაიგდოს ხელში, ამ გზით წაგართვას, თუმცა, შესაძლოა, მერე მასზე მდიდარიც გამოჩნდეს და ახლა იმან გაუკეთოს „პერეხვატი“, ანუ ეს ყველაფერი აუქციონია: გაქვს ფული – შენია, ოღონდ, ერთი პირობით – თანხა მაშინვე უნდა გადაიხადო. ამ ყველაფერმა გენიალური „თორმეტი სკამი“ გამახსენა, იქ მოწყობილი აუქციონი და, ერთიც, გენიალური ფრაზა: „დილით – ფული, საღამოს – სკამები; საღამოს – ფული, დილით – სკამები“... სიყვარულშიც ასე ყოფილა.
ასეთი ფილოსოფიის განწყობაზე კი იმიტომ დავდექი, რომ სიყვარულის ყიდვა და სამუდამოდ დასაკუთრება გადავწყვიტე, მაგრამ საბოლოო ჯამში არც ერთი აღარ შემრჩა. ცარიელ-ტარიელი დავრჩი. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ ვიღაც ჩემნაირ იდიოტს, რომელმაც იმავე სიყვარულის ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც მე ვიყიდე, ჩემზე მეტი ფული აღმოაჩნდა და, ჩემი სიყვარული, გარდამავალი დროშასავით, ჩემთვის სრულიად არასაზეიმო ვითარებაში გადავიდა ჩემს კონკურენტ იდიოტთან, რომელიც, ალბათ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შიშით ელის ჩვენნაირი მესამე იდიოტის გამოჩენას, რომელიც ამჟამად მის, ახლო წარსულში კი – ჩვენს სიყვარულს გადაიბარებს.
არადა, რა ცოტა იყო საჭირო იმისთვის, რომ ის სიყვარული სამუდამოდ ჩემი ყოფილიყო: არც მეტი, არც ნაკლები – ორმხრივი და გულწრფელი გრძნობა! მე სულელს კი მეგონა, ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა. იმდენი ვიხტუნავე, რომ საბოლოოდ სულ მთლად ცარიელი დავრჩი. აღარც ფული შემრჩა, აღარც სიყვარული, აღარც იმედი და აღარც რწმენა. ასეა, რაც არ გერგება, არ შეგერგება. თავის დროზე ხომ მეც ვიღაც ჩემნაირ მყიდველს „ავახიე“ ნაყიდი სიყვარული!
ფილოსოფოსობის ხასიათზე დამდგარი, თქვენი მუდმივი მკითხველი.
პირობითად, კოკა, 42 წლის.
მამის ხათრით ნარკომანს გავყევი
ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა, რადგან მამაჩემი ეგრეთ წოდებული „შავი სამყაროს“ წარმომადგენელი იყო და ცხოვრების ნახევარი ციხეში ჰქონდა გატარებული. ამის გამო უბნის ბავშვები ყოველთვის მერიდებოდნენ. მშობლები უშლიდნენ ჩემთან არა მარტო თამაშს, არამედ ელემენტარულ ურთიერთობასაც კი. ამიტომ, მეგობარი არასდროს მყოლია.
17 წლის რომ გავხდი, მამა ციხიდან გამოვიდა და გადაწყვიტა, პატიოსნად ეცხოვრა. წამოიწყო ბიზნესი, რომელმაც გაუმართლა – საქმე კარგად წაუვიდა და ოჯახმაც ამოისუნთქა. სამივე ბედნიერად ვგრძნობდით თავს, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.
ბიზნესის დასაწყებად მამაჩემმა ფული ისესხა. თავიდან, როცა საქმე მიდიოდა, ნახევარი ვალის გასტუმრება მოახერხა, დანარჩენი კი ვეღარ მოაგროვა და გადაუხდელი დარჩა, რის გამოც უსიამოვნებებმა იმატა.
ერთ საღამოს, როცა ტელევიზორს ვუყურებდით, ჩვენთან სამი დაკუნთული ტიპი მოვიდა – დაუკაკუნებლად შემოაღეს კარი და უკითხავად დასხდნენ. მამას შიშისგან ფერი წაუვიდა, მე და დედასაც შეგვეშინდა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღეთ.
მოსულებმა მამას უბრძანეს, მათთან ერთად დამჯდარიყო მაგიდასთან და საუბარი დაიწყეს. მივხვდი, რომ ვალს სთხოვდნენ. მამამ უთხრა, რომ ახლა ვერ დაუბრუნებდა, რადგან არ ჰქონდა, მაგრამ, თუ ცოტას კიდევ ადროვებდა, როგორმე შეაგროვებდა, იშოვიდა და გადაუხდიდა, მაგრამ ის ტიპები უარზე იყვნენ და თავისას ითხოვდნენ. უცებ იმ სამიდან ერთ-ერთმა ჩემკენ გამოიხედა და ხარბი თვალით დამიწყო თვალიერება. შიშისგან მთლად გავქვავდი. კარგა ხანს მათვალიერა, მერე კი მამაჩემს მიუბრუნდა და უთხრა, თუ გინდა, რომ დარჩენილი ვალი გაპატიო, შენი შვილი გამატანე ცოლადო.
მე კინაღამ გული წამივიდა. არც დედა და მამა იყვნენ უკეთეს დღეში, მაგრამ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, მამა დასთანხმდა და მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ასე ორ წუთში გადაწყვიტეს ჩემი ბედი და მომავალი, თანაც ისე, რომ არც ერთს ჩემთვის ზრდილობის გამოც კი არაფერი უკითხავს.
ჯავრისგან კინაღამ მოვკვდი, მაგრამ ეს არავის ადარდებდა. იმ დღიდან ორი კვირის შემდეგ იმ კაცს გამაყოლეს ცოლად, რომელიც ჩემზე 19 წლით უფროსი იყო (მე 18 წლის ვიყავი, ის – 37-ის), რომლისაც მეშინოდა და რომელიც მძულდა.
დღესაც ვწყევლი იმ დღეს, როცა მამაჩემმა ბიზნესი წამოიწყო. ჯობდა, ისევ ღატაკები ვყოფილიყავით და ასეთ დღეში არ ჩავვარდნილიყავი.
ჩემი ქმარი ნარკომანია. არ ვიცი, საიდან, მაგრამ ძალიან ბევრი ფული აქვს და სულ კაიფშია. თუ შემთხვევით ისე მოხდა, რომ „ლომკა“ დაეწყო და სახლში წამალი არ აქვს, ცოფდება, გიჟს ემსგავსება და ისე მცემს, მეორე დღეს ლოგინიდან ვერ ვდგები. კარგა ხანს ვითმინე, მაგრამ ერთხელაც, ვეღარ გავუძელი და მამაჩემს ყველაფერი მოვუყევი. მან კი, იმის ნაცვლად, სიძისთვის პასუხი მაინც მოეთხოვა, მითხრა, უნდა გაუძლო, შვილო, იმას რომ გაეყარო, მე მომკლავს, ან ვალს მომთხოვსო. ამის გაგონებაზე გული წამივიდა. გონს რომ მოვედი, სხვა გზა არ მქონდა, ქმართან დავბრუნდი, მაგრამ მამა შემძულდა.
ახლა ისევ ქმართან ვცხოვრობ, თუმცა ძალიან მიჭირს. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ.
იმედი მაქვს, ამ წერილს დამიბეჭდავთ.
თიკო, 19 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.