რას ითხოვენ საქართველოში ჩამოსვლამდე მსოფლიო ვარსკვლავები და რაზე არ თანხმდებიან ისინი
პროფესიით სცენარისტი თეონა ჯორბენაძე 2004 წლიდან ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელთან ერთადაც გაიზარდა „იავნანა“. კომპოზიტორ თამაზ ჯორბენაძის ქალიშვილმა მამის გარდაცვალების შემდეგ თავად განაგრძო პაატა ბურჭულაძესთან შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა. ფონდს საოპერო ხელოვნების არაერთი ვარსკვლავისთვის უმასპინძლია. მათი ნიჭი და ხმა რომ მსოფლიოს აოცებს და სიამოვნებას ჰგვრის, ამაზე ორი აზრი არც არსებობს, მაგრამ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თავიანთი პიროვნული ღირსებითა და ადამიანური განცდებით. გარდა იმისა, რომ კონცერტი კარგად ორგანიზებული უნდა იყოს, „იავნანას“ შემოქმედებით ჯგუფს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება უწევს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა კომფორტულად და შინაურულად იგრძნონ თავი საქართველოში. ხოლო, თუ როგორ ერთობიან ჩამოსული სტუმრები და რას ითხოვენ ჩამოსვლამდე, ამაზე სასაუბროდ თეონა ჯორბენაძეს დავუკავშირდით.
თეონა ჯორბენაძე: გავიზარდე მუსიკალურ გარემოში, მამა კომპოზიტორი იყო და ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან მუსიკოსები და მომღერლები. როცა ჩვენთან სუფრა იშლებოდა, მეზობლები ფანჯრებს აღებდნენ, რომ კარგი სიმღერა მოესმინათ. ჩემი სამეგობრო წრეც ასეთი იყო – თუ არ იცოდი პიანინოზე დაკვრა და სიმღერა, არაფერს წარმოადგენდი.
მუსიკას არ გავყევი – ინსტრუმენტთან საათობით ჯდომას და გამების მეცადინეობას ვერ გავუძელი. ერთი პერიოდი ექიმობა მოვინდომე, მაგრამ პათანატომიის კათედრაზე სამი დამწვარი გვამის ნახვის შემდეგ ამის სურვილიც დავკარგე. საბოლოოდ, სცენარისტთა ჯგუფში მოვხვდი. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი გაზეთში, სადაც ვიყავი კულტურის განყოფილების რედაქტორი; სცენარისტად ვმუშაობდი საქართველოს ტელევიზიის „მეორე არხზე“, კოკა ყანდიაშვილთან სტუდია „აუდიენციაში“, გადაცემაში – „მიამბეთ თქვენზე“; მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში ლიტერატურული ნაწილის გამგედ.
მას შემდეგ, რაც მამა გარდაიცვალა, დავიწყე მისი მუსიკალური არქივის გამოქვეყნება. სიმღერებს შორის, ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, ავირჩიე „ზამთარია, სიცივეა“ და პაატა ბურჭულაძეს ვთხოვე, ამ სიმღერის ორიგინალი ვერსია ემღერა, რადგან ის მამას მეგობარი იყო. მაგრამ, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ბატონი პაატა ასეთ ექსპერიმენტს დასთანხმდებოდა და როცა თანხმობა მომცა, ამან ძალიან გამახარა. ოპერის ბევრი მომღერალი ასეთ ექსპერიმენტს შეუშინდებოდა და უარს იტყოდა. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ჩემთვის უსაყვარლეს მომღერალთან და ადამიანთან და იმდენად მომეწონა მასთან მუშაობის პროცესი, რომ გული დამწყდა, როცა ამ სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღება დასრულდა. მაგრამ, ძალიან მალე თვითონ დამირეკა და შემომთავაზა ფონდში მუშაობა, რაზეც დაუფიქრებლად დავთანხმდი. ფონდ „იავნანას“ ანალოგი არ აქვს, რომ ვინმესგან აგვეღო მაგალითი. ისეთი პატარა ფონდისთვის, როგორიც ჩვენია (თუმცა მის სათავეში დიდი სახელია), სოციალურად დაუცველი 49 ოჯახის დაბინავება სერიოზული საქმეა, რომ არაფერი ვთქვათ აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ბავშვთა დახმარების პროგრამაზე, ჩვენს შვილობილ დიტო რაზმაძეზე და სხვა. მაგრამ მთავარი, მაინც საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერაა; ის, რომ ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვაბარებთ იმ ადამიანებს, ვინც თუნდაც ერთი ლარი შემოგვწირა.
– თეო, მგონი თქვენი შვილი „იავნანას“ სარეკლამო სახეა?
– დიახ, ჩემი შვილი ხომ „მზრუნველობამოკლებულია“ (იცინის), ოღონდ – ხანდახან. მართლა ასეა, რადგან ბევრ დროს ვერ ვუთმობ, თუმცა, რეპეტიციებზე და ჩაწერებზე, როცა მას ამის სურვილი აქვს, ჩემთან ერთად არის. ასე მოხდა ჩვენი სიმღერის ჩაწერაზეც. მისი ფრაზა სულაც არ იყო გათვალისწინებული. დათო არჩვაძე მეხმარებოდა. ცოტა ხნით გავედი და ბავშვი მას დავუტოვე სტუდიაში. როცა დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ „თბილ სახლზე“ ჩემს შვილსაც უმღერია.
– თქვენ ძალიან ხშირად გიწევთ შეხვედრა მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავებთან. მაინტერესებს, როგორები არიან ისინი ჩვეულებრივ სიტუაციაში?
– ძალიან უშუალოები, თბილები და მართლა დიდი ადამიანები არიან პირველ ყოვლისა. პაატამ ერთხელ თქვა: ვერ გახდები დიდი მომღერალი, თუ არ ხარ ღირსეული პიროვნება. ჩვენს საქმეში მთავარია სამი რამ: ხმა, იღბალი და პიროვნული თვისებებიო. ეს საოპერო მომღერლებზეა ლაპარაკი, თორემ შოუ-ბიზნესში რაც ხდება, ყველას მოეხსენება, „ისთერნ პრომოუშენის“ ბიჭები საოცარ ამბებს ყვებიან: ზოგიერთ შოუვარსკვლავს კულისებში კონკრეტული ფირმის ავეჯი მოუთხოვია, ზოგსაც – ოაზისის გაშენება.
– ანუ, საოპერო მომღერლებთან თქვენ ასეთ რამეებს არ აწყდებით?
– არა, მსგავსი არაფერი ხდება. პირიქით, აქეთ გვეხმარებიან და გვიმსუბუქებენ საზრუნავს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენთან ჩამოსულ ვარსკვლავებს მართლა ქველმოქმედების სურვილი აქვთ. აგვისტოს ომის დროს დაობლებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოსულ მსოფლიოს უდიდეს მომღერლებს, მარკო ბერტის და პიერო ჯულიაჩის, როცა მადლიერების ნიშნად ჩვენი ფონდის სიმბოლო გადავეცით, თვალები აუწყლიანდა, ცრემლი მოადგათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლა გულით განიცდიდნენ ამ ბავშვების ბედს. მარკო ბერტიმ წასვლამდე გვთხოვა, რომ კიდევ მოგვეწვია, ოღონდ, ერთი პირობით – მგზავრობის ხარჯებსაც ჩემს თავზე ავიღებო. ამას ამბობს მომღერალი, რომელსაც ყოველი დღე მინიმუმ ოთხი წლით ადრე აქვს დაგეგმილი.
– თქვენი აზრით, რა არის მათი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი?
– ამ შეკითხვაზე შესანიშნავი პასუხი აქვს თავად პაატას: „რაც უფრო დიდია ხელოვანი, მით უფრო ადვილია მისი დათანხმება საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობაზე“. საოპერო ხელოვნების ნამდვილი ლეგენდა, ლუჩანო პავაროტიც, არა მარტო დიდი მომღერალი, უპირველესად დიდი პიროვნება იყო. ჯერ ერთი, განსაკუთრებულად ეხმარებოდა ახალგაზრდა მომღერლებს, ეწეოდა ქველმოქმედებას და, როცა რომელიმე არც ისე კარგ მომღერალს აკრიტიკებდნენ, ლუჩანო, თურმე, დუმდა, თითქოს ამ პროფესიაში არაფერი გაეგებოდა. სხვათა შორის, პაატა კარიერის დასაწყისში სწორედ ლუჩანომ წაიყვანა პირველად ამერიკაში. მაშინდელ პრესაში გამოქვეყნდა კიდეც პავაროტის შეფასება: „პაატა ბურჭულაძე საოპერო ხელოვნების ისტორიაში შევა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი“.
– რა არის ის მოთხოვნები, რომლებსაც მომღერლები გიყენებენ ჩამოსვლამდე?
– წინასწარი შეთანხმების საგანი მხოლოდ საკონცერტო პროგრამაა ხოლმე, მაგრამ რამდენიმე შემთხვევას მოგიყვებით და თავად განსაჯეთ, როგორი მოთხოვნები აქვთ მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავებს: მიშელ კრაიდერმა, როცა პირველად ჩამოვიდა საქართველოში, რამდენიმე თვის შვილი დატოვა, რათა დახმარებოდა ჩვენს ბავშვებს. ჩვენც, ამ საქციელით აღტაცებულნი, ვცდილობდით, განსაკუთრებული პირობები შეგვექმნა მისთვის: ვეკითხებოდით სადილზე რას ინებებთ, სასტუმროს როგორი ნომერი გნებავთ, რა მანქანით გაგასეირნოთო და ასე შემდეგ, მაგრამ, არაფერზე არ გვპასუხობდა, რამაც ძალიან დაგვძაბა – ალბათ, ისეთს ვერაფერს ვთავაზობთ, რაც მის დონეს შეესაბამებაო. ერთხელაც, მომიბრუნდა და მითხრა: მე აქ თქვენს დასახმარებლად ჩამოვედი და არა იმისთვის, რომ პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ, დავიძინებ იქ, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, შევჭამ იმას, რასაც შემომთავაზებთ და ჩავჯდები იმ მანქანაში, რომელსაც შემირჩევთო.
თუნდაც მონსერატ კაბალიე – მისი ერთადერთი, უფრო თხოვნა, ვიდრე მოთხოვნა იყო: კონცერტის წინ ნუ ამატარებთ ბევრ საფეხურს და თეატრში შემიყვანეთ ისეთი შესასვლელიდან, სადაც მაღალი და ბევრი კიბის ავლა არ მომიწევსო. ესეც იმიტომ, რომ სიარული უჭირს. კინაღამ დამავიწყდა მისი მეორე მოთხოვნა: კონცერტის წინა საღამოს ვუთხარით, რომ გვინდოდა, დავხმარებოდით აფხაზ გოგონას, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. მაშინ მონსერატმა მოითხოვა – ოპერაციის ხარჯები მთლიანად მე უნდა დავფაროო. ჩვენ მთელი საღამოს განმავლობაში ვუხსნიდით, რომ ამ დახმარებას ვერ მივიღებდით, რადგან ჩვენი აქციის არსი ერთი ადამიანის ბედით მთელი საზოგადოების დაინტერესებაში მდგომარეობდა. ბოლოს დავითანხმეთ, მაგრამ მონსერატმა თქვა, პირველი შესაწირი მაინც მე უნდა შემოვიტანო და ბიუსტჰალტერიდან ამოვიღებ ფულსო. ამაზე ყველამ ბევრი ვიცინეთ და გვეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ მეორე დღეს მსოფლიო დივამ მართლაც ბიუსტჰალტერიდან ამოიღო ფული და მთელმა საქართველომ ნახა, რომ არ იხუმრა (იცინის). საოცარი შთაბეჭდილება დატოვა მონსერატის შეხვედრამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. ამის გამო მონსერატი ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. უწმიდესმა შეხვედრის დასასრულს პაატას ჰკითხა, ხვალ წირვაზე ხომ არ ისურვებს დასწრებასო, რაზეც პაატამ დაუფიქრებლად მიუგო, ხვალ კონცერტის დღეა, თქვენო უწმიდესობავ, და ვერ შეძლებსო. მონსერატმა ტექსტი ათარგმნინა თარჯიმანს და მკაცრად განაცხადა, წირვას აუცილებლად უნდა დავესწროო. მერე, ალბათ, გახსოვთ, მისი სინქრონი სამების ტაძრიდან – ასე ახლოს ღმერთთან არასდროს მიგრძნია თავიო.
კიდევ იყო დოლორა ზაჯიკი, აგრეთვე, ძალიან ცნობილი მეცო-სოპრანო, რომელიც წავიყვანეთ ბავშვთა სახლში, სადაც ბავშვებმა პატარა კონცერტი გაუმართეს. ამ ამბავმა დოლორა ძალიან ააღელვა. ერთი პატარა ბიჭი მას განსაკუთრებით შეუყვარდა და მეორე დღეს, როცა ექსკურსია გვქონდა გათვალისწინებული, რადგან ეს ჩვენი ღონისძიებების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ხოლმე, რათა მაქსიმალურად კარგი შთაბეჭდილება შევუქმნათ ჩვენს ქვეყანაზე, დოლორამ უარი განგვიცხადა და სუპერმარკეტში წაყვანა მოგვთხოვა. შევიდა „გუდვილში“, იყიდა პროდუქტები და ტკბილეული, დაიტვირთა და ის დღე ბავშვთა სახლში გაატარა ბავშვებთან თამაშსა და საჩუქრების დარიგებაში.
– თეო, შენ თქვი, რომ ცდილობთ, კარგი შთაბეჭდილება შეუქმნათ, მაგრამ, ჩამოსვლამდე თუ აქვთ რაიმე წარმოდგენა საქართველოზე?
– ამ შეკითხვაზე მარკო ბერტიმ უპასუხა ჟურნალისტებს: რაც დავიბადე, მას მერე პაატას სახელი მესმის და, აქედან გამომდინარე, საქართველოც დიდი ხანია ვიცი და მისი საქველმოქმედო ფონდიცო. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, როცა მსოფლიო დონის მომღერლები ჩამოდიან და კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, რომ ისინი კარგი შთაბეჭდილებით წავიდნენ საქართველოდან. ოპერის თეატრიც ყოველთვის მონდომებულია, რომ ორკესტრმა და გუნდმა სათანადო პარტნიორობა გაუწიონ ჩამოსულ ვარსკვლავებს. ერთადერთი უცნაური შემთხვევა გვქონდა, რომელიც ევროპაში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ნატო ჭყონიას უცხოელ მეუღლესა და ხმის იმიტატორს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ, ნატო მოვიწვიეთ „რეკვიემში“ მონაწილეობის მისაღებად, მან დამირეკა და მკითხა: ჩემს მეუღლეს აინტერესებს, საქართველოში ჩამოსვლა ხომ უსაფრთხოა, ადამიანებს ხომ არ იტაცებენ ან ყაჩაღები ხომ არ დაქრიან ქუჩებშიო. რა თქმა უნდა, აქედან ავუხსენი და დავარწმუნე, რომ საქართველო სულ სხვა ქვეყანა გახდა, არავითარი ქურდობა და ყაჩაღობა, პატრული გვიცავს, ჩიტები ჭიკჭიკებენ და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვეულებრივ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდნენ, სასტუმროში დავაბინავეთ. საღამომ წარმატებით ჩაიარა და კონცერტის მეორე დღეს მონაწილეები „ალიონის“ პირდაპირ ეთერში მიიწვიეს. ყველანი საუკეთესო განწყობაზე ვიყავით, გაწამებული სახით მხოლოდ ნატო ჭყონია მოვიდა. მთელი ღამე თეთრად გავათენეთ მე და ჩემმა მეუღლემო. თურმე, შუაღამისას ნატოს ნომერში ტელეფონის ზარი გაისმა, დარეკა უცნობმა პიროვნებამ პაატა ბურჭულაძის ხმით და დილამდე 5 000 დოლარი სთხოვა, თანაც დასძინა, თანხა ახლავე მოიტანე და „რეცეფშენში“ დამიტოვეო. წარმოიდგინეთ ნატოს უცხოელი მეუღლის რეაქცია, როცა გააღვიძეს და ეს ამბავი აცნობეს. ცოტა ხანში გავიგეთ, რომ მაყვალა ქასრაშვილიც აფორიაქებული ყოფილა – მისთვის რომელიღაც სახელისუფლებო წარმომადგენელს დაურეკავს მსგავსი წინადადებით. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ციხეში ყოფილა ვიღაც გენიალური იმიტატორი, რომელიც ცნობილი ადამიანების ხმით რეკავდა ყველასთან. საბედნიეროდ, ნატო მაშინ მიხვდა, რომ ზარის ავტორი პაატა ბურჭულაძე არ იყო, როცა მან დამშვიდობებისას უთხრა, ხვალ საღამოს გნახავთო, ჩვენ კი დილით გვქონდა პირდაპირი ეთერი დანიშნული. ნატოს მეუღლეს კი, მე მგონი, ეს შემთხვევა სამუდამოდ დაამახსოვრდება.
– თეო, ვიცი, რომ თქვენი ფონდისთვის ბევრს მოუმართავს უცნაური თხოვნით. რამდენიმეს ხომ ვერ გაიხსენებთ?
– (იცინის) ასეთი რამ საკმაოდ ხშირია. მაგალითად, ერთხელ უცნობი ქალბატონი დაგვიკავშირდა და გვეუბნება, დედამთილი კახპას მეძახის და უნდა დამეხმაროთ – ადვოკატი ამიყვანოთ და, იქნებ, ცალკე ბინაც მიყიდოთო. როცა უარი ვუთხარით, აღშფოთდა – აბა, რისთვის ხართ, ვერ გავიგეო. კიდევ იყო ერთი ასეთი შემთხვევა: ჩვენთან ასაკოვანი მრავალშვილიანი ქალბატონი მოვიდა და დახმარება გვთხოვა. აგვიხსნა, თუ რა მძიმე პირობებში უხდებოდათ ცხოვრება და რომ ერთოთახიან ბინაში ვერ ეტეოდნენ. ჩვენც, რა თქმა უნდა, შევედით მის მდგომარეობაში, თითქმის ვიტირეთ და გადავწყვიტეთ, დახმარება გაგვეწია. ბოლოს ჩვენი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ახალაიამ, ჰკითხა, ბავშვები რა ასაკის არიანო და ქალბატონმა დაიწყო ჩამოთვლა: დიდი ბიჭი უკვე დასაოჯახებელი მყავს, 35 წლისაა და გაჭირვების გამო ვერ ქორწინდება; მეორე – 30 წლის არისო – და ასე ჩავიდა ნაბოლარა შვილამდე, რომელიც 26 წლის აღმოჩნდა.