რომელია ყველაზე ძვირფასი სამოდელო ავტომანქანების მწარმოებელი ფირმა და ინახება თუ არა მისი პროდუქცია სანდრო კილაძის კოლექციაში
18 წლის თბილისელ სანდრო კილაძეს ბავშვობიდანვე იტაცებდა ავტომანქანები, თუმცა მათი შეგროვება დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო. დღეისთვის მის კოლექციაში სამასზე მეტი მოდელია წარმოდგენილი. რომელთა უმრავლესობა თანამედროვე ავტომანქანებია. სანდროს კოლექციაში 1:18 მასშტაბის მოდელებია წარმოდგენილი. თუ რატომ გააკეთა, სხვა კოლექციონერებისგან, განსხვავებით, არჩევანი ამ მასშტაბის მოდელებზე სანდრომ და რომელი ბრენდის სამოდელო ავტომანქანები ითვლება ყველაზე ძვირფასად, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
სანდრო კილაძე: ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის მიყვარდა მანქანები. პირველი მანქანა ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. ეს იყო თეთრი ფერის „პორშე კარერა“. შემდეგ მე შევიძინე კიდევ სხვა მოდელი, ჯერ ერთი, მეორე, მესამე და შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ შემეგროვებინა სამოდელო ავტომანქანების კოლექცია.
– დღეისთვის, რამდენი ავტომანქანაა ამ კოლექციაში თავმოყრილი და რა მასშტაბებშია ისინი დამზადებული?
– ჩემს კოლექციაში თავმოყრილია 1:18 მასშტაბის ავტომანქანები. შედარებით პატარა მასშტაბის ავტომანქანებიც მაქვს, სხვათა შორის არც ისე ცოტა, 100 ცალი იქნება. ისინი იმ პერიოდშია შეძენილი, სანამ სერიოზულად გამიტაცებდა ავტომანქანების კოლექციონერობა და ჩამოვყალიბდებოდი კონკრეტულად რა მასშტაბის მოდელები მომწონდა. დაახლოებით, მეშვიდე წელია, რაც ჩემი არჩევანი 1:18 მასშტაბის მოდელებზე შევაჩერე და დღეს ჩემს კოლექციაში ორასამდე ასეთი ზომის ავტომანქანაა თავმოყრილი.
– როგორც ჩემთვის ცნობილია, კოლექციონერთა უმრავლესობა დაინტერესებულია 1:43 მასშტაბის მოდელებით. შენ რატომ გააკეთე არჩევანი 1:18 მასშტაბის მოდელებზე?
– ამ ზომის მოდელებზე იმიტომ გავაკეთე არჩევენი, რომ ძალიან მომწონს. მანქანა დიდია მოცულობით და შესაბამისად, დეტალებიც სრულყოფილადაა წარმოჩენილი. რაც შეეხება 1:43 მასშტაბს, ამით ძირითადად ძველი კოლექციონერები არიან გატაცებულნი. სხვების კოლექციებში უმეტესად ძველისძველი ავტომანქანების მოდელებია. ჩემთან პირიქით, კოლექციაში ძირითადად თანამედროვე მოდელებია თავმოყრილი, რომელთა უმრავლესობას თბილისის ქუჩებშიც დაინახავთ. მაგალითად, „მერსედეს ემელის ჯიპი“, „ბეემვე იქს 5“, „პორშე კაიენი“, „სედანის ტიპის ემ 5“, „მერსედეს ცეელეს“ და სხვა. აგრეთვე, ამ კოლექციაში თავმოყრილია ძალიან ცნობილი ბრენდების სპორტული ავტომანქანები, რომლებიც ჩვენს ქალაქში კი არა უცხოეთის ქუჩებშიც იშვიათად თუ გამოჩნდება. მე ისინი მომწონს და ამიტომაც შევიძინე. თითზე ჩამოსათვლელი ძველი მოდელებიც მაქვს, მაგალითად: ვიტო კორლეონეს „კადილაკი“, აი, ეს ლურჯი „ფერარის“ მოდელიც საკმაოდ ძველია. სხვათა შორის ამის ორიგინალი ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომანქანად ითვლება მსოფლიოში.
– სად შეიძლება ასეთი ავტომანქანების შეძენა?
– ამ მანქანებიდან ნახევარზე მეტი უცხოეთიდანაა ჩამოტანილი. აქაც ვყიდულობ, რა თქმა უნდა, მაგრამ იშვიათად. დამეთანხმებით, კომერციულად არ არის გამართლებული, მაინცდამაინც ძვირად ღირებული მოდელების ჩამოტანა და სწორედ ამიტომ, ქართული ბაზარი ხარისხიანი სამოდელო ავტომანქანების მრავალფეროვნებით ვერ დაიკვეხნის.
– ხშირად გიწევს უცხოეთში წასვლა?
– მე არა, მაგრამ მამაჩემი და ბიძები დადიან და მათ ჩამოაქვთ ხოლმე მანქანები ჩემი კოლექციისთვის.
– ისინი თავისი გემოვნებით ყიდულობენ მოდელებს, თუ აბარებ რომელი ჩამოგიტანონ?
– ხანდახან ვაბარებ, ყოფილა შემთხვევაც, რომ დაურეკავთ, უთქვამთ ესა და ეს მოდელი გიყიდეთო, მე კი მითხოვია, სხვა კონკრეტულ მოდელში გადაეცვალათ. მათაც გადაუცვლიათ.
– როგორ უვლი კოლექციას?
– ამ მანქანებისთვის სპეციალურად კარადა დავამზადებინე, სადაც განვათავსე ჩემი კოლექცია. მათ მოვლას არავის ვანდობ ოჯახში. დაახლოებით, კვირაში ერთხელ, მე თვითონ, სათითაოდ გამოვალაგებ, ვწმენდ და ისევ ყუთებში ვათავსებ. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ არასდროს, სულ პატარასაც კი, არ მითამაშია ამ ავტომანქანებით, რა თქმა უნდა, არც სხვისთვის მიმიცია ამის უფლება.
– გაჩუქება შეგიძლია?
– გააჩნია ვისთვის... შემიძლია, რა თქმა უნდა, გავაჩუქებ.
– ალბათ, ოთახში პირველად შემოსული სტუმარი აუცილებლად ჩერდება შენი კოლექციის დასათვალიერებლად.
– რა თქმა უნდა. ჯერ შეჩერდებიან, მერე იწყება შეკითხვები. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჩემი კოლექციის დათვალიერების შემდეგ, სხვებსაც დაუწყიათ კოლექციონერობა, თუმცა მალევე ანებებენ თავს, რადგან ხვდებიან, რომ ეს მათი გატაცება კი არა შთაბეჭდილება იყო.
– დაახლოებით, რა ღირს ერთი მოდელი ამ კოლექციიდან?
– ამ კოლექციაში წარმოდგენილი თითოეული მოდელის ფასი ასიდან სამას ლარამდე მერყეობს. გააჩნია თვითონ ფირმას, რომლის მიერაც არის წარმოებული. მე ძირითადად მაქვს: „მაისტოს“, „ავტოარტის“, „ბურაგოსა“ და „ნორევის“ მოდელები. მათგან „ბურაგო“ და „მაისტოს“ მოდელებს შეიძლება, თბილისშიც წააწყდე. „ავტოარტი“ კი ყველაზე ძვირფასი მოდელების მწარმოებელი ფირმაა. მისი მოდელები ორიგინალის ზუსტი გამეორებაა, თავისი პატარა საათითა თუ ტყავის სალონითაც კი.
– პირადად თუ გყავს ავტომანქანა?
– ავტომანქანა, ჯერ არ მყავს, ახლა ავიღე მართვის მოწმობა.
– რა მანქანას ისურვებდი, რომ გყავდეს?
– „მერსედეს ეს ელ“ კლასის. საერთოდ, უპირატესობას ვანიჭებ ორკარიან სპორტულ მანქანებს, ეს მოდელიც ამიტომ მომწონს, პატარაა, სპორტულია, სწრაფი.
ამ კოლექციიდან ყველაზე ძალიან მომწონს შავი ფერის „ფერარი“. ძალიან მინდოდა ეს მოდელი მქონოდა, ყველაგან ვეძებდი, ვაბარებდი და ვერსად ვერ ვპოულობდი. ბოლოს, ორი წლის თავზე, ბიძაჩემი წააწყდა სრულიად შემთხვევით უცხოეთის ერთ-ერთ მაღაზიაში.
– მსოფლიოში ავტომანქანების რომელი ბრენდი მოგწონს განსაკუთრებით?
– „მერსედესი“.