კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახადა ცოლმა ჯანსუღ კახიძე ცნობილი დირიჟორი და რა იყო მისი დიდი ტრავმა


ამჯერად დიდი მაესტროს, ჯანსუღ კახიძის საოჯახო ალბომს გადაგიშლით. ბატონი ჯანოს ქალიშვილი, თეკა, ოჯახის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს გიამბობთ.

– თეკა, გვიამბეთ რამე თქვენსა და ვატოს ბავშვობაზე.

– ყველა ქართველი მამაკაცი ოცნებობს პირველი შვილი ბიჭი ეყოლოს და არც მამა იყო გამონაკლისი. როდესაც ექიმი გამოსულა და უთქვამს: გილოცავთ, ბიჭი შეგეძინათო, ყირაზე დამდგარა. მერე ერთი წელი ქეიფობდა. რაც შეეხება ჩემს დაბადებას, მეორესაც ბიჭს ელოდებოდა (ჩემსა და ვატოს შორის ათი წელია სხვაობა). მე რომ გავჩნდი, იმ დღეებში გასტროლებზე იყო გერმანიაში. დარეკა სახლში და ტელეფონზე ვატომ უპასუხა. მამიკო, იცი, მე დაიკო შემეძინაო, – ახარა. მამამ უთხრა, რაღაც გეშლება, აბა, ბებიაშენს დაუძახეო. ბებიამ რომ დაუდასტურა, ისე გაბრაზდა, ყურმილი დაკიდა. მერე კი ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდა – მე და მამას განსაკუთრებული სიყვარული და ურთიერთობა გვქონდა. ჯერ ერთი, მას არა მხოლოდ გარეგნობით, ხასიათითა და თვისებებითაც ძალიან ვგავდი.

– თუ გქონდათ გაცნობიერებული, რომ მამა ასეთი განთქმული პიროვნება იყო და ხომ არ გიშლიდათ ეს ხელს მასთან თავისუფალ ურთიერთობაში?

– მშობლების რიდი ყოველთვის მქონდა. სხვანაირი ადამიანი ვარ, მაინცდამაინც არ მიყვარს გულის გადახსნა. ბევრი რაღაცაა ისეთი, რაც, შეიძლება, არავინ იცოდეს ან მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ. მშობლებს არ ვარჩევდი ერთმანეთისგან – დედასთანაც ისევე ვმეგობრობდი, როგორც მამასთან.

– რომელი იყავით აუტანელი ბავშვი, თქვენ თუ ვატო?

– ვატო საშინლად ცელქი, მავნე და ხიფათიანი ბავშვი ყოფილა, ძლივს აკავებდნენ. მე ძალიან მსუქანი და საყვარელი ბავშვი ვიყავი. ვატო დამიჭერდა და „მჯუჯგნიდა“. ერთხელ ცხელი რძე გადაისხა და ისეთი მძიმე დამწვრობა მიიღო, ძლივს გადაარჩინეს. სულ რაღაც ემართებოდა. სხვათა შორის, მის თვალებში ახლაც დაინახავთ სიცელქეს. მე რომ სკოლაში წავედი, ვატო მოსკოვში წავიდა კონსერვატორიაში სასწავლებლად, სადაც შვიდი წელი იყო. მხოლოდ არდადეგებზე ჩამოდიოდა და მაშინაც მეგობრებთან გარბოდა დროის სატარებლად. ჩვენი ურთიერთობა მისი დაბრუნების შემდეგ დაიწყო. რაღაც პერიოდი მამობრივი გრძნობაც ჰქონდა. მერე ეს განსხვავება ასაკთან ერთად გაქრა.

– ვიცი, რომ ერთ დროს ვატომ მუსიკას თავი დაანება. როგორ შეხვდა ამ ამბავს მამა და, საერთოდ, რას ამბობდა ის თქვენს მომავალ პროფესიებზე?

– დიახ, 13 წლის ასაკში ვატომ გადაწყვიტა, საერთოდ თავი დაენებებინა მუსიკისთვის, იმიტომ, რომ ძალიან ეზარებოდა მეცადინეობა. იმ პერიოდში უფრო სპორტით იყო გატაცებული. მამაჩემი მაშინ პოლონეთში მუშაობდა, ქალაქ ლოძის საოპერო თეატრის მთავარი დირიჟორი იყო და სულ წერილებს სწერდა – აღარ მინდა მუსიკის სწავლაო. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე მამამ ჯაზი მოასმენინა, რაღაცეები ასწავლა, როგორ დაეკრა და, ამან ისე გაიტაცა, მას შემდეგ აღარც ყოფილა ლაპარაკი მუსიკისთვის თავის დანებებაზე. ჯერ კომპოზიციას მიჰყვა, კარგად უკრავდა, მერე მის ცხოვრებაში დირიჟორობა გაჩნდა. დღეს რომ ჰკითხოთ, უფრო დირიჟორია, ვიდრე კომპოზიტორი. ხანდახან დამაყენებდა და მიმღერებდა. მერე ფირფიტა გამოვიდა სახელწოდებით „მღერის კახიძეების ოჯახი“. მაშინ მე 8 წლის ვიყავი, ვატო – 18-ის. მის ორ სიმღერას ვასრულებდი. ამის შემდეგ ხან სად მეპატიჟებოდნენ, ხან – სად. „მზიურში“ მინდოდა, მაგრამ სასიმღეროდ არ გამიშვეს. ერთი პერიოდი გატაცებული ვიყავი ინგლისური ენით, ინგლისურის სპეციალისტი უნდა გამოვიდე-მეთქი და მამამ ესეც დამიწუნა. მერე მსახიობობა მინდოდა – არც ამაზე დამთანხმდა. მსახიობის ცხოვრება თავგანწირვაა, აგეწყობა თუ არა პირადი ცხოვრება – ეს კიდევ სხვა ამბავიაო, – ამბობდა. დედაჩემი ეუბნებოდა: მივცეთ ბავშვს თავისუფლება, სადაც უნდა, იქ ჩააბაროსო. თურმე, ერთ დროს მასაც სდომებია მსახიობობა და არ გაუშვიათ. საშემსრულებლო კარიერა არანაირად არ მაინტერესებდა, ამიტომ, მუსიკისმცოდნეობა ავირჩიე. მუსიკის ისტორია მიყვარდა და წერაც მეხერხებოდა. სხვათა შორის, არასდროს გამომიყენებია მამის სახელი. პირიქით, ზოგჯერ ხელს მიშლიდა საკუთარი თავის დამკვიდრებაში.

მამა ვატოზე ყოველთვის იმას ამბობდა, ჩემზე გაცილებით ნიჭიერია. მან შეძლო, განეხორციელებინა, ის, რაც ჩემში იდო და მე ვერ გავაკეთეო. ჩვენს ოჯახში ყველა მუსიკის სფეროს წარმომადგენელია: ბაბუა, ივანე კახიძე – მოქეიფე და ხალხური სიმღერების მოყვარული კაცი გახლდათ, მეღვინე, წლების განმავლობაში იყო პირველი ქარხნის დირექტორი; მამა დირიჟორი იყო, დედა პიანისტია, ვატო – კომპოზიტორი, მე – მუსიკისმცოდნე. ვატოს ორი ქალიშვილი ჰყავს, ორივე გათხოვილია, ისინიც მუსიკოსები არიან.

– ბატონი ჯანო მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ყველაზე უკეთ თქვენ იცით როგორი იყო ის ცხოვრებაში?

– მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და იყო კიდეც მკაცრი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საქმეს ეხებოდა. ვერ იტანდა უპასუხისმგებლობას, უნიჭობას. როდესაც ასეთ რაღაცეებს აწყდებოდა, ყოველთვის ჰქონდა რეაქცია, რის გამოც ამბობდნენ, უხეშიაო. სიამოვნებდა, რომ საქართველოში ცნობილი პიროვნება იყო და უყვარდათ, თუმცა ბევრისთვის არ იყო მისაღები. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ არ ჰყავდა მტრები. ნათქვამია: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“. ამ დროს, ცხოვრებაში სულაც არ იყო ასეთი. პირიქით, ძალიან მხიარული იყო, კარგი იუმორი ჰქონდა ახლობლებთან საკმაოდ უშუალო ურთიერთობის დამყარება შეეძლო. ფამილარული არასდროს ყოფილა, ახალგაცნობილებს არ გაუშინაურდებოდა. ყველაზე ცოტა დროს ოჯახში ატარებდა, მაგრამ, როცა იყო, ცდილობდა, ჩვენთვის ყურადღება არ მოეკლო. თუ ჰქონდა საშუალება ყველგან დავყავდით. ბევრი კარგი დრო გაგვიტარებია სხვადასხვა ქვეყანაში. სახლში, ძირითადად, ისვენებდა. თვითონაც ტრადიციულ ოჯახში იყო გაზრდილი და ამიტომ ოჯახური კერა ძალიან იზიდავდა.

– ამბობენ, ჯანსუღ კახიძის პროფესიულ კარიერაში დიდი როლი მისმა ცოლმა ითამაშაო. ეს რას ნიშნავს?

– ნამდვილად! დედაჩემი რომ არ ყოფილიყო მის გვერდით, ალბათ, ბევრი რამ ისე არ იქნებოდა. ოჯახში ყოველთვის ხვდებოდა ის, რაც მას სურდა და ეს არ იყო მხოლოდ ცხელი სადილი და გაფითქინებული პერანგები, დედა ყველანაირად უწყობდა ხელს. დასვენება უნდოდა – ისვენებდა, გართობა უნდოდა – ერთობოდა. ძალიან ჯიუტი იყო, თუმცა, მისი სიჯიუტე დიდხანს არ გრძელდებოდა. როცა დედა რამეს ურჩევდა, პირველი რეაქცია, შეიძლება, ისეთი ყოფილიყო, რომ არ მიეღო, მაგრამ მერე აუცილებლად დაფიქრდებოდა და, თუ მიხვდებოდა, რომ ეს იყო დროული და საჭირო რჩევა, ითვალისწინებდა. ბევრ რამეში გამოადგა დედაჩემის რჩევები. მამა ძალიან ფეთქებადი ხასიათის იყო და დედა კარგად ახერხებდა მის შენელებას. თუ რაღაც არ მოეწონებოდა ან ვიღაც შეეწინააღმდეგებოდა იმაში, რაც თვითონ მართებულად მიაჩნდა, კონფლიქტში შედიოდა.

– როგორი იყო ყოველდღიურ ცხოვრებაში – რა მოსწონდა, რა არ მოსწონდა, რისი გაკეთება შეეძლო სახლში?

– დედაზე ამბობდა, რა მაგარი ცოლი მყავს, არაჩვეულებრივად ამზადებს სადილებსო. დედასთვის ბედნიერება იყო, რომ შეეძლო, ქმრისთვის ამითაც ესიამოვნებინა. სახლში იმდენად წესრიგი იყო ყველა მხრივ, რომ, არ მახსოვს, მამას რამე პრეტენზია გამოეთქვა. როცა სახლში იყო, ძირითადად, წამოწვებოდა, ტელევიზორს უყურებდა ან წიგნებს კითხულობდა. მერე სამზარეულოში გამოვიდოდა, რამე გემრიელს მიირთმევდა, ვისხედით და ვსაუბრობდით. კულინარიისგან ძალიან შორს იყო, დიდი-დიდი, შეიძლება, კვერცხი შეეწვა. თავისი არსებით მაინც უფრო შემოქმედებითი ადამიანი იყო, ვიდრე ტიპური ქართველი ოჯახის კაცი.

– როგორი კერძები მოსწონდა?

– თითქმის ყველაფერს ჭამდა, რაც ქართული და გემრიელია. ვერ იტანდა კომბოსტოთი და ჭარხლით გაკეთებულ საჭმელებს, თევზს. ზღვის პროდუქტებიდან მხოლოდ ზუთხს მიირთმევდა, იმასაც – ხანდახან. ამბობდა, ნეტავი, რატომ გიჟდებიან ამ თევზზეო. უყვარდა ხარჩო, ლობიო, კიტრი, პომიდორი და დიდი სიამოვნებით გეახლებოდათ უბრალო წვნიანსაც, რასაც ჩვენ სუპს ვუწოდებთ.

– თუ შეეძლო თქვენთან თავის საქმეებზე ესაუბრა, ან, იმაზე, რაც აწუხებდა და რაზეც დარდობდა?

– არ იყო გულჩათხრობილი ადამიანი, თუმცა ბევრი რამ იყო ისეთი, რაზეც არ ლაპარაკობდა, მაგალითად ის, რომ რაღაც პერიოდში სათანადოდ არ აფასებდნენ. ძალიან სასიხარულოა, რომ მის სიმღერებს ბევრი იცნობს, მაგრამ როგორც კომპოზიტორი და მომღერალი უფრო დაფასებული იყო, ვიდრე როგორც დირიჟორი. ძალიან მიზანსწრაფული იყო. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ეს დარბაზი არსებობს, მის ასაშენებლად ყველაფერი გააკეთა. არ უყვარდა ჩრდილში დგომა, პირიქით, თუ შეეძლო, რომ თავის პროფესიაში უფრო მეტისთვის მიეღწია, ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამისთვის ვიღაცას თავზე გადააბიჯებდა, ამას აბსოლუტურად სამართლიანი გზებით აკეთებდა. ცხოვრებაში ბევრ ინტრიგას ხვდებოდა. ახალგაზრდობაში სერიოზული უთანხმოება ჰქონდა საქართველოს კულტურის იმდროინდელ მინისტრთან ოთარ თაქთაქიშვილთან. ამის დასტური იყო ის, რომ მან სამი წელი პოლონეთში იმუშავა. შემდეგ, როცა შევარდნაძე გახდა ცეკას პირველი მდივანი, მამა თბილისში დააბრუნა. ასე გახდა ჯანსუღ კახიძე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი. ზვიადის დროსაც იყო ისეთი პროფესიული საკითხები, როცა ამბობდნენ, ვითომ, თეატრში არაეროვნული პოლიტიკაა, ოპერები ქართულ ენაზე არ იდგმებაო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამაში სხვები იყვნენ ცუდად ჩარეულნი, იმიტომ რომ, როდესაც მამა და ზვიადი პირისპირ შეხვდნენ, აღმოჩნდა, რომ თურმე გასაყოფი არაფერი აქვთ – ერთსაც უყვარს საქართველო და მეორესაც.

– რაზე შეიძლებოდა გაბრაზებულიყო?

– მამას ისეთი ხასიათი ჰქონდა, მის მაგიდასთან ვინმე რომ მისულიყო და ხელი რაღაცისთვის შეეხო, საშინელ დღეში ჩააგდებდა, გაბრაზებული ყველაფერს აქეთ-იქით მიყრი-მოყრიდა, ხომ გითხარით, ხელი არაფერს ახლოთ, ნუ მირევთ, მე თვითონ დავალაგებო, – გაჰყვიროდა. მიაჩნდა, რომ ამით მთელ მის სამყაროს ანგრევდი. მის ოთახში სულ ქაოსი იყო. მაგიდაზე დახვავებულ ფურცლებს შორის, ყველაფერს უცებ პოულობდა, რაც იმ მომენტში სჭირდებოდა.

– მოდი, თქვენი მშობლების შეუღლების ისტორიაც მომიყევით.

– ერთმანეთი კონსერვატორიაში გაიცნეს, ერთ კურსზე სწავლობდნენ. დაახლოებით სამი წელი იბრძოდა, რომ ვანდა კაკაბაძე ცოლად მოეყვანა. დედა ქუთაისიდანაა. მამა არ ჰყავდა და მხოლოდ დედა ზრდიდა. მამაჩემი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ყოფილა, მაგრამ, თავქარიანი. დედაჩემის დედა, ლორთქიფანიძის ეს ულამაზესი ქალი, შეშინებული იყო: სათუთად აღზრდილი ვანდა ჯანოს ხელში რომ მოხვდებოდა, რა ელოდა, თუ არა ტანჯვა?! ამიტომ, მათი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი წასულა. თან, გარეგნულადაც არ მოსწონდა. მამა არასდროს ყოფილა სიმპათიური კაცი. დედაც თავიდან ყურადღებას არ აქცევდა, რადგან სხვა თაყვანისმცემლები ჰყავდა, მაგრამ, საბოლოოდ, მისმა ნიჭმა და ექსტრავაგანტურობამ დააინტერესა და, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გაიპარნენ. დედა პირდაპირ სახლში, მშობლებთან მიიყვანა. ბებია დედას დაახლოებით ერთი წელი არ ელაპარაკებოდა. მერე მამაჩემი გიჟდებოდა თავის სიდედრზე, ვერც კი იტყოდით, თუ თავიდან ყველაფერი ასე ცუდად დაიწყო.

– როგორ შეხვდა ბატონი ჯანო თქვენს დაოჯახებას?

– პირველი ვატო დაოჯახდა. მე 24 წლის გავთხოვდი. ჩემი მეუღლე გახლდათ ლევან ბუჩუკური. აღმოჩნდა, რომ რამდენჯერმე ვყავდი ნანახი და ჩემი გაცნობა უნდოდა. ერთი წელი გერმანიაში იყო წასული სასწავლებლად. მამა ორკესტრთან ერთად მიდიოდა გერმანიაში და მეც წავყევი. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ერთ თვითმფრინავში აღმოვჩნდით, მაგრამ აზრზე არ ვიყავი. ჩემი მეგობრის ნათესავი აღმოჩნდა. ერთხელ კი მითხრა ჩემმა მეგობარმა, ერთი კარგი ბიჭი უნდა გაგაცნოო. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მაინტერესებდა, თუმცა, ისე მოხდა, რომ ვერ შევხვდით. რომ ჩამოვედი, მეგობარმა დამირეკა და მითხრა – გერმანიიდან ერთად გიმგზავრიათო. დავქორწინდით, მაგრამ მალევე წამოვედი მისგან. ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ. სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებ, კარგად უნდა გაიგო, რა გინდა, თუნდაც ამისთვის წლები დაგჭირდეს. ჩემი და ლევანის დაშორება მამასთვის დიდი ტრავმა იყო. მამჩნევდა, რომ ბოლოს რაღაც აფორიაქებული ვიყავი და მეუბნებოდა: როგორც გინდა, ისე მოიქეცი. თუ არ შეგიძლია ამ კაცთან ცხოვრება, ჩვენ მზად ვართ, მიგიღოთ, მაგრამ, თუ ფიქრობ, რომ დრო გჭირდება შესარიგებლად, მაშინ ესეც გვითხარიო. ვუთხარი – არა, ამ ადამიანთან ცხოვრება აღარ მინდა-მეთქი. ხუთი წელი ვიყავი თავისუფალი. მერე ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. ეს არის გოგი ერისთავი, ბიზნესმენი. მე და გოგი 12 წელი ვიცნობდით ერთმანეთს, მანამდე, სანამ ყოფილ მეუღლეს გავიცნობდი, მაგრამ არ მეგონა, თუ რამე იქნებოდა ჩვენ შორის, რადგან საერთო სამეგობრო წრე გვყავდა. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მამა გარდაიცვალა. ისე წავიდა ჩემს შვილს ვერ მოესწრო – ეს დარდი მაინც ჩაჰყვა საფლავში.


скачать dle 11.3