შეუწყობს თუ არა ხელს ბიომეტრული პასპორტი საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ გამარტივებული სავიზო რეჟიმით ევროკავშირის ქვეყნებთან
2010 წლის მარტიდან საქართველოში გამოვა ბიომეტრული პასპორტები. როგორც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გვითხრა: ჩვენ ევროპასთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე ვაწერთ ხელს და ბიომეტრული პასპორტები ამ დიდი პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. თუკი ჩვენს მოქალაქეებს ეს პასპორტები ექნებათ, ისარგებლებენ გამარტივებული სავიზო რეჟიმით ევროკავშირის ქვეყნებთან. სავალდებულო იქნება თუ არა ბიომეტრული პასპორტების აღება და რა თანხასთან იქნება ეს პროცედურები დაკავშირებული, ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს ჩვენი რესპონდენტი გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე: ბიომეტრული პასპორტი არის ჩვეულებრივი პასპორტი, რომელსაც დამატებული აქვს ჩიპი, სადაც ჩაწერილია იგივე ინფორმაციის ელექტრონული ვერსია, რაც მოცემულია თვითონ პასპორტზე: დემოგრაფიული მონაცემები, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, ხელმოწერის ელვერსია და ამას დამატებული მფლობელის თითის ანაბეჭდი.
– რატომ უწოდებენ ამ პასპორტს „მეორე თაობისას“?
– საერთოდ, არსებობს ბიომეტრული პასპორტების პირველი და მეორე თაობა. პირველი თაობის პასპორტს არ აქვს თითის ანაბეჭდი, მეორე თაობის პასპორტს კი თითის ანაბეჭდი აქვს დამატებული, რაზეც უკვე მთელი ევროპა გადავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითის ანაბეჭდზე ღიად, მხოლოდ ჩვენ მიერ, სახელმწიფო დონეზე გაიცემა მისი ხილვის უფლება.
ეს პასპორტი უპირველესად ემსახურება იმას, რომ დოკუმენტის გაყალბება იყოს აბსოლუტურად გამორიცხული. ვერ მოხდება მისი არასანქცირებული გამოყენება, ან გაყალბებული დოკუმენტით რომელიმე ქვეყანაში შესვლა. ბიომეტრიულ პასპორტებში დაცვის მექანიზმი გაცილებით მაღალია.
– ამან გამოიწვია ბიომეტრიული პასპორტების შემოღების აუცილებლობა?
– სამწუხაროა, მაგრამ ძველ პასპორტებში საკმაოდ ბევრი იყო ყალბი. განვითარებული ქვეყნების მხრიდან ჩვენი დოკუმენტებისადმი სანდოობა რომ გაიზარდოს, აუცილებელია ბიომეტრული პასპორტების შემოღება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ევროპასთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე ვაწერთ ხელს და ბიომეტრული პასპორტები ერთ-ერთი კომპონენტია ამ დიდი პროექტისა. თუკი ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ეს პასპორტები, ისინი ევროკავშირის ქვეყნებთან ისარგებლებენ გამარტივებული სავიზო რეჟიმით.
– ნებაყოფილობითი იქნება ამ პასპორტების აღება, თუ სავალდებულო?
– სხვა პასპორტი აღარ გაიცემა ჩვენი სამსახურის მიერ, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის პასპორტები, რომელსაც ამჟამად გავცემთ ათწლიანი მოქმედების ვადა აქვს და მათაც არავინ აუქმებს. არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ არის ვალდებული, რომ მოვიდეს და შეცვალოს მოქმედი პასპორტი.
ბიომეტრული პასპორტების გაცემა დაიწყება 2010 წლის მარტიდან და დარწმუნებული ვარ, მათი აღების მსურველი ძალიან ბევრი იქნება.
– რამდენ ხანში იქნება მისი აღება შესაძლებელი და რა თანხის სანაცვლოდ?
– ვფიქრობთ, რომ არ შეიცვლება პასპორტის აღების ათდღიანი ვადა, რაც არის იგივე დარჩება, თუმცა, ბიომეტრული პასპორტის თვითღირებულება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს მოქმედი პასპორტის არის. მიმდინარეობს საბოლოო კალკულაცია და ჯერ არ არის ცნობილი, რა ეღირება ბიომეტრული პასპორტი. თუმცა, გადაჭრით შემიძლია თქმა, რომ მისი ღირებულება 100 ლარს არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებს. მეზობელ ევროპის ქვეყნებში ამ პასპორტის ტარიფები მერყეობს ოთხმოციდან ას ევრომდე.
რაც შეეხება პირადობის მოწმობას, მისი აღება უფასოა, ეს არის დოკუმენტი, რომლის ქონასაც სახელმწიფო მოქალაქეს ავალდებულებს. ამიტომაცაა უფასო. პასპორტის აღება კი სავალდებულო მხოლოდ მაშინ არის, თუკი მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლის სურვილი აქვს, აქედან გამომდინარე, მისი მომსახურების ღირებულებაც უნდა გადაიხადოს.
ეკა სალაღაია