ვინ აჩუქა გერმანიის საგზური ვაჟა მანიას, რისთვის გამოიყენა სასტუმრო მაქსიმალურად და სად იხოხიალა მან
ის ყველაზე ღიმილიანი, ნიჭიერი და ძალიან საყვარელი ადამიანია, რომელიც ირგვლივ დიდ სითბოს და სიყვარულს აფრქვევს, ისე, რომ მის გვერდით მყოფი ნებისმიერი ადამიანი საოცრად კარგად და დადებითად გრძნობს თავს. ის ვაჟა მანიაა, ყველასგან გამორჩეული, საოცრად „ფერადი“ და „ნათელი“, რომელსაც უყვარს ხუმრობა და ბევრი სიცილი. მათ კი, ვისაც ვაჟას ხმის მოსმენა მოგენატრათ, გეტყვით, რომ მისი ნახვა „მარჯანოვ ექსპრესში“ შეგიძლიათ გარდა პარასკევისა და შაბათისა, უკვე – კვირასაც.
ვაჟა მანია: ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც „ჯეოსტარში“ მერგო, მინდა ნელ-ნელა ყველაფერი შევირგო. ჯერჯერობით პოპულარობით ვტკბები. რაც მთავარია, ყველაზე მეტად უცხოეთში სწავლის გაგრძელება მინდოდა და ამის საშუალება მომეცა. ლონდონში ვისწავლი ერთი წლის განმავლობაში, ოღონდ ჯერ გამოცდები უნდა ჩავაბარო, რომელიც პირველ აპრილს იქნება. თუ გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებ, სწავლა უკვე სექტემბერში დამეწყება. ამას გარდა, კიდევ მაქვს სხვაგან წასვლისა და სწავლის შანსები, თუმცა ჯერჯერობით, ამის თქმისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ ყველაფერი არ არის დაზუსტებული. რაც მთავარია, ეს ის არის, რაც მინდა, ისევე როგორც ლონდონში სწავლა. იმედი მაქვს, ორივეს ერთმანეთს შევუთავსებ და ჩემს შემოქმედებას კიდევ უფრო მეტს შევძენ. ძალიან მიხარია, რომ ელ ჯეროს კონცერტს დავესწრები და შევხვდები, კულისებში. გავესაუბრები, ვკითხავ იმას, რაც მე მაინტერესებს.
– რას ჰკითხავ? უმღერებ კიდეც, თუ ვერ გაბედავ?
– ვუმღერებ, რატომაც ვერ გავბედავ, ამის კომპლექსი არ მაქვს. მართალია, ვერ ვაჯობებ და ვარსკვლავებს ვერ მოვწყვეტ, მაგრამ მაინც ვიმღერებ. იცი, რას ვკითხავ, როგორ უნდა იმეცადინოს ვოკალისტმა სწორად. მუსიკაში სწორი გზა კი მაქვს არჩეული, მაგრამ მეცადინეობის მხრივ, ბევრი რჩევა მჭირდება. მან ეს კარგად იცის და ცოტა რაღაცეებს გამოვტყუებ. მერე, რომ წავალ სასწავლებლად, ისედაც ვისწავლი ყველაფერს.
– ისრაელშიც მიდიხარ?
– კი, ისრაელში მივდივართ მე, ნოდიკო და დათუნაც. ერთად ვიქნებით და ძალიან კარგ დროს გავატარებთ. მე ჩემი დაიკო მიმყავს, თუ მერე უარი არ თქვა.
– ესპანეთში მიდიოდი და გერმანიაში ამოყავი თავი.
– ბარსელონაში მივდიოდი, მაგრამ წინა დღით გადავწყვიტე, გერმანიაში გამგზავრება. ზამთრის საკურორტო ქალაქში ვიყავი ორი დღე. ბევრი ვისრიალე თხილამურებით, მერე ორი დღე მიუნხენში წავედი. ძალიან მომეწონა, მართალია 5 დღით ვიყავი, მაგრამ მაქსიმალურად გავერთე.
– ვინ გაჩუქა ეს საგზური?
– კეთილმა ადამიანმა. „ჯეოსტარზე“ არ უჩუქებიათ, მერე მაჩუქეს. ვინც მაჩუქა მას „ჯეოსტარზე“ დავუახლოვდი, მითხრა, მინდა, საგზური გაჩუქო, კარგი ბიჭი ხარო.
– ერთად გაემგზავრეთ გერმანიაში? ვისთან ერთად ცხოვრობდი სასტუმროში?
– არა, მარტო გავემგზავრე სულ მარტო და სასტუმროშიც მარტო ვცხოვრობდი. ყველა პირობა იყო გართობისთვის და შესაბამისად, ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენე. მერე მიუნხენში ჩავედი, იქ დამხვდნენ ჩემი მეგობრები და ძალიან კარგად გავერთეთ.
– კარგად დგახარ თხილამურებზე?
– კარგად არა, მაგრამ იქ დავამუღამე. პატარა ბავშვებისთვის ჰქონდათ სასრიალო გაკეთებული, რომელიც ძალიან დიდ სიმაღლეზე იყო. ისე სრიალებდნენ, შემრცხვა. ჯერ დადგომა ვისწავლე კარგად, მერე მოხვევა, მერე კი გავრისკე და საბაგიროთი ჩამოსვლის მაგივრად, გადავწყვიტე, დიდი სიმაღლიდან ჩამოვსრიალებულიყავი. თან, არ ჩანდა, რომ საშინელი დაქანება იყო და ვიფიქრე, ნელ-ნელა დავეშვები-მეთქი. დავეშვი და უცებ ძალიან ციცაბო დაქანება შემხვდა. გავჩერდი, ისეთი მოყინული იყო, ფეხითაც ვერ ჩავიდოდი, ვერც უკან დავბრუნდებოდი. მოვიხსენი თხილამურები, გვერდზე დავიდე და ქვემოთ გადავიხედე, ნახევარი საათი ვფიქრობდი, რა ვქნა, როგორ უნდა ჩავიდე-მეთქი, თან გარშემო ტყე იყო, „რესკად“ რომ ჩავსრიალებულიყავი, რაღაცას მოვიტეხავდი. დავჯექი და ჩავსრიალდი, მაგრამ, იცი, რას ჩავსრიალდი?! წამებში დაბლა ვიყავი. იმდენი ვიხოხიალე, სახე საერთოდ აღარ მივარგოდა, მაგრამ გადავრჩი. სასწაული ადრენალინი ვიგრძენი. ფეხი რომ ჩამერტყა თოვლში, შეიძლება, ავყირავებულიყავი. იმაზე ვფიქრობდი – ან გადავრჩები, ან რამეს მოვიტეხავ-მეთქი, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი, გვერდზე თოვლზეც ვერ გადავდიოდი. ფეხი, როგორც კი ავწიე, მაშინვე წამოვედი სრიალით, გადავრჩი.
– შენ თქვი პოპულარულობით ვტკბებიო. დამეთანხმები, რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენ ადამიანს უყვარხარ.
– აქ ხომ ყველა მიყურებს, მიღიმის, გერმანიაში რომ ჩავედი, ვფიქრობდი, რატომ არ მიღიმიან-მეთქი. თან, ვხუმრობდი, ჰა, გამიღიმეთ-მეთქი, მაგრამ ვინ გაქცევს ყურადღებას. მერე ამ ყველაფრისგან გავთავისუფლდი და თბილისში, რომ ჩამოვედი ისევ დამიბრუნდა ეს მომენტი. პოპულარობა კარგია, უბრალოდ ეს უნდა შეინარჩუნო – შევეცდები, შევინარჩუნო.
– ხალხი, გოგონები გაბრაზებენ?
– კი, მე ყველა მაბრაზებს. საერთოდ, იოლად არ ვბრაზდები, უფრო მწყინს, ძალიან ადვილად შეიძლება მატკინონ გული, მაწყენინონ. როდესაც ადამიანზე სხვანაირად ვფიქრობ და მერე ის სხვანაირად იქცევა, მწყინს, მაგრამ, არა უშავს.
– შენ მიმართ გოგონების შემოტევაც გაიზარდა?
– კი არ გაიზარდა, ყველაფერს გადასცდა. ისე, მომწონს აქტიური, ცოცხალი, გოგონები, წყნარების თავი არ მაქვს. შეიძლება, გოგონა ნაზი იყოს, მაგრამ თან, აქტიური.
– მათთან ურთიერთობაში შენ ალბათ, აქტიური ხარ.
– კი, როცა მომწონს გოგონა, ერთს „ვესვრი“ – თვალებით, სიტყვებით, თუ წამომყვება – წამომყვება, თუ არადა, ხელს ჩავიქნევ, აბა, რას ვიზამ. თუ ღირს გოგონასთვის ბრძოლა – მომწონს, მიყვარს, მაშინ რამეს გავაკეთებ. საერთოდ, ყოველთვის ვხვდები, გოგონა რას აპირებს, უნდა თუ არა რაღაც. თუ არ უნდა და მხოლოდ მე ვცდილობ რაღაცას, რაც უნდა მაგარი იყოს, შანსი არ არის, გადავეკიდო, მოკლედ, გოგონებზე გადაკიდებული არ ვარ.
– როგორ ხვდები ხოლმე, რა უნდათ გოგონებს?
– ძალიან ადვილად, მარტო რომ ვრჩებით, მაშინვე ვხვდები.
– გოგონასთვის გული გიტკენია?
– კი, მიტკენია, მაგრამ ჩემდაუნებურად. ძალით არავის ვატკენ გულს, მაგრამ, მეც კაი ოხერი ვარ.
– გახსოვს, პირველად როდის შეგიყვარდა?
– ძალიან მაგრად არავინ მყვარებია. ბაღში გოგონა მომწონდა, მაგრამ არც სახელი მახსოვს და არც თვითონ სახეზე. მერე სკოლაში მიყვარდა ერთი გოგონა. ის სხვა კლასში სწავლობდა. მე და ჩემი მეგობარი სკოლის დერეფნის თავში დავდგებოდით და ველოდებოდით, ის ვეღარ გამოდიოდა, რომ ბუფეტში ჩასულიყო. ვიდექი და ველოდებოდი, რატომ არ ვიცი. თუ გამოვიდოდა, მერე უკან გავყვებოდით ხოლმე. ეს მეორე კლასში იყო, მერე, 17 წლის რომ ვიყავი, მაშინ მიყვარდა, მაგრამ ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ მივხვდი, ალბათ, არ მყვარებია. თუმცა, იმ დროს ძალიან მიყვარდა, მეგონა სერიოზული ვიყავი, მაგრამ ყველაფერი უცებ გაქრა. არ მქონია დიდი სასიყვარულო ისტორიები, თუმცა ახლა შეყვარებული ვარ.
– ვისზე?
– ყოველთვის შეყვარებული ვარ.
– და არც არავინ მოგწონს?
– არავინ, კი არა, ყველა მომწონს.
– როდესაც ის გოგონა გიყვარდა, როგორი იყავი?
– მაშინ ცოტა სხვანაირი შეყვარებული ვიყავი, ვბიჭობდი. ახლა რომ შემიყვარდეს, ბევრი არაფერი შეიცვლება. არ შემცვლის სიყვარული, თავსაც არ დავკარგავ. ისე, როცა მომწონს ვინმე, ან მიყვარს, ამას ყველანაირად გამოვხატავ. იმათ მიმართაც ყურადღებიანი ვარ, ვისაც მე მოვწონვარ, ან ვუყვარვარ. ყველას თავისებურად ვუდგები.
– იმ სიყვარულის დამთავრების მიზეზი შენ იყავი?
– მაინც ვიჭედები ამ სიყვარულში. ადამიანი, მართლა, რომ მყვარებოდა, ასე, უაზრობის გამო, არ დამთავრდებოდა ყველაფერი. ალბათ, არ მიყვარდა. როდესაც მართლა გიყვარს, შანსი არ არის, პატარა მიზეზი ამ ურთიერთობაში გადამწყვეტი გახდეს. ასე რომ, ვფიქრობ და მერე გამომაქვს დასკვნა, რომ სერიოზული არაფერი ყოფილა.