რატომ არ აქვს მამაკაცებთან კომუნიკაციის პრობლემა მაკა შალიკაშვილს და რატომ ძმაკაცობს ის მეგობარ გოგონასთან
საკუთარი ქალობა თუნდაც, მარტო იმიტომ მიაჩნია გამართლებულად, რომ პატარა თინანო ჰყავს და დარწმუნებულია, რომ ამაშიც ძალიან გაუმართლა. ქალიშვილის გადასარევად ესმის. ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ ქალია. რატომ უნდა ყოფილიყო მამაკაცი, მაკა შალიკაშვილს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, რადგან მამაკაცობა არანაირი პრივილეგია, ან უპირატესობა არ ჰგონია. ილუზიებით აღარ ცხოვრობს. მისი ცხოვრების ეს ეტაპი, თუკი, ის საერთოდ იყო, წარსულს ჩაჰბარდა. წლებმა ბევრი რამე ასწავლა და უკეთესობისკენ შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, დღეს უკვე ზუსტად იცის, როგორ უნდა იცხოვროს. რადგან არც არასოდეს ყოფილა საკუთარ სიძლიერეში ისე დარწმუნებული, როგორიც ახლაა.
მაკა შალიკაშვილი: მე ვარ ქალი. ამ სიტყვის სრული გაგებით და არანაირად არ მიმაჩნია, კაცად რომ დავბადებულიყავი, ეს გამართლება იქნებოდა. პირიქით, სწორედ ის მომწონს, რომ ქალი ვარ. მე გოგონა მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პატარა ქალს ვზრდი. ღმერთი თუ ბიჭს მომცემდა, იმასაც დიდი სიყვარულით გავზრდიდი. ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ როცა გავიგე, რომ გოგო მეყოლებოდა, ძალიან გამიხარდა. რატომღაც მგონია, რომ დედის გოგოს უკეთ ესმის და მომავალში მასზე ახლობელი არავინ მეყოლება. ჩვენს დროში, გოგოსაც დიდი ყურადღებით გაზრდა სჭირდება და ბიჭსაც. მაგრამ, მისი სახით ყველაზე ერთგული მეგობარი, რომ მეყოლება, ზუსტად ვიცი. (იცინის) სულ რომ მარტო დავრჩე, ჩემი თინათინი მაინც მეყოლება გვერდით. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ქალად გამაჩინა. სხვათა შორის, არასოდეს მქონია ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, რომ მეთქვა, ნეტავ, კაცად დავბადებულიყავი-მეთქი. თუ მომინდება, მეც გავაკეთებ იმას, რასაც კაცები აკეთებენ. არ არის ამისი პრობლემა. კაცებს ხომ ჰგონიათ, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება. თუ პასუხისმგებლობას მოიხსნი და იტყვი, ეს ჩემი საქმე არ არისო, შენც შეგიძლია, ასე იცხოვრო.
– და, მაინც მამაკაცია ძლიერი სქესი და არა ქალი. არადა, ზოგჯერ ძალიან სუსტებად მეჩვენებიან.
მამაკაცი არის ძლიერი სქესი. კარგი და ნამდვილი მამაკაცი ძლიერი უნდა იყოს და ყველა ქალი, ასეთ მამაკაცს ეძებს. მაგრამ, გულახდილად რომ გითხრა, მე ჯერ ასეთი მამაკაცი არ შემხვედრია. იცი, როგორ მამაკაცს ვგულისხმობ, მის გვერდით თავს ბოლომდე დაცულად რომ იგრძნობ, მის ძლიერ მხარს მიყრდნობილი თავს მოშვების და მოდუნების უფლებას რომ მისცემ. მიმიხვდი, ხომ რისი თქმა მინდა?! მე, რაც საკუთარი თავი მახსოვს, სულ ჩემით ვარ. ოცდათორმეტი წლის ვარ და თუ რამეს წარმოვადგენ, მხოლოდ ჩემით. ზოგჯერ მიფიქრია, ძალიან ბევრს ხომ არ ვიღებ საკუთარ თავზე-მეთქი. მაგრამ ცხოვრება თვითონ მიბიძგებს, ვიყო ძლიერი და ერთი წუთითაც არ მოვდუნდე. მოვდუნდე, კი არა, პირიქით, იქით ვარ დასაყრდენი. იქით ითხოვენ ჩემგან მხარდაჭერას. შეიძლება ისე მოვკვდე, არასოდეს გამოვიდეს სხვანაირად მაგრამ, იმისი შანსიც არსებობს, როდისმე მეც გამომიჩნდეს დასაყრდენი.
– მე იმას მივხვდი, რომ ძალიან ხშირად ხარ „კაცის ტყავში“.
– ძალიან ხშირად. ამ წუთშიც „კაცის ტყავში“ ვარ. ჩემს შვილს, საკუთარ თავს მე ვარჩენ. იმდენი შემოსავალი არ მაქვს, რომ მთელი ოჯახი ვარჩინო, თორემ ამასაც გავაკეთებდი. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს თინათინს არაფერი მოაკლდეს. წარმოუდგენელ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მის წინაშე. მას არაფერი არ უნდა გაუჭირდეს და ამისათვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ. აბსოლუტურად არ დავიღლები, არც დავიწუწუნებ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომც მყავდეს გვერდით ძალიან ძლიერი მამაკაცი, ალბათ, მაინც ვერ მოვდუნდებოდი-მეთქი. არ ვარ ის ტიპაჟი, სახლში რომ ზის და ელოდება, როდის მისცემს ქმარი ფულს. მე ჩემი საკუთარი შემოსავალი უნდა მქონდეს. რაც სკოლა დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი, მას შემდეგ დაიწყო ჩემი ბრძოლა ადგილის დამკვიდრებისთვის. ჩემთვის პიროვნული „მეს“ პოვნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაპატიონ დიასახლისებმა, სახლის დაგვა. ამასაც ვაკეთებ, უბრალოდ, პრიორიტეტული არ არის. ახლა მაქვს, ცხოვრებაში მომენტი, როცა საკუთარ თავს რაღაც-რაღაცეები უნდა დავუმტკიცო. მაგალითად, პასუხი უნდა გავცე შეკითხვას, ვარ მე კარგი მსახიობი?! სწორი პროფესიული არჩევანი რომ გავაკეთე, ამაში ეჭვი აღარ მეპარება. იმასაც მეუბნებიან, რომ ძალიან ნიჭიერი ვარ, მაგრამ ეს თვითონ უნდა დავუმტკიცო საკუთარ თავს. საშუალო დონეზე არაფრის კეთება არ მსურს. კარგი მსახიობი რომ ვიყო, ეს მინდა; ასევე კარგი მოქალაქე, კარგი მეგობარი. ვცდილობ, კარგი დედა და ცოლი ვიყო. ძალიან ვცდილობ. რამდენად გამომდის, არ ვიცი, მაგრამ მართლა ძალიან ვცდილობ.
– გააჩნია იმასაც, როგორ მიიღებენ ამ შენს მცდელობას.
– აუცილებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეგ არის. თორემ, ეცადე და იყავი, თუკი ამის დანახვა არ უნდათ და საერთოდ არაფერი უნდათ შენგან. ყოველ შემთხვევაში, ახლა ოჯახში ამ მცდელობის ეტაპზე ვარ. კარიერაში კი ყველაფერი ნორმალურად არის. ძალიან ბევრ ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას და მიხარია. ძალიან მიყვარს მუშაობა. არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა. თანაც, მიმაჩნია, რომ მე ჯერ ჩემი სათქმელი არ მითქვამს.
– ამბობენ, მამაკაცებს ნაკლებად უყვართ მიზანდასახული, ძლიერი ქალებიო.
– ალბათ, სუსტ მამაკაცებს. წარმოუდგენელია, იყო ძლიერი პიროვნება და მიზანდასახული ადამიანი არ მოგწონდეს. მე მყავს მული. არაჩვეულებრივი გოგოა. ყველაფერს თავისით მიაღწია. საკუთარი შრომით იყიდა მანქანა. აქტიურია და არ ელოდება, ბედი როდის მიუკაკუნებს კარზე. ოცდახუთი წლის არის და უკვე საკმაოდ ძლიერი ქალია. ის აუცილებლად შეიქმნის წარმატებულ მომავალს. ძალიან კარგად იცის, რა უნდა. მე რომ მამაკაცი ვიყო, ასეთ ქალს ხელიდან არ გავუშვებდი, არც ერთ შემთხვევაში. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ჩემი გამხდარიყო.
– შენც საკმაოდ აქტიური და ძლიერი ჩანხარ. კაცი რომ იყო, შენნაირი ქალი მოგეწონებოდა?
– ძალიან. რადგან სწორედ აქტიური, მიზანდასახული ქალები ქმნიან წარმატებულ მამაკაცებს. ოღონდ, მამაკაციც უნდა იყოს ნიჭიერი, რომ დაინახოს და გამოიყენოს ეს შანსი. ეს არის მთავარი. თუ მამაკაცი ვერ ჩაწვდა შენს ღირსებებს, არ დააფასა და არ გამოიყენა შენი პოტენციალი, ესე იგი, მას სადღაც კომპლექსი და „გაჭირვება“ აქვს. შეიძლება, წლების შემდეგ მიხვდეს, რა შეცდომაც დაუშვა და ინანოს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება. ან შეიძლება, ვერასოდეს მიხვდეს, რა შანსი გაუშვა ცხოვრებაში ხელიდან. ანუ, კარგ ქალს, კარგი პატრონი სჭირდება. მე ასე მჯერა.
– აქვთ, თუ არა ქალსა და მამაკაცს კომუნიკაციის პრობლემა?
– არ ვიცი. იმიტომ რომ, მე და მამაკაცები ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ძალიან ბევრი მამაკაცი მეგობარი მყავს და არასოდეს მიჭირდა მათი გაგება. არც ერთხელ არ შემქმნია კომუნიკაციის პრობლემა. პირიქით, ყოველთვის მათი „ძმა“ ვიყავი. მეგობარი გოგოც კი ვაჟკაცი მყავს. (იცინის) ლადო კახაძის შვილი – ეთუნა კახაძე, რომელიც ისეთ ჯენტლმენურ-მამაკაცურ ჟესტებს აკეთებს, უფრო ძმაკაცები ვართ, ვიდრე დაქალები. მთავარია, ადამიანი „ჩემთან იყოს“ თავის აზრებით, ინტერესებით, ფასეულობებით და სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან კარგად ვიმეგობრებ მასთან. სამაგიეროდ, ვერანაირად გავუგებ ქალს, რომელიც მარტო იმიტომ თხოვდება, რომ მთელი ცხოვრება მორთულ-მოკაზმული იჯდეს სავარძელში და კომფორტული არსებობა ქმარმა შეუქმნას. მე არ მიყვარს „თოჯინები“. მე მიყვარს და პატივს ვცემ პიროვნებებს. ვგიჟდები გამოკვეთილ ტიპაჟებზე.
– „თოჯინები“, რომ უკეთ თხოვდებიან?
– რა ვიცი, ეტყობა ბევრ მამაკაცს მოსწონს სულელი „თოჯინა“ ქალები, ცოტას რომ წაიშტერებენ და სწორედ ჩვენნაირი ქალების ხვედრია, იქნებ ტვირთიც – ვიშრომოთ, ვიღვაწოთ და შევქმნათ რაღაც ფასეული. ისინი კი უნდა ისხდნენ და ლანგრით მიუტანონ. კი არ მშურს მათი. დედას გეფიცები, არანაირად არ ვინატრებდი ასეთ ცხოვრებას. მირჩევნია, ისევ ის მაკა შალიკაშვილი ვიყო, რაც დღეს ვარ, ვიდრე არაფერი საინტერესო ჩემს ცხოვრებაში არ ხდებოდეს. მე არ „ვზივარ“ პარამეტრებში. მაქვს დიდი ცხვირი, (იცინის) არ გამოვირჩევი სხეულის შთამბეჭდავი ფორმებით და უთქვამთ კიდევაც ჩემთვის მამაკაცებს, ბევრჯერ უთქვამთ, ვერ ვიგებ, რა მომწონს შენშიო. მაგარი ქალებიც მყოლია, მაგრამ შენ რაღაც სხვა გაქვსო. მამაკაცი არასოდეს მომიხიბლავს ჩემი გარეგნობით, ჩემი სხეულით. ერთი გამხდარი, ჩვეულებრივი გოგო ვარ. მაგრამ, ვხიბლავ ჩემი გულწრფელობით და იმ ენერგიით, რომელიც ჩემში იგრძნობა. მე ის ვარ, რაც ვარ.
– როგორი მამაკაცი იქნებოდი?
– კაცი ვიქნებოდი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით – ერთგული, პასუხისმგებლობის სრული განცდით და ღირსების გრძნობით. მართალია ამბობენ, კაცი მაინც კაცია და ის სადღაც მაინც გაძვრებაო, მაგრამ თუ კაცს ღირსების გრძნობა აქვს, საყვარელ ადამიანს ამ შეურაცხყოფას არ მიაყენებს. თუ კაცი ვიქნებოდი, ცოლი აუცილებლად კარგი „ტიპშა“ მეყოლებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარება, (იცინის) და ვიქნებოდი მისი ერთგული. არ ავიტკივებდი აუტკივარ თავს და არ შევიქმნიდი ზედმეტ პრობლემას, მაგრამ, კაცებს ხომ სხვა ფსიქოლოგია აქვთ. მე კი ვცდილობ, შევძვრე მათ ტყავში, მაგრამ ბოლომდე ხომ ვერ ჩავწვდები მათი სულის სიღრმეებს. კაცები მაინც სხვანაირები არინ. მართალია, მე არ ვაზროვნებ, როგორც სტანდარტული ქალი, მაგრამ ბოლომდე ვერც „კაცურ გაგებას“ „ვქაჩავ“. თუმცა, მესმის მათი და ის ვიცი, როგორი არ უნდა იყოს კაცი.
– როგორი არ უნდა იყოს?
– ძუნწი არ უნდა იყოს და წუწურაქი. არ იწუწუნოს, არ იყოს ენის მიმტან-მომტანი, ჭორიკანა, უპასუხისმგებლო, ზარმაცი და ქვეშქვეშა. მამაკაცს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ძალიან ბევრი მოეთხოვება, ჯერ საკუთარი თავის, მერე ქვეყნის და ოჯახის წინაშე. ცუდია, რომ ბევრ მამაკაცს კაცობა მარტო შარვლით სიარული და „მკიდიას“ თქმა ჰგონია. არ არის ეს ასე. მე ქალი ვარ და არ ვიტყვი, ეს არ შემიძლია-მეთქი. კაცმა როგორ უნდა იწუწუნო, არ შეგეფერება.
– მაკა შენ მითხარი, რომ ახლანდელი მაკა უფრო მომწონსო.
– ასეა. მე ოცდათორმეტი წლის მაკა შალიკაშვილი უფრო მომწონს, ვიდრე ოცდათერთმეტის მომწონდა. ვგიჟდები ისე, მომწონს ასაკი რომ მომემატა და ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. ძალიან „ვკაიფობ“ ამაზე. ის გამოცდილება, რომელიც წლებს მოაქვს, ძალიან მაგარია. წლებთან ერთად, უფრო მეტად უახლოვდები უფალს. სწავლობ საკუთარ შეცდომებზე. დეგენერატი ხომ არ ხარ. ჭეშმარიტებაც სხვანაირად გესმის და არ გინდა, დაკარგო ის დრო, რომელიც შეგიძლია კარგი რაღაცის გაკეთებას მოახმარო. ერთი სიტყვით, მე კმაყოფილი ვარ ჩემი ასაკითაც და სქესითაც. მადლობელი ვარ, უფლის, რომ ქალად დავიბადე.