რატომ ელიან რუსეთის ფედერაციაში 2011 წელს საქართველოს მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობას
სრულიად რფ-ის ხელისუფლება და რუსი ექსპერტების ნაწილი იჟინებს, რომ საქართველო ახალი ომისთვის ემზადება; მეტიც, მათი მტკიცებით, ქართული შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა 2008 წლის აგვისტოსთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილა და ამის დასტურად ხშირად იშველიებენ მოსკოვის სტრატეგიისა და ანალიზის ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნს „აგვისტოს ტანკები“, რომელშიც აგვისტოს ომის წინაპირობების, შედეგებისა და პერსპექტივის ანალიზია მოცემული (ბუნებრივია, მათეული ხედვით). როგორ აფასებს მოწინააღმდეგე ქართული შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას და ახალი კონფლიქტის გაჩაღების შესაძლებლობას, რა როლის შესრულება აკისრიათ ამ პროცესში ჩვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს და რა სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა რუსეთმა საქართველოს სიღრმეში შემოჭრით, ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას სწორედ „აგვისტოს ტანკებზე“ დაყრდნობით შევეცდებით.
„ქართულმა ჯარმა ხუთდღიანი
ომის დროს აჩვენა თავისი სრული უუნარობა“
რუსული მონაცემებით, 2008 წლის ზაფხულში ქართული შეიარაღებული ძალები 32 000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა, მათ შორის, 22 000 ქვეითს, რომლებიც განაწილებული იყვნენ ხუთ ქვეით ბრიგადაში; ერთ საარტილერიო ბრიგადას, სპეცოპერაციის ჯგუფებს, სამ ცალკეულ ბატალიონს (შერეული სატანკო, მსუბუქი ქვეითი, სამედიცინო, სამხედრო პოლიცია, კავშირგაბმულობა, რადიოტექნიკური, დაზვერვა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა) და საზენიტო დივიზიონს. მეხუთე ბრიგადა ფორმირების პროცესში იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი – პირველი ბრიგადის 2 000 კარგად გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურე იმ პერიოდისთვის ერაყში იმყოფებოდა.
რუს ავტორთა მონაცემებით, 2008 წლის 8 აგვისტოს დილით, ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს კონცენტრირებული ქართული შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა შეადგენდა 12 000 სამხედრო მოსამსახურეს და 75 ტანკ „T-72-ს“, მათ შორის, საქართველოს შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფ 4 000 ადამიანსა და 70 ჯავშანმანქანა „კობრას“. სენაკის ბაზაზე დისლოცირებული იყო მხოლოდ მეორე ქვეითი ბრიგადა, რომელსაც თითქოს უნდა გაეხსნა „მეორე ფრონტი“ აფხაზეთის არმიასთან. მეხუთე ბრიგადის ნაწილი შსს-ს ქვედანაყოფებთან ერთად კი (როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, საკმაოდ უხეიროდ) იცავდა კოდორის ხეობას.
2009 წლის ზაფხულისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები ითვლიდა 37 500 სამხედრო მოსამსახურეს და ყველა მათგანი იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, განსხვავებით 2008 წლის აგვისტოსგან. ამასთან, მეოთხე და მეხუთე ქვეითმა ბრიგადამ აიმაღლა საკუთარი ბრძოლისუნარიანობა ომის შემდგომი წვრთნების შედეგად. წვრთნა გაიარა მეორე საარტილერიო ბრიგადამ ორფოლოს პოლიგონზე 2008 წლის ნოემბერში.
შესაბამისად, რუსი სამხედრო ექსპერტი ასკვნის, რომ დასავლეთ საქართველოში მეხუთე ქვეითი და მეორე საარტილერიო ბრიგადის ფორმირებამ საკმაოდ გააძლიერა ქართული შეიარაღებული ძალების მდგომარეობა აფხაზეთის მიმართულებით, რაც იმის ფიქრის საფუძველს აძლევს, რომ რუსი მედესანტეები 2008 წლის აგვისტოს მსგავს იოლ რეიდს ვერ ჩაატარებენ ფოთისა და სენაკის ბაზების დასაკავებლად.
ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის გაზრდის მაჩვენებლად მიიჩნევა რეკრუტების რაოდენობის გაზრდაც (ციტატა წიგნიდან: „ქართულმა ჯარმა ხუთდღიანი ომის დროს აჩვენა თავისი სრული უუნარობა“). ამ უუნარობას რუსი სამხედრო ექსპერტი უკავშირებს ოფიცერთა არასაკმარის რაოდენობას და მათი მომზადებისა და პროფესიონალიზმის არასათანადო დონეს. იმავე შეფასებას აკეთებს რეზერვისტებთან მიმართებაშიც. ამ და სხვა ფაქტებიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ქართულმა არმიამ არა მხოლოდ აღიდგინა თავისი ბრძოლისუნარიანობა, არამედ აამაღლა კიდეც 2008 წლის აგვისტოსთან შედარებით, თუმცა, რაკი არმიის რეფორმირება არ დასრულებულა, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოს მზაობის ეჭვს 2011 წლისთვის გამოთქვამენ და მიაჩნიათ, რომ საქართველო ამჟამად არ არის დაინტერესებული საომარი მოქმედებების განახლებაში და მხოლოდ თავდაცვაზეა კონცენტრირებული, თუმცა არ გამორიცხავენ საქართველოს მიერ კოდორის ხეობაში, გალსა ან ახალგორში მცირემასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებას, რამაც, „შესაძლოა, შეასრულოს პროლოგის როლი შემდგომი კონფლიქტის ესკალაციაში“.
როგორ აპირებენ რუსეთი და სომხეთი საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო განეიტრალებას
გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა იგეგმება და საზოგადოებისთვის მხოლოდ ზედაპირულადაა ცნობილი, თუ რა პირობებით იხსნება საქართველო-რუსეთის საზღვრის ეს მონაკვეთი სომხური ტვირთებისთვის, საინტერესოა წიგნის ის თავი, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის როლს ეხება რუსულ-ქართულ სამხედრო დაპირისპირებაში (ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს სახმელეთო კავშირი სომხეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზასთან, რის გამოც გართულებულია პირადი შემადგენლობის როტაცია და გამორიცხული – სამხედრო ტექნიკის განახლება).
წიგნში ვკითხულობთ, რომ სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის ფაქტორად მიიჩნევა აზერბაიჯანის მიერ თავისი შეიარაღებული ძალების გადაიარაღება (რის საშუალებასაც აზერბაიჯანს თავისი გაზრდილი ბიუჯეტი აძლევს). ხოლო, რაკი აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა საიმისოდ, რომ სომხეთს საგრძნობლად გადაუსწროს სამხედრო სფეროში, საჭირო ყოფილა ადეკვატური პასუხი რუსეთის მხრიდან თავისი მოკავშირის, სომხეთის, დასახმარებლად. შესაბამისად, აზერბაიჯანის სამხედრო ფაქტორის გასანეიტრალებელ ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად ექსპერტს მიაჩნია, ჯერ ერთი, სომხეთისთვის თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შეღავათიან ფასებში მიწოდება; მეორეც, სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერება, მეტიც, პირდაპირი დახმარების აღმოჩენა სომხეთისთვის, რომ გამოათავისუფლოს სომხური შეიარაღებული ძალები სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთების დაცვისგან.
რა სტრატეგიული ამოცანები აქვს სომხეთში განლაგებულ რუსულ
სამხედრო ბაზას
მეორე მხრივ, არც ისაა დამალული, რომ სომხეთის არმიის გადაირაღება პირდაპირ დარტყმას მიაყენებს საქართველოს ინტერესებს ჯავახეთში და საფრთხის ქვეშ დააყენებს თბილისის სამხრეთით განლაგებულ სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს. ექსპერტი დასძენს, რომ, სავარაუდოდ, სომხეთი თავს შეიკავებს საქართველოსადმი აგრესიაზე, რადგან მათი ძირითადი ყურადღება აზერბაიჯანისკენ იქნება მიმართული. სამაგიეროდ, „გვაიმედებს“, რომ საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება სომხეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილებს შეეძლებათ. „მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჯავახეთში, სომეხი სეპარატისტების მხარდასაჭერად, ისევე თბილისზე სამხრეთიდან იერიშის მისატანად, რაც საშუალებას მოგვცემს, ალყაში მოვაქციოთ საქართველოს დედაქალაქი“. საქართველოს დედაქალაქის სომხეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზიდან ალყაში მოქცევის გეგმა კი შემდეგნაირია: რუსი სამხედროები დაიკავებენ მარნეულის სამხედრო ავიაბაზას, რაც მათ თბილისის შემოგარენში არსებულ ავიაბაზებზე გასვლის საშუალებას მისცემს, მით უფრო, რომ სომხეთის საზღვრიდან მარნეულამდე 35, თბილისამდე კი – 65 კილომეტრია.
შესაბამისად, სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებაში ექსპერტები ორი კურდღლის დაჭერის შესაძლებლობას ხედავენ (ციტატა წიგნიდან: „არ არის შემთხვევითი, რომ სომხეთში დისლოცირებულ რუსეთის შეიარაღებულ ნაწილებში ხდება ორი მოტომსროლელი ბრიგადის ფორმირება“): ერთი მხრივ, ეს აღმოფხვრის სამხედრო დისბალანსს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მეორე მხრივ, საქართველოზე ეფექტური ზემოქმედების (მე დავამატებდი, დატერორების) საშუალებაცაა. შესაბამისად, „საქართველო იძულებული გახდება, დედაქალაქისა და მარნეულის ავიაბაზის დასაცავად, შეასუსტოს თავისი ძალები ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით“. ამას გარდა, რუსი ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსული შეიარაღებული ძალების თბილისზე იერიშის მიტანის შემთხვევაში, ამაში აქტიური მონაწილეობა სომხეთის ჯარმაც მიიღოს. ამდენად, ზემოთქმულს აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ მოწინააღმდეგე რუსეთს სომხეთში დისლოცირებული რუსული ბაზის გაძლიერება და სომხეთისთვის სამხედრო ტვირთის შეღავათიან ფასად მიყიდვის რეალობად ქცევა მხოლოდ საქართველოს გავლით შეუძლია (შემოვლითი გზა ძალიან ძვირი დაჯდება), სწორედაც რომ, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან.
რა დაკარგა საქართველომ და რა შეიძინა რუსეთმა აგვისტოს ომში
თუ საქართველოს ხელისუფლებას დავუჯერებთ, აგვისტოს ომში ორი ქალაქი (ხანდახან დანაკარგს ორ რაიონადაც მოიხსენიებენ) დავკარგეთ. მხარეების ტერიტორიულ დანაკარგებზე წიგნშიცაა საუბარი. კერძოდ, საქართველომ დაკარგა: აფხაზეთში – კოდორის ხეობა, „იუჟნაია ოსეტიაში“ – დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ფრონეს ხეობა, ახალგორის რაიონი (მთლიანად), პერევის მიმდებარე ტერიტორია (პერევი მოხსენიებულია, როგორც დასავლეთ „იუჟნაია ოსეტია“), რუსეთს კი დაუკარგავს თავისი სამხედრო ბაზა ზუგდიდში (სავარაუდოდ, იგულისხმება ზუგდიდში დისლოცირებული რუსი სამშვიდობოების ბაზა).
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ მიუნიშნებიათ, რომ კოდორის ხეობის დაკარგვა დიდ სტრატეგიულ დანაკლისს არ წარმოადგენს (თუმცა ოპონენტებს სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვთ). დაახლოებით ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი წიგნის ავტორებსაც: „კოდორის ხეობა, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, არ წარმოადგენდა საქართველოსთვის მოსახერხებელ პლაცდარმს სოხუმზე თავდასასხმელად“ და ლამის ასკვნიან, რომ კოდორის ხეობის დაკარგვა საქართველოსთვის ხელსაყრელიც ყოფილა. აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა აფხაზეთში პოზიციები გაიმაგრა: მოაწყო საჰაერო-სამხედრო ბაზა გუდაუთაში და სამხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში.
ცხინვალის რეგიონში ყველაზე დიდ სტრატეგიულ მონაპოვრად დიდი ლიახვის ხეობის დაკავება და იქიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნა მიიჩნევა (ქართველების ეთნოწმენდა მოხსენიებულია, როგორც „მოსახლეობის მიერ დიდი ლიახვის ხეობის დატოვება“), რადგან ამის გამო ორჯერ შემცირდა გზა ჯავიდან ცხინვალამდე (ტრანსკავკასიური მაგისტრალით) და ჯავის რაიონის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილია (ჯავისთვის ლიახვის დერეფანი საფრთხეს წარმოადგენდა), ამჟამად ეს საფრთხე იმ მარტივი მიზეზის გამო აღარ არსებობს, რომ ქართული კვალი პირწმინდადაა წაშლილი.
პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობების დაკავებამ და იქიდან ქართული მოსახლეობის გამოძევებამ გააადვილა ზნაურისა და ახალგორის რაიონებთან კომუნიკაცია და ცხინვალის დაცვის შესაძლებლობა გააუმჯობესა. რაც მთავარია, რუსეთის ფედერაციის მიერ მხოლოდაღიარებული „რესპუბლიკისთვის“ სამხედრო დახმარების აღმოჩენაც გააადვილა.
თბილისზე ვლადიკავკაზიდან
თავდასხმის გეგმა
მოწინააღმდეგე უმნიშვნელო სტრატეგიულ მონაპოვრად მიიჩნევს პერევის დაკავებას და, შესაბამისად, არც მის დატოვებას გამორიცხავს. არანაკლებ უჭირთ მათ ახალგორის გაკონტროლებაც, რადგან დანარჩენ „იუჟნაია ოსეტიასთან“ ახალგორის კომუნიკაცია გზის არარსებობის გამო გართულებულია (თუმცა გზის დაგების პროცესი უკვე დაწყებულია). სამაგიეროდ, ახალგორის რაიონის გაკონტროლების პლუსებში მითითებულია ის ფაქტი, რომ ახალგორიდან თბილისამდე, სულ რაღაც, 50 კილომეტრია (თბილისამდე გზაც უკვე დაგებულია), „რაც თბილისზე თავდასხმის საშუალებას იძლევა როგორც სარაკეტო, ისე საარტილერიო საშუალებებით; ახალგორის დაკავების მეორე სტრატეგიული უპირატესობაა თბილისსა და გორს შორის კომუნიკაციის გათიშვა; მესამე – ახალგორიდან შესაძლებელია გარღვევა დუშეთის რაიონისკენ, რაც, ასევე, აძლევს მოწინააღმდეგეს თბილისზე თავდასხმის საშუალებას ვლადიკავკაზიდან (საქართველოს სამხედრო გზით); მეოთხე – ახალგორი ასრულებს ბაზის როლს იმ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფებისთვის, რომელთა გამოყენება შეიძლება თბილისსა და მის შემოგარენში დივერსიების მოსაწყობად.
რა შეიარაღება და ცოცხალი ძალა ჰყავს რუსეთის ფედერაციას
ცხინვალის რეგიონში
აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში შეიქმნა რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა, რომლის შეიარაღებაშიც ირიცხება 41 ტანკი „T-72B“, 150-ზე მეტი „ბე ემ პე-2“, თვითმავალი „ჰაუბიცები“, „გრადები“, ოგი- კომპლექსები და სხვა შეიარაღება. მათი დისლოკაციის ძირითადი პუნქტია სამი სამხედრო ქალაქი, რომელთა მშენებლობაც ომამდე დაწყებულა. ბაზის მინუსად მითითებულია „საქართველოს საზღვართან ახლო განლაგება“. მეორე რუსული სამხედრო ბაზა განლაგებულია ჯავიდან კილომეტრ-ნახევარში, სადაც განთავსებულია სამხედრო საწყობები და მოწყობილია დასაჯდომი მოედანი ვერტმფრენებისთვის. მცირე სამხედრო კონტინგენტები განთავსებულია ახალგორში, ზნაურისა და ჯავის რაიონებში. ოღონდ იქ რუსი სამხედროები საველე პირობებში ცხოვრობენ (განსხვავებით ცხინვალის კეთილმოწყობილი სამხედრო ქალაქებისგან) და სწორედ ცუდ პირობებს უკავშირებენ რუსი ექსპერტები რუსი სამხედროების საქართველოს ხელისუფლების მხარეს გადმოსვლას. რუსეთთან გართულებული კომუნიკაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად კეთდება ახალგორთან დამაკავშირებელი გზა, რემონტდება ზარის შემოვლითი გზა, შენდება ახალი აეროდრომი (მიწასთან გასწორებული ქართული სოფლების ადგილას), რომელიც შეძლებს რუსეთიდან სამხედრო ტვირთების მიღებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ცხინვალის რეგიონის, მათთვის „იუჟნაია ოსეტიას“ დასაცავად იქ განლაგებული სამხედრო ძალები (3 700 რუსი სამხედრო მოსამსახურე) არასაკმარისად მიაჩნიათ, არ არის გამორიცხული, რუსეთმა სამხედრო კონტინგენტის რაოდენობაც გაზარდოს და ზედაც მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფაც მიაყოლოს.