რამდენი გადაიხადა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა პირად პისტოლეტში
უკვე გადაჭრით შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს პროკურატურა ქართულ სახელისუფლო სისტემაში იმ სახელმწიფო დაწესებულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელშიც კარიერული წინსვლის კანონზომიერება დაცულია და, ყოველ შემთხვევაში, პროკურორებად, ჯერ ერთი, იურიდიული განათლების და, რაც მთავარია, სწორედ ეგრეთ წოდებულ ორგანოებში მუშაობის გამოცდილების მქონენი ინიშნებიან. ჩვენ კი ამჯერად ორი საოლქო პროკურორის (სამცხე-ჯავახეთისა და დასავლეთ საქართველოს) – ვაჟა ჩიტაშვილისა და ზაზა ცხაკაიას ქონება გავჩხრიკოთ.
ვაჟა ჩიტაშვილი
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი 1963 წელსაა დაბადებული ვალეში და თანამდებობაზე 2008 წელს დაინიშნა. მას განათლება საბჭოთა კავშირის მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფილიალში აქვს მიღებული და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მუშაობა მილიციის უმაღლესი სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო, 1989 წელს, ახალციხის შს რაიგანყოფილებაში, სადაც უბნის ინსპექტორად 1992 წლამდე იმუშავა. 1992 წელს იმავე რაიგანყოფილების გამომძიებელი გახდა; 1994 წლიდან ათი წლის განმავლობაში კი საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ახალციხის რაიონის საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსად მუშაობდა. 2004-2005 წლებში – სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილედ; 2005 წლიდან 2008 წლამდე სამცხე-ჯვახეთის საოლქო პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად მუშაობდა და 2008 წლის იანვარში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდა, თუმცა, მხოლოდ იმავე წლის ოქტომბრამდე, რადგან სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად გადაიყვანეს.
ვაჟა ჩიტაშვილი მხოლოდ ქართულსა და რუსულ ენებს ფლობს, თუმცა კომპიუტერის საყველპურო ცოდნაც აქვს. მან 2008 წელს დეკლარაცია შეავსო, როგორც ახალციხის გამგებელმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1966 წელს დაბადებული მარინა ზაქროშვილი და სამი შვილი: 1989 წელს დაბადებული დავითი, 1992 წელს დაბადებული ივანე და 1996 წელს დაბადებული ნინო.
ზაზა ჩიტაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით ახალციხეში, 100 000 ლარად ღირებული, მარინა ზაქროშვილს ეკუთვნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ვალეში (0, 75 ჰექტარი), 250 000 ლარად ღირებული; საკუთრება აქვს საოლქო პროკურორის უფროს ვაჟს, დავითსაც, კერძოდ, 150 სული პროდუქტიული ცხვარი, რომელთა ღირებულებაც 10 000 ლარია.
საოლქო პროკურორის ოჯახში სამეწარმეო საქმიანობას საოლქო პროკურორის მეუღლე ეწევა: ის შპს ახალციხის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის პარტნიორია (წილის 7 პროცენტს ფლობს). შპს 1996 წელსაა დაფუძნებული და მან პარტნიორს, დღიდან დაარსებისა, მხოლოდ 350-ლარიანი შემოსავალი მოუტანა.
შესაბამისად, მაშინ, როდესაც ბ-ნი ჩიტაშვილი ახალციხის გამგებელი გახლდათ, მისი მეუღლე სტომატოლოგად მუშაობდა, თუმცაღა, ქ-ნ ზაქროშვილს სამშენებლო ორგანიზაცია „ალფა“ ბინას უშენებდა (უშენებდა, რადგან ის უკვე აშენებული უნდა იყოს), ოღონდ, დეკლარაციაში არ არის დაზუსტებული სად, სამაგიეროდ, მითითებულია ფასი – 52 000 აშშ დოლარი.
როგორც ვნახეთ, საოლქო პროკურორის მეუღლის წლიური შემოსავალი (2007 წლის განმავლობაში) 350 ლარი ყოფილა, თავად ვაჟა ჩიტაშვილმა კი, ასევე, 2007 წლის განმავლობაში, ოღონდ, როგორც სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის განყოფილების უფროსმა (სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2007 წელს), 17 528 ლარი აიღო.
თუმცა მას შემოსავალი სხვა წყაროებიდანაც ჰქონდა: კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციამ 6 500 ლარი მოუტანა, მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხად კი 88 540 ლარი აიღო.
2009 წელს ვაჟა ჩიტაშვილი დეკლარაციას უკვე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის რანგში ავსებს. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა ოდენობა, ისევე, როგორც ქონების მოცულობა და რაოდენობა; აგრეთვე, მისი მეუღლის დასაქმების ადგილიც, თუმცა ქ-ნ ზაქროშვილს გასული წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მხოლოდ 75 ლარი აუღია.
გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის განმავლობაში ვაჟა ჩიტაშვილმა რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა, მის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღებული სახელფასო შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურება: როგორც სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის განყოფილების უფროსმა, 1 845 ლარი აიღო; როგორც გამგებელმა – 22 769 ლარი; როგორც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორმა კი – 24 399 ლარი.
ჩვეულებისამებრ, საოლქო პროკურორს არასახელფასო შემოსავალი 2008 წელსაც ჰქონია, კერძოდ: სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციამ 10 000 ლარი მოუტანა. მსგავსი შემოსავალი ჰქონდა მის მეუღლესაც: პროდუქტიული პირუტყვის რეალიზაციაში 12 000 ლარი აიღო. მეტიც, ქ-ნი ზაქროშვილისთვის 2008 წელს ვალი ძმასაც დაუბრუნებია – 15 000 აშშ დოლარი.
ზაზა ცხაკაია
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ზაზა ცხაკაია 1972 წელსაა დაბადებული, ოღონდ, უმაღლესი განათლება თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო (1990-1996 წლებში), პოსტზე კი, სულ რაღაც, 2009 წელს დაინიშნა.
ზაზა ცხაკაიას შრომითი ბიოგრაფია წყალტუბოს ზონის სასოფლო-საბინაო კომუნალური მეურნეობის საქალაქო გაერთიანებაში დაიწყო 1989 წელს, სადაც მან დამხმარე მუშად 1993 წლამდე იმუშავა. 1994-1995 წლებში კი არქიტექტურისა და მშენებლობის სამმართველოს დამხმარე მუშად გადავიდა, თუმცა 1995 წელს წყალტუბოს მერიაში დაინიშნა, სადაც მერის მთავარ მრჩევლად იურიდიულ საკითხებში 1997 წლამდე იმუშავა. 1997 წლიდან კი მისი საპროკურორო კარიერაც დაიწყო, თავდაპირველად, წყალტუბოს პროკურატურაში სტაჟიორად (1998 წლამდე), 1998-1999 წლებში კი სტაჟიორობა იმერეთის საოლქო პროკურატურაში განაგრძო. 1999 წელს იმერეთის საოლქო პროკურატურის უფროსი გამომძიებელიც გახდა (2001 წლამდე); 2001 წლის მარტიდან ივნისამდე სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად მუშაობდა, ხოლო შემდეგ – წყალტუბოს საქალაქო პროკურატურაში, სადაც პროკურორის მოადგილედ 2004 წლამდე იმუშავა. 2004-2008 წლებში სამტრედიის რაიონული პროკურორი გახლდათ, 2009 წლის ივნისში ქუთაისის რაიონულ პროკურორად დაინიშნა, ამჟამად კი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორია.
ზაზა ცხაკაიამ 2008 წელს დეკლარაცია შეავსო როგორც სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1971 წელს დაბადებული თინათინ ბაბუნაშვილი; სამი შვილი – გიორგი, დავითი და მიხეილი; დედა – ეთერ თალაკვაძე და ძმა – ვარლამ ცხაკაია.
ზაზა ცხაკაიას იმხანად ერთადერთი საკუთრება ჰქონდა: 1992 წლის ავტომანქანა „ოპელ ომეგა“, 4 500 ლარად ღირებული. წყალტუბოში საცხოვრებელი სახლის მფლობელი თინათინ ბაბუნაშვილია (სახლის ღირებულებაა 30 000 ლარი), ისევე, როგორც ავტოფარეხისა, რომლის ფასიც 10 000 ლარია. ძმებს ერთობლივად ეკუთვნით მიწის ნაკვეთი წყალტუბოში, 12 000 ლარად ღირებული, ვარლამ ცხაკაია და ეთერ თალაკვაძე კი ერთობლივად ფლობენ კაპიტალურად ნაშენ ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით წყალტუბოში, 90 000 ლარად ღირებულს.
მაშინ, როდესაც ზაზა ცხაკაია სამტრედიის რაიონულ პროკურორად მუშაობდა, ვარლამ თოფურია წყალტუბოს რაიონის გამგეობაში იყო დასაქმებული მთავარ სპეციალისტად. შესაბამისად, ზაზა ცხაკაიამ, 2007 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 27 700 ლარი აიღო, ვარლამ ცხაკაიამ კი – 3 100 ლარი.
2009 წელს ზაზა ცხაკაიამ დეკლარაცია შეავსო უკვე როგორც ქუთაისის რაიონულმა პროკურორმა. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა, სამაგიეროდ, ქონებრივ ნაწილში ის სიახლეა, რომ თინათინ ბაბუნაშვილს ქუთაისში მიწის ნაკვეთი შეუძენია 6 337 ლარად, თუმცაღა, თუ დეკლარაციას ვენდობით, უმუშევარია.
ისევ გამგეობაშია დასაქმებული ვარლამ ცხაკაია, ოღონდ, ამჯერად ის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსია. შესაბამისად, ზაზა ცხაკაიამ, 2008 წლის განმავლობაში, როგორც რაიონულმა პროკურორმა, 43 460 ლარი აიღო, მისმა ძმამ კი – 5 486 ლარი. იმ წელს პროკურორს სესხიც აუღია 15 წლის ვადით და 28 700 აშშ დოლარის ოდენობით.
საოლქო პროკურორს გასულ წელს 3 900 ლარად იარაღიც შეუძენია: პისტოლეტი „გლოკი – 17“.