მშობლიური მუშტი
„გალახე, მადლი გიქნია“
მართალია, სრულიად მსოფლიო, რომელმაც უკრაინაში 3 400 დამკვირვებელი მიავლინა, უკრაინელებს არჩევნებს უწონებს, სამაგიეროდ, საქართველოდან წარგზავნილი 2 600 დამკვირვებლობის მსურველების ის მცირე ნაწილი, რომელიც დასაკვირვებლად მიუშვეს, უკრაინულ არჩევნებში აღმოჩენილი ხარვეზებით უკმაყოფილოა, უკრაინაში ქართველი ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლისა და ერთი ჩემი კოლეგის ცემის გამო კი – აღშფოთებული (ჟურნალისტების ცემა დაუშვებელიაო). ამ უკანასკნელ ფაქტს შორეული ესტონეთიდან თვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა, ნებისმიერ ჟურნალისტზე ხელის აღმართვა დაუშვებელიაო. მეორე მხრივ, ისიცაა, რომ ჩვენს სამშობლოში, ვისაც არ ეზარება, ყველა ჟურნალისტებს უბათქუნებს. მეტიც, სულ ახლახან სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ჟურნალისტების – ნანა ფაჟავასა და ილია ჩაჩიბაიას საქმე გადასცა, რომლებსაც პრეზიდენტის დაცვა ფიზიკურადაც გაუსწორდა, კიდეც დააკავა და ავტომანქანაც დაუზიანა. ამ ფაქტზე „ნაცუმრავლესობის“ ერთგული ჯარისკაცები აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი სმენიათ (ისევე, როგორც ყველა დანარჩენზე), რაც იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ ქართველი ჟურნალისტის ცემა მხოლოდ ქართველ სამართალდამცველს შეუძლია, რადგან მშობლიური მუშტი სულ სხვაა.