„მეფე მოკვდა…“
მთავარია, გქონდეს სკამი
მეგობრობა – მეგობრობად, მაგრამ, რაკი „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“ (ბ-ნი იუშჩენკოს მიერ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დაგროვებული 5 პროცენტი კი სხვა არაფერია, თუ არა „მეფე მოკვდა“), ქართულმა ოფიციოზმა და, ზედაც, ქართულმა ელიტსაექსპერტო ჯგუფმა (რომლებზედაც ერთ-ერთი ჩემი კოლეგა ბრძანებს, კონა ათ შაურადააო) ნიცშესეული პრინციპებით არჩიეს მოქმედება („წაქცეულს წიხლიც მიაყოლე“). შესაბამისად, უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ქვეშ სკამი ხეირიანად არც კი გაცივებულიყო, როდესაც ბრძანეს, იუშჩენკოს კომპრომისებმა ხელი შეუშალა უკრაინის ევროპაში ინტეგრაციას, დასავლური ფასეულობების დისკრედიტაცია გამოიწვია და ქვეყანაში პრორუსმა ძალამაც გაილაღაო. შედეგად კი დაასკვნეს, რომ ასეთი სავალალო ფინალი (ოღონდ, ჩვენებურებისთვის „სავალალო“ – 5 პროცენტია) იმან გამოიწვია, რომ იუშჩენკოს უკრაინის პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არ ჰყავდაო (მოგეხსენებათ, უკრაინაში საპრეზიდენტო პარტიამ ყველა არჩევნები წააგო, რაც დასავლეთში, რომელსაც, ქართული ლოგიკით, უკრაინა დაშორებულა, ჭეშმარიტი დემოკრატიის უდავო ზეიმად მიიჩნევა). ხოლო, რაკი საქართველოში პირიქითაა, სავარაუდოდ, ამ კრიტიკით, ჩვენმა ხელისუფალმა საკუთარ უზადობასაც გაუსვა ხაზი და თავისი პოლიტიკის მართებულობასაც („მე ვარ და ჩემი ნაბადიო“), თუმცა, იმ პროზაულ ფაქტზე, რომ ნატო, ევროკავშირიანად (ზედაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა) თითქმის აუხდენელ სიზმრად გვექცა, არავინ შეჩერებულა, რადგან, „მთავარია, გქონდეს სკამი“!