რომელი ჯიშის ლეკვები ვერ იტანენ ზამთრის პერიოდში მაღალ და დაბალ ტემპერატურას
თუ ზამთარში გადაწყვიტეთ ლეკვის აყვანა, ისიც უნდა იცოდეთ, თუ როგორ გამოაზამთროთ ის: რა სიხშირით უნდა გაასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ან რამდენ ხანში ერთხელ აბანაოთ; რომელი ჯიშის ძაღლებისთვის არ არის რეკომენდებული მაღალი ტემპერატურა და რომლისთვის – დაბალი. იმისათვის, რომ ლეკვი ზამთარში დაცული იყოს დაავადებებისგან აუცილებელია, რამდენიმე ნიუანსს მიაქციოთ ყურადღება, რომლის შესახებაც საქართველოს ცხოველთა დაცვისა და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი ბექა მეტრეველი მოგითხრობთ.
– როგორც ცნობილია, ლეკვის შეძენა მისი დაბადებიდან 45 დღეზე ადრე არ არის რეკომენდებული. თუ ისე მოხდა, რომ მისი შეძენა ზამთრის პერიოდში გადავწყვიტეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ ლეკვის ნორმალურად გამოსაზამთრებლად, ანუ როგორ დავიცვათ ის არასასურველი შედეგებისგან?
– ზამთარში ლეკვი აუცილებლად თბილად უნდა გამოვაზამთროთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ორპირ ქარში. უნდა მოვარიდოთ სიცივეს. თუმცა, როგორც წესი, ძაღლები უფრო იტანენ დაბალ ტემპერატურას, ვიდრე ადამიანები. მიუხედავად ამისა, არსებობს ძაღლის ჯიშები, რომლებიც სიცივეს ვერ იტანენ.
– რა მიზეზით?
– ძაღლის ჯიშები ერთიმეორისგან განსხვავდებიან როგორც ანატომიურად და ვიზუალურად, ასევე ბეწვის საფარის ტიპით. ძირითადად არსებობს მოკლე, გრძელი და საშუალო ბეწვის ნაირსახეობა. არსებობენ ისეთი ჯიშის ძაღლებიც, რომლებსაც ბეწვის საფარი საერთოდ არ აქვთ. მაგალითად, შიშველი ქოჩორა ძაღლი და ასე შემდეგ; არიან ისეთი ძაღლები, რომლებსაც მოკლე ბეწვი აქვთ, მაგრამ არ აქვთ ბეწვის შიდა ფენა, რომელიც სხეულს მხურვალებას უნარჩუნებს.
– მაგალითად, რომლებს?
– კანე კორსოს, ბოქსიორს. შესაბამისად, ეს ძაღლები სიცივეს ისე ვერ იტანენ, როგორც, ვთქვათ, გერმანული ნაგაზი ან ლაბრადორი და ასე შემდეგ. მაგალითად, ალასკის მალამუტი ან ციმბირული ხასკიც კი, რომლებიც იმისთვის არიან დაბადებული, რომ ზამთარში თოვლში იყვნენ, ლეკვობის პერიოდში მათაც სჭირდებათ სითბო და დახურული ტერიტორია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ ღია ცის ქვეშ.
– სიცივე გასაგებია, მაგრამ, რაც შეეხება ოთახის მაღალ ტემპერატურას, რამდენად საზიანოა ის ლეკვისთვის?
– ზამთარში ოთახში მაღალი ტემპერატურა არ არის სასურველი ბულდოგისებრი ლეკვებისთვის, რომლებსაც მოკლე დინგი აქვთ. მაგალითად, ინგლისური და ფრანგული ბულდოგისთვის, მოპსისათვის, მასტიფისათვის და ასე შემდეგ. მოკლედ, მოკლედინგიანი ძაღლებისთვის საცხოვრებელ სახლში ძალიან მხურვალე სიცხე არ არის სასურველი. ასეთი ლეკვები, პირველ ყოვლისა, მხურვალებას უნდა ვარიდოთ არა მარტო სახლში, არამედ ზაფხულში ქუჩაშიც კი. მაგალითად, არ შეიძლება ინგლისური ბულდოგი აგვისტოში დღის 3 საათზე ქუჩაში ვასეირნოთ.
– რა საშიშროება ელის ამ შემთხვევაში ძაღლს?
– შეიძლება, სეირნობა ძაღლის ინფარქტით დასრულდეს. მოკლედინგიან ძაღლს სიცხეში სუნთქვა უჭირს და ხროტინს იწყებს.
– თუ სახლში იატაკქვეშა გათბობაა დამონტაჟებული, მოკლედინგიანი ლეკვისთვის ესეც საფრთხეს წარმოადგენს?
– გათბობას ისეთი მხურვალება ვერ ექნება, რომ ძაღლი მოკლას.
– დაახლოებით რა ტემპერატურაა იდეალური ზამთარში სახლში მყოფი ლეკვისთვის?
– ისეთივე, როგორიც ადამიანისთვის.
– რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვაბანაოთ ზამთარში ლეკვი?
– არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ზამთარ-ზაფხულს. ძალიან კარგია, როცა ლეკვს საშუალოდ თვეში ერთხელ ვაბანავებთ. არ ვგულისხმობ ფეხების ყოველდღიურ გაწმენდას. ყველა შემთხვევაში ძაღლი სპეციალიზებული შამპუნით უნდა ვაბანაოთ. სხვა შემთხვევაში მას უჩნდება ქერტლი, იგი იწვევს კანის იმდენი სახის დაავადებას, რომელთა მკურნალობაც შამპუნზე ორასჯერ უფრო ძვირი დაგიჯდებათ. ნაბანები ძაღლი გარეთ რომ არ უნდა გავიყვანოთ, ცხადია, იცით, მაგრამ, არ გეცოდინებათ მთავარი, რაც მეც კი არ ვიცოდი – ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ ძალიან დეტალურად დამისაბუთა და ამიხსნა: ძაღლს რომ დავბანთ და შევაშრობთ, მას მხოლოდ რამდენიმე საათი კი არა, სამი დღე უნდა მოვუფრთხილდეთ.
– რატომ?
– კანს თავისი ცხიმი აქვს, რომელიც გარკვეულწილად იცავს ძაღლს დაავადებისგან. ბანაობის შემდეგ კი ამ ცხიმს სამი დღე სჭირდება აღსადგენად. ანუ, ბანაობის შემდეგ, როცა კანზე ცხიმი არ არის ამ პერიოდში გაცილებით დიდია ძაღლის ავად გახდომის ალბათობა.
– გამოდის, რომ ბანაობის შემდეგ ძაღლი სამი დღე გარეთ საერთოდ არ უნდა გავიყვანოთ ზამთარში?
– არა, იმას არ ვგულისხმობ, რომ სამი დღე ძაღლი სახლში გამოკეტოთ და გარეთ არ გაიყვანოთ. უბრალოდ, უნდა შეეცადოთ, რომ ბანაობის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში ძაღლი ორპირ ქარში არ მოახვედროთ, ან ყინვაში არ ასეირნოთ ორი საათი – ეს არის და ეს.
რაც შეეხება ზამთარში ლეკვის სუფთა ჰაერზე გასეირნებას?
– ეს ინდივიდუალურია, ჯიშიდან გამომდინარე. მაგალითად, შეგვიძლია, ხასკი თოვლში საათ-ნახევარი ვასეირნოთ, ინგლისური ბულდოგი კი – 40 წუთი.