ვეტერინარის რჩევები
ითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლებში უშვილობის პრობლემის გამოვლენა? ჩემი ძაღლი უკვე 2 წლის არის და ჯერ ვერ დაორსულდა.
პასუხი: როგორც სხვა ძუძუმწოვრებს, ძაღლებსაც აქვთ სქესობრივი ციკლი და ამ ციკლთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა შეიძლება იყოს უნაყოფობის მიზეზი. უნდა დაზუსტდეს, აქვს თუ არა თქვენს ძაღლს ციკლი, ჯვარდება თუ არა და, თუ ჯვარდება, ეს შეჯვარება ემთხვევა თუ არა ოვულაციას, რათა მოხდეს განაყოფიერება, ანუ, ციკლის დაწყებიდან მერამდენე დღეს აჯვარებთ ძაღლს. გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ვეტერინართან, რის შემდეგაც, შეიძლება, თქვენს ცხოველს სპეციალური გამოკვლევები დასჭირდეს, რაც დააზუსტებს მისი უნაყოფობის მიზეზს.
კითხვა: რამდენჯერ არის საჭირო ძაღლის დაბანა და გაკრეჭა ზამთრის პერიოდში?
პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფება ცხოველი – ოთახის პირობებში თუ ქუჩაში. სასურველია, ოთახის ძაღლი გაიკრიჭოს ზამთრის დაწყებამდე და გასეირნების წინ ცივ ამინდში ჩააცვათ სპეციალური ტანსაცმელი. რაც შეეხება ბანაობას, არსებობს მშრალი შამპუნები, რომლითაც, შეიძლება გაიწმინდოს ძაღლის ბეწვი, თუ ის ეზოშია; ოთახის პირობებში კი ძაღლის ბანაობა საკმარისია თვეში ორჯერ.
კითხვა: რამდენიმე კვირის წინ ძაღლი მაჩუქეს, მაგრამ არც საბუთი აქვს და არც ის ვიცი, ჩატარებული აქვს თუ არა აცრები. სად უნდა ავუღო საბუთი და, შეიძლება თუ არა იმის დადასტურება, ჩატარებული აქვს თუ არა კომპლექსური აცრები? ძაღლი დაახლოებით 7 თვისაა.
პასუხი: თავდაპირველად, სასურველია, შეეკითხოთ მას, ვინც ძაღლი გაჩუქათ, იქნებ მას ჰქონდეს რამე ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. რაც შეეხება ვეტერინარულ პასპორტს, ის, შეიძლება, ნებისმიერმა სერტიფიცირებულმა ვეტერინარმა ექიმმა მოგცეთ.
კითხვა: ძალიან მომწონს დობერმანის ჯიშის ძაღლი, მაგრამ მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. მაინტერესებს, ძირითადად რაში გამოიყენება ამ ჯიშის ძაღლი?
პასუხი: დობერმანი, შეიძლება, კომპანიონი ძაღლი იყოს ან მაშველად იმუშაოს, ის არ ერიდება ცხელ წერტილებსაც. დობერმანი ძალიან დახვეწილი ესთეტიკური ჯიშის ძაღლია და ბევრი ღირსება აქვს. მისი პატრონი ცოტა მოძრავი ადამიანი უნდა იყოს, რადგან ლეკვობაში დობერმანს ხშირი მოძრაობა სჭირდება. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კუნთები, რაც მას გენეტიკურად აქვს, უფრო განუვითარდეს. კარგად ნავარჯიშები ძაღლი დიდხანს ცოცხლობს.