როგორ სთხოვდა დემეტრე პირველი ღმერთს საკუთარი შვილის – დავით მეხუთის სიკვდილს და როგორ შეასრულა გიორგი მესამემ ძმის ანდერძი
დავით მეხუთე მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში მეფობდა. ის საკმაოდ მოულოდნელად დაიღუპა. წყაროებში მრავალი მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ დავითის სიკვდილში მის ძმას გიორგი მესამეს ერია ხელი. ამის შემდეგ, ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იყო დემნა უფლისწული, თუმცა ტახტს დროებით იკავებს გიორგი მესამე. მოგვიანებით დემნა უფლისწული აჯანყებას აწყობს, რომელსაც ეწირება კიდეც. თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ბაგრატიონთა რომელი შტო შეწყდა გიორგი მესამის მიერ ტახტის შენარჩუნებით, ამას ჩვენი რესპონდენტი ჯაბა სამუშია გვიამბობს.
ჯაბა სამუშია: დავით მეხუთე დავით აღმაშენებლის შვილიშვილი გახლდათ. იგი იყო დემეტრე პირველის ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ თავისი მამისა და ბაბუის მემკვიდრეობიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგი მეფობა ელოდა წინ, დავითის ცხოვრება ძალიან ტრაგიკული აღმოჩნდა.
– რატომ?
– შეიძლება ითქვას, რომ დავით მეხუთე თავისივე შექმნილ თუ მოგონილ ილუზიებსა და პოლიტიკურ შეხედულებებსაც შეეწირა. იგი დაახლოებით 1115 წელს უნდა დაბადებულიყო. ის ბაბუის, აღმაშენებლის მეფობასაც მოესწრო. მამის, დემეტრეს მეფობის ჟამს კი უკვე საკმაოდ აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. მოგვიანებით, მოულოდნელად, უფლისწულსა და მამას შორის გარკვეულმა კონფლიქტმა იჩინა თავი. როგორც ჩანს, დავითი საკმაოდ დიდ პატივს სცემს მამამისს. საკუთარ ვაჟსაც მისი სახელი დაარქვა – დემეტრე, რომელსაც მოფერებით ყველა დემნას ეძახდა. ასე, რომ, ეს კონფლიქტი არ იყო იმის მანიშნებელი, რომ მამა-შვილი მაინცდამაინც ცუდ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ერთმანეთთან. თუმცა, დაახლოებით 1150 წელს, ისტორიკოსი ასეთ ცნობას გვაწვდის: დავითი დემეტრეს აუჯანყდაო, ანუ, მან მამამისის ტახტის ხელში ჩაგდება მოინდომა.
– რა შედეგი მოჰყვა დავითის ამ საქციელს?
– დემეტრემ ტახტი შეინარჩუნა. მართალია, ამ ინციდენტის მერე შვილი არ დაუსჯია, მაგრამ მისგან საკმაოდ შორს დაიჭირა თავი. ამ ამბის შემდეგ იწყება საკმაოდ ტრაგიკული ფურცელი დემეტრესა და მისი ვაჟის ურთიერთობისა. ეს ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ, ფაქტობრივად, მემატიანე, რომელიც ბაგრატიონების დიდი მეხოტბეა, ვერ მალავს თავის განცვიფრებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ერჩივნა დემეტრეს თავისი უმცროსი ვაჟი უფროსს. „დემეტრე იყო მრჩეველი ძისა უმცროსისა, (ანუ გიორგი მესამისა), ხოლო მკიცხველი იქნა – უფროსისაო”, – მთელი ოჯახური ამბავია გახსნილი ამ ციტატაში.
ურთიერთობა თანდათანობით კიდევ უფრო დაიძაბა. იმდენად, რომ, 1155 წლისთვის, უცებ აღმოჩნდება, რომ დემეტრე მოულოდნელად ტოვებს ტახტს, მიდის მონასტერში და ბერად აღიკვეცება. ამის შემდეგ ტახტზე მოდის დავითი. ქართულ ისტორიოგრაფიაში სულ მიმდინარეობდა დავა და განსჯა იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად ქართულ სამეფო ტახტზე 1155 წელს. ამასთან დაკავშირებით, ბევრი ისტორიკოსი ეთანხმება იმ აზრს, რომ ადგილი ჰქონდა კლასიკურ სამეფო გადატრიალებას. რის შემდეგაც ტახტს იკავებს დავით მეხუთე, დემეტრეს ძე.
– თქვენი აზრით, რით დაიწყო ეს კონფლიქტი, რომელიც დროთა განმავლობაში მომწიფდა და, საბოლოოდ, დავით მეხუთის ტახტზე ასვლით დასრულდა?
– კონფლიქტის ძირითადი მიზეზი იყო მამა-შვილის სხვადასხვაგვარი ხედვა კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ეს იყო, მაგალითად: სომხებთან ურთიერთობის საკითხი, კონკრეტულ ფეოდალურ საგვარეულოებთან ურთიერთობის საკითხი. ამ ყველაფერმა კი კატალიზატორის როლი ითამაშა იმაში, რომ დემეტრესა და დავითს შორის სერიოზული მტრობა ჩამოვარდნილიყო.
ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე, დავითმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რაც კიდევ უფრო მიანიშნებს მამა-შვილს შორის არსებულ განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებზე.
– მაგალითად?
– მაგალითად: ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავით მეხუთემ ციხიდან გაათავისუფლა თირქიშ აბულეთის ძე და ამირსპასალარობა უბოძა. ანუ ის ადამიანი დააწინაურა, რომელიც მამამისს ჰყავდა დაჭერილი. ამას გარდა, ამ პერიოდში ბევრი ფეოდალი დაწინაურდა.
– რა შედეგი გამოიღო დავით მეხუთის განსხვავებულმა პოლიტიკურმა ხედვამ და კურსმა?
– შედეგი ის იყო, რომ გარკვეულმა ფეოდალურმა წრეებმა არ გაითვალისწინეს დავით მეხუთის პოზიცია და დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოეშორებინათ ხელისუფლებიდან ეს უკანასკნელი. მართლაც, მეფობის ექვსი თვის თავზე მემატიანე წერს, რომ დავით მეხუთე გარდაიცვალა.
– საინტერესოა, რით გარდაიცვალა ჯანმრთელი და ახალგაზრდა, დაახლოებით 40 წლის მეფე?
– ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ეჭვი და ვარაუდი არსებობს, რომელთაც ამყარებს ისიც, რომ ვარდან დიდი წერს: „ზოგი ამბობს, ის მოკლული იქნა სუმბატ და ივანე ორბელიანების მზაკვრობის შედეგად, რადგან მათ ადგილას დააყენა თირქაში. ისინი შეთანხმებულნი იყვნენ დავითის ძმა გიორგისთან, რომ ის დანიშნავდა მათ მხედართმთავრებად“. ფაქტია, რომ ვარდან დიდს აქვს ცნობა, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებაში პოპულარული იყო. ეს ცნობა კი გახლავთ ის, რომ დავითი, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარმა ძმამ მოაკვლევინა. ისტორიკოსის მიერ გიორგი მესამისადმი ასეთი ბრალდების წაყენება რთულია. ისტორიკოსობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ჩვენ ვერ დავაბრალებთ ადამიანს იმას, რაც არ ჩაუდენია. მართალია, ამ ადამიანებთან საუკუნეები გვაშორებს, მაგრამ უდავოა, რომ გიორგის სწარაფვა ტახტისაკენ არსებობდა, რაც ვარდან დიდის ცნობის დამაჯერებლობისაკენ გვიბიძგებს. გავიხსენოთ თუნდაც ის, რაც გიორგი მესამემ ოდნავ მოგვიანებით გაუკეთა საკუთარ ძმისშვილს, ერთადერთ ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, დემნა უფლისწულს. აჯანყების შემდეგ მან დემნა დაიჭირა, სხვათა შორის, ძალიან ტკბილი სიტყვებით გამოიტყუა ლორეს ციხიდან, სადაც ის თავს აფარებდა, დაასაჭურისებინა და შემდეგ კლდეკარის ციხიდან გადმოაგდებინა.
დავით მეხუთის დაღუპვასთან დაკავშირებით ქართულ წყაროებში არის კიდევ ერთი ძალიან ზოგადი მინიშნება, სადაც აღნიშნულია, რომ დემეტრე ლოცულობდაო დავითის სიკვდილს. „ვედრებისა შემასმენელმან ღმერთმან დავითისა დღეთა შემცირებითა სურვილ ყო პირველ მამისა“, ანუ დემეტრეს თხოვნა.
სხვა წყაროებიდან ჩანს, რომ ამ ინციდენტამდე დავითსა და გიორგის ძალიან კარგი ძმობა აქვთ და ბევრ კარგ საქმესაც აკეთებენ ერთად. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა დავითმა სწორედ გიორგი იხმო, მას ჩააბარა თავისი ერთადერთი შვილი – დემნა და სთხოვა, როდესაც ის გაიზრდება, მეფედ აკურთხეთო. საქმე ისაა, რომ ოფიციალურად გიორგის მხოლოდ და მხოლოდ რეგენტის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, მაგრამ, როგორც კი დავითი გარდაიცვალა, მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად განვითარდა.
– როგორ განვითარდა მოვლენები დავითის გარდაცვალების შემდეგ?
– ეკლესიისა და დიდებულების დახმარებით გიორგიმ ჯერ დროებით მიიღო მეფედ კურთხევის უფლება, რაზეც ეკლესიამ ნება დართო ერთი პირობით: როგორც კი დემნა გაიზრდებოდა, ტახტზე ის უნდა ასულიყო. ამას მოჰყვა ის, რომ 1177 წელს გიორგის მოსთხოვეს 21-22 წლის წინ დადებული პირობის შესრულება, რის შედეგადაც საქართველოში დაიწყო დემნა უფლისწულის აჯანყება – დიდი გამოსვლა, რომელშიც საქართველოს ყველაზე გავლენიანი ფეოდალები მონაწილეობდნენ. გიორგი შემთხვევით გადარჩა და თბილისს შეაფარა თავი. მერე მან ძლივს მოახერხა, რომ ეს აჯანყება ჩაეხშო, რასაც შეეწირა კიდეც დემნა უფლისწული. დემნა, როგორც ზემოთ აღვნიშნე ბიძის ბრძანებით იქნა მოკლული.
ამ მოვლენის შემდეგ ძირძველი ბაგრატიონების შტო, ის შტო, რომელმაც საქართველოს ერთიანობას ჩაუყარა საფუძველი, უძეოდ გადაეგო. გიორგის სამი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თამარ მეფე. თამარის მეფობის შემდეგ კი ხელისუფლებაში მოდის დავით სოსლანის შტო – ეს არის ოსი ბაგრატიონების შტო.