კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გატეხა ერთ დღეში ინგლისის ბანკი ჯორჯ სოროსმა და ვის გამო დაშორდა მას მეორე ცოლი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი ერთადერთია „ფორბსის“ მილიარდერებს შორის, რომლის პერსონაზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ საქართველოში. ალბათ მიხვდებოდით, რომ ლაპარაკია ჯორჯ სოროსზე – ფინანსისტზე და ფილანტროპზე, ადამიანზე, რომლის უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში არის იდეა, პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში შექმნას თავისუფალი და ღია საზოგადოება. სწორედ ამიტომ უკავშირებენ მის სახელს საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში მომხდარ „ხავერდოვან“ რევოლუციებს.

ჯორჯ სოროსი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი არის დიორდ შვარცი, 1930 წელს დაიბადა ბუდაპეშტში, ებრაელების ტივადორ შვარცისა და ერზებეტ სუცის ოჯახში. ტივადორი ადვოკატი და გამომცემელი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში რუსებს ჩაუვარდა ტყვედ და გარკვეული ხანი, გადასახლებაში, ციმბირში გაატარა, საიდანაც ისევ ბუდაპეშტში გაქცევა მოახერხა. 1936 წელს ტივადორმა შეიცვალა გვარი და სოროსი გახდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მან ყალბი დოკუმენტების წყალობით მოახერხა დაეხსნა საკუთარი ოჯახი ნაცისტური რეპრესიებისგან და 1947 წელს სოროსები, მთლიანი შემადგენლობით, უკეთესი მომავლის საძიებლად დიდი ბრიტანეთის კუნძულზე გადასახლდნენ. იმ დროისთვის ჯორჯი 17 წლის იყო და მან სწავლა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში განაგრძო, რომელიც სამი წლის შემდეგ დაამთავრა. სკოლაში სწავლის პერიოდში ჯორჯს ლექციებს უკითხავდა ავსტრიელი ფილოსოფოსი კარლ პოპერი. პოპერის ხედვა მისაღები იყო ჯორჯისთვის და მომავალში მის მიზნად გადაიქცა პოპერის იდეის განხორციელება – პლანეტაზე ეგრეთ წოდებული თავისუფალი საზოგადოების შექმნა. სწორედ ამ იდეის ხორცშესხმის მიზნით გახსნა მან უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

ინგლისში ცხოვრების პერიოდში ჯორჯმა საგალანტერეო ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მის თანამდებობას მენეჯერის სახელწოდება ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში ის ქარხნის მაღაზიაში გამყიდვლად იყო დასაქმებული. შემდეგ ჯორჯი კომივოიაჟერად იქცა და საკუთარი დამტვრეული ავტომობილი „ფორდის“ მეშვეობით უელსელ გადამყიდველებს სხვადასხვა სახეობის საქონელს სთავაზობდა. კომივოიაჟერობის პარალელურად, იგი ცდილობდა, მოხვედრილიყო ლონდონის ბანკების სავაჭრო სფეროში, მაგრამ თავისი ეროვნებისა და პროტეჟეს არყოლის გამო, ყველგან უარით ისტუმრებდნენ. მხოლოდ 1953 წელს მიიღო სოროსმა ადგილი კომპანია „სინგერ და ფრიდლანდერში“, რომელიც მის თანამემამულე უნგრელს ეკუთვნოდა. სამუშაო და სტაჟირება საარბიტრაჟო განყოფილებაში მიმდინარეობდა, რომელიც ახლოს იყო ბირჟასთან. ფირმის ხელმძღვანელი ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციებით ვაჭრობდა და ეს სფერო ჯორჯს ყველაზე ნაკლებად იზიდავდა. სამი წლის შემდეგ ჯორჯ სოროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

1956 წელს ტივადორის მეგობრის კავშირების საფუძველზე, ვინმე მეიერი, ჯორჯ სოროსს უოლ-სტრიტზე საბროკერო კომპანიაში მუშაობის დაწყებაში დაეხმარა. სოროსის ამერიკული კარიერა საერთაშორისო არბიტრაჟით ანუ ფასიანი ქაღალდების ერთ ქვეყანაში ყიდვით და მეორეში გადაყიდვით დაიწყო. ჯონ კენედის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ახალი კანონები ამოქმედდა: უცხოურ ინვესტიციაზე დამატებითი გადასახადების შემოღებამ ერთ დღეში გაანადგურა სოროსის ბიზნესი და ის ფილოსოფიას დაუბრუნდა. 1963-1966 წლებში ჯორჯი საკუთარი დისერტაციის გადაწერას ცდილობდა და დაუბრუნდა თავის ტრაქტატს თემაზე „ცნობიერების მძიმე ხვედრი“, მაგრამ ის უკმაყოფილო დარჩა ნაშრომით, რადგან მიაჩნდა, რომ მხოლოდ თავისი ცნობილი მასწავლებლის აზრები გადმოიტანა ფურცელზე და მეტი არაფერი.

ფილოსოფიური საქმიანობის მიტოვების შემდეგ ჯორჯი ბიზნესში დაბრუნდა და 100 ათასი დოლარით საინვესტიციო ფონდი ჩამოაყალიბა, რომელმაც სამი წლის განმავლობაში 4 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. იმ პერიოდში სოროსმა დააფუძნა და თავად ჩაუდგა სათავეში ფონდ „დაბლ იგლს“, რომელიც მოგვიანებით ცნობილ „ქვანტუმ ფონდად“ გადაიქცა. ფონდი ახორციელებდა სასპეკულაციო ოპერაციებს, რომლებმაც მის მფლობელს მილიარდობით დოლარის მოგება მოუტანა. 1990-იანი წლების შუა პერიოდში „ქვანტუმის“ კაპიტალი 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. 1992 წლის 15 სექტემბერს ჯორჯ სოროსმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფინანსური ოპერაცია ჩაატარა, რომელიც სამუდამოდ შევიდა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. მის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომელიც ინგლისური ფუნტი სტერლინგის კურსის დაცემაზე იყო გათვლილი, „ქვანტუმმა“ ერთ დღეში მილიარდი დოლარის მოგება ნახა. ამ დღის შემდეგ ჯორჯ სოროსს ოფიციალურად უწოდეს „ადამიანი, რომელმაც ინგლისური ბანკი გატეხა“.

1980-იანი წლებში დაიწყო მუშაობა სოროსის დაარსებულმა საქველმოქმედო ფონდმა „ოუფენ სოსაითი ფონდ“, რომელიც მსოფლიოს დაახლოებით 25 ქვეყანაში არის რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ სოროსი უარყოფს რამე სახის კავშირს პოლიტიკასთან, პოლიტიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი უშუალო დაფინანსებით მოხდა მთავრობების შეცვლა ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში. სხვათა შორის, ჟურნალმა „ბიზნეს უიქმა“ დათვალა და აღმოჩნდა, რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ჯორჯ სოროსს დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე და ამ თანხიდან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში აქვს ინვესტირებული.

რაც შეეხება ჯორჯ სოროსის პირად ცხოვრებას, ის ორჯერ არის განქორწინებული და ამ კავშირებიდან მას 5 შვილი ჰყავს. 2007 წელს კი მის სახელს ერთ გახმაურებულ სკანდალს უკავშირებდნენ: როგორც ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ პოსტი“ იტყობინებოდა, 77 წლის ჯორჯ სოროსს, რომლის ამჟამინდელი ქონება 11 მილიარდ დოლარს შეადგენს და მას 29-ე ადგილი უჭირავს „ფორბსის“ მილიარდერთა 2009 წლის რეიტინგში, რომანი ჰქონდა 22 წლის რუსთან, მარინა ცელესთან. როგორც ამბობენ, სწორედ მარინას გამო დაშორდა 63 წლის სიუზანა ვებერი სოროსს. მარინას გარდა, სოროსს რომანი ჰქონდა 1998 წლის „მის რუსეთთან“, იაროსლაველ ლამაზმან ანა მალოვასთან, რომელიც მან ნიუ-იორკში გაიცნო, ასევე, ნამდვილ დედოფალთან – იორდანიის მეფის, ჰუსეინის ქვრივთან, ესნურთან. იორდანიის დედოფალი სოროსმა ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო და შემდეგ მათ შორის ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ხოლო ანა მალოვასთან დაშორების შემდეგ სოროსმა თავის ფავორიტს ფეშენებელური ვილა აჩუქა ნიუ-იორკთან ახლოს.

უშანგი რუხაძე

скачать dle 11.3