კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო შოუ-ბიზნესის 2009 წლის ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური ფაქტების ტოპ-ათეული


წლის ბოლოს, როგორც ყოველთვის, ჟურნალისტები აჯამებენ სხვადასხვა სფეროში მომხდარ მოვლენებს და ადგენენ რეიტინგებს. დღევანდელ ნომერში ჟურნალი „თბილისელები“ ეცდება, შემოგთავაზოთ მსოფლიო შოუ-ბიზნესში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი და სკანდალური მოვლენების თავისებური ტოპ-ათეული, მით უმეტეს, რომ 2009 წელი „სელებრითებისთვის“ ამ მხრივ საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

1. 2009 წლის ყველაზე შოკის მომგვრელი და სკანდალური მოვლენა შოუ-ბიზნესში, რა თქმა უნდა, პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალება იყო. პოპ-ვარსკვლავი, რომელიც დიდ სცენაზე გრანდიოზული დაბრუნებისთვის ემზადებოდა, თავისი პირადი ექიმების მსხვერპლი გახდა. 2009 წლის ივნისი ჯექსონის მილიონობით თაყვანისმცემლისთვის ნამდვილ კოშმარად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ სპეკულაციები მისი ტრაგიკული სიკვდილის შესახებ დღემდე გრძელდება და, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი. რადგან ლეგენდა, სახელად „მაიკლ ჯექსონი“, სამუდამო არსებობისთვის არის განწირული.

2. „წლის ყველაზე გახმაურებული „ვარსკვლავური“ დაპატიმრება“ – ასეთი სახელით გახდა ცნობილი რეჟისორ რომან პოლანსკის დაპატიმრების ფაქტი ციურიხის აეროპორტში. რეჟისორი ჯერ კიდევ 1977 წელს გამოწერილი დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავეს. შეგახსენებთ, რომ პოლანსკის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარება ბრალდებოდა, რის გამოც იგი იძულებული იყო, გაქცეოდა ამერიკულ მართლმსაჯულებას. სწორედ ამიტომ, ბოლო 31 წლის განმავლობაში ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. 2009 წლის დეკემბრის დასაწყისში პოლანსკი გამოუშვეს ციხიდან, მას შინაპატრიმობა მიუსაჯეს და, სანამ არ გაირკვევა მისი ამერიკაში ექსტრადირების საკითხი, იგი ალპებში, საკუთარ სახლში იჯდება.

3. წლის დასაწყისში, ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა დასისხლიანებული და დალურჯებული პოპ-ვასკვლავ რიჰანას ფოტოები. თავდაპირველად მომღერალი უარს აცხადებდა რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რიჰანას მისივე ბოიფრენდი, რეპერი კრის ბრაუნი, სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად. სკანდალი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. რიჰანა დაშორდა ბრაუნს და მიღებული დაზიანებების გამო, რამდენიმე დაგეგმილი კონცერტიც კი გადადო. კრის ბრაუნის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრაუნი დამნაშავედ ცნეს, მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში და ამჟამად საზოგადოებრივი საჭიროებისთვის შესრულებული დავალებებით იხდის სასჯელს.

4. ემი უაინჰაუსი – ქალი-სკანდალი როგორც შემოქმედებაში, ისე პირად ცხოვრებაში. 2009 წელს ემი თავის მეუღლეს, ბლეიკ ფილდერ-სივილოსს დაშორდა. დაშორება საკმაოდ სკანდალური გამოდგა, რადგან ბლეიკი სასამართლოს გზით სოლიდურ თანხას ითხოვდა ემისგან, რაც არ გამოუვიდა. დაშორებიდან სულ ცოტა ხანში, ემიმ რომანი გააბა მოკრივე ჯორჯ ფორმენის შვილთან, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ მასა და ბლეიკს შორის თავიდან დაწყებულიყო რომანტიკული ურთიერთობა.

5. 2009 წლის „ემტივი ვიდეო მიუზიქ ევორდსზე“, ბიონსეს ფანების გულის დასაწყვეტად, წლის საუკეთესო კლიპისთვის დაწესებული ჯილდო ახალგაზრდა ტეილერ სვიფტს ერგო წილად. ამ ფაქტით შეშფოთებული ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი, კენი ვესტი, სცენაზე აიჭრა, შეაწყვეტინა სიტყვა სვიფტს და დამსწრე საზოგადოებისა და მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა განაცხადა, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, ეს ჯილდო არა სვიფტისთვის, არამედ ბიონსესთვის გადაეცათ. ვესტის ეს ნაბიჯი ვარსკვლავებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს: ზოგიერთი დაეთანხმა ვესტს, ზოგი – არა. თვითონ ბიონსემ საჯაროდ მოუხადა ბოდიში სვიფტს ვესტის გამოხდომის გამო. ეს იყო წლევანდელი „ემტივის“ დაჯილდოების ყველაზე ხმაურიანი სკანდალი.

6. „როლინგ სთოუნზის“ ვარსკვლავის, 62 წლის რონი ვუდისთვის, 2009 წელი საკმაოდ სკანდალური გამოდგა. ჯერ იყო და, ის 21 წლის რუსი გერლფრენდის, ეკატერინა ივანოვას გამო მეუღლეს დაშორდა, ხოლო დეკემბრის დასაწყისში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სურეის საგრაფოში, სადაც წყვილი მეთექვსმეტე საუკუნის სასახლეს ქირაობდა. აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკებისგან მრავალჯერ განკურნებული ვუდი, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, სასახლის წინ, უამრავი მეზობლის თვალწინ მიწაზე აფორთხიალებდა და თმებით ათრევდა მეგობარ გოგონას, შემდეგ ერთი ორჯერ სახეში გაარტყა და, რომ არა მეზობლების ჩარევა, არავინ იცის, ჩხუბი რით დამთავრდებოდა. ჩხუბის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ, ცნობილი გახდა, რომ ივანოვაც ნასვამ მდგომარეობაში იყო. იანვარში ვუდი სასამართლოს წინაშე წარდგება. თუმცა ივანოვა უკვე თანახმაა, რომ ვუდის ყველაფერი აპატიოს.

7. გასული წელი გოლფის ლეგენდარული მოთამაშის ტაიგერ ვუდსის პირად ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა. ნოემბერში სპორტსმენი ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ წლების განმავლობაში ვუდსი უამრავ ქალთან ღალატობდა თავის მოდელ მეუღლეს, წარმოშობით შვედ ელინ ნორდეგენს. ყველაზე საინტერესო კი ამ ისტორიაში ის არის, რომ ვუდსის ერთ-ერთი საყვარელი პარალელურად ვუდსს ღალატობდა ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯორჯ კლუნთან.

8. ჟურნალმა „როლინგ სთოუნზმა“ მას „2009 წლის როკ-ვარსკვლავის“ წოდება მიაკუთვნა. საუბარია პოლიტიკოს სილვიო ბერლუსკონიზე, რომელმაც წელს მართლაც რომ ვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი სკანდალებით „ისახელა“ თავი: განქორწინება მეუღლესთან, სასიყვარულო ურთიერთობა 18 წლის მოდელთან და სექსუალური ორგიების მოწყობა მეძავებთან... დონ სილვიოსთვის 2009 წლის დასასრულიც ხმაურიანი გამოდგა, როდესაც მილანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტმა მას ათობით ტელეკამერის წინაშე სახეში სუვენირი ჩაარტყა, 2 კბილი ჩაუმტვრია და ცხვირი გაუტეხა.

9. რუსული შოუ-ბიზნესიც არ ჩამორჩა მსოფლიოს და 2009 წელს რუსული პოპ-მუსიკის პრიმადონა ალა პუგაჩოვას ოჯახში სკანდალი აგორდა. ალას ქალიშვილს, კრისტინა ორბაკაიტეს, ყოფილმა მეუღლემ, რუსლან ბაისაროვმა, შვილი მოსტაცა. სინამდვილეში ბაისაროვს შვილი არ მოუტაცებია. დენი ბაისაროვმა, უბრალოდ, მამასთან ცხოვრება არჩია, რადგან კრისტინა მას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და ის ძირითადად ძიძის გარემოცვაში იზრდებოდა. საქმე სასამართლომდეც კი იყო მისული, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დენი ამიერიდან თვითონ აირჩევს, თუ ვისთან ურჩევნია ცხოვრება. ბაისაროვმა და ორბაკაიტემ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ამიერიდან ისინი ერთად იზრუნებენ ბავშვის აღზრდაზე.

10. ამომავალმა ვარსკვლავმა და თინეიჯერების კერპმა, 17 წლის მაილი საირუსმა, 2009 წელი სკანდალით დაიწყო. ინტერნეტში გამოქვეყნდა, ფოტო, რომელზეც მაილი აზიური წარმოშობის ახალგაზრდებთან ერთად იჯდა და მათ თვალის ჭრილის გამო დასცინოდა. ამ ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ამერიკაში და ერთ-ერთმა აზიელმა ქალბატონმა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის საირუსს 4 მილიარდი დოლარიც კი მოსთხოვა. აღნიშნულ ფაქტზე საირუსს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და არც საჯაროდ მოუხდია ბოდიში.


скачать dle 11.3