აქვს თუ არა ქალური ჰორმონები სიკო ჭუმბურიძეს და ვის კოცნიდა ის საწოლის ქვეშ
სიკო ჭუმბურიძე დავალებას საკმაოდ სერიოზულად, სრული პასუხისმგებლობით მიუდგა და საინტერესოდ „შევიდა“ „ქალის ტყავში“. მასთან საუბრისას დამაჯერებელი პასუხიც მივიღეთ კითხვაზე: – რატომ არის მომგებიანი, დაიბადო კაცად. მიუხედავად იმისა, რომ თავისი სქესით უზომოდ კმაყოფილია, ქალბატონებს ძალიან დიდ პატივს სცემს და აღიარებს, რომ ძლიერ სქესს სუსტი სქესის მიმართ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.
სიკო ჭუმბურიძე: ნამდვილად ძალიან რთულია, იყო ქალი. იმიტომ, რომ მამაკაცთან შედარებით ქალს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მას ვალდებულებებიც მეტი აქვს. რა თქმა უნდა, ვაღიარებ ამას. დასამალი რა არის. კაცი თავის საქციელშიც უფრო თავისუფალია. თუმცა, თავისი დადებითი მხარეები ქალად ყოფნასაც აქვს.
– საქციელის თავისუფლებაში რა იგულისხმე?
– კაცის „გულაობა“ (იცინის), თუნდაც დაოჯახებამდე. მერეც – ქალს გაცილებით მეტი საქმე აქვს ოჯახში, ვიდრე მამაკაცს.
– კარგია, ამას რომ ამბობ.
– რატომ არ უნდა ვთქვა. თუმცა, ისე არ გაიგო, თითქოს მამაკაცები არაფერს ვაკეთებდეთ. კაცსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს, ოჯახის გარეთ. პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა – ცოლზე, შვილებზე. მათ არ უნდა შესცივდეთ და მოშივდეთ, მაგრამ ბავშვს მაინც ქალი ზრდის.
– დარწმუნებული ვარ, გითქვამს, რა კარგია ქალად რომ არ გავჩნდიო.
– (იცინის) მიფიქრია. მშობიარობა რომ ვნახე, მაშინ.
– სად დაესწარი მშობიარობას?
– ინტერნეტში. ჩვენი გოგოები, თათია და თამუნა უყურებდნენ, ორივე ფეხმძიმედ არის და აინტერესებდათ. მეც შევხედე. სასიამოვნო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა. ცხრა თვე მუცლით ბავშვის ტარებაც არ იქნება ადვილი. ასე რომ, თუ ამ ყველაფრის მიხედვით ვიმსჯელებ, კარგია, რომ კაცად დავიბადე. თუმცა, ამერიკაში კაცმაც გააჩინა ბავშვი. რაღაცეები გადაინერგა, რაღაც უბედურება ჩაიტარა და ისე. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს პრეცედენტი გამეორდეს. არ არის საჭირო. აირევა ბუნება. არანაირად არ გვაწყობს კაცებს. ქალები მართლა მაგრად უძლებთ ამას. ზოგიერთს რომ ცხრა შვილი ჰყავს, იმას მგონი, საერთოდ რეაქციაც აღარ აქვს მშობიარობაზე. მამაკაცი ამდენს ვერ შეძლებდა.
– მართალია, თუ არა, რომ კაცი ერთხელ მაინც უნდა შევიდეს ქალის ტყავში, რომ გაუგოს მას?
– მარტო ქალის ტყავში კი არა, ყველა ადამიანის ადგილას ერთხელ მაინც უნდა დააყენო საკუთარი თავი, რომ გაუგო მას. სხვანაირად არაფერი გამოგივა. თუ მისი პრობლემა არ გაითავისე, თუ ვერ მიხვდი, რას გრძნობდა ის იმ დროს, მაშინ რანაირად შეძლებ მის თანაგრძნობას. როცა იმ მდგომარეობაში ჩადგები, რომელშიც ის იყო კონკრეტულ მომენტში, იმის თვალით შეხედავ სიტუაციას და იქნებ, აპატიო კიდეც შეცდომა. ხშირად რომ ვიქცეოდეთ ადამიანები ასე, უფრო მიმტევებლები ვიქნებოდით.
– როგორ ფიქრობ, რისი პატიება არ შეიძლება?
– გააჩნია, ვისთვის რა არის უპატიებელი შეცდომა. ზოგმა შეიძლება ღალატი აპატიოს ცოლს, მაგრამ ტყუილის გამო ურთიერთობა დაანგრიოს, იმიტომ, რომ სწორედ ტყუილზე ჰქონდეს გართულება. მე ვიცი, შემთხვევები, როცა ქმარს გაუგია ცოლის ღალატის ამბავი, მაგრამ ისე ჰყვარებია, რომ უპატიებია. პატიება-არპატიება ინდივიდუალურია. კანონზომიერებას არ ექვემდებარება.
– შენ რას იზამდი, აპატიებდი ცოლს ღალატს, თუ გეყვარებოდა?
– არ ვაპატიებდი. იმიტომ, რომ არ მესმის რატომ უნდა მიყვარდეს, ის, ვინც მიღალატა. ესე იგი, არ ვუყვარვარ და არაფრად ვუღირვარ.
– ამ პრინციპით რომ ხელმძღვანელობდნენ ქალებიც, მაშინ მამაკაცებსაც არავინ აპატიებდა „გაძვრომას“.
– ეგ ძალიან რთული საკითხია. სერიოზულად ვამბობ ამას. ეს საქართველოა, სადაც კაცს ოდითგანვე მეტი უფლებები ჰქონდა. ჩვენც ამ ტრადიციებზე გავიზარდეთ. თუ თავიდანვე არასწორად მოდის ტრადიცია, ამაში ჩვენ არ ვართ დამნაშავე. ფაქტია, რომ მამაკაცს უფრო პატიობენ ღალატს. თუმცა, ისიც დასაზუსტებელია, რა მიგვაჩნია ღალატად. ჩემთვის მაგალითად, მიუღებელია, ცოლის და საყვარლის ერთდროულად ყოლა. ზუსტად ვიცი, რომ როცა დავოჯახდები, არავითარ შემთხვევაში არ მეყოლება საყვარელი. ამას ჯობია, დაშორდე ცოლს, თუ ფიქრობ, რომ აღარ გიყვარს და ისე დაიწყო სხვასთან ურთიერთობა. „გასტროლები“ მეტ-ნაკლებად დასაშვებია. (იცინის).
– გასტროლები სად, მეგობარ უკრაინაში?
– მე ვიყავი უკრაინაში. სოჭშიც, „კავეენის“ თამაშები გვქონდა, მაგრამ ისეთი დატვირთული იყო ჩვენი გრაფიკი, რომ ვინ „გაგაძვრინა“. (იცინის) გაგიჟებულები დავრბოდით. მხოლოდ შორიდან დავტკბით, მაგრამ ამაშიც იყო რაღაც.
– ქალი რომ ყოფილიყავი და შენი ქმარიც ასე „დამტკბარიყო“, მოგეწონებოდა?
– ძალიან რთულია, წარმოვიდგინო, რომ ქალი ვარ. ეტყობა, საერთოდ არ მაქვს ქალური ჰორმონები. როგორც უნდა ვეცადო ამის წარმოდგენა, არაფერი გამომივა. მაგრამ ვფიქრობ, საყვარლის ყოლას არ ვაპატიებდი. ძალიან შეურაცხმყოფელია და იმ პიროვნებაზეც ძალიან ცუდად მეტყველებს. ასეთი მამაკაცი არ შეიძლება, დადებითი პიროვნება იყოს. ხომ თამაშობს და იტყუება. ათას რაღაცას იგონებს, რომ დაფაროს თავისი ოჯახის გარეთ კავშირი. ეს ყველასთვის საშინელებაა.
– როგორია გამაღიზიანებელი ქალი?
– ქალი, რომელსაც არ ესმის საკუთარი ქალურობის ფასი. იგინება, კაცივით უხეშობს, უზრდელობს. ქალი – ქალი უნდა იყოს, თავის მოქცევით და სიტყვა-პასუხით. ჩემთვის იდეალურია ქალი, რომელიც არის ზრდილობიანი, მოსიყვარულე, თბილი, კომუნიკაბელური და უნდა ვუყვარდე, რა... (იცინის).
– და ასეთი ქალი ჯერ ვერ იპოვე?
– მოდი, ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ. რაღაც შანსი არის, მაგრამ ჯერ ამ საკითხზე დუმილს ვამჯობინებ.
– არის, თუ არა ქალი პროგრესის მამოძრავებელი?
– როგორ არ არის. მამაკაცისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორი ქალი უდგას გვერდით. პარტნიორ ქალზეა დამოკიდებული კაცის წარმატება და თითქმის ყველაფერი. შეიძლება დიდი საქმეც გაგაკეთებინოს, ან საერთოდ დაგაქციოს.
– კაცს თავისი ჭკუა არ უნდა ჰქონდეს?
– უნდა ჰქონდეს. აბა, რა! მაგრამ ზოგს ლამაზი ქალი შეუჩნდება და... მე, პირადად არ მომწონს მოსულელო ქალები, კარგი გარეგნობით. ჭკვიანურს რომ ვერაფერს იტყვის. თოჯინები მარტო ბავშვობაში მომწონდა. (იცინის) პატარა რომ ვიყავი, ერთი თოჯინა-გოგო მყავდა. თურმე, შევათრევდი საწოლის ქვეშ და ვკოცნიდი. ახლა მიყვებიან, თორემ მე არ მახსოვს. საერთოდ, ქალი ძალიან საინტერესო არსებაა. მთელი ფილოსოფიაა, რომელიც უნდა შეისწავლო. აუცილებელი არ არის, ყველა გიყვარდეს. მეგობარ გოგონებზეც შეიძლება დაკვირვება. მე მაქვს რაღაც წარმატებები ამ საქმეში. რამდენიმე ტიპაჟი უკვე შევისწავლე და დასკვნებიც გავაკეთე.
– ოჰო, მაშინ ცოლთან ურთიერთობაში შენ არაფერი არ უნდა შეგეშალოს.
– სწორედ მაგისთვის ვემზადები. მე მგონი, არ უნდა გამიჭირდეს ოჯახში. ცოლსაც კარგად გავუგებ. მით უმეტეს, რომ მეყვარება. საყვარელი ადამიანი იმისთვის გინდა, რომ მის გვერდით თავი კარგად და კომფორტულად იგრძნო. მაგრამ, ამისთვის შენც უნდა გაისარჯო.
– მაინც რას გააკეთებდი, ერთ დღეს ქალად რომ გაგღვიძებოდა?
– ქალად რომ გავიღვიძო? მანგრევ მორალურად. (იცინის) აუ, თავს მოვიკლავდი. თუ ვერ შევძლებდი თავის მოკვლას, რამდენიმე დღე გაშტერებული ვიქნებოდი. მერე იქნებ მომეფიქრებინა რამე. ადამიანს მაინც თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს და... კარგი, რა, ნუ მაფიქრებ ამაზე. ხომ არ არსებობს იმის შანსი, რომ ქალად გავიღვიძო. რატომ უნდა დავიტანჯო. (იცინის).
– ანუ, ამაზე ფიქრიც კი ტანჯვაა შენთვის?
– აბა, რა არის. მე ვარ მამაკაცი და მაქვს მამაკაცური საფიქრალი. საზრუნავიც და საერთოდ, რას ერჩით კაცებს?! არ ვზრუნავთ თქვენზე? არ გაფასებთ? ეგოისტები ვართ კაცები? – არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, ყველა ადამიანშია ეგოიზმის მარცვალი. მნიშვნელობა არა აქვს, ქალია, თუ კაცი. რაღაც მომენტში, ინსტინქტები გვმართავს და ეგოიზმიც ინსტინქტია. გეთანხმები, რომ ქალები ნაკლებად ჰყვებიან ინსტინქტებს, მაგრამ ქალობა მაინც არ მინდა არანაირად. არა, გმადლობ! (იცინის).