რას წერდა თბილისის პრესა 130 წლის წინათ
„ბაქოს გაზეთში იწერებიან, რომ იქაურ პოლიციას ამ დღეებში დაუჭერია რამდენიმე კაცი, რომლებიც ყალბ ბილეთებს აკეთებდნენ და პოლიცია კეთების დროს წაესწრო თურმე. ხელით უკეთებიათ ბილეთები, მელნით უწერიათ, უბრალო კალმით და ამიტომაც ისე უხეიროდ არის გამოყვანილი თურმე, რომ ძალიან ადვილად შეატყობს კაცი ყალბობასო“.
„დროება“
„ამას წინათ ერთი ბანკი გაკოტრებულა ჩინეთში და როცა ეს ამბავი ჩინეთის იმპერატორს მოახსენეს, იმან ბრძანა, რომ ყველა იმ ბანკის გამგეებს თავი მოსჭერითო. ბრძანება, რასაკვირველია, დაუყოვნებლივ აასრულეს და ახლა ამბობენ, რომ ამ მაგალითის შემდეგ, უეჭველია, ვერც ერთი ბანკი და კერძო პირი გაკოტრებას ვეღარ გაბედავსო“.
„დროება“
„ერთ რუსულ გაზეთში იწერებიან ოდესიდან, რომ იქაურ მომრიგებელ მოსამართლემ ერთს სალდათს ორი კვირით საპყრობილეში ჩამწყვდევა გადაუწყვიტა იმისთვისო, რომ ამ სალდათმა ერთ ქალს კაბის ბოლოზე ფეხი დაადგაო“.
„დროება“
„გამოჩენილ ამერიკელ ედისონს, რომელმაც ტელეფონი და სხვა ბევრი გასაოცარი რამეები გამოიგონა, მოუგონებია ახლა კიდევ ისეთი მელანი, რომლის საშუალებითაც ბრმებს შეუძლიათ ყველაფრის წაკითხვა. მოგეხსენებათ, რომ ბრმებისთვის გამოცემულია სახარება და სხვა წიგნები, რომლებიც იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ნაბეჭდისაგან, რომ ასოები ამობერილია ქაღალდზე და ბრმა თითებს უსმევს ამ ქაღალდზე და ამნაირად, შეხებით კითხულობს.
ედისონს მოუგონია ახლა ისეთი მელანი, რომ, როგორც კი ამ მელნით დასწერს ქაღალდზე, ეს ქაღალდი იმ წამსვე ამოიბერება თურმე იმ ადგილებზე, სადაც მელანი მოხვდება“.
„დროება“
„ძალიან კარგი ჩვეულება ყოფილა ინდოეთში ვალის გადახდისათვის: როდესაც სესხის ამღები ვალს არ იხდის, მოვალე ჯერ ტკბილად და ცრემლით ევედრება თურმე, მომეციო, მაგრამ თუ არა გაუვიდა-რა, ადგება, მივა იმის სახლის კართან, დაჯდება იქ, არაფერს არ სჭამს, თან კვნესის, სტირის გაცხარებით, სანამ თავის ვალს არ მიიღებს ან შიმშილით არ მოკვდება!
რამდენი იტყვის ამ ამბის წაკითხვის შემდეგ:
– აი, ნეტავ ჩვენშიც იყოს ასეთი ჩვეულება, რამდენ კარაპეტას ავატირებდიო“.
„დროება“
მოამზადა
თეონა ზაზიკაშვილმა