როგორ ჩაუსვა მოსამართლემ დაზარალებულს წილში სახელმწიფო
უდავოდ გენიოს თაღლითს, ავტომანქანა „ვოლგის“ გატაცებისთვის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თაღლითური ნიჭით დაჯილდოებული 32 წლის გელა მიქავა, სავარაუდოდ, დარწმუნებული იყო, რომ უკვე ანტიკვარად ქცეულ ძველ „ვოლგას“ პატრონი აღარ გამოუჩნდებოდა, მაგრამ შეცდა. მისდა საუბედუროდ, ძველისძველი „ვოლგა“ პატრონმა 6 წლის შემდეგ, სულ ახლახან ამოიცნო და ამის გამო მიქავა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ამჟამად ძებნაა გამოცხადებული მის ორ თანამზრახველზე, მაგრამ გამოძიებამ მათი ვინაობა მიქავას ვერაფრით დააცდენინა. ის ამბობს, რომ დანაშაული, მით უმეტეს სხვებთან ერთად, არ ჩაუდენია და ვითომ დაზარალებულ ქირიას ფსიქიკურ ავადმყოფად აცხადებს.
საქართველოში რამდენი ავტომანქანა გაქრა უკვალოდ, ძნელი დასათვლელია. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ამ „ბიზნესით” დაკავებულ კრიმინალებს გატაცებული ავტომანქანები ცხინვალში, აფხაზეთში, ანუ ნაკლებად კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავდათ და გვარიან მოგებასაც ნახულობდნენ. ავტომანქანის მფლობელთა უმეტესობამ დაკარგულის პოვნაზე უკვე კარგა ხანია, ხელი ჩაიქნია, მაგრამ თამაზ ქირიას ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი „ანტიკვარული“ „ვოლგის“ ქურდს აუცილებლად მიაგნებდნენ. დარწმუნებული იყო, რომ „ვოლგა“ მისმა უკანასკნელმა მგზავრმა გაიტაცა და ასეც მოხდა: თაღლითი ქურდი 6-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს და ციხის გზას გაუყენეს. თუმცა, როგორც პატიმარი, ისე მისი ოჯახი ირწმუნება, რომ ქირია დაზარალებული კი არა, ფსიქიკური ავადმყოფია, რომელიც უდანაშაულო ადამიანს ქურდობას აბრალებს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 8 სექტემბერს, გამთენიისას, თამაზ ქირიას ბალახებში გამოეღვიძა და გაოგნდა – ბალიშის ნაცვლად თავქვეშ ბენზინის „კანისტრა” ედო, გარშემო ნაძვები ერტყა, გვერდით კი მტკვარი ჩამოდიოდა. 5 წუთის შემდეგ გონს მოვიდა, ქალი და კაცი შენიშნა და მათგან გაარკვია, რომ ავჭალაში იყო. არსად ჩანდა მისი კუთვნილი „ვოლგა”. ამიტომ „მარშრუტკაში“ ჩაჯდა და შინ უმანქანოდ დაბრუნდა.
თამაზ ქირიას ჩვენებიდან: „7 სექტემბერს, დაახლოებით, 22 საათზე კუკიაზე 27 წლამდე ბიჭმა გამაჩერა – პოლიციის თანამშრომელი ვარ, ძმაო, ჩემმა უფროსმა მანქანა დაამტვრია და ვაგზალზე გამიყვანეო. კარი გააღო და ისე, რომ არც უკითხავს, მანქანაში „ნაგლად” ჩაჯდა. მას ორი სხვა ახალგაზრდაც მოჰყვა და მთხოვეს, ვაგზლისკენ წავსულიყავი. ერთ-ერთს, რომელსაც „დავიდოვიჩს” ეძახდნენ, ხელში „რადიოლასავით” რაღაც ეჭირა და ტრაბახობდა – აუ, ამან რა მაგარი საქმე გამახსნევინა, არ მინდა თან ვათრიო და შინ გამიყვანეო. დავემორჩილე და საგზაო წესების დარღვევით, სანკტ-პეტერბურგის ქუჩისკენ წამაყვანინეს თავი. „დავიდოვიჩი“ მანქანიდან გადავიდა. ვიფიქრე, რომ კარგი ხალხი არ იყვნენ, რადგან მანქანიდან გადასულმა სახლთან კი არა, შორს გამაჩერებინა მანქანა. სარკეში ვუყურებდი, როგორ ჩავიდა ქუჩის ბოლომდე და კუთხეს მოეფარა. ამასობაში მანქანაში დარჩენილებმა მითხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ, „დავიდოვიჩი“ კი – მათი განყოფილების უფროსი. ერთმა თქვა, რომ გელა ერქვა, მეორეს კი – პანტიკო. „დავიდოვიჩის” მოსვლისთანავე „პოლიციელებმა“ „დინამოსთან“, ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან გამიყვანეს. ვიფიქრე, რომ ლომბარდში რაღაცას აბარებდნენ, მაგრამ ვიღაცეებს დაელაპარაკნენ, მერე რაღაც ფურცელი მოიტანეს, სადაც ვიღაცის მისამართი ეწერა და ამჯერად რუსთაველზე გაყვანა მთხოვეს. მათ საუბარში არ ვერეოდი. მთელი თბილისი ორჯერ შემომატარეს. ბოლოს, საბურთალოზე მთხოვეს მანქანისთვის ტაქსის ტრაფარეტი მომეხსნა. მეუბნებოდნენ, რა კარგი მანქანაა, რამდენი წლისააო? ესაა ჩემი პურის ფული-მეთქი, ვუთხარი. გელამ მითხრა, ჩემი მანქანაც მალე მექნება, „პროფილაქტიკაში” მიყენიაო. მერე მაგნიტოფონი მოეწონათ – არ გეშინია წაგართვანო? ავუხსენი, რომ მის მოხსნას ერთი საათი მაინც დასჭირდებოდა. საბურთალოდან მწვადის საჭმელად გადაწყვიტეს წასვლა. გამიხარდა, ვიფიქრე, რომ მალე გამიშვებდნენ, თანაც გვიანი იყო და ჩემი მეუღლე ინერვიულებდა. გმირთა მოედანს რომ ავცდით, პოლიციელები შევნიშნეთ, რომლებმაც გამაჩერეს და ყველას საბუთები გვთხოვეს. არ ვიცი, პოლიციელებს რა საბუთი აჩვენეს, მალე გაგვიშვეს. მეიდანზე ყველაფერი დაკეტილი იყო და მგზავრები „ისნის“ მეტროსთან ერთ-ერთ სასადილოში მივიყვანე. მანქანიდან რომ გადავიდნენ, ვთხოვე, გადაეხადათ, მაგრამ გელამ მითხრა, ამდენი პატივი გვეცი, შენც გადმოდი, მეც გლდანისკენ მოვდივარ და გამოგყვებიო. ამავდროულად მანქანის სალონს მინები აუწია და მანქანას გასაღები გამოაძრო. იძულებული გავხდი, გავყოლოდი. დალევას არ ვაპირებდი, მაგრამ ხან შვილების სადღეგრძელო თქვეს, ხან რა და ბოლოს მაინც დამალევინეს. შინაურული საუბარი დავიწყეთ. გაირკვა, რომ ყველა გლდანისკენ აპირებდა წამოსვლას, რადგან ფული ჰქონდათ ასაღები. რაღაც პერიოდში სამივენი გარეთ გავიდნენ, უკან კი მხოლოდ გელა და პანტიკო დაბრუნდნენ. მითხრეს, „დავიდოვიჩი” შინ წავიდაო. არაყი აღარ იყო, მაგრამ „დავიდოვიჩის” ჭიქა მე გადმომიდგეს და დალევა დამაძალეს. გარეთ რომ გავდიოდით შინ დავრეკე, მეუღლეს ვუთხარი, რომ 15-20 წუთში შინ ვიქნებოდი და „ნაბერეჟნით” წავედით, მაგრამ ლუდის ბართან პანტიკომ მანქანიდან გადასვლა გადაწყვიტა და იქ ჩამოვსვი. მე და გელამ გზა გავაგრძელეთ, მაგრამ უცებ ისე ცუდად გავხდი, ისე მეძინებოდა, საჭესთან გელა დაჯდა. ელიავას ბაზრობასთან, ხიდს რომ გავცდით, უკვე ძალიან ცუდად ვიყავი და გელას ვთხოვე, სახლში მივეყვანე. ვუთხარი, რომ გასაღებზე ეწერა ჩემი მისამართი. ამის თქმა იყო და თვალებში დამიბნელდა. როცა გამოვფხიზლდი, დილა იყო და მიწაზე ვიწექი”.
„ოთხი საათი „ვაკატავე“ და იდიოტი ვარ, რომ ვერ ვიცნო?”
ავჭალიდან შინ მისულმა თამაზ ქირიამ ავტომანქანის საპოვნელად გლდანის პოლიციას მიმართა. ეზოში პოლიციელები დახვდა და ჯერ მათ მოუყვა, რაც თავს გადახდა. – ამას ეტყობა „კლოფელინი“ ჩაუყარეს არაყშიო, – უთქვამს ერთ-ერთ პოლიციელს. თუმცა, იმ მოტივით, რომ საქმის აღძვრა მათ რაიონს არ ეკუთვნოდა, დაზარალებული ნაძალადევის პოლიციაში გადაამისამართეს. იქიდან – დიდუბე-ჩუღურეთში, შემდეგ – ისან-სამგორში, ავჭალაში, მერე ისევ გლდანში და როგორც ქირია ამბობს, მთელი ორი დღე იმას არკვევდა, რომელი რაიონის პოლიციისთვის უნდა მიემართა. ბევრი სირბილის შემდეგ, მისი ავტომანქანის ამბის გარკვევა გლდანის პოლიციამ დაიწყო. მაგრამ, როგორც ამბობს, წლები ისე გავიდა, არაფერი გარკვეულა. ვინაიდან პოლიციას სისტემატურად აწუხებდა, პოლიციელები უკვე ამრეზით უყურებდნენ, მაგრამ თავს მაინც არ ანებებდა. რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც ცნობილი ტაქსების გამტაცებელთა ბანდა აიყვანეს, პოლიციამ ქირიას თავად დაურეკა და საქმეც გაიხსნა – დაკავებულთა შორის დაზარალებულმა მისი დამზარალებელი „კლიენტი“ ამოიცნო, რომელიც გელა მიქავა აღმოჩნდა. თუმცა, „კლიენტი“ უარზე დადგა: „მერიასთან მიმიყვანე, ფული გადაგიხადე და წახვედი, რა ვიცი, შენი მანქანა სად არისო”, – განუცხადა დაკავებულმა და ქირია არათუ აგინა, საცემადაც გაიწია, რის გამოც დამატებით ხულიგნობის ბრალდებაც წაუყენეს.
საგულისხმოა, რომ გელა მიქავა, რომელიც პოლიციამ სხვა ბანდის წევრებთან ერთად აიყვანა, ქირიას გარდა, სხვა ვერც ერთმა დაზარალებულმა ვერ ამოიცნო და ფაქტობრივად, გამოძიება მის გამართლებას და გაშვებას აპირებდა. თუმცა, ანტიკვარული „ვოლგის“ პატრონმა უმტყუნა და ძიება განახლდა, ოღონდ მის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რადგან ქირიას გარდა მას სხვა არავინ ედავებოდა.
განსასჯელი, სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა, რომ ქირიას ფული გადაუხადა და თავის გზაზე წავიდა. ამან დაზარალებული ისე აღაშფოთა, რომ სასამართლო დარბაზიდან უყვირა: „გადავირიე – რა ფული გადამიხადე, ეგაა შენი კაცობა და შენი ქართველობა, სუფრაზე ტკბილ-ტკბილ სადღეგრძელოებს რომ ამბობდი?“ – დაზარალებული პროკურორმა ძლივს დააწყნარა, მაგრამ ამჯერად დარბაზიდან ქალი წამოხტა. როგორც შემდეგ გაირკვა – განსასჯელის დედა და ქირიას მიმართა, რომ მისი შვილი ვიღაცაში ეშლებოდა. დაზარალებული არც ამჯერად დაბნეულა: „აბა, როგორ მეშლება, როცა 3-4 საათი „ვაკატავე” შენი შვილი, იდიოტი ხომ არ ვარ, რომ ვერ ვიცნო? გამოდის, რომ ტაქსის მძღოლს მოწმე უნდა ჰყავდეს, ვის ჩაისვამს მანქანაში? მე შენი შვილის დაჭერა კი არა, მხოლოდ ჩემი მანქანა მინდა. მთელი ერთი თვის განმავლობაში რომ მაკითხავდი და საჩივრის გამოტანის ნაცვლად მანქანის ყიდვას მპირდებოდი, სადაა მანქანაა? მე თქვენი მანქანა არ მინდა, ჩემი მანქანა ყველაზე ძალიან მიყვარდა“.
მეტად კურიოზული სასამართლო პროცესის შემდეგ, სასამართლომ განსასჯელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დაზარალებულის სასარგებლოდ 864 ლარის ანაზღაურება დააკისრა. საქმე ისაა, რომ ქირიას „ვოლგა“ გამოძიებამ ამ თანხად შეაფასა, რაზეც დაზარალებულმა უკმაყოფილება ვერ დამალა. ამბობდა, რომ მისი ანტიკვარული ქონება გაცილებით დიდ თანხად ფასობდა. რაც შეეხება განსასჯელის ოჯახს, ისინი ძველ პოზიციაზე დარჩნენ და ჟურნალისტებს სთხოვეს, ვითომ დაზარალებული ქირიას ფსიქიკური მდგომარეობა გამოეკვლიათ.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ქირიამ ავტომანქანის ზარალი აინაზღაურა, მაინც დაზარალებული დარჩა – პროცესზე ხმამაღლა საქმის გარჩევისა და ყვირილის გამო, მოსამართლემ სასამართლოსადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა, რის გამოც 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა...