რა სიურპრიზებს აღმოაჩენენ საკუთარ თავზე მამაკაცები ლალი მოროშკინას წიგნში
თუ საქართველოს რუკას დავხედავთ, ძნელია ირწმუნო, რომ ჩვენი დღევანდელი მამაკაცები, მაინცდამაინც, უსახელო უფლისციხელისა თუ შამქორის ბრძოლის გმირების (დიდგორს თავს დავანებებ) შთამომავლები არიან. ეჭვი მაშინაც განმტკიცდება, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს შევავლებთ თვალს, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, დასაჯდომ ადგილებზე სწორედ მამაკაცები არიან გამაგრებული (მათი უმეტესობა, როგორც წესი, ფანჯრიდან გაჰყურებს პერსპექტივას და პეიზაჟის ჭვრეტისას ვერც კი ამჩნევს, რომ იქვე ბავშვიანი ან ასაკოვანი ქალბატონი დგას). შესაბამისად, გვაქვს რეალობა, რომელშიც ხშირად ქალები უფრო არიან კაცები, გნებავთ, რეალობა, რომელშიც ხშირად სწორედ კატებს აყეფებენ. როდის შემოგვეცალნენ ხელიდან გმირი ქართველი მამაკაცები? ამ, ცოტა არ იყოს, ფემინისტურ თემაზე ლალი მოროშკინას გავესაუბრეთ.
– თქვენ განსაკუთრებით რა გაღიზიანებთ ჩვენს თანამედროვე ქართველ კაცებში?
– ამ ბოლო დროს ისე გამოვიდა, რომ ძალიან ფემინისტურ განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ ფემინიზმს, როგორც წესი, ქმნის მამაკაცების არასრულფასოვანი მოქცევა. როდესაც ქვეყანაში ამდენს ლაპარაკობენ გენდერულ ბალანსზე, დამისახელეთ, რამდენი ქალია პარლამენტარი?!
– 7.
– რამდენი თანამდებობის პირი ქალია მთავრობაში?
– არც ერთი მინისტრი ქალი არ არის.
– ძალიან ცოტა ქალი მუშაობს სახელმწიფო თანამდებობაზე, მაშინ, როდესაც ბოლო 15 წლის ისტორია ქალებმა მოიტანეს თავიანთი ზურგით. ომის შემდეგ კაცები ისე დაკნინდნენ, ისე გადატყდნენ წელში, რომ ქალმა აიღო ყველა ფუნქცია და ჩვენ მივიღეთ ჩვენი თაობის უძლიერესი ქალები. საერთოდ, კავკასიელი ქალი ისტორიულადაა ძლიერი, როდესაც ამას დაერთო კაცების დაკნინება, ორმაგად დაიტვირთა ქალი და მგონია, რომ კაცები ამან კიდევ უფრო გააღიზიანა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო, როდესაც მამაკაცები ქალებთან ბრძოლისას არაკაცურ მეთოდებს გამოიყენებდნენ. მაგალითად, კაცები არ გაურბიან ქილიკს, ჭიჭყინს.
– ჭორაობას?
– ჭორაობა ხომ მათი საყვარელი საქმიანობაა. ისეთი მეთოდებით გექიშპებიან, რაც ჩემთვის ქალისგანაც კი წარმოუდგენელია, სახტად რჩები. ამაზე ერთადერთი სურვილი მაქვს, დავარტყა, ანუ კაცური პასუხი გავცე, აბა, სახეს ხომ არ ჩამოვპორჭყნი?! მაგრამ მერე ვფიქრობ, რომ არ ღირს ხელის გასვრა ასეთ ამება ადამიანებზე. სამწუხაროდ, მე მართლაც არ ვარ მაღალი წარმოდგენის ქართველ კაცებზე; სამწუხაროდ, რადგან მე ჩემი ბავშვობიდან სხვანაირი ქართველი მამაკაცები მახსოვს, დღეს კი რაღაცნაირი ვარდისფერპერანგიანები არიან. გახსოვთ, აფხაზეთის ომის დროს დუბაიში რომ დაფრინავდნენ?! რესტორნებში დიმპიტაურებს რომ მართავდნენ?! დღესაც რამხელა ტრაგედიაა, 30 კილომეტრში ოკუპანტი დგას და ქართველი მამაკაცები ბედნიერად ცხოვრობენ. სულ იმას ვამბობ, რატომ არ შეიძლება, პარტიზანული ომი აწარმოო?! პატრიზანული ბრძოლით რუსებმა ჰიტლერული არმია დაამარცხეს?! პარტიზანულმა ბრძოლებმა მოიგო ომები. ვისზე ნაკლები ვართ?! მაგრამ, როგორც ჩანს, ნაკლები ვყოფილვართ. ჩვენ შეიძლება, გავიძღოთ მუცლები და არ გვაწუხებდეს, რომ ამდენი დევნილი გვყავს. თბილისში რომ გაივლი, გეგონება, ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობ, არადა არ ხარ ბედნიერ ქვეყანაში. კოდორი აღარ გაქვს, ახალგორი აღარ გაქვს, უკვე „გაპრავებულია“ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაკარგვა და მაინც გიხარია?! ჯაჭვიც კი ვერ გავაკეთეთ მდუმარე. სარკოზი გვეუბნება, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა, ჩვენ კი ვაჩვენეთ „X-5-ისა“ და „ინფინიტების“ დეფილე, ნაირ-ნაირი ტანსაცმლის, ბრილიანტების, სათვალეებისა და ტელეფონების გამოფენა. როგორ შეიძლება, ყველაფრისგან ცირკი გააკეთო?! ქალებმა მეტი რა გააკეთონ?! ჯერ ერთი, ყველა მძიმე სამუშაოს თავიანთ თავზე იღებენ, ას სამსახურში მუშაობენ, რომ რაღაცნაირად ოჯახი გამოკვებონ. მიტინგებსაც შეხედეთ: ქალები მედგრად ბოლომდე დგანან როგორც ლიდერები, ისე საზოგადოების წევრები.
– 90-იან წლებში წაგებული ომის გამო კაცები დეპრესიაში ჩაცვივდნენ, ამასობაში საზღვარიც გაიხსნა და ქალებმა თურქეთს მიაშურეს. მე არ ვაპირებ, განვსაჯო და არც მაინტერესებს, რისთვის, თუმცა დეპრესიაში ჩაცვენილმა კაცებმა დედის რძესავით შეირგეს მათი ქალების მიერ მეტად საეჭვო გზით ნაშოვნი ფული.
– დედაჩემი მეუბნება ხოლმე, პრესით ასეთ რამეს ნუ იტყვიო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: როდესაც ამბობენ, ადრე თურქები ჩვენს ქალებს იტაცებდნენო, ეჭვი მეპარება, ალბათ, მაშინაც თავისი ნებით გარბოდნენ ჩვენი ქალები, იმიტომ რომ, ქართველი კაცი ყოველთვის გაზულუქებული იყო. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა დოზით წერდა სიმართლეს მემატიანე?! მით უმეტეს, რომ გუშინდელი ისტორიაა გაყალბებული. ქალი მირბოდა მინდორში, რომ საჭმელი მიეტანა, ქართველი კაცი კი ცოტას მოთიბავდა და მერე მთელ დღეს წუწუნებდა. საერთოდ, ქართველი კაცის ბუნებაა წუწუნი. ალბათ, ქალებს ბეზრდებოდათ და თავიანთი ფეხით გარბოდნენ თურქეთში: აქეთ – ფადიშაჰი, იქით – კაი აბრეშუმი, თორემ რა, გაიხსნა საზღვარი და ასე უცბად გადაკეთდნენ ქართველი ქალები?! ეტყობა, მაშინაც გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდათ, თორემ შეიძლებოდა, დასავლეთი საქართველოს უმეტესი ნაწილი თურქეთში აღმოჩენილიყო?! ნახეთ, რამდენია წასული საბერძნეთში და მართლაც ვირულ შრომას ეწევიან, ეს ყველაფერი არის ჩვენი კაცების ბრალი. ალბათ, საბჭოთა დროს ცხოვრობდნენ ჩვენი კაცები ყველაზე გალაღებულად: ტერიტორიები დაცული იყო, გარანტირებული ჰქონდათ სამსახური და შეეძლოთ, ფეხი ფეხზე გადაედოთ.
– და მხოლოდ სადღეგრძელოების დახვეწაზე ეფიქრათ?
– დიახ, საბჭოთა დროს ყველაზე გალაღებული იყვნენ. აზრის თავისუფლება არ იყოო, მაგრამ არ მგონია, ბრძნული აზრები აწვებოდათ, რადგან ახლა არის ამის საშუალება, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ვინმეს გამოეთქვას კლასიკური აზრი, რომელიც გულებში უნდა ამოვიტვიფროთ. საერთოდ, როდესაც ერთი დომინანტია, მეორე პასიური ხდება და, ალბათ, კავკასიელი ქალის სიძლიერემ გამოიწვია კაცების ასეთი პასიურობა და, როგორც ჩანს, ეს ყოველთვის ასე იყო. მეორეც, ძალიან ძლიერი ფენომენია ქართველი დედა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ქართველი დედის სიძლიერემ გამოიწვია ბიჭი შვილის დაკნინება. იმდენად თრგუნავენ თავიანთი სიძლიერით, რომ ის შვილი 40 წლის ასაკშიც კი დედას უყურებს ხელებში.
– რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ქალი დისკრიმინირებულია, შემდეგ ის, როგორც დედა, დისკრიმინაციას უწევს შვილს, ის შვილი იზრდება და სხვა ქალს უწევს დისკრიმინაციას და საბედისწერო წრეც იკვრება.
– რა თქმა უნდა, ბიჭს, რომელიც ვერ გამოდის დედის გადამეტებული გავლენიდან, აქვს კომპლექსი. დედა, რომელსაც არ გაუმართლა ან მეუღლე დაკარგა, ცდილობს, ვაჟი, რაც შეიძლება, მეტად დაიახლოვოს, მაგრამ მეტი სიახლოვე სწორედ მაშინაა, როდესაც მეტ თავისუფლებას გაძლევენ. ავარიაში მოვყევი და ძალიან მძიმედ ვიყავი, მაგრამ კატეგორიულად ვთქვი უარი, რომ ჩემი შვილი ჩამოსულიყო ავსტრიიდან და სწავლა მიეტოვებინა. მით უმეტეს, ჯანმრთელ დედას ბიჭი დღედაღამ გვერდით არ უნდა ჰყავდეს. ქართული რძალ-დედამთილობა ხომ საერთოდ ჩიკატილოს ისტორიებია. ჩემს წიგნშიც ვწერ ამის შესახებ: ერთ ბეჭედს გადაგაყოლებენ მთელი ცხოვრება, რომელიც შეიძლება, არც მოგწონს, მაგრამ მაინც უნდა ატარო, იმიტომ რომ დედამთილმა გიბოძა და იმასაც ამოგადენენ ძმრად. ძალიან სწორია, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენც უნდა გადავიდეთ ურთიერთობის ევროპულ ფორმებზე. დიახ, ძალიან ნორმალურია, როდესაც დედამთილი და სიდედრი არ ერევიან შვილების ოჯახურ საქმეებში და ზრდასრული ადამიანები თვითონ, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ქართულ სლენგშია გამონათქვამი: ბიჭს ცოლი მოვაყვანინეო. დღემდე ვადანაშაულებ დედაჩემს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ჩაერია: 15 წლის ასაკში მომიტაცეს, კატეგორიულად ვითხოვდი სახლში დაბრუნებას, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, შენ კიდევ მოგიტაცებენ, სკოლას მაინც ვერ დაამთავრებ, უნდა გდიოთ, კარგი ოჯახია და დარჩიო. დღემდე, თუ რაღაც პრობლემა გამიჩნდება, დედაჩემს ვახსენებ, შენ რომ არ ჩარეულიყავი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა-მეთქი. ამიტომ ვფიქრობ, რაც ნაკლები გექნება სხვაზე გადასაბრალებელი, მით უკეთესია. ჩემს შვილსაც აქვს პერიოდულად მცდელობა, დამაბრალოს, შენი ბრალია, ავსტრიაში რომ მოვცდი, ჯობდა, თბილისში გამეგრძელებინა სწავლაო, მაგრამ იმდენად არ ჩავრეულვარ მის ცხოვრებაში, რომ მაინც ვერ მაბრალებს. ბუნებრივია, საკუთარ წარუმატებლობებს ყველაზე მეტად ახლობლებს აბრალებ, ამიტომ, მოდი, ნუ მივცემთ ერთმანეთს საშუალებას, რომ ერთმანეთს რაღაც ვაბრალოთ. მე საერთოდ მეგობრული ურთიერთობების მომხრე ვარ, ოღონდ ვამბობ: ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ერთად ცხოვრებას. მიმაჩნია, რომ 18 წლიდან შვილებმა ცალკე უნდა იცხოვრონ, რომ არ მივიღოთ ღიპიანი კაცი, რომელმაც არ იცის, როგორ ჩაიცვას წინდა.
– ან რამდენ შაქარს იყრის ჩაიში.
– და, თუ ცოლი ცუდად არის, საყვარლის ძებნა არ დაიწყოს, რადგან დისკომფორტი შეექმნა. პარადოქსია: ქართველი ქალი ყველაზე პატიოსანიაო და ყველა ქართველ კაცს საყვარელი ჰყავს. რატომ? იმიტომ რომ ცოლთან საკუთარი ეგო ვერ დაიკმაყოფილა, რადგან დედამ უფრო მეტი გასცა მისთვის: დედა ფუნთუშებით დასდევდა, ამიტომაც ეძებს, ცოლის გარდა, მეორე ძიძას და ამ ძიძების ძებნაში ბერდება კიდეც. თუმცა მე ისიც ვიცი, რომ არიან შეფები, რომლებიც შიშის ზარს სცემენ თანამშრომლებს, რომლებიც, ზუსტად ვიცი, რომ სახლში, ცოლებთან, საცოდავები არიან. ცოლს ისევე უჭირავს ხელში, როგორც თავის დროზე დედას ეჭირა და განაგებს მის ცხოვრებას. ეს მეორე უკიდურესობაა: დედის ხელიდან გადადის ცოლის ხელში. ძალიან ბევრგან ვერ მიიღებ სამსახურს, თუ შეფის ცოლს არ მოეწონე და არ გაიარე ის სირცხვილის კორიდორი, რომელსაც შეფის ცოლი მოგიწყობს. თუ შენი მორალი და გარეგნობა არ მოეწონა, სამსახურს ვერ დაიწყებ. ეს ნაცადი ხერხია, ამიტომ ძალიან ვაფასებ იმ ქალებს, რომელთათვისაც ეს კლიშე არ არსებობს და ადამიანს პროფესიონალიზმით აფასებენ და არა იმით, როგორ შეხედავს მისი ქმარი.
– უცხო თვალით როგორ ჩანან ჩვენი კაცები?
– ისევე, როგორც შიგნიდან. ბევრი ჩემი ახლობელია უცხოეთში გათხოვილი და თავიანთ უცხოელ ქმრებთან გაცილებით კომფორტულად ცხოვრობენ. ევროპელი მამაკაცები არიან გაცილებით მზრუნველი ქმრები და მამები, ვიდრე ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა თაობაში ეს პრობლემა ასე მწვავედ არ დგას. ჩემს თაობაში ოჯახების 85 და მეტი პროცენტი ფიქციაა და ძალიან ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა თავისი ყოფით. ახალი თაობა უფრო ცდილობს, მეგობრულ ურთიერთობებზე ააწყოს ოჯახი. ევროპაშიც ამაზეა აგებული: თანამშრომლობასა და მეგობრობაზე. მე ვფიქრობ, რომ ოჯახში, გარდა სიყვარულისა, რომელიც აუცილებლად გადის, უნდა იყოს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც რჩება. მეორე მხრივ, ჩვენი კაცები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან: ჩვენ მივიღეთ მდიდარი კაცების სექტა, რომლებიც თავიანთი აღვირახსნილობით უფულოებზე უარესები არიან და კაცები, რომლებიც ძალიან დადებითი ადამიანები არიან, მაგრამ ფინანსურად უჭირთ და ფრთებს ვერ შლიან. სამწუხაროდ, საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც ხელგაშლილი კაცები ცხოვრობენ. ქართველი კაცები უბრალოდ აღარ არიან ხელგაშლილები. ძალიან ცოტა ქალი ვიცი ჩემ გარშემო, რომ არ წუწუნებდეს ამაზე, კაცებს ხან მათი დაბადების დღე ავიწყდებათ და ხან რომელიმე დღესასწაულის მილოცვა, შეიძლება, კაცები ისე ჩაიხლართნენ თავიანთ პრობლემებში, რომ ასეთი რაღაცეები მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა.
– ქართველი კაცები ძუნწებიც არიან?
– ქართველი კაცი საერთოდ ძუნწია. სხვათა შორის, სიძუნწე კავკასიური თვისებაა.
– ძუნწები არ იყვნენ.
– ავიღოთ ევროპული და ამერიკული ქორწინება, „ჰოლივუდის“ ფილმებიდან ხომ მაინც ვიცით?! ბრილიანტის კარატებითაც კი გამოიხატება ხოლმე პატივისცემა და სიყვარული. ჩვენთან დღეს კაცები ცდილობენ, მაქსიმალურად თავიანთ თავზე გადაიფორმონ ყველაფერი, რომ გაყრის შემთხვევაში არავის არაფერი გაუყონ! მე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ კაცების სიძუნწე თვალშისაცემია. ჩვენ მივიღეთ კაცების ახალი თაობა, რომლებსაც ჭკუა ეკეტებათ ტანსაცმელზე და ჭყეტელა ნივთებზე, მივიღეთ ბრასლეტიანი და ბეჭდიანი ნარცისი კაცების თაობა. მაგალითად, ქართველებზე გაცილებით ხელგაშლილები არიან აზერბაიჯანელები, სომხები, ქალთან დამოკიდებულების თვალსაზრისით; არაჩვეულებრივი ქმრები და თაყვანისმცემლები არიან ებრაელები. იგივე შემიძლია, ვთქვა ჩეჩნებზე. სიძე მყავს ჩეჩენი და ჩემს დას ხელისგულზე ატარებს. შეიძლება, ნერვები რომ მოუშალო, პირდაპირ ყელი გამოგჭრან, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს.
– სექტემბერში გამოვა თქვენი წიგნი: „პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“. ქალები ხშირად საყვედურობენ კაცებს, რომ ისინი ენას ვერ აჩერებენ და ბაქიბუქობენ თავიანთი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ.
– მე კიდევ ჩემს ბაქიბუქობაზე ვწერ?!
– არა, კაცების დისკრიმინაცია ხომ არ გამოდის-მეთქი?
– სულ იმათი ფიარია, რა დისკრიმინაცია?! ჭკუაზე არ იქნებიან! ვინც ნახსენებია, ყველა იმ მამაკაცის ფიარია ჩემი წიგნი. ამას გარდა, ყველასთვის იქნება სამახსოვრო: იქ არის ფოტოალბომიც და სამახსოვრო ისტორიები.
– ისეთი რაღაცეები იქნება, რასაც შეიძლება, ისინი მალავდნენ?
– ისეთი არაფერი არ არის, რაც მათ კაცურ ღირსებას დააკნინებს. შეიძლება, ადამიანი გააკრიტიკო, მაგრამ ღირსება არ შეულახო. არავის ღირსება არ იქნება შელახული, ვინც როგორ იცხოვრა, იმას წაიკითხავს თავის თავზე.
– იმ ქალებისთვის, რომლებიც ახლა მათ გვერდით არიან ან მაშინ იყვნენ, არ იქნება მტკივნეული?
– არ ვიცი. ალბათ, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ აღიქვამს. არ ვაპირებ, რომ მათ ქალებზეც ვიდარდო.
ანა თაყაიშვილი