ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ვის მიერ ხდება გირაოს გადახდა, გირაოს დაბრუნება?
პასუხი: გირაო არის ფულადი თანხა, ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი სასჯელით.
კითხვა: რატომ არ აძლევს მოსამართლე განსასჯელს ახლობლებთან შეხვედრის უფლებას პროცესის დამთავრებამდე?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, განაჩენის გამოცხადებისთანავე, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის წერილობითი თხოვნით, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, მისცეს მას ნათესავებთან და ახლობლებთან შეხვედრის ნებართვა. ესე იგი, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულისთვის ახლობლებთან და ნათესავებთან შეხვედრის ნებართვის მიცემა სასამართლოს სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, განაჩენის გამოცხადებისთანავე.
კითხვა: რა შემთხვევაში ფორმდება საპროცესო შეთანხმება და ვინ აფორმებს? რა ვადაში? აქვს თუ არა მოსამართლეს უფლება, არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება? შეიძლება თუ არა მისი გასაჩივრება?
პასუხი: საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე მოსამართლე უფლებამოსილია, მხარეებს შესთავაზოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო შეთანხმების დადება. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული შეთანხმება.
გარდა ამისა, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურატურას საბრალდებო დასკვნის საკითხის გადასაწყვეტად. მსჯავრდებულს ამ კატეგორიის საქმეებზე განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს (განსასჯელს) შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
პროკურორს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
კითხვა: საქმეში ცნობილი ვიყავი დაზარალებულად. დამნაშავის დაპატიმრების დროს საქმეს დაურთეს ჩემი კუთვნილი ნივთი, როგორც ნივთმტკიცება. როგორ შეიძლება საქმეში არსებული ნივთმტკიცების დაბრუნება?
პასუხი: განაჩენში სისხლის სამართლებრივი დევნის და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინებაში ან დადგენილებაში ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:
– თუ ჩამორთმევას დაქვემდებარებულ დანაშაულის საგანს, იარაღს ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს ღირებულება არ აქვს, იგი ნადგურდება. ხოლო თუ მას აქვს ღირებულება, იგი უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს.
– თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არ აქვს, ნადგურდება.
– სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არ აქვს, ნადგურდება, ან დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით, მას გადაეცემა;
– დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტს;
– დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
– თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით, საქმეზე არსებულ ნივთმტკიცებაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მფლობელს ნივთმტკიცება მესაკუთრეს (მფლობელს) როგორც წესი, დაუბრუნდება განაჩენის აღსრულებისას.
კითხვა: ჩემი ძმის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მას განაჩენის ასლი არ მიუღია. გთხოვთ მაცნობოთ, აქვს თუ არა ახლო ნათესავს განაჩენის ასლის მიღების უფლება?
პასუხი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 514 მუხლის თანახმად, განაჩენის ასლი გადაეცემა სახელმწიფო ბრალმდებელსა და მსჯავრდებულს ან გამართლებულს, ხოლო პროცესის სხვა მონაწილეს – მხოლოდ მისი მოთხოვნის საფუძველზე. თუ მშობელი და სხვა ახლო ნათესავი არ არის პროცესის მონაწილე, მას არ აქვს უფლება, მიიღოს განაჩენის ასლი.