ვისთან ერთად სთავაზობდნენ დუეტში გამოსვლას კონკურსანტ სოფო ხალვაშს „ახალ ტალღაში“
ყველასათვის საყვარელი მომღერალი სოფო ხალვაში ამჟამად მშობლიურ ბათუმში ისვენებს. პარალელურად ახალი კონცერტისთვის ემზადება, რომელზე საუბარსაც დროებით თავს არიდებს და დღეს, როგორც „ახალი ტალღის“ მაყურებელი, იხსენებს თავის მაშინდელ საკონკურსო ციებ-ცხელებას, როდესაც ამ ფესტივალში იღებდა მონაწილეობას.
– სოფო, როგორ ხარ?
– კარგად, გმადლობთ. ამჟამად, ქეთევანთან - ჩემს შვილთან ერთად ვისვენებ ბათუმში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. ვცდილობ, კარგად გავატაროთ დრო. ერთი კვირის წინ ჩამოვედით, მალე მეუღლეც შემომიერთდება. ჯერჯერობით მეც, დედაჩემიც, მამაჩემიც და ჩემი დაც, დაკავებული ვართ ქეთევანით – რაც მას უნდა იმას ვაკეთებთ (იცინის). რა თქმა უნდა, მოვინახულე მეგობრები. ამ ეტაპზე ჩემი ყოველდღიური ცხოვრება დასვენებასთანაა დაკავშირებული. დილით გავდივართ ზღვაზე, შემდეგ ვბრუნდებით, სახლში და ბავშვი იძინებს. ამ პერიოდში მე ვმეცადინეობ, ანუ ვმუშაობ, მიუხედავად იმისა, რომ ვისვენებ. შემდეგ ქეთევანი იღვიძებს და მივდივართ სასეირნოდ.
– შეცვლილი დაგხვდა ბათუმი?
– ბათუმი შეცვლილი დამხვდა, ძალიან ბევრი რამე კეთდება. ცოტა ის გვიქმნის დისკომფორტს, რომ ქუჩებია გადათხრილი, მაგრამ, ალბათ, მალე ეგეც გაკეთდება.
– ალბათ, ოჯახის წევრები განებივრებენ, მონატრებულ შვილს...
– მშობლები ხშირად ჩამოდიან ხოლმე თბილისში და იქ ვნახულობთ ერთმანეთს, ამდენად, მონატრებას ვერც კი ვასწრებთ. აი, ბათუმი მართლა ძალიან მომენატრა – ბათუმი, ჩემი ნათესავები და მეგობრები.
– ბათუმთან ასოცირებული რა გენატრება ხოლმე ყველაზე მეტად?
– აჭარული ხაჭაპური მენატრება ხოლმე ძალიან, რომელსაც ახლა დედაჩემი ყოველ დილას მახვედრებს და უკვე აღარ მინდა (იცინის).
– წონაზე ხომ არ შეგემჩნა?
– არა.
– რამდენ ხანს გაჩერდები ბათუმში?
– ბათუმში, ალბათ სექტემბრის შუა რიცხვებამდე გავჩერდები, რადგან ჩემს დეიდაშვილს აქვს დაგეგმილი ამ პერიოდისთვის ქორწილი და აუცილებლად უნდა დავესწროთ. ამის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში, ცოტა ხანში კი წავალთ სადმე უცხოეთში, თუ სად – მიშიკო რომ ჩამოვა, მერე გადავწყვეტთ.
– შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეები გაქვს?
– ყველა მეკითხება, რას აკეთებ, კონცერტს ხომ არ გეგმავო. კონცერტი, ალბათ, მომავალ ზაფხულს მექნება. ჯერჯერობით ვმუშაობ და წინასწარ არაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ აღარ ამიხდება ხოლმე.
– ცრუმორწმუნე ხარ?
– ცრუმორწმუნე არ ვარ. ამიტომ არასდროს არაფერს არ ვგეგმავ წინასწარ და მივყვები დინებას.
– ბავშვზე რას გვეტყვი, პატარა ქეთევანზე?
– ქეთევანი უკვე 1 წლის და 7 თვისაა. ადრე ძალიან ჰგავდა მამას, ახლა ცოტა მე დამემსგავსა.
– მეუღლე საქართველოშია?
– მეუღლე ლატვიაში მუშაობს, მაგრამ ამჟამად თბილისშია.
– ცალ-ცალკე გიწევთ ცხოვრება?
– არა, ძირითადად ტელეფონით აგვარებს ხოლმე საქმეებს. თუ საჭიროება მოითხოვს, სამი-ოთხი დღით ჩადის ლატვიაში და ისევ თბილისში. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ.
– ეკრანზე გცნობს ხოლმე ქეთევანი?
– თუ სახლში ვარ და ტელევიზორში დამინახა, მიყურებს და იცინის, თუ სახლში არ ვარ და ამ დროს გამოვჩნდი ეკრანზე – ტირილს იწყებს.
– ბავშვს უმღერით „იავნანას“?
– ადრე ვუმღეროდი; ახლა „იავნანას“ რომ ვუმღერი, ტირილს იწყებს, გული უჩუყდება. მუსიკალური ბავშვია. ამორჩეული აქვს სიმღერები, რაღაცეები უყვარს და მღერის. ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობს და მუსიკას აყოლებს ხოლმე ხმას. მიკროფონი უყვარს ძალიან, ოღონდ გამორთული, ჩართული რომ ციმციმებს, ეშინია. (იცინის).
– შენ რომელი ასაკიდან მღერი?
– მე 3 წლიდან ვმღერი. ჯერ დავდიოდი სამუსიკოსთან არსებულ ექსპერიმენტულ საკრავიერო სკოლაში, სადაც ვეუფლებოდი ორ ინსტრუმენტს – ფორტეპიანოსა და ჩასაბერ ინსტრუმენტ ჰობოის.
სცენაზე ძალიან დიდხანს გამოვდიოდი როგორც პიანისტი, და არა როგორც მომღერალი. მე საფორტეპიანო განყოფილება მაქვს დამთავრებული, თუმცა ამ მხრივ აღარ გამიგრძელებია კარიერა. პირველად როგორც მომღერალი, „ნუცას სკოლაში“ გამოვჩნდი.
– „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის მისაღებად როგორ აგარჩიეს?
– სანამ ამირჩევდნენ, წინა წელსაც მქონდა გაგზავნილი მონაცემები „ახალ ტალღაში“, მაგრამ მაშინ ნინი შერმადინი მიიღეს. თავიდან არ ვიცოდით, რა ხდებოდა, რა უნდა გაგვეგზავნა, როგორ... (იცინის). არც ერთი ჰიტი არ მქონია გაგზავნილი, ვერ მიხვდნენ, საერთოდ ვინ ვიყავი (იცინის). შემდეგ მაია ყიფიანმა მითხრა, მოდი, კიდევ გავგზავნოთო. ნინი იყო პირველი, მან გაარკვია ყველა იქაური სიტუაცია და სამზარეულო. მისაღებ ტურზე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა სალომე ბაკურაძემ, მახსოვს, როცა ქასთინგზე იმღერა, მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ტაშს უკრავდა. აჩიკო ნიჟარაძეც ძალიან მოეწონათ. სხვათა შორის, შემოგვთავაზეს, იქნებ აჩიკო ნიჟარაძისა და სოფოს დუეტი გაკეთდეს და ერთად გამოვიდნენ „ახალ ტალღაზეო“, მაგრამ ეს წინადადება არ განხორციელდა. ამის შემდეგ მე და აჩიკოს კიდევ გვთხოვეს რამდენიმე სიმღერის ჩაწერა. სიმართლე გითხრათ, მართლა არ ველოდი, რომ მე ამირჩევდნენ. ძალიან გამიხარდა.
– იურმალაში ჩასულს რა სიტუაცია დაგხვდა?
– იქ ძალიან დაძაბული ვიყავი. ნერვიულობისგან სიმღერის დროს თვალებს ვხუჭავდი და ერთი სული მქონდა როდის ჩავამთავრებდი. (იცინის). ძალიან დამეხმარა ალექსანდრ რევზინი. დღემდე მადლობელი ვარ ამ კაცის. გვაქვს რაღაც კავშირები, ის დღემდე მეხმარება, რაც შეუძლია. მისგან განსაკუთრებულ სიმპათიებს ვგრძნობდი. ამჟამადაც, როცა ჩავდივარ ხოლმე იურმალაში და მხვდება, „დოჩას“ მეძახის. ასევე, არ შეიძლება, არ აღვნიშნო ძმები მელაძეები.
– ძალიან გამიკვირდა, რომ წელს არ იყავი იქ და, მეორე, რომ ვერ ნახა ეს კონკურსი ქართველმა მაყურებელმა.
– ყოველ წელს მე ხომ არ ვიქნები (იცინის), შარშან ძალიან გვასახელა დუეტმა „ჯორჯიამ“ და ამჯერად ისინი იყვნენ მიპატიჟებულნი. თან, ინტერნეტით რომ ვუყურე, მომეჩვენა რომ წელს ძალიან ქართული იურმალა იყო. წამყვანად ჰყავდათ თინა კანდელაკი, რომელმაც, სანამ ჩვენს კონკურსანტს გამოაცხადებდა, ამ ყველაფერს ქართული შესავალი გაუკეთა. სოსო პავლიაშვილმა ქართულ მოტივებზე შეასრულა სიმღერა. ასევე მოცეკვავე ბავშვი დამამახსოვრდა ფაფახით, რომელმაც ქართულად დაუარა.
– ახალი ტალღის ჩვენს წლევანდელ მონაწილეს როგორ შეაფასებდი?
– არ არის ცუდი გოგო. მე განსაკუთრებით მომეწონა ქართველი შემსრულებელი, ლიკას მიერ შესრულებული უცხოური სიმღერა. ჩემი სიმპათია დაიმსახურა აგრეთვე ინდონეზიელმა ბიჭმა, რომელმაც პირველი ადგილი გაიყო. ჩემი აზრით, წელს ძალიან ძლიერი ნაკადი იყო „ახალ ტალღაში“.
ეკა სალაღაია