„მაკდონალდსის“ ახალი პრეზიდენტი ელექტროტექნიკოსია
მსოფლიოში უმსხვილეს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს ახალი დირექტორი ჰყავს. კომპანიის ახალი პრეზიდენტი დონ ტომპსონი გახდა, რომელიც წარსულში „მაკდონალდსის“ ამერიკულ ქსელს ედგა სათავეში. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ტომპსონმა საკუთარი კარიერა „მაკდონალდსის“ სისტემაში 1990-იანი წლებიდან დაიწყო და თავდაპირველად ინჟინერ-ელექტროტექნიკოსის თანამდებობაზე მუშაობდა. „მაკდონალდსის“ პრეზიდენტის პოსტზე ტომპსონმა რალფ ალვარესი შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა 2009 წლის დეკემბერში. დონ ტომპსონი არა მარტო კომპანიის პრეზიდენტი, არამედ საოპერაციო სისტემის დირექტორიც იქნება, ისევე როგორც მისი წინამორბედი ალვარესი. „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელი 1940 წელს დაარსდა. ამჟამად მსოფლიოში „მაკდონალდსის“ 32 ათასამდე რესტორანი მოქმედებს, რომლებიც 120 ქვეყანაში მდებარეობს. 2008 წლის მონაცემებით, ამ კომპანიის მოგებამ 4,31 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2009 წლის ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.