რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ვარ ავტოსპორტის მოყვარული. ხშირად მესმის, რომ ჩვენი მრბოლელების მანქანებს ეგრეთ წოდებული „კულაჩკოვი“ სიჩქარის კოლოფები რომ ჰქონდეთ, გაცილებით სწრაფად ივლიან და კოლოფიც იშვიათად დაზიანდებოდაო. ხომ ვერ ამიხსნით, რას ნიშნავს „კულაჩკოვი“ კოლოფი?
პასუხი: სიჩქარეთა კოლოფს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ სპორტში. ხოლო, რაც შეეხება თავად ამ ტიპის კოლოფს, თავისი კონსტრუქციით ის აბსოლუტურად განსხვავდება სტანდარტული კოლოფისგან, თანაც საკმაოდ ხმაურიანია და მის მოხმარებას ცოდნა და ძალა სჭირდება. მას არ აქვს ეგრეთ წოდებული სინქრონიზატორები, რომლებიც სიჩქარეში უხმოდ და რბილად ჩავარდნას უზრუნველყოფენ. მისი კბილები სწორკუთხოვნად არის გაჩარხული, რის გამოც ბევრად მტკიცეა, მაგრამ საშინლად წივის. მისი ნებისმიერი სიჩქარის გადაცემათა რიცხვი იოლად შეგვიძლია მოვარგოთ იმ კონკრეტულ ტრასას, რომელზეც შეჯიბრი, რბოლა გვიწევს. მისი სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვა მოდების („ცეპლენიის“) გამოუყენებლადაც შეგვიძლია, რის ხარჯზეც ძალიან ძვირფას დროს იგებ. კარგი კომბინაციის შედგენის შემთხვევაში, სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვისას, ჩვენ შეგვიძლია, ძრავის ნაკლები ბრუნი დავკარგოთ. მაგალითად, თუ ჩვენი სტანდარტული კოლოფი ერთი სიჩქარიდან მეორეში გადართვისას შვიდი ათასი ბრუნიდან ოთხი ათასამდე ჩამოდიოდა და ავტომობილს აჩქარებისთვის დიდი დრო სჭირდებოდა, კარგი კომბინაციის შემთხვევაში, ის მხოლოდ ათას ბრუნს დაიკლებს, ანუ ექვსი ათას ბრუნზე დაჯდება და, შესაბამისად, მიზერულ სიმძლავრეს დაკარგავს. ოღონდ, აქ ერთი პრობლემის წინაშე ვდგებით: მეხუთე სიჩქარით, შეიძლება, 170 კილომეტრ-საათი სიჩქარის მიღწევისას, ძრავის ბრუნთა რიცხვი „დაგვიმთავრდეს“, რაც ნიშნავს, რომ ის მეტი სიჩქარით ვეღარ წავა. სწორედ ამიტომ, სპორტულ მანქანას სჭირდება მეექვსე სიჩქარეც. ფორმულა ერთის შემთხვევაში კი, სიჩქარეთა რიცხვი, არც მეტი, არც ნაკლები, შვიდია. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სერიული ავტომობილებიც არა „კულაჩოკის“ ტიპის, ექვსსიჩქარიანი კოლოფებით აღიჭურვა, რათა დაბალკუბატურიანი ძრავის პირობებშიც კი მოახერხოს სწრაფი აჩქარება.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”, 2001 წლის, „ტიპ-ტრონიკი“. სიჩქარეთა სხვადასხვა პოზიციაში გადატანისას, ვთქვათ, „ერ”, „ენ” ან „დე” პოზიციებში ბერკეტის ჩაგდებისას ყრუ ხმა აქვს, თითქოს დგაფუნობს. რამდენად სახიფათოა ეს, როგორ შეიძლება ამ გაუმართაობის გამოსწორება, საერთოდ, რა შემთხვევებში იცვლება სიჩქარეთა კოლოფში ზეთი და როგორ უნდა დადგინდეს, გამოსაცვლელია თუ არა ის?
პასუხი: თუ პოზიციებში გატანისას ხმა აქვს და, ამავდროულად, ალბათ, ბიძგიც იგრძნობა ძარაზე, მაშინ აქ უკვე ტრანსმისიის გაუმართაობასთან გვაქვს საქმე, თუმცა, კონკრეტულად რისი პრობლემაა, ცოტა ძნელი სათქმელია, უმჯობესია, ხელოსანს ანახოთ. რაც შეეხება ზეთის შეცვლას კოლოფში, ის გარკვეული გარბენის შემდეგ იცვლება. დაახლოებით, ყოველი 50 000 კილომეტრის შემდეგ. რა მდგომარეობაშია დონე, ამის დადგენაც არ არის რთული, ადვილად შესამჩნევია, რადგან ავტომატური კოლოფი სიჩქარეების გადართვას აგვიანებს, ანუ სიჩქარეებს დიდი ინტერვალებით რთავს. გარდა ამისა, შესაძლებელია, „შუპზეც“ ნახოთ თუ როგორ მდგომარეობაშია ზეთი.