კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზს ელოდება მშობლებისგან ილიკო სუხიშვილის ქალიშვილი და ვინ გახდება სუხიშვილების ანსამბლის ხელმძღვანელი

დარია სუხიშვილი, გვარის შესაბამისად, ძალიან ამაყი გამოხედვით, არაჩვეულებრივი გარეგნობითა და მანერებით გამოირჩევა, თუმცა როგორც კი დაგელაპარაკებათ, მიხვდებით, რომ ის ძალიან ლაღად გაზრდილი, უბრალო და კომუნიკაბელური გოგოა. ქართულ ეროვნულ კაბაში გამოწყობილი  დარია, თავისი მომაჯადოებელი ღიმილით, სუხიშვილებთან ერთად, ალბათ, სცენიდან დაიპყრობს მთელი მსოფლიოს ადამიანების გულებს. ამისთვის ის ბავშვობიდან ბევრს შრომობს. საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული კი აქ, თავისიანებთან ერთად, თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს.  

დარია სუხიშვილი: ივნისში ჩამოვედი საქართველოში და აგვისტოს ბოლოს უკვე ამერიკაში უნდა წავიდე, რადგან ჩემი სასკოლო არდადეგები მთავრდება. ჩვენთან სწავლა, საქართველოსთან შედარებით, ადრე მთავრდება და ადრე იწყება. ძალიან კარგად გამოვიყენე ეს არდადეგები. თბილისში დედაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად ვიყავი, ზღვაზეც ვიყავი ანსამბლთან ერთად. ძალიან მიყვარს თბილისში ყოფნა, ვგიჟდები. დედაჩემი, მამაჩემი, ბებიაჩემი, ყველანი აქ არიან. ისინი ისე ხშირად ვერ ახერხებენ ამერიკაში ჩამოსვლას, ძალიან შორი გზაა და, თან, ანსამბლში უამრავი საქმეა. ერთადერთი, ჩემთან ჩამოსვლას მაშინ ახერხებენ, თუ ანსამბლს იქ გასტროლები აქვს, ანუ ძალიან იშვიათად. გარდა ამისა, აქ უფრო ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ძალიან მენატრებიან ხოლმე.

– ამერიკაში წასვლამდე სკოლაში აქ დადიოდი?

– დიახ, პირველიდან მეოთხე კლასამდე 55-ე სკოლაში დავდიოდი, რომელიც ძალიან მიყვარდა. საერთოდ, იმდენი სკოლა მაქვს გამოცვლილი, რომ უკვე ვეღარც ვხვდები რომელი უფრო მომწონდა. მაგრამ, რაც უნდა ცოტა დრო გამეტარებინა ამა თუ იმ სკოლაში, ბავშვებთან დამეგობრებას მაინც ვახერხებდი. ახლაც სულ მაქვს ურთიერთობა ჩემს ქართველ მეგობრებთან სკაიპით და ტელეფონით. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სკოლაც ძალიან მომწონს, მაინც ქართული სკოლები მერჩივნა – აქ მეტი თავისუფლებაა. იქ ვერ ჩაიცვამ იმას, რაც გინდა, ვერ წახვალ ჯინსით სკოლაში, ვერც მოკლე სახელოებიანი ან ნახატებიანი „მაიკით“, შავ-თეთრ ფერებში უნდა გეცვას. აქ კი, რასაც გინდა, იმას ჩაიცვამ, თან, ძალიან მიყვარს გამოპრანჭვა, ფერად-ფერადი რაღაცეების ჩაცმა. ამერიკაშიც შევიცვალე სკოლა, მაგრამ იქ ასეთი წესია, რომ ბავშვმა თავის სიცოცხლეში სამი სკოლა მაინც უნდა გამოიცვალოს. პირველიდან მეექვსე კლასამდე ერთ სკოლაში ხარ, იმ სკოლაში მეექვსე კლასი აღარ არის, ანუ მეც მეექვსეში გადავედი და სხვა სკოლაში მივედი. მერე იქნება „ჰაი სქული“, ანუ მაღალი კლასები.

– სწავლა მკაცრია?

– დაწყებით სკოლაში იმდენად არა, მაგრამ ახლა რომელ სკოლაშიც გადავედი ამბობენ ძალიან სიმკაცრე იქნებაო და ცოტა მეშინია (იცინის). იქ ყოველდღე მოგვიწევს დავალებების კეთება, ბევრი მეცადინეობა. ადრე კი დღეგამოშვებით ან საერთოდ არ გვქონდა დავალებები. ჰუმანური სწავლება იყო. ჩვეულებრივი სასკოლო საგნების გარდა ისეთს არაფერს გვასწავლიდნენ. სპორტი, ფეხბურთი, „ვალეიბოლი“ და რაღაცეები მეშვიდე კლასიდან იწყება, მაგრამ სპორტი ნაკლებად მაინტერესებს, უფრო მუსიკა მიყვარს. ახლა ამერიკაში ვიოლინოზე დავიწყე სიარული. ძალიან მომწონს და, მგონი, გავაგრძელებ, ჩვენს სტუდიაში ცეკვაზეც დავდივარ, უბრალოდ ამას მხოლოდ ზაფხულობით ვახერხებ. მამიდაჩემი ამბობს, რომ პატარა ასაკში არ არის კარგი ცეკვის დაწყება, როდესაც ბავშვი ჯერ მარჯვენა-მარცხენას ვერ არჩევსო. ამიტომ ეს ჩემთვის კარგი ასაკია. ცოტა ხანში ბალეტის გაკვეთილიც მეწყება.

– აპირებ, ცეკვა გააგრძელო? ხომ არ ფიქრობ, რომ შენმა მშობლებმა და ბებია-ბაბუებმა უკვე ძალიან ბევრი გააკეთეს ამ საქმეში?

– არა, ვგიჟდები ცეკვაზე, აუცილებლად უნდა ვიცეკვო. ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრები, წინაპრები ძალიან მაგარი მოცეკვავეები და ადამიანები იყვნენ. დიდ ბაბუაზე ძალიან ცოტა რამ ვიცი, ფაქტობრივად, არაფერი. მხოლოდ ის, რასაც ვიდეოებში ვუყურებ ან ტელევიზორში ვნახულობ. უფრო – კადრები და ეპიზოდები კონცერტებიდან, გამოსვლებიდან, რეპეტიციებიდან. ჩემი დიდი ბებია კი, ნინო რამიშვილი მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ის უკვე ავად იყო, მაგრამ ეს მოგონება ჩემს მეხსიერებაში კარგად დარჩა. გადასარევად მახსოვს ჩემი ბაბუა თენგიზი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბაბუა იყო, აბსოლუტურად ყველა სურვილს მისრულებდა. აი, ვთქვათ მაღაზიაში შევიდოდი (ახლა, ეს დიდი არაფერია, მაგრამ ძალიან მახარებდა), რაღაც ძალიან მომეწონებოდა, დავაკვირდებოდი. ბაბუა თითქოს ამას ვერ ამჩნევდა, თან, მეც არ ვამბობდი, რომ მომწონდა, სახლში რომ მივიდოდით, აღმოჩნდებოდა, რომ ზუსტად ის სათამაშო უყიდია ჩემთვის. ისე მიხაროდა, ვერ წარმოიდგენთ. როდესაც ის ძალიან ცუდად იყო, თბილისში ვიყავი და მაშინაც იქ ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. ექიმები მოვიდნენ და მე წამიყვანეს. ვერ მივხვდი, ზუსტად რა მოხდა. ერთი დღე ჩვენს ნათესავებთან დავრჩი, მეორე დღეს კი მოვიდნენ და მითხრეს ბაბუას ამბავი, მთელი ღამე ვტიროდი, ძალიან მეტკინა გული.

– ასე განებივრებს კიდევ ვინმე?

– მამიდაჩემი. ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა. მაგალითად, საჭმლის გაკეთებაში დახმარება მჭირდება ხოლმე. ხანდახან თვითონ ვიმზადებ სადილს, მაგალითად, შაბათ-კვირას. ბებიაჩემმა, პატარა რომ ვიყავი, კვერცხის შეწვა მასწავლა. დანარჩენს ყველაფერს მარტო ვაკეთებ – ჩაცმა, მეცადინეობა... ისე, ხანდახან მჭირდება ხოლმე დახმარება, ხან მეზარება რაღაცის გაკეთება და ვინმემ უნდა მითხრას.

– როგორ ერთობი ხოლმე?

– მეგობრებთან ერთად კინოში დავდივარ, ამერიკაში ძალიან პოპულარულია უიქენდებზე სადმე გასვლა. პარასკევს, შაბათს და კვირას რომელიმე მეგობართან ვრჩები ხოლმე. თან, იქ ეზოებში უამრავი გასართობი აქვთ: აუზი, საქანელები... გვიან საღამოს დაქალებთან ერთად რაღაცეებზე ვლაპარაკობთ, უფრო ჩაცმაზე, სკოლაზე. ქართულ სკოლაში იცოდნენ, ვინ ვიყავი და ხშირად ვსაუბრობდით ამაზეც, იქ უფრო ნაკლებად იციან და ყველას ვუყვები ხოლმე სუხიშვილების შესახებ. თურქეთში რომ ვიყავი ანსამბლთან ერთად, ყველა მოდიოდა, მეფერებოდა, მელაპარაკებოდა და მთხოვდნენ, რომ მათთან ერთად გადამეღო სურათი. (იცინის). უფრო სწორად, ვიყავით კონკურსზე, სადაც ანსამბლის რამდენიმე წევრი ჟიურიში იყო. სხვათა შორის, ზუსტად იმ ადამიანმა გაიმარჯვა, ვინც მომწონდა.

– როგორი ურთიერთობა გაქვს მამასთან, უფრო მეგობრული თუ მკაცრია შენ მიმართ?

– არა, საერთოდ არ არის მკაცრი. ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მართალია, ერთად ბევრ დროს ვერ ვატარებთ – სკოლას ხომ ვერ გავაცდენ, მაგრამ ეს მეგობრობაში ხელს არ გვიშლის. თბილისში სულ ერთად ვართ, რეპეტიციებს ვესწრები. არც მახსენდება, თუ ოდესმე მისგან რამე მწყენია.

– მოულოდნელად არ ჩამოსულა შენს სანახავად?

– (იცინის) არა, ყოველთვის ვიცი ხოლმე, როდის ჩამოდის. ისე, ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი სიურპრიზები რომ გამიკეთონ. დედაჩემი აპირებდა ჩამოსვლას და ბებიაჩემმა მითხრა, რომ დედას შენთვის რაღაც სიურპრიზი აქვსო. ეგრევე ის ვიფიქრე, ალბათ დედა სახლში უნდა დამახვედრონ-მეთქი, მაგრამ არა, არ დამხვდა. საერთოდ, ძალიან მიყვარს სიურპრიზები და ძალიან გამიხარდება, თუ ოდესმე ასეთ სიურპრიზს მომიწყობენ.

– დარია, როგორ ხედავ შენს მომავალს, საქართველოში ჩამოხვალ თუ გააგრძელებ სწავლას და მუშაობას ამერიკაში?

– ზუსტად არ ვიცი, რას ვიზამ. ჯერ მინდა, რომ იქ დავამთავრო საშუალო სკოლა და, შეიძლება სწავლაც გავაგრძელო, მაგრამ პირველ ყოვლისა, მოცეკვავე უნდა გამოვიდე – ეს ყველაზე მეტად მინდა, შემდეგ კი უკვე, ალბათ, ანსამბლის ხელმძღვანელი გავხდები. ადრე ვფიქრობდი, რომ დიზაინერი გამოვსულიყავი, დედაჩემი ძალიან კარგად ხატავს და დამპირდა, რომ მეც მასწავლიდა, მაგრამ ისე კარგად არ გამომდის. (იცინის) თან, ძალიან მომწონს ნინოს საქმიანობა, სულ ვუყურებ და მინდა მეც მასავით ვიყო. არადა, სულ ვფიქრობ, ვაითუ არ გამომივიდეს და სულ მეშინია ამის. ამერიკაში ყოფნის დროსაც ნინო დილის 5 საათზე დგება, იმიტომ, რომ აქაურ დროზე „ჩაჯდეს“, კომპიუტერითა და ტელეფონით სულ რაღაცეებს აგვარებს. მგონი, ეს ძალიან ძნელია. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამის კეთება მინდა, ძალიან საინტერესოა. ვიცი, თბილისიდან ცოტა ხანში უნდა წავიდე და უკვე იმაზე ვფიქრობ, როდის ჩამოვალ – საახალწლო არდადეგებს დაველოდები.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3