რატომ „დაემალნენ“ გვანცა დარასელიას თაყვანისმცემლები საახალწლოდ და როდის ერთობა წონასწორობით ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი
„რუსთავი 2-ის“ დილის წამყვანები – გვანცა დარასელია და ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი ძალიან საინტერესო ჟურნალისტები აღმოჩნდნენ და ზუსტად იცოდნენ რა ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ მკითხველისთვის ერთმანეთის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ინტერვიუ 13 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს ჩაიწერა, წყვილი განსაკუთრებით კარგ განწყობაზე, ხალისიანად იყო.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი
– როგორ ხარ, მითხარი?
– ცუდად. ჯერ ერთი მეძინება საშინლად, ათასი საქმე მაქვს, ათასი რაღაც გასაკეთებელი, თან ახალი წელია და ჯერ შესაბამისი განწყობა ვერ შევიქმენი. საბოლოო ჯამში, მაინც კარგად ვარ.
– რა მოქმედებს შენს განწყობაზე, არასწორი რეჟიმი, ცუდი ძილი თუ რა?
– უძილობა, საერთოდ, საშინელ ხასიათზე მაყენებს, ისე მგონი, არა უშავს ხასიათი მაქვს. ხომ კარგი განწყობის ადამიანი ვარ?
– ტენდენციური ვიქნები ამ შემთხვევაში შენს შეფასებასთან დაკავშირებით. (იცინიან)
– ზოგადად, ყოველთვის ვცდილობ, კარგ განწყობაზე ვიყო, ხშირად გავიღიმო, მაგრამ თუ გადაღლილი ვარ და თან ვერ გამოვიძინე, საშინელ ხასიათზე ვდგები. ისე, ამინდი და ასეთი რაღაცეები, არასდროს მაყენებს ცუდ განწყობაზე.
– რამდენი ხანია დილის ეთერში გიყურებ და შენი ცუდი ხასიათი არ მინახავს. ამას როგორ ახერხებ?
– ძალიან ბევრჯერაა ისეთი სიტუაცია, რომ დილით, ეთერამდე საშინლად ვარ, ან ფიზიკურად ცუდად ვგრძნობ თავს ან რაღაც საშინელი ამბავი მომხდარა – სამი ღამე გადაბმულად სამსახურში გამითენებია და ეთერში ვმჯდარვარ, ანუ, ხშირად ხდება ასეთი რაღაცეები, მაგრამ ეს არანაირად არ მოქმედებს გადაცემაზე. ვცდილობ, გავიღიმო და როგორც საკუთარ თავს, ისე მაყურებელს, კარგი განწყობა შევუქმნა. თუმცა, იმასაც ვაღიარებ, რომ ეთერს გარკვეულწილად, შეტყობია ჩემი უგუნებობა. დამიჯერე, ვაძალებ საკუთარ თავს, რომ სულ მუდამ ღიმილიანი ვიყო.
– ხომ არ გიშლის ხელს ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკი პირად ცხოვრებაში?
– იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ჯერ ისევ კარიერა და საქმეა პრიორიტეტული, გეტყვი, რომ – არა. ყველაფერს ვასწრებ, ამის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, მეგობრებსაც ვნახულობ, თაყვანისმცემლებსაც, გართობასაც ვახერხებ შიგადაშიგ. მაგრამ, იმასაც სულ ვამბობ, რომ სხვა ადამიანს, ანუ ჩემს მეორე ნახევარს ძალიან გაუჭირდება ჩემს რეჟიმთან შეგუება და მერე რა უნდა ვქნა-მეთქი. უნდა ვიპოვო, სხვა გზა არ არის.
– როგორია შენი ცხოვრება ტელევიზიის მიღმა?
– ზუსტად ისეთი როგორიც ტელევიზიამდე იყო, ანუ არაფერი შეცვლილა, არც ჩემი ხასიათი, არც დამოკიდებულება ოჯახის წევრებისა და მეგობრებისადმი. უბრალოდ, მათ შედარებით იშვიათად ვხედავ. დამემატა გადაღებები, უკვე მეორე ფილმში მიღებენ და კიდევ რაღაცეებს ვიწყებ. ტელევიზიაში მოსვლასთან ერთად, ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და მრავალმხრივი გახდა. ამასთან ერთად, წელს სწავლას ვამთავრებ, სადიპლომო მაქვს გასაკეთებელი. უნდა ავიღო დიპლომი და ბებიაჩემს ჩავახუტო. (იცინიან) გამოვიდა, რომ ტელევიზიის გარეთაც აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვცხოვრობ.
– ახალი წელი როგორ გაატარე, გარდა იმისა, რომ ოცდათერთმეტში დილით ეთერში იყავი?
– ახალი წელი ჩემთვის ექვსის ნახევარზე დაიწყო, როდესაც სახლიდან სამსახურში გამოვედი. სტუდიაში მოვედი, სადაც ზღაპრული სოფელი დამხვდა. მთელი თავისი თოვლის ბაბუებით, დეკორაციებით, ნაძვის ხეებით. მთაწმინდის პარკიდან თოჯინების თეატრი გვეწვია, თანამშრომლების შვილები მოვიდნენ და ერთი სიტყვით გადასარევ ხასიათზე დავდექი. თითქოს, ბავშვობაში დავბრუნდი, ისე მიხაროდა ყველაფერი. ეთერის შემდეგ დავიძინე, რომ ღამისთვის ძალები აღმედგინა. საღამოს დაახლოებით სამი საათი დავუთმე საკუთარ გარეგნობას. თორმეტ საათს ტრადიციულად სახლში შევხვდი, დედასთან, მამასთან, ძმასთან და ძაღლთან ერთად, ძალიან ბევრი ვისროლეთ და მერე ეგრევე გავვარდი სახლიდან. „ივენთ ჰოლში“ ვიყავი, სადაც ძალიან მაგარ ცოცხალ კონცერტს დავესწარი. იქიდან კიდევ ჩემი მეგობრების სანახავად გავიქეცი. ყველაზე დასანანი ახალი წლის დღეებში იცი, რა იყო?! ვერ მოვახერხე საახალწლო საჩუქრების ყიდვა. საქმე იცი რაშია, არც ჩემთვის უჩუქებია ვინმეს რამე, თუ, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს არ ჩავთვლით.
– თაყვანისმცემლები სად გაქრნენ?
– დაიკარგნენ, ყველამ თავი სადღაც ჩარგო. (იცინიან) ახლა ვაპირებ, რომ ერთი გავვარდე და მეგობრებისთვის საჩუქრები ვიყიდო. კიდევ ერთი საინტერესო სიახლის შესახებ მინდა, მოგიყვე. 6 იანვარს, რუსა მორჩილაძის საღამოზე გამოვედი და ვიმღერე. როდესაც რუსამ შემომთავაზა, რომ მისი ერთ-ერთი ძველი სიმღერა შემესრულებინა, ძალიან გამიკვირდა – დავასაქმე ჩემი მეგობარი ბენდი, „თბილი-სი“ და ერთად კარგი კომპოზიცია გამოგვივიდა. რაც მთავარია, აპლოდისმენტები იყო და ამით უბედნიერესი ვიყავი.
– მსახიობობა როგორ მოგწონს?
– ჯერ მგონია, რომ ადვილია, რაც ალბათ, მაინც როლებმა გამოიწვია. ისეთი როლი არ მქონია, რომ დიდი შთაგონება დასჭირვებოდა. ამ ფილმშიც, „ოცნების ქალაქი“ მთავარი გმირის, ანუ ნანკა კალატოზიშვილის მეგობრის როლი მაქვს.
– მეგობარი ხარ, რომელიც მას ხელს უწყობს, თუ პირიქით?
– მეგობარი ვარ, რომელიც დიდ გავლენას ვერ ახდენს მის აზრებზე, მაგრამ ასე თუ ისე, გარკვეულ ამინდს უქმნის გარშემო. საერთო ჯამში, დიდად არც აინტერესებს მეგობრის ცხოვრება. მხოლოდ ის ადარდებს, სად რა ჩაიცვას, სად გალამაზდეს, სად გაერთოს და სხვა...
– ანუ გლამურული ქალბატონია.
– გლამურული და ცოტა გოიმი. (იცინიან) „ხამკები“ ხომ გინახავს, ზუსტად ასეთები ვართ სამი დაქალი, რომელთაც ერთნაირი მანქანები გვყავს, ერთნაირი მანერები გვაქვს და ყველაფერს ერთნაირად და ერთდროულად ვაკეთებთ. ჩემი გმირისთვის მთავარია, მდიდარი და გავლენიანი ბიჭის პოვნა. „მგზავრებიც“ თამაშობენ ჩვენ ფილმში და ჩემი გმირი ამბობს, როგორ შეიძლება მოგეწონოს ბიჭი, რომელიც ფანდურზე უკრავსო.
– შენ მოგწონს ბიჭები, რომლებიც ფანდურზე უკრავენ?
– კი, რა თქმა უნდა.
– შენ კარგი მეგობარი ხარ?
– მგონი კი, რადგან ჩემს აზრს მათთვის და მათსას – ჩემთვის ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთმანეთის პირად ცხოვრებაშიც ვერევით, ამბებს განვიხილავთ, რჩევებს ვაძლევთ. სხვათა შორის, ბიჭებთან უფრო „გამდის“, რომ იტყვიან, უფრო ხშირად მეკითხებიან აზრს.
– ანუ, შენ გჯერა ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობის?
– აუცილებლად, ზუსტად ვიცი. ძალიან ცოტა მეგობარი მყავს ასეთი. ერთი მათ შორის განსაკუთრებულად ახლობელი და საყვარელია. ძალიან დიდი ხანია ვმეგობრობთ.
– გქონია ისეთი „იმედგაცრუება“, რომ მეგობარი გგონებია და თაყვანისმცემელი აღმოჩენილა?
– კი, მქონია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ერთ ეზოში ვიყავით გაზრდილები. ვერც იმას ვიტყვი, რომ ამან საშინლად მატკინა გული და მძიმედ გადავიტანე. გამიკვირდა და მორჩა.
– ცოტა პიკანტური კითხვა მინდა დაგისვა, მაგრამ მაინც. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერი განსაკუთრებული. მოწონება და ასეთი რაღაცეები სულ არის, თუმცა სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს.
– ესე იგი ვიღაც-ვიღაცეებს აქვთ შენთან ყოფნის შანსი.
– ამწამს არავის, გამორიცხულია.
– ეს გამოწვეულია იმით, რომ უკვე არის შენს ცხოვრებაში ვინმე თუ იმით, რომ შენ არ ხარ დაინტერესებული ვიღაცას შანსი მისცე.
– კი, მეორე. (იცინიან) ამ ეტაპზე ჩემი თაყვანისმცემლებიდან სერიოზულად არავისზე ვფიქრობ.
– ამან ხომ არ გამოიწვია ის, რომ საახალწლოდ საჩუქარი არ მიგიღია?
– ალბათ. არასდროს ვუყურებ მოვლენებს ცალმხრივად, შეიძლება, ვიღაც ფიქრობს, რომ მე უნდა მეჩუქებინა რამე, რაღაცას ელოდებოდა ჩემგან. არ ვარ ამ საკითხში რადიკალური. არ ვფიქრობ, რომ მამაკაცმა მაინცდამაინც პირველმა უნდა გადმოდგას ნაბიჯი ჩემსკენ, რომ უნდა ვაწუწუნო და ვაწვალო. ისე, ყველა კაცი ერთნაირია, დაილია კაცები, მაგათი სინსილა გაწყდა – ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს. შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ არსებობენ მამაკაცები, რომელთაც შეუძლიათ, გვერდში დამიდგნენ და ეს დიდი ძალა იყოს ჩემთვის. თუმცა, მე ახლა ეს არ მინდა, ჩემთვის ადრეა.
– მგონი, არასწორი პოზიციაა... არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაც ერთი ნახვით მოგწონებია და დაგიწყია გარკვევა, ვინ იყო ის ბიჭი?
– მრავალი წელია ასეთი რამ არ მომხდარა. ბავშვობის შემდეგაც მომწონებია ვიღაც, მაგრამ იმის გარკვევა, ვინ არის, არ დამჭირვებია. ის ადამიანი ვინც მომწონებია, ყოველთვის მოსულა და უთქვამს, რომ მოვწონვარ.
– საქმეში ამდენი წარმატება, გვანცა, თავში აგივარდა? (იცინიან).
– არავითარ შემთხვევაში. გეტყვი, რას ვგულისხმობდი. ვთქვათ, გარკვეულ სიტუაციაში გავიცანი ბიჭი...
– დაგინახავს, მისულხარ და გაგიმარჯვებია?
– „ვენი, ვიდი, ვიცის“ გულისხმობ?! მამაკაცებთან მიმართებაში თუ მეკითხები, უფრო ასე იყო – დავინახე, დამინახა, მოვიდა და წააგო. (იცინიან) ძალიან რთული თემაა და მინდა ორი სიტყვით აგიხსნათ, რას ვგულისხმობდი. არ მგონია, რომ უნდა დავჯდე, ცხვირი ავწიო და ვიღაც რაღაცას მეხვეწოს. პირიქით, ფლირტის მომხრეც ვარ, სიურპრიზებისაც, მათ შორის ჩემი მხრიდანაც. უბრალოდ, ისეთი ეტაპი მაქვს ცხოვრების, რომ ამისთვის დრო ნაკლებად მრჩება.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გვანცა დარასელია
– ვასკა, პროფესიით ვინ ხარ?
– შეიძლება ითქვას, რომ პოლიტოლოგი ვარ. თავიდან ყველაფერი დაიწყო ისტორიკოსობით, მერე იყო არქეოლოგია და ბოლოს პოლიტოლოგია. თავიდან ისტორიულზე ჩავაბარე, არქეოლოგობა მინდოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ თუ არ გაქვს ძალიან ბევრი ფული, არქეოლოგია ცოტა უხერხული პროფესიაა, გადავწყვიტე ისეთი რამ მესწავლა, რაც მომავალში ისევ არქეოლოგიის სასარგებლოდ დაიხარჯებოდა. ასე გადავედი პოლიტოლოგიაზე. პარალელურად ქასთინგი გავიარე პირველ არხზე და იქ დავიწყე მუშაობა. ჩემს ცხოვრებაში იყო სარკინიგზო გადაზიდვები, ტელევიზია, საქართველოს უნივერსიტეტი, შპს „კაიზერბრაუ“, გასტრონომია... რადიკალურად ვიცვლიდი სფეროებს.
– საბოლოოდ, რა გინდა, რომ აკეთო?
– ბევრი მეუბნება, რომ თავად არ იცი, რა გინდა და ამიტომ მიედ-მოედები ყველაფერს. უბრალოდ, მინდა საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო. რა სფეროშიც არ უნდა ვიყო, თუ იქ კარგად ვგრძნობ თავს, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, მივხვდები, რომ ბოლომდე იქ უნდა ვიყო. ახლა მაგალითად, ასე ვარ.
– მითხარი, არ არის შენთვის პოპულარობა?
– არც ვიცი, რადგან ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ ჩემი პოპულარობის სიკეთე მოვიმკო: ბაზარში ჯერ არ დავდივარ, რომ რამე ზედმეტი მომცენ ან ყველა გამომატანონ, მაგრამ მსიამოვნებს, ახლობლებს რომ მოსწონთ რასაც ვაკეთებ, რჩევებს მაძლევენ. მამაჩემის მეგობარი შურა ჭელიძე, რომელიც მამაჩემისგან განსხვავებით, ყველა ჩემს ეთერს უყურებს და ყოველთვის რჩევებს, მითითებებს მაძლევს. ქუჩაში ხალხი მესალმება. ეს ძალიან მეხმარება ეთერში, რადგან უკვე ვიცი, რომ კონკრეტული ადამიანები მიყურებენ და მათთან ურთიერთობა შედგა.
– ვიცი, რომ საყვარელი ადამიანი გყავს, თუმცა კონკრეტულად ამაზე საუბარი არ მინდა. უფრო მაინტერესებს ზოგადად გკითხო, როგორია შენი დამოკიდებულება ქალებისადმი? ისეთივე, როგორიც ორმოცდაათს გადაცილებული ქალების უმრავლესობას აქვს?
– რას გულისხმობ ამაში?
– მათ დამოკიდებულებას – სადღაა კარგი გოგო, კარგი დიასახლისი, პატიოსანი ახალგაზრდა ქალი...
– ასეთი განწყობა არ მაქვს, ნამდვილად. ცუდი და კარგი ყოველთვის იყო და უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ ერთმანეთისგან გაარჩიო. არ მგონია, რომ ადრინდელი დრო დღევანდელობისგან ძალიან განსხვავდებოდა. მაშინაც არსებობდა კატეგორია, რომელიც არ მოგეწონებოდა და მამაკაცისთვის მიუღებელი იყო. ანუ, ასე არ ვფიქრობ.
– როგორი უნდა იყოს გოგო, რომ ერთი ნახვით მოგეწონოს?
– ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. ჩემი მეგობარი მოსკოვში ცხოვრობს, ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილია და ცოლად უნდა ქართველი გოგო მოიყვანოს. ერთხელ მეუბნება, ამა და ამ სიმაღლის, ასეთი მონაცემების, ჭკვიანი, განათლებული, პატიოსანი, კარგი გოგო მინდა გავიცნოო. სხვათა შორის, დარასელიაც მოყვა ამ „მონაცემებში“. (იცინიან) ერთი სიტყვით, რომ დამიხასიათა სასურველი ქალი, ვუთხარი, დიდი ბოდიში, მაგრამ ასეთ გოგოს თუ ვნახავ, თავად მოვიყვან ცოლად-მეთქი. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთგაგებაა.
– დავინახე, მომეწონა – აი ეს გოგო როგორი უნდა იყოს?
– ძალიან ლამაზი. ქერა თუ შავგვრემანი ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
– შენ არ გყავს მეგობარი გოგონები?
– მყავს.
– მაშინ, რატომ განეწყვე ასე სკეპტიკურად ჩემს დამოკიდებულებაზე მეგობარი ბიჭების მიმართ?
– არა ვმეგობრობ, მაგრამ მაინც ასეთი პრინციპი მაქვს – რა იცი რა ხდება?! (იცინიან) გოგო რომ ბიჭთან მეგობრობს, ეს კიდევ დასაშვებია, მაგრამ ბიჭი რომ გოგოსთან მეგობრობს, ეს უკვე სხვა თემაა. ანუ, მათ დამოკიდებულებებზე სხვადასხვა აზრი მაქვს. თუმცა, ამ თემამ შეიძლება, ძალიან შორს წაგვიყვანოს, ამიტომ შევეშვათ. ერთი რამ ვიცი ზუსტად, ბიჭს და გოგოს შორის მეგობრობა ურთიერთობის მეორე ეტაპია, რომელიც არშემდგარი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ მოდის და არა პირიქით. გოგო თუ მომხიბვლელია, არ არსებობს, რომ მასთან ურთიერთობა მეგობრობით დაიწყოს.
– ის ერთი მეგობარი, რომელიც მყავს – ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და დღემდე მეგობრები ვართ, არაფერში არ გადაზრდილა.
– რომ გადაზრდილიყო, დაკარგავდი მას როგორც მეგობარს?
– არ იქნება ამის მცდელობა, დარწმუნებული ვარ. (იცინიან) ალბათობის თეორიის მიხედვით თუ დავუშვებთ ასეთ შემთხვევას, მაშინ მაქსიმალურად ნეიტრალურ პოზიციას დავიკავებ.
– ჩვენ მეგობრები ვართ?
– კი აბა.
– არა, ჩვენ კოლეგები ვართ. (იცინიან).
– კოლეგა შეგყვარებია?
– ახლა დავფიქრდი და არა, სხვათა შორის.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– ალბათ, უფრო ცუდი. დრო მაქვს ცოტა, ადამიანს სათანადო ყურადღებას არ ვუთმობ, ხანდახან რაღაცას არ ვთმობ. კიდევ რატომ ვარ ცუდი შეყვარებული?! შეიძლება იმიტომ, რომ აღარ ვარ შეყვარებული, შეიძლება პირიქით ვარ. მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. შენ ხომ მიცნობ კარგად, როგორი ვიქნები, როგორც შეყვარებული?
– არ ვიცი, სიმართლე გითხრა. ამ მიმართულებით არ მიფიქრია. (იცინიან) სპორტული ადამიანი ხარ?
– ახალი წლიდან ახალი გეგმები დავისახე ცხოვრებაში, მათ შორის არის ვარჯიშიც და დილაობით ყოველთვის დავდივარ სავარჯიშოდ.
– რატომ ვარჯიშობ, მერე რომ შენი კუნთებით გოგოებთან იმარიაჟო?
– უპირველესად, იმიტომ, რომ მინდა ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სული იყოს. (იცინიან) არა, მიმაჩნია, რომ ვარჯიში კარგია, კარგ განწყობაზე მაყენებს და მსიამოვნებს, როდესაც ამ ვარჯიშის შედეგებს საკუთარ სხეულზე ვხედავ. (იცინიან).
– სმენა თუ გაქვს და თუ მღერი?
– კი, რაღაცეები შემიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე უპირატესობას მაგნიტოფონს ვანიჭებ, თუმცა, ამჟამად ძირითადად რადიოს ვუსმენ. ახლა მივალ სახლში, მოგვიანებით წვერი უნდა გავიპარსო, შევალ აბაზანაში, ჩავრთავ რადიო „თავისუფლებას“ და რამე საახალწლოს მოვისმენ, რადგან დილით ადრე ყველას ახალი წელი უნდა მივულოცო.
– შენი ახალი წელი როგორი იყო?
– ძალიან დატვირთული. თორმეტ საათს მეც სახლში შევხვდი, დედასთან, მამასთან, დასთან და კატასთან ერთად. (იცინიან).
– კატას რა ჰქვია?
– „ლიზიკო“ ჰქვია, მაგრამ ბიჭია. ჩემი ბრალი არ არის ეს შეცდომა. კნუტი რომ იყო, ვეტერინარმა გვითხრა გოგოაო, დავარქვით ლიზიკო, შემდეგ უკვე როდესაც გაიზარდა და გაეზარდა... აღმოჩნდა, რომ ბიჭია, მაგრამ მაინც ლიზიკოდ დარჩა. (იცინიან) თორმეტის შემდეგ გავედი, მეგობრებთან ჩამოვიარე, მივულოცე და შემდეგ საბოლოოდ „შერატონ მეტეხში“ ამოვყავი თავი, სადაც ჩემი მეგობრების ერთი ნაწილი იყო შეკრებილი. საშინლად მთვრალები დამხვდნენ და ახალი წლის ღამეს მხოლოდ ის სიამოვნება დამრჩა, რომ ისინი სახლებში დამერიგებინა.
– როგორი გართობა გიყვარს?
– ინტელექტუალური.
– რადიო „თავისუფლებას“ რთავ და ცეკვავ?
– კი, ვცეკვავ ხოლმე, ოღონდ „თავისუფლებაზე“ არა. ღამის კლუბებშიც შეძლებისდაგვარად დავდივარ, ცეკვა ძალიან მაგარი განტვირთვის საშუალებაა.
– რამე სიგიჟე თუ ჩაგიდენია საახალწლოდ და სიყვარულისგან?
– საკმაოდ ცივი გონების ადამიანი ვარ, ზოდიაქოთი „სასწორი“ ვარ და ყველაფერს ვაწონასწორებ. სიგიჟეები ნაკლებად. თავს ვერაფერი მაკარგვინებს, ასეთი რამ არ მახსენდება. გართობაში იმედია, არ გულისხმობ თავდავიწყებას. უბრალოდ ვერთობი, წონასწორობით. (იცინიან).