კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ რამე მარტივი ნიღაბი სახის კანის დასარბილებლად.
პასუხი: 1 ჩაის კოვზი არაჟანი (ან მაიონეზი), 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი კვერცხი (ცილიან-გულიანად), 10 წვეთი ლიმონის წვენი, 2 ჩაის კოვზი ხაჭო, 5 წვეთი ვიტამინი E კარგად აზილეთ, წაისვით მთელ სახეზე (შეიძლება ყელზე და დეკოლტეს მიდამოებზეც) და გაიჩერეთ 20 წუთი. კარგია, თუ ამ ხნის განმავლობაში წამოწვებით (უბალიშოდ) და არ ილაპარაკებთ, რომ სახის კანი უძრავ მდგომარეობაში იყოს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით შესაფერისი მკვებავი.
თუ რომელიმე კომპონენტი არ გაქვთ, პრობლემა არ არის, ნიღაბი გაიკეთეთ იმ ინგრედიენტებით, რაც მოგეპოვებათ.
კითხვა: გთხოვთ, დამეხმაროთ. სახეზე მაქვს ჩირქოვანი გამონაყარი. ამჟამად ვისვამ კლეასიკსა და ცინკის მალამოებს. სახე მექერცლება და ცოტა შედეგიც არის, მაგრამ მინდა, მასწავლოთ, როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში, რომ კანი ელასტიკური გამიხდეს.
პასუხი: მსგავს შეკითხვაზე ჩვენ უკვე ვუპასუხეთ ჟურნალის წინა ნომრებში. როგორც ჩანს, თქვენი გამონაყარი ასაკობრივია, მაგრამ, მაინც, აუცილებელია, მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები და დაადგინოთ, ხომ არ არის ყოველივე ამის მიზეზი ნაღვლის ბუშტი. ამის შემდეგ მოგცემთ შედეგს კანის მოვლა.
თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი, რომლისთვისაც რეკომენდებულია შემდეგი ნიღაბი: მთელი სახე გაიწმინდეთ კიტრის ნაჭრით. შემდეგ აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი (თუ ალერგიული არ ხართ), 1 ჩაის კოვზი კალენდულას ნაყენი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ბამბის ან დოლბანდის ტამპონზე და სახეზე წაისვით ისეთი მოძრაობით, თითქოს სახეს იპუდრავთ. 15-20 წუთის შემდეგ სახე შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და თაფლიანი მასა ისევ წაისვით ტამპონით. 10 წუთის შემდეგ კვლავ ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ, მერე გრილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით შესაფერისი მკვებავი.
გთავაზობთ მეორე ნიღაბსაც, რომელიც კარგია გაფართოებული პორების შესავიწროვებლად:
2 სადილის კოვზი ათასფურცელა (რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებაც აქვს) დაჭერით წვრილად, შეურიეთ 1 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი (სახამებელი), ნელ-ნელა დაასხით მდუღარე წყალი, თან ურიეთ. წყალი იმდენი დაასხით, რომ საშუალო სისქის ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. მიღებული ფაფა თანაბრად წაისვით მთელ სახეზე (არ დაიწვათ, ოდნავ შეაგრილეთ), წამოწექით და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ დოლბანდის ტამპონით ჩამოიბანეთ (თბილი წყლით) და წაისვით შესაფერისი მკვებავი.
კითხვა: გამიგია, რომ სახის კანის მოსავლელად მარტო საცხები და ნიღბები არ არის საკმარისი, საჭიროა, ყურადღება მივაქციოთ კვებასაც. კერძოდ, რისი მიღებაა ამ მიზნით სასურველი?
პასუხი: მართალია, სახეს მრავალნაირი კოსმეტიკური საშუალებით სჭირდება მოვლა, მაგრამ ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს კვებასაც. შემოგთავაზებთ რამდენიმე კოქტეილს, რომელთა სისტემატურად (მონაცვლეობით) დალევაც გააუმჯობესებს თქვენს კანს, მაგრამ, ბოლომდე ნუ დალევთ, მოიტოვეთ ცოტაოდენი – იმდენი, რომ ბამბის ტამპონით წაისვათ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს მიდამოებში.
ნიახურის კოქტეილი: 1 კონა გარეცხილ ნიახურს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. 50 მილილიტრ ნახარშს შეურიეთ 100 მილილიტრი რძე, 1 კვერცხის გული, 1 ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
კოქტეილი „ტკბილი მიწა“: 200 მილილიტრი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ფორთოხლის წვენი, მეოთხედი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაის ჭიქა კეფირი კარგად ათქვიფეთ ბლენდერში და მიირთვით.
ვაშლის კოქტეილი: 200 მილილიტრი ვაშლის წვენი, 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი თაფლი.
პომიდვრის კოქტეილი: 150 მილილიტრი პომიდვრის წვენი (ახალგამოწურული) 50 მილილიტრი ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი ნიახურის წვენი.
კიტრის კოქტეილი: 100 მილილიტრი კიტრის წვენი, 100 მილილიტრი სტაფილოს წვენი, 50 მილილიტრი ნიახურის წვენი.
კითხვა: როგორ უნდა მომზადდეს ალოეს ლოსიონი?
პასუხი: 100 გრამი ალოეს „ფოთლები“ გარეცხეთ (ალოე 4-5 წლის უნდა იყოს), გაახვიეთ დოლბანდში და შეინახეთ მაცივარში 15 დღის განმავლობაში. შემდეგ ისევ გარეცხეთ, დაასხით 1,5-2 ლიტრი წყალი და 2 საათი გააჩერეთ, შემდეგ კი დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. ამ ლოსიონის საფენები გაიკეთეთ კვირაში სამჯერ, 10 წუთის განმავლობაში.
კითხვა: რისთვის არის სასარგებლო გრეიპფრუტის ნიღაბი და როგორ მზადდება ის სახლის პირობებში?
პასუხი: გრეიპფრუტი შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს, ეთეროვან ზეთებს. მისი ნიღაბი კვებავს კანს, ელასტიკურს ხდის მას და, ამასთან ერთად, ასწორებს ნაოჭებს და ხელს უშლის მათ გაჩენას. მზადდება შემდეგნაირად: 1 სადილის კოვზ დაფქულ ბრინჯს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი აჭრილი რძე, 2 სადილის კოვზი გრეიპფრუტის ახალგამოწურული წვენი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით ზეითუნის ზეთი.