კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წავიდნენ ქართველი მოაზროვნეები მსოფლიო ჩემპიონატზე მალულად

გასულ კვირას ბაქოში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ელიტარულ ტელეკლუბებს – „რა? სად? როდის?“ შორის. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქართველ მოაზროვნეებს ერგოთ. ქართული გუნდი ბაქოში ძალიან ძლიერი შემადგენლობით გაემგზავრა, მოაზროვნეები ტელემაყურებელთა საკმაოდ რთულ შეკითხვებს არ შეუშინდნენ და კონკურენტებით სავსე დარბაზში მაყურებელთა აღფრთოვანებაც ბევრჯერ დაიმსახურეს, როგორც ამბობენ, ყველაზე გამორჩეული ია მეტრეველი იყო, რომელმაც „მსოფლიოს საუკეთესო მოაზროვნის“ წოდება დაიმსახურა. როგორ ჩაიარა ჩემპიონატმა, რატომ წავიდნენ ქართველი მოაზროვნეები ბაქოში მალულად და ვინ დაეხმარა მათ ყველაზე რთულ დროს, ამის შესახებ გიორგი მოსიძეს გავესაუბრეთ. როგორც გაირკვა, მან ბაქოში ამპლუა შეიცვალა და, მრისხანე „ბატონი წამყვანის“ ნაცვლად, ემოციებით სავსე მოთამაშე გახდა... 

გიორგი მოსიძე: მსოფლიო ჩემპიონატი ელიტარულ ტელეკლუბებს შორის წელს მეორედ გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის ქვეყნების ელიტარული კლუბები. ყველა ქვეყნის ნაკრების შემადგენლობას ასახელებს გადაცემის წამყვანი. მეც გამოვიყენე ეს პრივილეგია, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავთან „ჩავაწყვე“ საქმე და პირველად დავჯექი სათამაშოდ, აქამდე ელიტარულ კლუბში არასდროს მითამაშია, მხოლოდ სპორტული კლუბების თამაშში ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას. გუნდში იყვნენ: ბროლის ბუს მფლობელები ია მეტრეველი და სერგი კაპანაძე, ყველა დროის საუკეთესო მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე, რომელიც ამერიკიდან თბილისში ჩვენდა გასახარად ზაფხულში ჩამოვიდა, გუნდში იყო ახალი „ამომავალი ვარსკვლავი“ სერგი თევდორაძე, რომელიც ქუთაისის გუნდში თამაშობს და, ტრადიციულად, კაპიტანი იყო დავით რაფავა, რომელიც ელიტარული კლუბის უძლიერეს მოაზროვნედ ითვლება. ამ შემადგენლობით გაემგზავრა გუნდი ბაქოში, სადაც ჩემპიონატი ტარდებოდა. ტურნირი საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ფინანსდებოდა აზერბაიჯანის ბიუჯეტის თანხებით.

– გქონდათ იმედი, რომ ბაქოდან გამარჯვებულები დაბრუნდებოდით და ძლიერ კონკურენტებთან მოგიწიათ ჭიდილი?

– გასულ წელს ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი აიღო, ამ შედეგით, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებულები ვერ დავრჩებოდით. გულახდილად გეტყვით, გამარჯვების დიდი იმედი არც წელს გვქონდა, ასე რომ არ ყოფილიყო, უფრო დიდი ზარ-ზეიმით წავიდოდით ბაქოში, ტელეჯგუფსაც წავიყვანდით და სპონსორებიც წამოგვყვებოდნენ. წაგების რისკი საკმაოდ დიდი იყო და ამიტომაც დავიზღვიეთ თავი (იცინის). ჩვენ ვიყავით ყველაზე პატარა ქვეყნის წარმომადგენლები. ამ თამაშში ადამიანურ რესურსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ექვსი ჭკვიანი კაცის ამორჩევა, რა თქმა უნდა, 150 მილიონიდან უფრო იოლია, ვიდრე 2 მილიონიდან. რუსეთის გუნდში თამაშობდნენ: კოზლოვი, ორლოვა, კაპიტანი იყო ალექსანდრ დრუზი... მათ საკმაოდ კარგად ითამაშეს, მაგრამ წააგეს კაპიტნის შეცდომის გამო: როცა ანგარიში იყო ხუთით სამი, მათ მოუვიდათ საკმაოდ იოლი შეკითხვა. მოთამაშეებმა ცერი თითის აწევით აჩვენეს კოზლოვს, რომ შეკითხვის პასუხი იცოდნენ. კოზლოვმა ალექსანდრ დრუზს მისცა პასუხის უფლება, მან კი ააცილა პასუხი, თუმცა მის გუნდში სწორი ვერსია ჰქონდათ სხვა მოთამაშეებს. ყველა გაგიჟდა, რადგან არ ელოდნენ, რომ დრუზი სწორ პასუხს ვერ გასცემდა. როცა ანგარიში გახდა ხუთით ოთხი, შემდეგი ქულის მოსაგებად რუსებმა გადამწყვეტი რაუნდი აიღეს და მაგიდასთან დატოვეს ილია ნოვიკოვი, რომელმაც ასევე წააგო. ათ წამში შეიცვალა სიტუაცია, სწორედ ესაა ამ თამაშის მისტიკური მუხტი. მოხდა ისე, რომ, ჩვენ გარდა, ტელემაყურებელთან თამაშში წააგო ყველა გუნდმა და, შესაბამისად, ჩვენ გავხდით მსოფლიო ჩემპიონები, ია მეტრეველი კი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოაზროვნედ დაასახელეს.

– დაძაბული რუსულ-ქართული პოლიტიკური ფონი დაეტყო ქართველი და რუსი მოაზროვნეების ურთიერთობას?

– პირად საუბრებში რუსი მოაზროვნეების უმეტესობამ ბოდიში მოგვიხადა იმასთან დაკავშირებით, რაც გასულ წელს მოხდა. ეს ადამიანები ეკუთვნიან საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც რუსული ხელისუფლების მომხრეები და აპოლოგეტები არ არიან, ისინი სწორად აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც მათ ქვეყანაში ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკაზე. მე ვერ დავასახელებ იმ ადამიანთა გვარებს, რომ მათ პრობლემები არ შეექმნათ, მაგრამ მათ გამოხატეს თავიანთი გულწრფელი წუხილი.

– გულშემატკივრები არ გყავდათ წაყვანილი საქართველოდან?

– თბილისიდან გულშემატკივრები არ გვყოლია, ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტი მხოლოდ მოთამაშეთა ხარჯებს ანაზღაურებდა. გადაცემაში სტუმრად იყო მოწვეული მანანა ჯაფარიძე, რომელმაც მუსიკალური პაუზის დროს იმღერა სიმღერა „თბილისი“, მისმა სიმღერამ ძალიან გაგვამხნევა საკმაოდ რთულ მომენტში.

– რა სირთულის შეკითხვები დასვა მაყურებელმა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე და განსაკუთრებულად ვინ გამოიჩინა თავი ჩვენი გუნდიდან?

– შეკითხვები იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან რთული. ჩვენ შეგვხვდა ერთი განსაკუთრებით რთული შეკითხვა წმინდა რუსულ სპეციფიკაზე, რომელიც ია მეტრეველმა გამოიცნო. ჩვენი გუნდიდან ნამდვილად გამორჩეული იყო ია მეტრეველი. მე შემიძლია, ვთქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მან მოგვაგებინა, იამ გამოიცნო ექვსიდან ხუთი შეკითხვა, ექვსიდან ხუთი ქულა გუნდს მან მოუტანა. ია ძალიან ძლიერი მოთამაშეა, ჩვენთან პირველი ბროლის ბუ მან მოიპოვა. თამაშის დროს ძალიან ვღელავდი, რადგან მიჩვეული ვარ კადრს მიღმა ყოფნას და ეს ჩემთვის პირველი თამაში იყო. როცა მოთამაშის სკამზე ზიხარ, პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია. ახლა უფრო სხვანაირად მესმის მათი მდგომარეობა, ამიტომაც, კიდევ უფრო მკაცრი გავხდები, თუმცა, ვაღიარებ, რომ წამყვანის სავარძელში ჯდომა უკეთესია.

– ჩემპიონატის „ბატონი წამყვანიც“ ისეთი მკაცრი იყო, როგორიც თქვენ ხართ თბილისში?

– წამყვანი იყო აზერბაიჯანელი ბარაშ კასუმოვი, რომელიც, როგორც ამბობენ, ჩემზე მეტად მკაცრი ყოფილა აზერბაიჯანულ გადაცემებში, მაგრამ, მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვინდო სტუმრები და ასეთი სიმკაცრე არ გამოუჩენია, რადგან მისი რეაქციები რომელიმე გუნდის მხარდაჭერად, ან, პირიქით, საწინააღმდეგოდ შეიძლებოდა აღქმულიყო. წამყვანი პროვოცირებას არ უკეთებდა მოაზროვნეებს, ცდილობდა, ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, და, აქედან გამომდინარე, თამაშებს შოუს ელემენტები აკლდა. იმის მიუხედავად, რომ ბარაში ლმობიერი იყო, მე მაგიდიდან მაინც გამაძევა (იცინის).

– ინტელექტის გარდა, რა არის გადამწყვეტი მოაზროვნისთვის თამაშის მოსაგებად?

– ცალსახად ამისი თქმა წარმოუდგენელია, რადგან ეს არის აბსოლუტურად უპროგნოზო თამაში, შეიძლება, ემოციისა და განცდების გამო უმარტივეს კითხვაზე ვერ გასცე პასუხი. ვოროშილოვის მიერ დაწერილი „რეცეპტით“ კლასიკურ ინტელექტუალურ გუნდში უნდა იყოს კაპიტანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ერთი მანდილოსანი, რომელიც გამოთქვამს მოსაზრებებს ქალური ინტუიციიდან გამომდინარე, რადგანაც ქალებს განსაკუთრებული ლოგიკა აქვთ. გუნდში შეიძლება იყოს ორი ქალი, მაგრამ არა ამაზე მეტი, რადგან, თუ ქალური ლოგიკა „გადასძალავს,“ ეს თამაშისთვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს. გუნდში უნდა იყოს ერთი ენციკლოპედი, ლოგიკოს-ინტუიტივისტი, რომელმაც, შეიძლება, არ იცოდეს ბევრი რამ, მაგრამ მისი ლოგიკური აზროვნება აუცილებელია. გუნდში საჭიროა ერთი მშვიდი მოთამაშე, ერთი ემოციური, ერთი კრიტიკოსი, რომელიც ყველა პასუხს აკრიტიკებს. გუნდები ამ წესების მიხედვით იქმნება, მაგრამ, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სუპერმოთამაშეების კასტა, რომლებიც ყველა სფეროში ერთნაირად ერკვევიან. ნაკრებში მოხვედრილი მოაზროვნეებიც ყველა ფუნქციას ითავსებენ.

– როგორც ვიცი, თამაშში დაისვა შეკითხვა, რომელმაც დაგაბნიათ ქართველი მოაზროვნეები: „გვითხარით, რომელ ორგანოზე გაიკეთა ამერიკელმა ახალგაზრდამ ტატუ, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავი აერიდებინა?“

– ამ შეკითხვის გარდა იყო ერთი ძალიან რთული შეკითხვა, რომელზეც ჩვენ სწორი პასუხი გავეცით და ამის გამო დარბაზში შეკრებილმა ხალხმა ვერ დამალა გაოცება და აღფრთოვანება: სირაკუსების მმართველ დიონისეს ძალიან ეშინოდა, რომ არ მოეკლათ. ამიტომ მან უბრძანა თავის მონას, რომ გამოეყენებინა არა ის საგანი, რომელიც იდო ჩვენთვის შავ ყუთში, არამედ ცხელი ნაკვერჩხლები. უნდა გამოგვეცნო, რას იყენებდა მონა. ორი წუთის განმავლობაში განვიხილავდით ამ პასუხს და ბოლოს დათო რაფავამ თქვა, მაკრატელი ხომ არ არისო? ლოგიკა იყო ასეთი: დიონისეს ეშინოდა, რომ მონა მას მოკლავდა მაკრატლით გაკრეჭის დროს, ამიტომ ერჩია, მისთვის თმა ცხელი ნაკვერჩხლით მოეწვა. საბედნიეროდ, შავ ყუთში აღმოჩნდა მაკრატელი, რასაც დარბაზიდანაც ვერავინ წარმოიდგენდა. რაც შეეხება ამერიკელ ახალგაზრდასთან დაკავშირებულ შეკითხვას, მან ტატუ გაიკეთა ხელზე, სალმის მიცემის დროს სამხედროები ხედავდნენ უხამს წარწერას მის ხელზე, რის გამოც ის სამხედრო სამსახურში აღარ გაიწვიეს. ეს იყო ბოლო შეკითხვა, რომელმაც მოგვიტანა გამარჯვება.

– გამარჯვებულთათვის რა პრიზები იყო დაწესებული?

– გუნდმა მიიღო ჩემპიონისთვის განკუთვნილი ინტელექტ-გლობუსი. თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო პატარა ბუ სვაროვსკის თვლებით, ია მეტრეველი „სვაროვსკის“ დიდი ბურთით დააჯილდოვეს, მასვე აჩუქეს ლეპტოპი და ბოლო მოდელის „ნოკიას“ ტელეფონი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პირველივე თამაშში გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, ამის შემდეგ მე აღარ ვითამაშებ, მინდა, რომ ჩემპიონად დავრჩე (იცინის).



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3