რა ტანჯვას აყენებს მავნე ჩვევა ადამიანს და როდის ეხმარება უფალი ქრისტიანს მის დაძლევაში
ის ადამიანები, ვინც თამბაქოს ეწევიან, ხშირად ამბობენ, რომ თამბაქოს მოწევა არც ცოდვაა და არც სათნოება და ამით ისინი არაფერს აშავებენ. მაგრამ, განა არსებობს რაღაც საშუალო ცოდვასა და სათნოებას შორის, კეთილსა და ბოროტს შორის?! და, თუკი თამბაქოს მოწევაში არაფერია სასარგებლო და სასიკეთო, მაშინ ის უკვე უმიზნო და არასაჭირო ყოფილა. არა მხოლოდ თამბაქოს მოწევა, არამედ ნებისმიერ მავნე ჩვევასან მიწებებულობა, მიჯაჭვულობა, ადამიანს კიდევ უფრო მეტად აშორებს უფალთან და ეს მას უკვე კერპთაყვანისმცემლობაში გადაექცევა, რისგან გათავისუფლებაც უფლის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– სანამ უშუალოდ თამბაქოს მოწევის მავნე ჩვევაზე გეუბრებოდეთ, მინდა გითხრათ, რომ მას ჩვენი სხეულისთვის ძალიან ბევრი ზიანის მიყენება შეუძლია. თამბაქო თავისი თვისებებით მიეკუთვნება ლემანს და სხვა მის მსგავს მცენარეთა გვარს, რომლებიც ძლიერ ბურანში ამყოფებენ ადამიანს და, ასევე, გამოირჩევიან მავნებლობით. მეცნიერებმა მასში აღმოაჩინეს უძლიერესი შხამი, ეგრეთ წოდებული ნიკოტინი და მრავალი ცდით დარწმუნდნენ ამ შხამის საშინელ ძალაში. საფრანგეთში ბევრი ბოროტმოქმედი იყენებდა ნიკოტინს თავისი მსხვერპლის წამიერი მოკვდინებისთვის. თამბაქოს მოწევის დროს მისი კვამლის გამონაბოლქვი, მეტ-ნაკლები ოდენობით აღწევს ადამიანის შინაგან ორგანოებში და ქმნის დანალექებს, რის შედეგადაც ჩნდება წყლულები, ყელისა და ცხვირის სნეულებანი. ხშირი მოწევა კი იწვევს ქრონიკულ თავბრუსხვევასა და პირღებინებას. ექიმებისგან არის დამტკიცებული, რომ მოწევა აშრობს მკერდს, აჩენს ჭლექს, ასუსტებს მხედველობას. რეგულარული მწეველები საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებიან, თუ რა ზიანს აყენებს მათ ორგანიზმს თამბაქო, თუმცა ხშირად არც აღიარებენ ამას. ხოლო ზოგიერთი, მართალია, გვეთანხმება ამაში და საკუთარი თავისადმი ბოროტებას ხედავს თამბაქოში, მაგრამ თავის დანებება უკვე აღარ შეუძლია.
– მამაო, თუ კრძალავს მართლმადიდებლური ეკლესია თამბაქოს მოწევას?
– „უდიდესია ჩვევისგან მიყენებული ტანჯვა, მით უმეტეს, თუ ის ბუნებრივ მოთხოვნილებად გარდაიქმნება“, – ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, თითქოს თამბაქო მადას უქრობს მწეველს, მაგრამ ამაში იმალება სწორედ მისი უკიდურესი მავნებლობა. ამ ვნებით დაავადებულნი ცდილობენ სხვების დარწმუნებას, რომ ბრმად კი არ მოქმედებენ ასე, არამედ აუცილებლობის გამო, მაგრამ, ლოთებიც ხომ ამგვარად იმართლებენ თავს, ან ისინი, ვინც, საუბედუროდ, რამე უზნეო ჩვევის გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები?! ჩვენს დროში ისიც ხდება, რომ ადამიანები ქრისტიანებად იწოდებიან და „დროის დაკარგვად“ მიიჩნევენ ღვთის ტაძარში სიარულს, ვერ პოულობენ შესაძლებლობას ილოცონ დილა-საღამოს, რაც ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანს ევალება. ამასთანავე, ისინი მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობენ შრომისა და დასვენების შესახებ მაშინ, როდესაც მთელი საათის განმავლობაში უმიზნოდ აბოლებენ სიგარეტს, ტკბებიან თამბაქოთი და ყოველივეს ჩვევის მომიზეზებით ხსნიან. რა არის ეს, თუ არა კერპთაყვანისმცემლობა?! ასეთი ადამიანები საკუთარი ნებაყოფლობით თუ არ დაუტევებენ ცდუნებას, ჭეშმარიტად ვერ იხილავენ ღვთის სახეს და ვერ ცხონდებიან. „ხოლო გეტყვით თქვენ: არავინ მათ კაცთაგან გემოი იხილოს სერობისა ამის ჩემისაი!“ – ამას ამბობს სახარებისეულ იგავში მეფის ქორწილში მიწვეულთა შესახებ, რომლებმაც უარი თქვეს ასეთ პატივზე და არად ჩააგდეს მეფის მოწვევა (ლუკ14, 24).
რაც შეეხება თამბაქოს მოწევის შესახებ ეკლესიის დამოკიდებულებას: მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეკლესია ნამდვილად თავისუფალია იმ ბრმა თვალსაზრისისგან, რომ ყოველი ახალი წამოწყება ან ნივთიერება დაწყევლოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ახალია და არ არსებობდა ჩვენი წინაპრების დროს, არც მათ გონივრულად და სასარგებლოდ გამოყენებას კრძალავს. გაიხსენეთ ეკლესიის ნომოკანონი, რომლის თანახმადაც, ის, ვინც დალევს უზომოდ ბევრ წყალს და გაძღება ამით, ამ თავშეუკავებლობისთვის ისჯება ორმოცი დღის უზიარებლობითა და ასი მეტანიით. თუკი ქრისტიანი განიკითხება წყლისადმი თავშეუკავებლობის გამო, მით უმეტეს, ის პასუხისმგებელია ეკლესიისა და ღვთის წინაშე ცოდვიანი და დამღუპველი ჩვევების: თამბაქოს მოწევის, ლოთობის, აზარტული თამაშების, პატივმოყვარეობის, სიძუნწის, ვერცხლისმოყვარეობის, სიზარმაცის, სიძვის გამო. ჩვევა, ანუ მიწებებულობა რაიმე ვნებისადმი, არის ქრისტიანის შინაგანი კერპთაყვანისმცემლობა. ამ სულიერი უბედურებისგან რომ გვიხსნას, ამისთვის სიტყვა გვაფრთხილებს და გვირჩევს, არ მივეწებოთ მიწიერ საგნებს, თორემ ეს მიწებებულობა განმტკიცდება ჩვენს გულში, სრულიად დაიპყრობს მას და განდევნის იქიდან ღვთისადმი სიყვარულსა და მაცხოვნებელ ღმრთის შიშს. უფლის საყვარელი მოწაფე, იოანე ღვთისმეტყველი, გვარიგებს: „ნუ შეიყვარებთ სოფელს, ნურც იმას, რაც სოფელშია. ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული“.
ის, ვინც თავის ცხოვრებაზე ზრუნავს და სურს, გამოვიდეს ისეთი სავალალო მდგომარეობიდან, როგორიც არის თამბაქოს წევისადმი და კიდევ სხვა ვნებებისადმი მიწებებულობა, ვურჩევ და ვთხოვ, რჩევად მიიღოს შემდეგი სიტყვები, ნაკარნახევი ქრისტიანული სიყვარულით: შეწყვიტოს ღვთის შემწეობით თავისი სულისათვის საზიანო ჩვევა თამბაქოს მოწევისა და გააკეთოს ეს სწორედ ახლა, ვიდრე ღვთის მადლი შეხებია მის გულს და მაცხოვნებელი მდგომარეობისაკენ მოუწოდებს მას. თუკი ადამიანი დაისახავს გულწრფელ სურვილს, მიიღებს მტკიცე გადაწყვეტილებას და თან შემწეობასაც ითხოვს ღვთისგან, მაშინ ის ყველანაირ მავნე ჩვევას დაამარცხებს, მათ შორის – თამბაქოს მოწევასაც, რადგან, მთავარია, ადამიანს გააჩნდეს ამის სურვილი და უფალს სთხოვოს შემწეობა და თანადგომა. მინდა, შეგახსენოთ უფლის სიტყვები: „უჩემოდ არაფრის კეთება შეგიძლიათ“. ყოველგვარი ჩვენი მცდელობა, ღვთის შეწევნის გარეშე, მისი ზეგარდამო მადლის თანაშემწეობის გარეშე, იქნება სრულიად ამაო და უნაყოფო. ამიტომ, საკუთარი თავის გამოსწორებისთვის, ჩვენს მცდელობებსა და ძალისხმევას წინ უნდა უსწრებდეს ღვთისადმი ლოცვა, რომელიც გამსჭვალული იქნება მხურვალე, ძლიერი, სულის სიღრმიდან ამოსული, საკუთარი უძლურებისა და სულიერი უსუსურობის მდაბალი გრძნობით. ამგვარ ლოცვაში ჩადებული მთელი ჩვენი ძალა და წარმატება, ჩვენი იმედები, ქრისტე ღმერთის ძალასა და შემწეობაზე უნდა დავამყაროთ, ისე, როგორც ამას საეკლესიო საგალობელი გვასწავლის: „შენ ხარ ჩემი სიმტკიცე უფალო! შენ ხარ ჩემი ძალა! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი სიხარული!“ (კონდ. 5 ხმა).