რა ნივთები ხვდება ზაგაშვილების ოჯახში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
ფართო, განიერი ჰოლი ზაგაშვილების სახლში შესვლისთანავე არაჩვეულებრივ განწყობაზე გაყენებს; ჰოლშივე იგრძნობა სითბო, სიმყუდროვე და რაც მთავარია, სივრცის შეგრძნებაა დაცული. აქ ჰაერიც ტრიალებს და არც ნივთებია ერთმანეთთან მიჯრით მიწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ნინო ზაგაშვილს აბსოლუტურად განსხვავებული პროფესია აქვს, ინტერიერის დიზაინმა სერიოზულად გაიტაცა და უკვე საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები აქვს. მათ შორის გამოირჩევა თავისი საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი, რომელზეც ორი წლის წინ უზარმაზარი ენერგია, ფანტაზია და შრომა დახარჯა. ქალბატონი ნინოს მეუღლე მეზღვაურია, შორეული ცურვების გამო, ხმელეთზე შესაძლოა, თვეობით ვერ დადგას ფეხი და, ამიტომ, სახლის სითბო მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ნინო ზაგაშვილი: რემონტი იმ პერიოდში კეთდებოდა, როდესაც ჩემი მეუღლე აქ არ იმყოფებოდა და სახლზე ზრუნვა, მისი მოწყობა ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და სანერვიულო იყო. მარტოს უნდა გამეკეთებინა ის ბინა, სადაც მეუღლესა და ორ შვილს თავი კომფორტულად და თბილად უნდა ეგრძნოთ. რემონტს მაინც ახლდა თავისი სირთულეები. ახალაშენებული კორპუსი იყო, სადაც რემონტზე ერთი დიდი ჯგუფი და ბევრი ოჯახი ერთად მუშაობდა. მე შვილთან ერთად უკვე ამ ბინაში ვცხოვრობდი, ერთი ოთახიდან მეორეში გადავდიოდით და რემონტს პარალელურად ვაკეთებდი. გავწვალდით, მაგრამ, მაინც კმაყოფილი ვარ შედეგით. სიმართლე გითხრათ, ახლა რომ ვიწყებდე რემონტს, ძალიან ბევრ რაღაცას შევცვლიდი, სამზარეულოს კიდევ უფრო გავადიდებდი ჰოლის ხარჯზე, მაგრამ ახლა რამის შეცვლა უკვე გვიანია. ვნახოთ, იქნებ, მომავალში შევცვალო.
სამოთახიანი ბინა სადა და ერთ ტონალობებშია გადაწყვეტილი: კაკაოსფერი, ხაკისფერი, ხისფერი არც თვალს ღლის და არც სახლს ტვირთავს: დიასახლისს აქცენტი კლასიკურ, მასიურ ავეჯზე აქვს გაკეთებული. ხის მაღალი საძინებლები, მასიური კარადები, ძვირად ღირებული გადასაფარებლები და ფარდები კედლის სადა ფერებთან ისეა შერწყმული, რომ იდეალური სინთეზი გამოდის.
ნინო: ძალიან ბევრი ვიფიქრე ავეჯზე, დიდხანს ვაანალიზებდი, სახლი მთლიანად თანამედროვე ავეჯის სტილში გადამეწყვიტა თუ კლასიკურში. მაგრამ, საბოლოოდ, აქცენტი მაინც კლასიკურზე გავაკეთე იმაზე, რაც დროს უძლებს და, შეუძლებელია, მოგბეზრდეს. თანამედროვე სტილიც ძალიან მომწონს და რამდენიმე ვარიანტი მქონდა წარმოდგენილი, როგორი უნდა ყოფილიყო ღია ფერის თანამედროვე ავეჯში გადაწყვეტილი ოთახები, ბინა, მაგრამ ახლა არ ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ავეჯი გაცილებით ძვირი დაჯდა.
სანამ სახლში შეხვალთ, სადარბაზოშივე გხვდებათ ნინოს გაზრდილ-გახარებული ოთახის მცენარეები, რაც განსაკუთრებულ იერს აძლევს შესასვლელს. დიასახლისს სახლში აქვს მწვანე კუთხე, რომელიც, მისი განსაკუთრებული მზრუნველობისა და სითბოს წყალობით, არაჩვეულებრივ ელფერს აძლევს მთელ ინტერიერს.
ბინის მთავარი ხიბლი კი ის არის, რომ თვალში ზედმეტად არაფერი გხვდება, არაფერი გაწუხებს და, ამიტომ, თავს შინაურულად და მყუდროდ გრძნობ. ცხადია, ინტერიერთან ერთად ამ განწყობას ოჯახის წევრთა სტუმართმოყვარეობა და სითბოც განაპირობებს. აქ სახლში ძალიან ბევრია ქალბატონი ნინოს მეუღლის ბატონი ლევანის მიერ შორეული ქვეყნებიდან: აფრიკიდან, ჩილედან, ჩინეთიდან და დედამიწის სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ნივთები, რომელთაც ინდივიდუალური ისტორია აქვთ და ამით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ.
ლევანი: წელიწადში რამდენიმე თვე სახლიდან ძალიან შორს, გემზე ვარ, საიდანაც, მანამ, სანამ ხმელეთზე ფეხს არ დავდგამ, ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. ორივე შვილი პირველად შვიდი-რვა თვის ასაკში ვნახე, უმცროსის ფოტოც კი არ მქონდა ნანახი – ისე მოხდა, რომ ხმელეთზე რამდენიმე თვე ვერ გადმოვედი. თუმცა, ყველა პროფესიას აქვს თავისი ძალიან დიდი პლუსები: ის დრო, რომელსაც სახლში, ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებ, ყველაზე ბედნიერია ჩემთვის. თუ არ გამოგიცდია, რას ნიშნავს ოჯახისგან თვეობით შორს ყოფნა, შეუძლებელია, იგრძნო რა დიდი ბედნიერებაა, ახალი წლის დღეებში სახლში ყოფნა, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოფერება, სტუმრების მიღება, ერთმანეთის დალოცვა.
ზაგაშვილების სახლი ემოციებით სავსემ დავტოვე და, სახლის დიზაინზე მეტად, რა თქმა უნდა, ამ კეთილ და უზომოდ საინტერესო ადამიანების რთულ და მიმზიდველ ცხოვრებაზე ვფიქრობდი.