„მიუ მიუ“ ზამთარში უსახელო პალტოების ჩაცმას გვირჩევს
მიუჩია პრადა პრადას სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელია. ის არ დასჯერდა მარიო პრადას შვილიშვილობას და ბაბუის დაწყებული საქმე მარტო კი არ გააფართოვა, უფრო ააყვავა და მრავალფეროვანი გახადა. მართალია, წლების წინ მან დედისგან მემკვიდრეობით „პრადა სპა“ მიიღო, მაგრამ მაღალი მოდის ბიზნესით დიდი გატაცება არ გამოუმჟღავნებია. 70-იან წლებში ის იტალიის კომუნისტურ პარტიაშიც კი გაერთიანდა და აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის. მოგვიანებით მან პატრიციო ბერტელი გაიცნო, რომელიც მიუჩიას დიდი სიყვარული, მოგვიანებით კი ბიზნესპარტნიორიც გახდა. არც ისე დიდი ხანია, რაც პრადამ გადაწყვიტა, პრეტ-ა-პორტეს ახალი ხაზი გამოეშვა და 1992 წელს შექმნა „მიუ მიუ“, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა აღიარება.
მიუჩია პრადას ხელმძღვანელობით ამ სეზონზე „მიუ მიუმ“ შექმნა კოლექცია, რომელსაც ძალიან ცოტა თუ ჰგავდა თავისი ტენდენციებითა და მიმართულებებით. „მიუ მიუმ“ პარიზის მოდის კვირეულზე მისულ ქალბატონებს პარიზის წარმოუდგენლად რომანტიკული და სასიამოვნო სურნელი ხორცშესხმულად წარუდგინა. ფასბაინდერისა და ანტონიონის ფილმების საუნდთრეკების ფონზე, პოდიუმზე ერთმანეთს ცვლიდა ფრაგმენტები ვისკონტის ფილმებიდან, რომელიც ტანსაცმლის სახით იყო წარმოდგენილი. ალბათ, „მიუ მიუ“ ცდილობდა, გაეცა პასუხი ყველა პარიზელის მთავარი კითხვისთვის: „ეს არის ბურჟუაზია დღეს?“ კულისებში მიუჩია პრადამ ამ მთავარ კითხვასაც გასცა პასუხი – „შესაძლოა, ეს არის ან არ არის ბურჟუაზია, მაგრამ ყველა მოდელი – ინდივიდუალური, ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი მაცდუნებელია.“ „ფემმეს ფატალე“ – ასეთი იყო „მიუ მიუს“ შემოდგომა-ზამთრის მთავარი აქცენტები.
ჩვენება ნახევრად გახსნილი, კაკაოსფერ-ხორცისფერი პალტოების ჩვენებით დაიწყო, რომელთა შორის ბევრი უსახელოც კი იყო. უსახელო პალტოები შიშველ სხეულზე მიუჩია პრადას ერთგვარ გამოწვევადაც იქცა, თუმცა მოდის კრიტიკოსებმა ისიც კი თქვეს, ამ ძალიან სექსუალური და „შიშველი“ კოლექციიდან ყველაზე კარგად მაინც პალტოები გაიყიდებაო. სავარაუდოდ, მოდის მიმდევრები პალტოს შიგნით რაიმე სამოსს მოირგებენ, თუნდაც თხელ კაბას რომელიმე სხვა დიზაინერის კოლექციიდან, რადგან კაბები „მიუ მიუს“ კოლექციაში პალტოს ქსოვილისგან იყო შეკერილი. სქელი, კონსერვატიული დეკოლტეს მქონე, ღია ფერის კაბები რთული მოსახდენი იქნება იდეალური ტანის არმქონე ქალბატონებისთვის, თუმცა, თარგისა და სილუეტის გადმოტანა და მსგავსი სადა, დახვეწილი კაბის თხელი ქსოვილისგან შექმნა არაჩვეულებრივი იდეა იქნებოდა. მაგრამ, აქვე ერთი რჩევა: ნაკლები ექსპერიმენტები! „მიუ მიუ“ ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვედ მოაზროვნე და საინტერესო ბრენდად მიიჩნევა და თამამად შეგიძლიათ, მას საკუთარი ექსპერიმენტების გარეშე დაესესხოთ დიზაინს.
სტანდარტული ფერების გარდა „მიუ მიუმ“ წარმოადგინა სადად მოხატული პალტოებიც, რომლებიც მოდელებს, ანუ „ფემმეს ფატალეს“ თეთრეულზე ეცვათ. შემოდგომაა თუ ზამთარი, დიზაინერები ხელიდან არ უშვებენ შანსს და ქალის საცვლებს ამა თუ იმ ფორმით წარმოადგენენ. განსაკუთრებით საინტერესო იყო სქელი, შალის ქსოვილისგან შექმნილი ერთგვარი ბლუზები, რომელთა ცალი მხარე ძვირფასი ბეწვით იყო გაფორმებული, ხოლო მეორე მხარე აბსოლუტურად შიშველი. მსგავსი ტიპის კომბინაციური „მაისურები“ უჩვეულოდ გამოიყურებოდა თხელ ქვედაბოლოებზე, რომელთა უმეტესობაც ვეფხვის ბეწვის მსგავსი სახის მქონე ქსოვილით იყო შექმნილი. მკერდთან ბეწვით იყო გაფორმებული უსახელო, მოკლე კაბები, რომლებიც ქალის სხეულს განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და სინაზეს ანიჭებდა. ტყავის ულამაზესი „კლაჩი“ და ღია ფეხსაცმელი ამ ტიპის კაბასთან ისეთ ანსამბლს ქმნიდა, რომლითაც თავისუფლად წახვიდოდი ნებისმიერი ტიპის პატარა წვეულებაზე ან საღამოს, რესტორანში (თუმცა, ისიც გახსოვდეთ, რომ ამ კაბით ცეკვა ნაკლებად კომფორტული იქნება). გარდა კაბებისა, ბეწვი სქელ შარფებზეც იყო წარმოდგენილი, რომლებიც სპეციალური ქამრით საკმაოდ საინტერესოდ იყო მიმაგრებული თხელ კაბაზე. ამ შემთხვევაში დიზაინერმა დატვირთვა შეცვალა და მაღალყელიანი ფეხსაცმლითაც აჩვენა, რომ ასე ჩაცმულმა, ზამთრის სუსხიან დღეებში, შეგიძლიათ, სამსახურშიც კი იაროთ. ერთი სიტყვით, „მიუ მიუს“ ჰქონდა ყველაფერი, რაც თანამედროვე საქმიან და არა მაინცდამაინც „ბურჟუა“ ქალს სჭირდება.