ინტიმური საუბრები
სკაიპში გაცნობილი ბიჭი შეხვედრაზე უარს მეუბნება
სკაიპით გავიცანი ბიჭი და უკვე ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთს ყოველ საღამოს ველაპარაკებით. ამ ხნის განმავლობაში თითქმის ყველაფერი გავიგეთ ერთმანეთის შესახებ. მე მისთვის არაფერი დამიმალავს. როგორც უახლოეს მეგობარს, ისე გავანდე ლამის ყველა საიდუმლო და თვითონაც გულწრფელად მიყვებოდა საკუთარი თავის შესახებ ყოველ წვრილმანს. ბოლოს სურათის გაგზავნა მთხოვა და რამდენიმე გავუგზავნე – ჩემი ბავშვობის სურათიდან დაწყებული, დღეის ჩათვლით. მერე მეც ვთხოვე, გამოეგზავნა, მაგრამ უარს მეუბნება. ამას წინათ მომწერა, ნორმალური სურათი არ მაქვს და როცა გადავიღებ, გამოგიგზავნიო, მაგრამ აღარ დააყენა საშველი.
ერთი თვის წინ პირდაპირ დავუსვი საკითხი, შევხვდეთ და პირადად გავიცნოთ ერთმანეთი-მეთქი. მაშინვე უარი მითხრა, – ასეთი ურთიერთობა უფრო რომანტიკულიაო. შეიძლება, მართალიც არის, მაგრამ ეს რომანტიკულობა მხოლოდ გარკვეულ დრომდე გრძელდება, მერე კი უფერულდება და საერთოდ ქრება. თანაც, გამოგიტყდებით, რომ ეს ბიჭი აშკარად შემიყვარდა. მისი მხრიდანაც ვგრძნობ რაღაცა მსგავსს, მაგრამ არაფერს მეუბნება. ვერ გავიგე, ვერ ბედავს, საკუთარ თავს ვერ უტყდება თუ სხვა მიზეზი აქვს.
ჩემი და მეუბნება, რადგან არც სურათს გიგზავნის და არც შეხვედრა უნდა, ალბათ, რამე ფიზიკური ნაკლი აქვს და სულ რომ არ დაგკარგოს, იმიტომ იქცევა ასეო. რომ დავფიქრდი, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ასე იქნება. თუ ეს მართალია, ვერ გავამტყუნებ, ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი, რადგან ასეთ სიტუაციაში სიბრალული ყველაზე დამამცირებელი იქნება. არადა, გამოგიტყდებით, ახლა ამას რომ ვფიქრობ, უფრო მეტად ვარ ინტერესში ჩავარდნილი, თუმცა, გულახდილად რომ გითხრათ, თუ ის ბიჭი ძალიან მახინჯია ან რამე სერიოზული ფიზიკური ნაკლი აქვს, ვერ გამოვიდებ თავს, რომ მაინც მეყვარება და მასთან ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებ.
შეიძლება, ამ სიტყვების გამო ბევრმა გამამტყუნოს, მაგრამ, ვინც გამამტყუნებს, თავის გულში ჩაიხედოს. უბრალოდ, მე არ „ვსიაფანდობ“ და გულწრფელად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, ათი გოგოდან ათივე ასე მოიქცევა, ოღონდ, ამ ათიდან ცხრა მაინც დაიწყებს პირიქით მტკიცებას – აქაოდა, შემომხედეთ, როგორი გულჩვილი და მგრძნობიარე ვარო.
ერთი სიტყვით, ჩემი „სკაიპური სიყვარული“ საფრთხეშია. ერთადერთი გზა დამრჩენია – დავიცადო და დაველოდო, როგორ განვითარდება მოვლენები. ისეც ხომ შეიძლება მოხდეს, რომ ჩემი და ცდება?!
ნინო, 19 წლის.
შეყვარებულმა მიმატოვა
ამ სამი წლის წინ, მეთერთმეტე კლასში რომ გადავედი, მშობლებმა ბებიასთან წამიყვანეს სოფელში და ერთი კვირის ნაცვლად მთელი ზაფხული იქ დამტოვეს, თვითონ კი უცხოეთში სამოგზაუროდ წავიდნენ. თავიდან ძალიან გავბრაზდი, მთელი დღეები სახლში ვიჯექი და ვტიროდი – აქ რა უნდა ვაკეთო-მეთქი, მაგრამ მერე იქაური ბავშვები გავიცანი და მათთან ერთად ვერთობოდი. იქვე, მეზობლად, ერთი ბიჭი ცხოვრობდა, რომელსაც განსაკუთრებით დავუახლოვდი. მართალია, სოფლელი ბიჭი იყო და ძალიან სასაცილოდ მელაპარაკებოდა ხოლმე, მაგრამ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მერაბი ძალიან მორცხვობდა, აშკარად შევუყვარდი, მაგრამ თქმას ვერ მიბედავდა. იმ სამი თვის განმავლობაში ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს, სულ ერთად ვიყავით. ვიცოდი, რომ დედაჩემი სოფელში არ გამათხოვებდა და არც მერაბი მოეწონებოდა სიძედ, მაგრამ მასთან ისე კარგად ვგრძნობდი თავს, რომ ჩემ გვერდით სხვა ბიჭი ვერც წარმომედგინა. ერთ დღესაც მოხდა ის, რაც, ალბათ, არ უნდა მომხდარიყო – ჩვენ ინტიმური ურთიერთობა გვქონდა. უბედნიერესი ვიყავი. ერთმანეთს საუკუნო სიყვარული შევფიცეთ.
მომდევნო წელს სკოლა ორივემ დავამთავრეთ და მერაბი თბილისში ჩამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად. ორივეს გაგვიმართლა და სტუდენტები გავხდით. რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრები გაგრძელდა. მერაბმა მითხრა, მეორე კურსზე რომ გადავალ, თქვენებთან მოვალ და ცოლად გითხოვო, მაგრამ მეორე კურსიდან თვალით აღარ დამნახვებია. არც თვითონ მოდიოდა და მირეკავდა, არც ჩემს ზარებს პასუხობდა. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. ერთხელ, სრულიად შემთხვევით შემხვდა ქუჩაში და თვალის არიდება დააპირა, მაგრამ როგორც იტყვიან, პირდაპირ ვეცი და ჩხუბი დავუწყე, ასე რატომ მომექეცი-მეთქი. მან კი, არც აცია, არც აცხელა და მომახალა, აღარ მიყვარხარო. როგორც გაირკვა, თავისი თანაკურსელი შეჰყვარებია და მისი ცოლად მოყვანაც გადაუწყვეტია. მე ვითომ არაფერი, ვითომ საერთოდ არც კი ვყოფილვარ. ეს ყველაფერი დაუნდობლად მითხრა ქუჩაში და წავიდა. დამტოვა ასე დამცირებული, განადგურებული და ატირებული.
ახლა რომ ვუფიქრდები, ვრწმუნდები, რომ ახია ჩემზე, რაც დამემართა. მართალი ყოფილა, სოციალურად შენზე დაბლა მდგომს თავი არ უნდა გაუყადრო, ყოველთვის უნდა აგრძნობინო, სად არის მისი ადგილი, რომ შენთან გატოლების სურვილი არ გაუჩნდეს და, რაც მთავარია, მცდელობა არ ჰქონდეს იმისა, დაგიმტკიცოს, რომ მე ვარ, რაც ვარო. ყველაფერი ახია ჩემზე, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მაინც მიყვარს და აღარ ვიცი, როგორ მოვერიო ამ გრძნობას.
ინგა, 19 წლის.
დედის გამო შეყვარებული დავკარგე
ვარ 18 წლის, დედისერთა ბიჭი. ძალიან მიყვარს გართობა და მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ, ეტყობა, გადავაჭარბე, რადგან დედაჩემმა საშინელი სცენები მომიწყო და შეიძლება ითქვას, პატარა ბავშვივით სახლში გამომკეტა. პრაქტიკულად გარეთ აღარ მიშვებს. თუ სადმე წავედი, სულ კუდში დამყვება და ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. ყველა მეგობარი ჩამომაშორა – არც ერთი არ მომწონსო, გამომიცხადა. ყველა დამცინის და „დედიკოს ბიჭს“ მეძახის. დედაჩემი ვერ ხვდება, რომ ამით შეურაცხყოფას მაყენებს, მამცირებს და ჩემს უფლებებს ლახავს. თანაც, უკვე სრულწლოვანი ვარ და, როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ. ეს რომ ვუთხარი, მიპასუხა, მაშინ თავიც თვითონ ირჩინე და შენი სატრფოების საჩუქრებიც საკუთარი ფულით იყიდე, მე ნუ მართმევო. საერთოდ არ უნდა ჩემი გაგება. ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ხოლმე, მამა რომ ცოცხალი მყოლოდა, ის კაცურად გამიგებდა და ასეთ დღეში არ აღმოვჩნდებოდი.
ერთი გოგო მიყვარს, ქეთი ჰქვია. სკოლის დამთავრების შემდეგ ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. საჩუქრებით ვანებივრებდი და ერთად ვიყავით, ახლა კი ვეღარ ვხვდები, ვერც საჩუქრებს ვუგზავნი. უკვე რამდენიმე თვეა, აღარ მინახავს, აღარც აღარაფერი გამიგია მის შესახებ. ძალიან რომ მომენატრა, დედაჩემის ჩუმად დავურეკე ჩემს ერთ მეგობარს (პირდაპირ ქეთისთან დარეკვა ვერ გავბედე) და ვთხოვე, ქეთის ამბავი გაეგო და ჩემი მოკითხვა გადაეცა. მან კი მითხრა, უკვე თვეზე მეტია, სხვა ბიჭს ხვდებაო. საშინელი სტრესი მივიღე. დედაჩემის დანახვა აღარ მინდა. მისი წყალობით დავკარგე ჩემი პირველი და, შეიძლება, უკანასკნელი სიყვარული. ახლა აღარ ვიცი როგორ ვიცხოვრო.
ზაალი, 18 წლის.
ცოლშვილიანი კაცი შემიყვარდა
ცოლშვილიანი კაცი შემიყვარდა. ვიცი, რომ ეს მაინცდამაინც ზნეობრივი საქციელი არ არის, მაგრამ შეყვარება ხომ ადამიანზე არ არის დამოკიდებული. პირველი დანახვისთანავე სიგიჟემდე შემიყვარდა და დღემდე არ გამნელებია ეს გრძნობა. რომ გავიგე, ცოლიც ჰყოლოდა და შვილებიცო, ძალიან განვიცადე და შევეცადე, დამევიწყებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ჩემი სიყვარული ცალმხრივი რომ ყოფილიყო, ალბათ, უფრო მოვერეოდი თავს, მაგრამ ზაზასაც ძალიან ვუყვარვარ, უჩემოდ ერთ დღესაც ვერ ძლებს და ამიტომ გამიჭირდა, მისი დავიწყება.
ზაზას თავისზე ხუთი წლით უფროსი ცოლი ჰყავს. მეუბნება, რომ ჩემი ცოლ-შვილი მიყვარს, მაგრამ შენ უფრო მიყვარხარო. ორი წელია, ამას მიმტკიცებს, მაგრამ მაინც ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს, ვისთან იყოს – ჩემთან თუ თავის ცოლთან.
ჩემი დაქალი მეუბნება, მაგ კაცთან ბედნიერი მაინც ვერ იქნები, მისი ცოლ-შვილი ყოველთვის მურმანის ეკალივით გეყოლებათ გამოჩხერილი და ბოლოს მაინც იმათთან დაბრუნდებაო. შეიძლება, მართალიც არის, მაგრამ არაფრის გაგონება არ მსურს, მე მასთან ყოფნა მინდა და არაფერზე უკან არ დავიხევ, რომ ერთად ვიყოთ.
ელისო, 22 წლის.
დაქალმა შეყვარებული წამართვა
შარშან ზაფხულში მე და ჩემი დაქალი ზღვაზე წავედით. იქ ორი ბიჭი გავიცანით – ჩვენ გვერდით ეზოში ჰქონდათ ოთახი ნაქირავები. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ერთ-ერთ მათგანს, ნუკრის, გაცნობისთანავე მოვეწონე და სულ ნაირ-ნაირ საჩუქრებს მიძღვნიდა, ყველგან გვპატიჟებდა, მოკლედ, თან გვყვებოდა, მეორე კი, გია, ჩემს დაქალს – იას ეარშიყებოდა. თან გადაგვყვნენ მთელი ორი კვირა არაფერი მოგვკლებია. ასეთი ზრუნვისა და სიყვარულის შედეგად მეც რაღაც გრძნობა გამიჩნდა ნუკრის მიმართ. მერე ჩვენ თბილისში დავბრუნდით, ბიჭები კი ბორჯომში წავიდნენ.
სექტემბრის ბოლოს ნუკრი თვითონ დამიკავშირდა. მანამდე ია სულ მეუბნებოდა, მართლა რამე გრძნობა თუ აქვს შენ მიმართ, რატომ არ გეხმიანება, ახლა ხომ უკვე ჩამოსული იქნება თბილისშიო. მე სულ ვცდილობდი, ნუკრი გამემართლებინა (ამით, ალბათ, უფრო საკუთარ თავს ვიმშვიდებდი), მაგრამ ია სულ „მიჩხიკინებდა“ – ეგეც ისეთია, როგორც ყველა დანარჩენი ბიჭი. ზღვაზე კარგად გაერთო შენთან ერთად, ახლა კი აღარც ახსოვხარო. ისე, უნდა ითქვას, რომ არც გია ჩანდა, მაგრამ, არ მინდოდა, დაქალისთვის გული მეტკინა და არაფერს ვამბობდი. უნდა ვაღიარო, რომ იამ ისე დამარწმუნა, ნუკრის ფეხებზე ჰკიდიხარო, ერთხელაც, გაღიზიანებულმა ვთქვი, რომც გამოჩნდეს, ახლოსაც აღარ გავიკარებ, მაგას მე ვინ ვგონივარ, მაგისთანა ბიჭები ვედრო ლარი ღირს-მეთქი. რა ვიცოდი, ჩემი სიტყვები წინ თუ დამხვდებოდა. სექტემბრის ბოლოს კი, როგორც უკვე გითხარით, ნუკრიმ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. ისე გამიხარდა მისი ხმის გაგონება, რომ აღარც იას „შეგონებები“ მახსოვდა და აღარც ჩემი სიბრაზით ნათქვამი სიტყვები.
მე და ნუკრი ზუსტად ოთხჯერ შევხვდით ერთმანეთს. ბოლო შეხვედრისას რაღაც უცნაურად იქცეოდა – ვერ გავიგე, ვინმეზე გაბრაზებული იყო, ნაწყენი თუ რაღაც მიზეზის გამო გაღიზიანებული. საკმაოდ ცივად დავშორდით ერთმანეთს. იმის მერე რამდენიმე დღე ისე გავიდა, ტელეფონითაც კი არ შემხმიანებია. ვეღარ მოვითმინე და მე თვითონ დავურეკე. ისევ ცივად შემხვდა. რა მოგივიდა-მეთქი, ვკითხე. არაფერიო, მითხრა. მერე შეხვედრა ვთხოვე და გამოვუტყდი, მომენატრე-მეთქი. ჩაეცინა და მითხრა, არ მცალიაო. როცა გეცლება, მაშინ შევხვდეთ-მეთქი – არ მოვეშვი. შენთვის აღარასოდეს მეცლებაო. რატომ-მეთქი, – ვკითხე ატირებულმა. ლარი თუ არა გაქვს, მე გაჩუქებ, ერთი ვედრო ჩემნაირი ბიჭები იყიდე და ისინი არ მოგაწყენენო.
მაშინვე მივხვდი, რომ იამ „ჩამიშვა“, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რატომ მომექცა ასე. გადავწყვიტე, გამერკვია, რატომ მოიქცა ასე და იასთან დავრეკე, მაგრამ მობილური გამითიშა. ასე აკეთებდა მთელი დღე. საღამოს სახლში დავურეკე. ეტყობა, დაავიწყდა, გაეფრთხილებინა და დედამისმა რომ გასძახა, მოდი, მარი გირეკავსო, იძულებული გახდა, დამლაპარაკებოდა. თავიდან ჩვეულებრივად დამელაპარაკა, მომიკითხა, რატომ დამეკარგეო მისაყვედურა. ისეთი გულწრფელი ხმა ჰქონდა, ერთი პირობა ეჭვიც კი შემეპარა საკუთარ თავში – რამე ხომ არ მეშლება, ხომ არაფერი მომეჩვენა-მეთქი, მაგრამ უცებ ნუკრის ხმა და სიტყვები ჩამესმა და იას ვკითხე, რატომ მიუტანე ენა-მეთქი. წამით შეყოვნდა და მერე თავხედურად მიპასუხა, აბა, რატომ უნდა ეგონოს, რომ გიყვარს, ცოდო არ არისო? როდის აქეთ გახდი მისი გულშემატკივარი, შენ თვითონ არ ლანძღავდი ჩემთან-მეთქი? – გამიკვირდა. მას შემდეგ, რაც მე და ნუკრი ერთმანეთს ვხვდებითო, – მომახალა. მხოლოდ ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა. მერე გავიგე, რომ თურმე, თვითონ დაურეკავს ზუკასთვის, ჩემი ნათქვამი მოუყოლია და მერე შეხვედრაც უთხოვია. მერე, გია-მეთქი? – ვკითხე გაოცებულმა. გია თავისი უყურადღებობის გამო დავსაჯეო.
ასე დამტოვა პირში ჩალაგამოვლებული ჩემმა უახლოესმა დაქალმა.
ნუკრის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კაცზე უჭკუო არსება ღმერთს არ გაუჩენია.
მარი, 23 წლის.
18 წლის უნახავი დედა სახლიდან გავაგდე
15 წლის ისე გავხდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ დედა მკვდარი მყავდა. 16 წლისაც არ ვიყავი, მამაც გარდამეცვალა, რომელმაც სიკვდილის წინ გამიმხილა, რომ დედაჩემი ცოცხალიც იყო, ჯანმრთელიც და გადასარევადაც გრძნობდა თავს თავის სამშობლოში – რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში. როგორც მამაჩემმა მითხრა, 2 წლის ვყოფილვარ, დედამ რომ მიგვატოვა (თუ შეიძლება, რომ იმ ქალს დედა ვუწოდო) და მას მერე ერთხელაც არ დაურეკავს – არ უკითხავს, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი. მისი წასვლის შემდეგ მამას დედაჩემის ყველა სურათი დაუხევია და დაუწვავს, ერთის გარდა, რომელიც სიკვდილის წინ გადმომცა და მითხრა, თუ მოძებნა მოგინდება, ეს სურათი დაგეხმარებაო.
მამას გარდაცვალების შემდეგ ჩემთან ბებია ჩამოვიდა სოფლიდან და ის მივლიდა, მე კი სულ დედაზე ვფიქრობდი, მაინტერესებდა, როგორი იყო ახლა, როგორ ცხოვრობდა, ვახსოვდი თუ არა საერთოდ და კიდევ თუ ჰყავდა შვილები. ისე დავიღალე ამაზე დაუსრულებელი ფიქრითა და დარდით, რომ ერთ დღესაც, გადავწყვიტე, მომეძებნა და შევხმიანებოდი. მაშინ გამახსენდა მამაჩემის სიტყვები – ეს სურათი დაგეხმარება მოძებნაშიო. სურათის უკანა მხარეს დავაკვირდი და ძლივს გავარკვიე გაფერმკრთალებული მინაწერი, რომელიც აშკარად მისამართი უნდა ყოფილიყო. ცოტა კი დავეჭვდი, რომ დედაჩემს ამდენი წლის შემდეგ იმავე მისამართზე მივაგნებდი, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველივე ცდაზე „გავარტყი“. როცა დავადგინე, რომ ისევ იქ ცხოვრობდა, გავუგზავნე წერილი ჩემი და მამას სურათებით. ყველაფერი მოკლედ მოვუყევი ჩემ შესახებ და ვთხოვე, სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით, პასუხი მოეწერა. საკმაოდ დაგვიანებით მივიღე საპასუხო წერილი, რომელშიც სულ რამდენიმე წინადადება ეწერა: „არ გიცნობ, ვინ ხარ და არც მაინტერესებს. აღარ გაბედო მოწერა. ქმარიც მყავს და შვილიც. სამუდამოდ დამივიწყე“. ჩემი გაგზავნილი სურათებიც კი უკან გამომიგზავნა. როგორია ასეთი ტკივილის გადატანა 16 წლის ბიჭისთვის? ძალიან კი ვმალავდი, მაგრამ ბებიაჩემმა მაინც გაიგო, რაც მოხდა და, როგორც იტყვიან, თმა გაიშალა: მაგ უჯიშომ და ეშმაკის მოციქულმა გადამირია შვილი, მაგან მიგაგდო ძაღლის ლეკვივით, მაგან დააქცია ჩემი აწყობილი ოჯახი, მაგ ბოზანდარამ და, კიდევ მაგას ეხვეწები შეხვედრასო?! მერე გულში ჩამიკრა და ორივე ხმამაღლა ვტიროდით.
ხომ ასე გულმოკლული ვიყავი დედისგან, მაინც მეწყინა, ბებიამ ცუდად რომ მოიხსენია, მაგრამ მისი სახელი სამუდამოდ ამოვირეცხე გულიდან და ხმამაღლა განვაცხადე, მე დედა დღეს მომიკვდა-მეთქი. იმ დღიდან ძალიან სევდიანი და გულჩახვეული გავხდი. საწყალი ბებიაჩემი სულ თვალებში შემომცინებდა, ოღონდ რამე ესიამოვნებინა. მეც სულ ვეფერებოდი, რადგან ძალიან მეცოდებოდა – ერთადერთი შვილი (მამაჩემი) მოუკვდა და ჩემ მეტი არავინ ჰყავდა.
ისე გავიდა ხუთი წელი, დედაჩემი გადაკვრითაც კი არ მიხსენებია. ის კი არა, ვცდილობდი, არც კი მეფიქრა მასზე. ერთ დღეს კი, სამსახურიდან რომ მივედი სახლში, ბებიაჩემი მისაღებ ოთახში იჯდა და ვიღაც ფაშფაშა უზარმაზარ ბეწვისქუდიან, წითურ ქალს ელაპარაკებოდა დამტვრეული რუსულით. იქვე, შემოსასვლელში სამი ჩემოდანი დავინახე და გულმა რეჩხი მიყო. გიჟივით შევვარდი ოთახში და ისე, რომ იმ ქალისთვის არც კი შემიხედავს (ძალა არ მეყო, რომ თუნდაც თვალი შემევლო), ბებიას ვეცი – ვინ არის ეს ქალი, უცხოებს რატომ უშვებ სახლში-მეთქი. ბებიამ ხმის კანკალით მითხრა, დედაშენია და მიესალმე მაინცო. მე დედა მეორედ მომიკვდა ხუთი წლის წინ და კატა ხომ არ არის, ცხრა სიცოცხლე ჰქონდეს-მეთქი, – ვიყვირე. ის ქალი კი ჯერ მაკვირდებოდა, მერე კი წამოხტა და ჩემკენ გამოექანა აფერისტული კრუსუნით:
– „სინოკ, კაკ ტი ვიროს, უჟე მუჟჩინა! ია ტვოია მამა, იდი კო მნე, როდნოი!“ – და საკოცნელად გამოიწია, მაგრამ მე ისე უხეშად ვკარი ხელი, კინაღამ წავაქციე. მერე ბებიას მივუბრუნდი და კატეგორიულად მოვთხოვე: ან ახლავე გააგდე სახლიდან და ფეხის მოდგმაც კი აუკრძალე, ან მე წავალ და თვალით ვეღარ მნახავ-მეთქი.
ბებომ ტირილით ამოიკვნესა და მითხრა, სად გავაგდო, ცხრა მთას იქიდან ჩამოსული ადამიანი, ქალაქში არავის იცნობს, ღამე მაინც გაათიოს აქ და დილით ვეტყვი, რომ წავიდეს. თანაც, ეს უბედური ქმარ-შვილს გამოუგდია სახლიდან. წასასვლელი რომ აღარსად ჰქონდა, აქ ჩამოვიდა და ახლა ჩვენც გავაგდოთო?
არ მაინტერესებს-მეთქი, ვუყვირე ბებიას, მერე კი იმ ქალს მივუბრუნდი და ვუთხარი, ქალბატონო, არ გიცნობთ ვინ ხართ და არც მაინტერესებს, ახლავე თქვენი ბარგიანად მიბრძანდით აქედან-მეთქი. მან ტირილი დაიწყო, – მართალია, შეცდომა მომივიდა, მაგრამ მე ხომ შენი დედა ვარ, თანაც, ამ შუაღამისას ამ უცხო ქალაქში ვის მივადგე. უკანაც ვეღარ დავბრუნდები, იქიდანაც გამომაგდესო. რომ არ გამოეგდე, ჩემი არსებობა თუ გაგახსენდებოდა-მეთქი, ვუყვირე. მერე მისი გამოგზავნილი წერილი გამოვუტანე (შენახული მქონდა) და თვალებზე ავაფარე, – ხომ არ დაგავიწყდა, რაც მომწერე-მეთქი. არც ამ უცხო ქალის ცრემლებმა გაჭრა არც ბებიაჩემის ხვეწნა-მუდარამ, მხეცად ვიქეცი და დედაჩემი, რომლის ნახვასაც ასე ვნატრობდი, შეუბრალებლად გავაგდე სახლიდან.
მოგვიანებით გავიგე, რომ ორი დღე ბებიაჩემს დაუბინავებია სადღაც, მერე კი ბებიას თავისი ფულით უყიდია უკან დასაბრუნებელი ბილეთი, რაღაც თანხაც მიუცია (უკაპიკოდ ბრძანდებოდა, თურმე, ქალბატონი), თვითონვე ჩაუსვამს მატარებელში და გაუცილებია. იმ ამბებიდან თითქმის 20 წელი გავიდა. თავიდან რამდენიმე წერილი გამომიგზავნა დედაჩემმა, პატიებას და შერიგებას მთხოვდა, მაგრამ არც ერთ წერილზე არ მიპასუხია.
ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს საქციელს, ვხვდები, რომ სასტიკად მოვექეცი და სადღაც, გულის სიღრმეში ვნანობ კიდეც, მაგრამ ჩემს თავს არაერთხელ გამოვუტყდი, რომ ახლა, როცა უკვე 40 წელს გადავაბიჯე, ისევ რომ მომადგეს დედაჩემი, ალბათ, ისევ ისე მოვიქცევი. შეიძლება, არ ვარ მართალი, მაგრამ შეუძლებლად მიმაჩნია პატიება და რა ვქნა!
კობა, 41 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.