რატომ შესთავაზეს ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს მილიონი ევრო და სად აუხსნა მან სიყვარული კიმ ბესინჯერს
ზაზა ხატიაშვილი მძიმე საარჩევნო მარათონის შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე გახდა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქართველი ადვოკატების უფლებების დაცვა მოუწევს. ზაზას, რომელიც კახური პირდაპირობითა და პროფესიული პატიოსნებით არის ცნობილი, ეს ფუნქცია ადრეც ძალიან ბევრჯერ შეუსრულებია, რაც კოლეგებმა სათანადოდ დაუფასეს კიდეც. მათთან ერთად საარჩევნო მარათონში ჩართულ ზაზას ყველაზე მეტად ჟურნალისტი მეუღლე, ირმა ჩაფიძე გულშემატკივრობდა. ასეთი მხარდაჭერების გამო ზაზა მას უკვე 13 წელია, რაც „საგვარეულო განძს“ უწოდებს. როგორია მოსიყვარულე ცოლ-ქმრის ოჯახის შექმნის ისტორია და რა სიურპრიზებით ანებივრებს ნომერ პირველი ადვოკატი ცოლს, ამას ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ.
– ზაზა, გილოცავთ გამარჯვებას, რომელიც რთულ არჩევნებში მოიპოვეთ. სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება იოლი არ უნდა ყოფილიყო. ეს როგორ მოახერხეთ?
– ეს იმ ადვოკატების დამსახურებაა, ვინც ზაზა ხატიაშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს, მათ მიმართ იყო მუქარებიც, დაპირებებიც, რომ, თუ მე დამიჭერდნენ მხარს, მათ აღარ გაუკეთებდნენ საპროცესო შეთანხმებებს. კახეთში ჩემს მხარდამჭერ ადვოკატებს მობილურებიც კი ჩამოართვეს. ამ ზეწოლების მიუხედავად, ადვოკატები მოიქცნენ გმირულად, რის გამოც მადლიერი ვარ მათი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული ადვოკატის ინტერესები იყოს დაცული. ქართულ რეალობაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, რომ, შეიძლება, მოიგო არჩევნები, თუ კოლეგების მხარდაჭერით, პატიოსნად იბრძოლებ და სახელისუფლო შტოსთან გარიგებაზე არ წახვალ. ხელისუფლებამ ვაჭრობა დაიწყო ჩემთან, რომ მომეხსნა კანდადატურა და, ამის სანაცვლოდ, ჯერ 200 000 ევრო შემომთავაზა, მერე კი ფასი მილიონ ევრომდე გაზარდა.
– ძალიან ძვირად შეუფასებიხართ ხელისუფლებას.
– მე იმდენად ამაღელვა ამ ფაქტმა, რომ ვთხოვე ჩემს მეგობარს, შალვა ხაჭაპურიძეს, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძლიერი ადვოკატია, ძალიან კარგი ადამიანიც არის, გამოსულიყო ტელევიზიით და ეთქვა, როგორ შემომითვალეს მისი პირით კანდიდატურის მოხსნის შესახებ. შალვამ გაბედა და ეს ხმამაღლა განაცხადა. არჩევნების კულისები იყო ძალიან მძიმე, თუმცა, ვერაფერს ვიტყვი ჩემს კონკურენტ ქეთი ქვარცხავაზე, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. მან ბოლომდე დაიცვა კოლეგიალობა და უღირსი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირადად მისგან ჯანსაღ კონკურენციას ვგრძნობდი და გამარჯვებაც გულწრფელად მომილოცა, ჩვენ შორის არ ყოფილა „ბრძოლა წესების გარეშე“, ის, რაც ქეთიმ შეძლო, ამას ბევრი მამაკაცი ვერ გააკეთებდა.
– ბევრი ადვოკატი ჩივის, რომ გაძლიერებული პროკურატურისა და ამ სასამართლო ხელისუფლების პირობებში, ადვოკატებმა ფუნქცია დაკარგეს. რის გაკეთებას აპირებთ ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე მომავალ ოთხ წელიწადში, თუ კოლეგებმა ბუნტი არ მოგიწყეს და დროზე ადრე არ დაგატოვებინეს პოსტი?
– კოლეგებისგან ბუნტს არ ველი, ბუნტს თუ მომიწყობს, მომიწყობს ხელისუფლება, რომელიც სხვადასხვა მეთოდით შეეცდება ჩემთან ბრძოლას. მათ უკვე დაიწყეს იმ კახელი ადვოკატების დატერორება, რომლებიც „სოდის“ მანქანით არ ჩამოვიდნენ თბილისში და ამათ არ დაუჭირეს მხარი. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ მოვწონდი ჩემი პოზიციის გამო და ვამბობდი იმას, რაც ამათ აღიზიანებდათ. ჩემი მიზანია, რომ ადვოკატურა ინსტიტუციონალურად დამოუკიდებელი იყოს. 23 წლის გამომძიებელი 30-წლიანი სტაჟის მქონე ადვოკატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს. ეს პროფესია რისკის სფეროთა პროფესიებს მიეკუთვნება და მათი იმუნიტეტი საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული. ადვოკატის ინსტიტუტი უნდა იყოს პრესტიჟული, არ უნდა ხდებოდეს ადვოკატების მოსმენა ყოველ ფეხის ნაბიჯზე, დაცული უნდა იყოს მათი კორესპონდენცია, კლიენტთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა. როცა ადვოკატი საპყრობილეში შედის და მას ყველა ორგანოზე ხელს უთათუნებენ, ეს არის ადვოკატის დაცინვა. ასეთი პირველყოფილური და დამცინავი დამოკიდებულება უნდა დასრულდეს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მე ადვოკატების უფლებებს მთელი ძალისხმევით დავიცავ. ადვოკატთა ასოციაცია აღარ იქნება ისეთი უმოქმედო, როგორც აქამდე იყო და ადვოკატებს ექნებათ ის ფუნქცია და გავლენა, რაც აქვთ ევროპის ქვეყნებში.
– მეუღლე თუ გედგათ გვერდში საარჩევნო კამპანიის დროს?
– თუ მამაკაცს ცოლი გვერდში არ უდგას, ასოციაციის თავმჯდომარე კი არა, კულტურის სახლის დირექტორიც ვერ გახდები. ირმა რომ არ იყოს ჩემი ცოლი, ამდენს, ალბათ, ვერ შევძლებდი. ჩემი მეუღლე ჟურნალისტია და ზუსტად იცის, როდის როგორი მხარდაჭერა მჭირდება. შეიძლება ითქვას, საკუთარი პრესმდივანი მყავს (იცინის).
– თქვენი ცოლისდაც ცნობილი ჟურნალისტია, ამდენი ქალების და, თან, ჟურნალისტების „ტყვეობაში“, მგონი, ერთი ადვოკატი თქვენც გჭირდებათ.
– ელისო ისე მიყვარს, როგორც ჩემი და (ლაპარაკობს ჟურნალისტ ელისო ჩაფიძეზე, თ.ს.). ძალიან მეამაყება, რომ ელისო ასეთი თავმდაბალი და წესიერი ადამიანია. სამი წლის წინ, ელისო აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ჟურნალისტად დასახელდა და, ეს პრიზი მას დალაი ლამამ გადასცა. როცა პრიზი თბილისში ჩამოიტანა, გულში ჩავიკარი და ვიტირე. მას ისეთ საიდუმლოებებს ვუმხელ, რაც ირმამაც კი არ იცის. ირმა ემოციური ადამიანია, ყველაფერს განიცდის და სულ ვცდილობ, უარყოფითი ინფორმაციით არ დავტვირთო, ამის გამო მე და ელისო ბევრ „შეთქმულებას“ ვაწყობთ ხოლმე – ირმას სანერვიულო საკითხებს საგულდაგულოდ ვმალავთ (იცინის).
– როგორია თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია?
ირმა: ერთმანეთი 13 წლის წინ გავიცანით, უზენაეს სასამართლოში, სადაც მე, დამწყები ჟურნალისტი, სასამართლო პროცესის გასაშუქებლად დავდიოდი. ზაზაც დამწყები ადვოკატი იყო. მოსამართლე იური ტყეშელაშვილი სულ ამაყობდა: ჩემს პროცესზე შეიქმნა თქვენი ოჯახიო.
ზაზა: ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება: ირმა სასამართლოს მოსაცდელში იდგა, ძალიან ლამაზი თმა ჰქონდა, კიმ ბესინჯერს ჰგავდა. მივედი მასთან და ვუთხარი: კიმ, რა ლამაზი თმები გაქვს-მეთქი – და ლოყაზე ვაკოცე. კიმი დავარქვი და დღემდე ირმას ყველა კიმს ეძახის, მეც, ჩემი ახლობლებიც, თავისი მეგობრებიც. მე ჩემი საკუთარი „კიმ ბესინჯერი“ მყავს.
ირმა: როცა პირველად ვნახე, ვიფიქრე: ეს გიჟი და გადარეული ვინ არის-მეთქი, აბა, რა უნდა მეფიქრა?! პირველივე დანახვაზე მეცა და მაკოცა, სამი დღის მერე კი რედაქციაშიც გამომყვა. მერე გამომიტყდა: „როცა პირველად დაგინახე, ვიფიქრე: გათხოვილიც რომ იყოს, მაინც ჩემი ცოლი უნდა გახდეს-მეთქი“...
– „კიმ ბესინჯერი“ ცოლობაზე იოლად დაითანხმეთ?
– ორ დღეში პირველი პაემანი გვქონდა, თეატრში წავედით. არც ერთი სპექტაკლი არ გაგვიცდენია იმ პერიოდში, მთელი შეყვარებულობა თეატრსა და ოპერაში გავატარეთ, ზოგიერთი სპექტაკლი ათჯერ გვაქვს ნანახი. ჩვენი გაცნობიდან ხუთი თვის შემდეგ ირმას გარდაეცვალა მამა და მე ჩავედი დასაფლავებაზე. ირმას ოჯახში იცოდნენ ჩემ შესახებ, მაგრამ უხერხულობა რომ ამერიდებინა, ვთქვი, ვითომ ირმას ძმის თანაკურსელი ვიყავი. თურმე, იქ სცოდნიათ, ვინც ვიყავი და, როგორც კი ოთახში შევედი, მომატირეს: ასეთ სიტუაციაში უნდა გაგეცნო სასიმამროო?! მერე ხუთი დღე დავრჩი ტყიბულში, მარტო ვეღარ დავტოვე ირმა. ისე მიყვარდა, რომ ძალიან განვიცდიდი მის გამო.
– ზაზა, მეუღლის მიმართ ასეთი რომანტიკული სიყვარული დღემდე შემოგრჩათ?
– დიახ, დღემდე რომანტიკული ვარ. შარშან ყველა საქმე გადავდე და ბაკურიანში გავიპარე ამათთან ერთად, ზღვაზეც ვიყავი „გაპარული“ ოთხი დღე. ირმა ჩემზე ადრე წავიდა ზღვაზე, მე სხვა სასტუმროში დავბინავდი, რადგან სემინარზე ვიყავი ჩასული. როგორც კი თავისუფალი დრო მოვნახე, ირმას დავურეკე: წამო, პაემანზე გეპატიჟები-მეთქი და ერთად გავეპარეთ ბავშვებს.
ირმა: ზაზა ძალიან მორწმუნე ადამიანია, რაც მე ძალიან მეამაყება. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ რთული ცხოვრება გვაქვს, ზაზა მაინც ყველაფერს ასწრებს. დღემდე ძალიან ბევრ სიურპრიზს მიწყობს. ჩვენი დაოჯახებიდან 13 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ამიხსნა სიყვარული სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში. ზაზა ტიბაანიდან არის და მშობლიური კუთხე ძალიან უყვარს.
– რაც ზაზა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა, ახალი რეგალია ხომ არ შეიფერა?
– არა, რას ამბობთ! (იცინის). ზაზა სახლში ისეთი ადვილად ასატანი და მოსავლელია, რომ ყველას ვურჩევ, კახელ კაცს გაჰყვეს ცოლად. სახლში ძალიან „ლაითია“. მე უფრო რთული ასატანი ვარ. ხანდახან კი ვწუწუნებ, მაგრამ, 13 წელია, ერთად ვართ და ჯერ კონფლიქტი არ მოგვსვლია.
ზაზა: ამიტომაც გეძახი „ხატიაშვილების განძს“ (იცინის). სახლში ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა ბავშვების სკოლაში წაყვანა და მოყვანა, პროცესიც კი გადამიდებინებია იმის გამო, რომ ბავშვები სკოლიდან მყავდა გამოსაყვანი. ეს ჩემმა კლიენტებმაც კი იცოდნენ (იცინის). შვილები მე მაბარია, მათ ვერავის ვანდობ. როცა ირმა სამსახურშია, ბავშვებს მე ვუვლი, ვეთამაშები. ყველაზე მეტად დამალობანა უყვართ, ისინი რომ გავართო, ხან მაგიდის ქვეშ ვარ, ხან – გარდერობში. მერე ერთი კვირა ალაგებს ხოლმე ირმა სახლს (იცინის).
ირმა: სახლში რომ მოვდივარ, აქ ისეთი ამბები მხვდება ხოლმე, ისეთი, რომ... (იცინის). შაბათობით, როცა მე სამსახურში გვიანობამდე მიწევდა ყოფნა, ზაზა იყო ხოლმე ბავშვების ძიძა. თუ გაუფრთხილებლად მოვიდოდი სახლში, ნამდვილი „ბოროდინოს ველი“ მხვდებოდა, კარზე დავაკაკუნებდი და ყველა ერთად გაისუსებოდა, თუმცა მათი ბრძოლის კვალი სახეზე იყო და მის გაქრობას ვერ ახერხებდნენ (იცინის).
ზაზა: ახლა ირმა უფრო მეტად მაკონტროლებს (იცინის), სულ მეუბნება, რომ კარგი სუნამო დავისხა და შარვალ-კოსტიუმი ჩავიცვა – უნდა, რომ ყველაზე ლამაზად გამოვიყურებოდე და მის ზრუნვას ძალიან ვაფასებ.