კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეი ჩარლზის საყვარლად გასაღებული დაქალი, დამფრთხალი „ფოე-ფოე“ ქალბატონები და გინებით ნაჭამი კაკლის მურაბა


გია ფერაძე ის ადამიანი იყო, ვისაც თბილისში მისამართი არ სჭირდებოდა. მას ყველა იცნობდა და ახლაც ბევრი იხსენებს მის არაორდინალურ ქცევებს. მოგვიანებით, როცა მის თავზე ტრაგედია დატრიალდა და საქართველოდან ძალიან შორს, მრავალწლიან „გასტროლებზე“ გაუშვეს, თბილისში ის მაინც არ დავიწყებიათ. მასთან გატარებულ ხალისიან დღეებს ხშირად იხსენებდნენ მისი უბნელები, მეგობრები, თანაკურსელები თუ, უბრალოდ, ერთი დღის გაცნობილი ადამიანები. გია ყველას უყვარდა, მასთან ჭიქის აწევას ყველა სიხარულით ხვდებოდა, და, რაც ყველაზე მთავარია, გარდაცვალების შემდეგაც დღესაც ყველა სიყვარულით, სითბოთი და დანანებით იხსენებს. ის ნამდვილად ქალაქელი კაცი იყო, თავისი გამორჩეული ქცევითა თუ იუმორით, საძმაკაცო თუ სამეგობრო ფართო წრით.

საჩუქრები ასმათისთვის

ადრე რუსთაველის თეატრი გასტროლებზე მატარებლით მიდიოდა ხოლმე და სადგურზე ზღვა ხალხი აცილებდა, წარმატებით დაბრუნებულებს მეტი ხვდებოდა. გამცილებელ-დამხვედრების რიცხვში იყვნენ გიას მარჯანიშვილელი მეგობრები – ამირან ბუაძე და ასმათ ტყაბლაძე, რომლებსაც თეთრი შურით შურდათ გიას ხშირი წასვლა-ჩამოსვლა.

ერთი გაცილებისას ასმათმა მეგობრულად უსაყვედურა გიას:

– რა არის, ბიჭო, გასტროლებიდან რომ ჩამოდიხარ, ყველასთვის რაღაც ჩამოგაქვს და მე რატომ მივიწყებო.

თეატრის გასტროლებმა ამჯერადაც ტრიუმფით ჩაიარა და თბილისის ვაგზლის ბაქანზე დამხვდურების ტევა არ იყო.

და აი, მატარებელი ბაქანზე შემოვიდა. ყველა თავის ნაცნობს და ახლობელს ეძებს. მსახიობები ფანჯრებში არიან გადმოყუდებული და ისინიც მოუთმენლად ელიან ახლობლებთან ჩახუტებას.

ერთ-ერთი ვაგონის ფანჯრიდან გადმოკიდებული დგას გია ფერაძე და დამხვდურებში ეძებს ვიღაცას. როდესაც თვალი მოჰკრა ასმათს, ყველას გასაგონად, ხმამაღლა გაჰყვირა:

– ასმათ! ტყაბლაძე! ნახე, რა ჩამოგიტანე!

ხელში ეჭირა ქალის წითელი ბიკინი, ფერადი ლიფები, „ფოხანა“ ნიფხავი და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხალხის დასანახავად დროშასავით აფრიალებდა.

გვიანი ზარი

ერთხელ ასმათი, ნანული სარაჯიშვილი და გია, ზეიკო ბორცვაძესთან შერჩნენ და გვიანობამდე ქეიფობდნენ. ისედაც სერიოზული ასმათი ამჯერად მანქანით იყო, წვეთს ვერ სვამდა და ვერც ილხენდა.

გახდა ღამის 2 საათი. მოქეიფეები გახურდნენ. ზეიკო არც ერთ ინსტრუმენტზე არ უკრავდა, მაგრამ სახლში პიანინოც ჰქონდა და გიტარაც, რადგან მის ოჯახში ქეიფის ნამდვილი ფოიერვერკები იმართებოდა. როდესაც ზეიკო კარგად შეთვრებოდა ხოლმე, აიღებდა გიტარას, თითით იღებდა ერთადერთ აკორდს, მონოტონურად ჩამოჰკრავდა სიმებს, ყოველგვარი რიტმის გარეშე და გულდამწვარი ხმით მღეროდა რომანსებს. გია თავის ჩვეულ ფორმაში იყო და სუფრის წევრები სიცილით იხოცებოდნენ. ასმათი დაიღალა და წასვლა უნდოდა, მაგრამ მეგობრებს გვიან ღამით უმანქანოდ ვერ ტოვებდა, თანაც, გიასი ეშინოდა.

შიგადაშიგ გია საეჭვოდ გადიოდა ოთახიდან და მალე ისევ ბრუნდებოდა. როგორც მერე გაირკვა, თურმე ასმათის დედას ურეკავდა და შეცვლილი ხმით ეუბნებოდა:

– ქალბატონო, ასმათს გადაეცით, რომ დარეკა კოტე თოლორაიამ და, როდესაც მოვა, აუცილებლად დამირეკოს, გადაუდებელი საქმე მაქვს!

გია სუფრაზე ბრუნდებოდა და დროს წელავდა. ცდილობდა, ასმათი რაც შეიძლება გვიან დაბრუნებულიყო სახლში.

ბატონი კოტე თოლორაია, თამაზ თოლორაიას მამა, უფროსი თაობის მსახიობი, ახალი გადმოსული იყო რუსთავის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მას დიდ პატივს სცემდნენ, განსაკუთრებით – ახალგაზრდები.

გიას კიდევ ორჯერ დაურეკავს ასმათის დედისთვის, „გადაუმოწმებია“, ხომ არ მოსულა ასმათი და დიდი ბოდიშის მოხდით კვლავ გაუმეორებია „ბატონი კოტეს თხოვნა“.

როგორც იქნა, დაამთავრეს ქეიფი, რისი მომასწავებელიც იყო ზეიკოს ჩვეული დასკვნითი ფრაზა:

– „კონცერტ აკონჩენ! აბა, მედლენნა ი გრუსტნა დაეშვით თქვენ-თქვენს სახლებში“! – რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

მეგობრების სახლებში ჩამორიგების მერე, ასმათი უკვე გამთენიისას მისულა სახლში.

დედას არ ეძინა, მის მოსვლას ელოდა და მოსვლისთანავე შეწუხებულმა გადასცა „ბატონი კოტე თოლორაიას თხოვნა“.

უკვე 5 საათი იყო დაწყებული. ასმათი შეწუხდა, რამე ხომ არ უჭირს ბატონ კოტესო. ვერ მიხვდა დარეკვის მიზეზს, იფიქრა, იქნებ გული აქვს ცუდად და მანქანა სჭირდებაო.

მცირე ჭოჭმანის შემდეგ მაინც დაურეკა:

– ბატონი კოტე ბრძანდებით? – ჰკითხა, როდესაც ყურმილში ნახევრად მძინარე მამაკაცის ხმა მოესმა.

– დიახ! ვინ ბრძანდებით?

– მე ასმათი ვარ, ტყაბლაძე...

– ვინ? ვინ? – იკითხა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა მსახიობმა.

– ასმათი ვარ! ასმათი, ტყაბლაძე! თქვენი თანამშრომელი! ბატონო კოტე, თქვენ დაგირეკავთ ჩემთან და დედასთვის გითხოვიათ, აუცილებლად, მოსვლისთანავე დამირეკოსო.

– მეე? დამირეკიაა? შენი დედა...სთან?! ვის დედასთან? შვილო, ასმათ, მე არსად დამირეკია, მაგრამ, შენ თავად ხომ არ გაგირეკავს ამ უთენია?!

ასმათი უცებ მიხვდა საქმის ვითარებას – ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ რა დურაკის როლში ჩააგდო იგი გია ფერაძემ.

დიდი ბოდიშები უხადა ბატონ კოტეს და უხერხული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ამჯერადაც მოუხდა გია ფერაძის „ჩაშვება“.

„ბასეინზე“

გიას ხშირად ძალიან საჩოთირო „ნომრებიც“ ჰქონდა.

იმ სუვენირებს შორის, რომელიც გიას ჩამოჰქონდა, იყო ნატურალური ზომისა და ფერის, რეზინის „განავალი“.

გია შესანიშნავად ცურავდა და ხშირად მიდიოდა საცურაო აუზზეც, სადაც მრავალი თბილისელი ლამაზმანი დადიოდა გასარუჯავად და გასაპრანჭავად. ერთხელ, დილით, ფეხბურთის თამაშის შემდეგ, გია მეგობრებთან ერთად მივიდა აუზზე. იქ უკვე სანებივროდ ემზადებოდნენ „ფოე-ფოე“ ქალბატონები. სანამ ისინი აუზში ჩავიდოდნენ, გიამ შეუმჩნევლად შეაცურა წყალში განავლის ფიტული. როდესაც ქალებმა დაინახეს წყალზე მოტივტივე „განავალი“, ატეხეს წივილ-კივილი და დირექტორს მოუხმეს. განსაკუთრებით ღელავდა ერთ-ერთი რაიკომის მდივნის მეუღლე:

– ეს აღმაშფოთებელია! როგორ შეიძლება ამის ატანა! ჩემი ფეხი არ იქნება ამ აუზზე, მე ამას ასე არ დავტოვებ!..

გია მივიდა მასთან და მიმართა:

– ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო, ახლავე მოვაშორებ ამ საძაგლობას! – მერე წყალში გადახტა, ჩაყვინთა და პირდაპირ „განავალთან“ ამოჰყო თავი, პირი დაავლო მას და წყნარადვე ცურვით გამოიტანა. გაოგნებულ ქალბატონს კი მიმართა:

– ამაზე ნერვიულობდით, ქალბატონო? – და დაჭმუჭნული რეზინის ნაჭერი მიაწოდა.

კაკლის მურაბა

გიას ახლობელი მეგობრები იყვნენ თამაზ სეფერთელაძე, დათო აბესაძე და მალხაზ თავართქილაძე, – „ცისფერი ტრიოს“ მომღერალი ბიჭები. როდესაც ისინი პირველად მიემგზავრებოდნენ გერმანიაში გასტროლებზე, უცხოეთში ბევრჯერ ნამყოფ, გამოცდილ მეგობარს, გიას მიადგნენ რჩევა-დარიგებისთვის.

გიამ, რასაკვირველია „ჭკუა დაარიგა“ და სერიოზული სახით ურჩია, გასაყიდად წაეღოთ ლაგოდეხის ქარხნის კაკლის მურაბა და ხაზი გაუსვა, „ლაგოდეხის“, რადგანაც იქ ამ პროდუქტს რეკლამას უკეთებენ და მასზე დიდი მოთხოვნილებააო. დაუჯერეს და წაიღეს ბლომად ლაგოდეხის ქარხნის კაკლის მურაბა, რომელიც, რასაკვირველია, ხელში შერჩათ და იძულებული იყვნენ, ნაწილი სასტუმროში დაერიგებინათ გემრიელი სუვენირების სახით, ნაწილი კი თავად მიეყოლებინათ ჩაიზე – თითოეული ტკბილი კაკლის ჭამისას, სიმწრით აყოლებდნენ გიას მისამართით:

– ოხ, ფერაძე შენი!..

რეი ჩარლზის

კონცერტი

რუსთაველის თეატრის შვეიცარიაში ყოფნისას, იქ კონცერტები ჰქონდა ცნობილ მომღერალს, რეი ჩარლზს და ბილეთის ფასი 30 დოლარიდან იწყებოდა. ერთ საღამოს გია იზა შალვოვნასთან მივიდა და ეუბნება:

– შალვოვნა! მაქვს პატივი, დაგპატიჟოთ რეი ჩარლზის კონცერტზე!

გადაირია:

– გია, საიდან იშოვე ბილეთების ფული? ორი ბილეთის ფასი ხომ თითქმის ჩვენი ჰონორარის ნახევრის ტოლია!

– დარდი ნუ გაქვს, ოც წუთში ქვევით იყავი, ჰოლში, გამოწყობილი!

სასწრაფოდ მოიყვანა თავი საზეიმო წესრიგში და დათქმულ დროზე ჩავიდა ჰოლში. გიაც, გამოწკეპილი, ქვევით ელოდებოდა.

მდიდარი კაცის ჟესტით გააჩერა ტაქსი და მივიდნენ ვეებერთელა საკონცერტო დარბაზთან, სადაც შესასვლელ კართან უამრავი ხალხი იყო მისეული. გიამ ხელი ჩაჰკიდა, გასწი-გამოსწია ხალხი, და როგორც იქნა, მიაღწიეს კარამდე, რომელსაც პოლიცია აკონტროლებდა. მივიდნენ ბილეთების კონტროლიორთან. გიამ წინ გაატარა, ჯიბიდან ამოიღო სადღაც ნაშოვნი რეი ჩარლზის სურათი, რომელზეც ქართულად წაეწერა მომღერლის ავტოგრაფი და კონტროლიორს დამტვრეული ინგლისურ-ქართულ-იტალიურით დააყარა:

– „რუსტაველი... ტეატრ... კავკაზიშე წრე... იზა... შალვოვნა... რეი ჩარლზ... ბიგ ფრენდ... ბიგ დოსტ“... – თან იზაზე უთითებდა და მარჯვენა და მარცხენა ხელის საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუსვ-გამოუსვა, რაც ჩვენში ახლო მეგობრობის მანიშნებელი ჟესტია. გაკვირვებულ კონტროლიორს ვერაფერი გაეგო. ამასობაში უკან ხალხი მოაწყდა და საცობი წარმოიქმნა.

გია და იზა უკან მომავალმა ხალხმა თანდათან შეიტანა შიგ და გიამ ერთხელ კიდევ მოუთათუნა მხარზე ხელი კონტროლიორს.

– „იეს! რეი ჩარლზ... ბიგ ფრენდ... თენქ იუ“... – და კვლავ გაუსვ-გამოუსვა თითები ერთმანეთს.

ხალხის ნაკადს ნელ-ნელა შეყავდა ისინი დარბაზში. კონტროლიორი იძულებული გახდა, უკვე მათ უკან მომავალი მაყურებლების ბილეთები შეემოწმებინა. ისინი კი შორიდან აკვირდებოდნენ გაოცებულ კონტროლიორებს, რომლებიც კვლავ საჩვენებელი თითების ერთმანეთზე გასმით არკვევდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს ჟესტი. იზა და გია სასწრაფოდ შეერივნენ ხალხს.

დარბაზშიც ვიღაც ახალგაზრდას დაათმობინა მისთვის ადგილი.

ასე ანახვა გიამ რეი ჩარლზის დაუვიწყარი კონცერტი.

გია ფერაძის მეგობრების ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3