რითი ანებივრებს ნატა ნიჟარაძე გარშემო მყოფებს და რას არ აცდის ის მამაკაცებს
ნატა ნიჟარაძე „პირველ არხზე“ აბსოლუტურად განსხვავებული ამპლუით წარმოგვიდგა: ქალურად და ელეგანტურად ჩაცმაში ია ხიდირბეგიშვილი ეხმარება, თუმცა, ჩაცმულობის გარდა, ძალიან ბევრი უცნობი დეტალია, რომლებიც ნატას შესახებ არ ვიცოდით და „სამოთხის ვაშლებმა“ დაგვანახვა. ნატა სხვა წამყვანებთან ერთად იმ თემებზე გვესაუბრება, რაზეც მხოლოდ საკუთარ სამზარეულოებში შეკრებილები ვსაუბრობთ.
ნატა ნიჟარაძე: ახალ ამპლუას ნორმალურად მოვერგე, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, რადგან, მართალია, უცხო ხალხში არა, მაგრამ უცხო გარემოში უნდა აღმოვჩენილიყავი, სადაც, ვფიქრობდი, ჩემი დინამიკურობა ვერ ჩაეტეოდა. თუმცა, ეს პერიოდი აუცილებლად მჭირდებოდა იმისთვის, რომ დამესვენა.
– ანუ, ერთგვარი პაუზა აიღე?
– არ ვიცი, ჰქვია თუ არა ამას პაუზა. არაჩვეულებრივი გადაცემაა და ბევრ საჭირბოროტო საკითხს ეხება, მაგრამ, შესაძლოა, კიდევ რაღაც გავაკეთო და ამაში დავხარჯო ჩემი ენერგია. სულ მაქვს იმის მოთხოვნილება, რომ რაღაც ვაკეთო, შევქმნა. კი ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, სტუმრები მოგვყავს, ისინიც საუბრობენ, თან, ძალიან საინტერესო თემებზე, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი, უფრო მეტად, რაღაცის შექმნაა.
– თქვენ „ვაშლები“ იმაზე საუბრობთ, რაზეც სამზარეულოში შეკრებისას ჭორაობენ ხოლმე ქალები. ჭორაობა თუა „შენი“?
– რას ლაპარაკობ?! ჭორაობა ჩემი მოგონილია. ვგიჟდები სხვების ამბების გაგებაზეც და ჩემი ამბების მოყოლაზეც. თუმცა, მაინც მირჩევნია, მოვისმინო. ამ შემთხვევაში, ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობთ, მაგრამ, არ მგონია, რომ ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს. რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც ან არ თქმულა, ან არ დაწერილა?! ამიტომ ძირითადად ციტირებებს ვაკეთებ ხოლმე, დიდი ადამიანების გამონათქვამებიდან, რომლებიც მახსოვს და იმ კონკრეტულ სიტუაციას ძალიან უხდება.
– თუმცა, პირადი გამოცდილებიდანაც მოგყავს მაგალითები.
– დიახ, ძალიან ხშირად, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს. კონკრეტულ მომენტში, გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით, ყველას საკუთარი აზრი აქვს. ძალიან მომწონს, რომ ჩვენ, „ვაშლებს“, ყველას საკუთარი, თან, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული აზრი გვაქვს და ამ აზრს ძალიან თამამად ვაფიქსირებთ. როგორც აღმოჩნდა, ერთმანეთისგან იმდენად განვსხვავდებით, რომ სერიოზული კამათი იწყება და იმ ზომამდე მიდის ეს ყველაფერი, კამერისკენ გახედვა გვავიწყდება. „აბსოლუტურად არ გეთანხმები“, „ნუ, შენ რომ არ მეთანხმები, ეს არ ნიშნავს, რომ არასწორია“ – ასეთ წინადადებებს ხშირად გაიგონებთ. გადაცემისთვის ვიღებთ თემას, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტუალურია, მის გარშემო ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, ვამბობთ, როგორ იქცევიან მსგავს სიტუაციაში სხვები, რა გამოცდილება აქვთ; სტუმრად მოგვყავს ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი გაიარა ან მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილა. ხშირად „ვაშლების“ სტუმრები არიან ფსიქოლოგები, რომლებიც გვირჩევენ, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი იმ სიტუაციაში, რომელიც ჩვენთვის ჩიხია. არიან ადამიანები, რომლებიც სახლში მარტო სხედან, ამ დროს „გვრთავენ“ და ჩვენთან ერთად ერთვებიან საკითხის განხილვაში.
– გეთანხმები, მინახავს ადამიანები, რომლებსაც დიალოგი აქვთ გამართული ტელევიზორთან თქვენი გადაცემის დროს.
– ზუსტად ამას ვამბობ მეც. დედაჩემმა მითხრა ამას წინათ, ვიდექი და გეუბნებოდი: თქვი ახლა ეს, თქვიო. დედა, ჯერ ერთი არ მესმოდა და, მეორეც, რომც გავიგო, ვერ ვიტყვი, დედამ მითხრა და უნდა ვთქვა-მეთქი. ასეთ ჟრიამულში ვართ. უნდა იცოდეთ, რა ხდება ჩვენს ჯადოსნურ ყურში. ამას წინათ სტუმრად გვყავდა დიზაინერი ია ხიდირბეგიშვილი, რომლის სალონშიც ახლა ვიმყოფებით. მეცვა მისი „ჰუსარული“ ტიპის პიჯაკი, რომელიც შეგეძლო, რამდენიმე ვარიანტად ჩაგეცვა. მინდოდა, მაყურებლისთვის მეჩვენებინა, რომ ელვას რომ გაიხსნიდი, შიგნით იყო ჟილეტი და ჟილეტის შიგნით კი – პერანგი. რომ დავიწყე გახსნა და გახდა, ამ დროს ყურში მესმის: „ნატო! ბოლომდე აპირებ? მიდი!“ ეს „მიდი“! უკვე განსაკუთრებული ტონალობით იყო ნათქვამი. თან, პროდიუსერის ხმა ყველა წამყვანს ესმის და იქ ისეთი სიცილი ატყდა, ვერ აგიწერთ. ერთი-ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც მითხრეს, სახე გაასწორეო. თემასთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციები მოგვაწოდეს, რომ გაფართოებული თვალებით, გაოგნებული სახით ვიყურებოდი. მთელი ემოციები მიმიკებზე გადმომდის. ყურში ჩამძახებენ – სახე გაასწორეო და – ეგრევე ვიღიმები (იცინის).
– ფსიქოლოგები ახსენე. როგორ ფიქრობ, სჭირდება ადამიანს ფსიქოლოგების დახმარება სიტუაციიდან გამოსასვლელად?
– რა თქმა უნდა, სჭირდება. არსებობს სიტუაცია, როდესაც მხოლოდ, თანაგრძნობა და მეგობრის რჩევა არ დაგეხმარება, რადგან სულ გაქვს იმის შეგრძნება, რომ მან ეს არ იცის, მას ეს არ განუცდია. ფსიქოლოგებისთვის კი ეს არ არის მხოლოდ ისტორია, რომელიც მას, უბრალოდ, მოუსმენია. ის უკვე გამოცდილი მეთოდით გირჩევს, როგორ უმკურნალო თავს ყოველ დილით. როდესაც ამას სისტემატური ხასიათი აქვს, სიტუაციიდან გამოსავალსაც პოულობ. თუმცა, პირადად მე არასდროს მიმიმართავს ფსიქოლოგისთვის, არ დამჭირვებია...
– არ ყოფილა შენს ცხოვრებაში „ჩიხის“ სიტუაცია თუ...
– ყოფილა, როგორ არა, მაგრამ, ისევ საკუთარი თავის ხარჯზე გადამიტანია ყველაფერი. კერკეტი კაკალი გამოვდექი, როგორც იტყვიან. ყველას ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც ფიქრობ, რა მეშველებაო, მაგრამ მორწმუნე ადამიანი ვარ და, მიმაჩნია, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა ცოდვაა. როდესაც ამ ყველაფრის გჯერა, არ არსებობს, ჩიხში მოექცე. ხშირად გამიგია, ზღვრამდე მივედი და იმის იქით გზა არ არისო. მორწმუნე ადამიანი ხვდება, რომ ზღვარი არ არსებობს და, შესაბამისად, განაგრძობს ცხოვრებას. ადამიანს ხომ ზუსტად იმხელა განსაცდელი მოევლინება, რამდენის ტარებაც შეუძლია.
– დინამიკურობა ახსენე. ყველას ჰგონია, რომ შენი ცხოვრება უნდა იყოს ძალიან დინამიკური, ექსტრემალური აღმასვლებითა და დაღმასვლებით აღსავსე და არა მშვიდი.
– ზუსტად ასეა. ასეთი ვარ და სხვანაირად არ გამოვა. რა მირჩევნია და რა მაქვს – ეს სხვადასხვა ცნებაა. მირჩევნია, რომ წყნარი, მშვიდი ადამიანი ვიყო და ასეთივე ცხოვრება მქონდეს, მაგრამ, არ გამოდის. კარგი იქნებოდა, რომ სასიამოვნოდ მოსაუბრე, მშვიდი ვიყო, ვთქვათ, ისეთივე, როგორიც დედაჩემია, მაგრამ ახლა ისეთ დღეში ვარ, ასე რომ ვინმე მესაუბროს შეიძლება, ჩამეძინოს. ასე აეწყო და, არა იმიტომ, რომ ასე ცხოვრება მომწონს, უბრალოდ, ასეთი ვარ. ვერ ვიტან მოსაწყენ, ერთფეროვან ცხოვრებას, მბეზრდება და, ალბათ, ამიტომ მემართება ყველაფერი. მეორე მომენტიც არის: ძალიან ბევრს ვიღებ საკუთარ თავზე, თავს ვიტვირთავ იმით, რაც, შეიძლება, სხვამ გააკეთოს. არ ველოდები, ის სხვა როდის მოიფიქრებს რამის გაკეთებას, ჩემი პირველი რეაქციაა – „მე გავაკეთებ!“ ძალიან ხშირად გამიგია, მამაკაცები არ უნდა გაანებივროთ და არ უნდა მოუხსნათ პრობლემები, უნდა დაელოდოთ, სანამ ისინი ამ პრობლემებს თვითონ გადაჭრიანო. სად შემიძლია ეს, ხომ დავბერდები ლოდინით, იქვე მოვკვდები! ორი წუთის შემდეგ, შეიძლება, უცებ „ვაჯახო“: „იქნებ, ერთად გავაკეთოთ რამე?!“ შეიძლება, არც არაფერი ვუთხრა, წავიდე და ისე გავაკეთო. მესმის, რომ არასწორია, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ამიტომაც ვიჩაგრები – ბევრი რაღაცის თრევა მიწევს, დიდი ტვირთი ავიკიდე, მაგრამ ეს გზა თავად ავირჩიე. ხანდახან კი, მეჩვენება, რომ მთელ ქვეყანაზე მხოლოდ მე დავრბივარ, სანამ ერთი ადამიანი ერთი პუნქტიდან მეორემდე მივა, ყველაფერი გაკეთებული მაქვს და იმ ადამიანს უკვე იმ მეორე პუნქტში ველოდები.
– შენ გარშემო მყოფებს ამ ტემპის ატანა არ უჭირთ?
– მეგობრები შეჩვეულები არიან, მაგრამ ოჯახის წევრებს გადასარევად აწყობთ, რომ ასე ვცხოვრობთ. ისინი რომ იტყვიან, მე უკვე გაკეთებული მაქვს და ეს ძალიან მოსწონთ. დედაჩემს ვეცოდები ხოლმე, ხანდახან იტყვის, როგორ მეცოდები, რომ ეს ყველაფერი შენ უნდა გააკეთოო, მაგრამ, მაინც მიჩვეულები არიან და სხვანაირად არ შეუძლიათ. ყველაზე მთავარი რა არის, იცი?! გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ეს არაჩვეულებრივად მოქმედებს გარშემო მყოფებზე. ამას წინათ მიშა ცაგარელი ვნახე, ახსოვს, რომ „სასწორი“ ვარ. მე, ნატო გელაშვილი და კიდევ ბევრნი ვიდექით. მიშა გვეუბნებოდა, ვეფხვის წელი ვისთვის როგორი იქნებოდა. ნატო ვერძი აღმოჩნდა და მიშამ უთხრა, რომ „ხუთიანზე“ არა, მაგრამ „ოთხიანზე“ იქნება ყველაფერიო. ნატომ – ვაიმე, რა საშინელებაა ოთხიანი, ხუთიანი რატომ არაო?! „მე? მე? მე?“ – არ დავაცადე სიტყვის დამთავრება. „ჩემო სასწორო, შენთვისაც „ოთხიანზე“ იქნება ყველაფერიო,“ – მითხრა მიშამ. ვაიმე, რა მაგარია, ოთხიანი გადასარევია-მეთქი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ერთსა და იმავე ფაქტს ორმა ადამიანმა სხვადასხვანაირად შევხედეთ. მერე მიშამ მითხრა, რად გინდა ჰოროსკოპი, შენ შენი ჰოროსკოპი გაქვსო, იმეგობრეთ ამ გოგოსთან და სულ კარგ ხასიათზე იქნებითო. სულ მეკითხებოდნენ ხოლმე, როგორ იღვიძებ შვიდი წლის განმავლობაში ყოველ დილით კარგ ხასიათზეო?! შვიდი წლის განმავლობაში სულ კარგ ხასიათზე რომ იღვიძებდე, გიჟი უნდა იყო. უბრალოდ, ყოველთვის იმედით, კარგის მოლოდინით ვიღვიძებ; მით უმეტეს, თუ გაზაფხულია და აღარ არის მოღრუბლული და ნაცრისფერი დღეები, როგორ შეიძლება, ამ დღეს რაიმე საოცრება არ მოხდეს?! დღესასწაულს თავად ვიქმნი მარტივი რაღაცეებით, სულ ვცდილობ, პოზიტივი დავინახო და, ალბათ, ამის ბრალია, რომ ამბობენ, ნატას პრობლემები არ აქვსო. პრობლემები როგორ არ მაქვს, მაგრამ, როდესაც პირველად წავიკითხე „ქარწაღებულნი“ და სკარლეტ ო’ჰარას ფრაზა – ამაზე საფიქრად დღეს არ მცალია, ხვალ ვიფიქრებო, – მივხვდი, რომ ეს ქალი წარსულში მე ვიყავი. ეს არაჩვეულებრივი თვისებაა. როდესაც თავზე გეცემა ყველაფერი, თითქოს იშლება გარშემო ცხოვრება, ბრინჯივით იფანტება ის, რასაც ძალიან უფრთხილდებოდი, მარტო დგახარ და გგონია, რომ გააფრენ... და თუ ამ დროს შეგიძლია, ამაზე ხვალ იფიქრო, ეს გეხმარება იმაში, რომ არ გააფრინო და ამ „ხვალამდე“ იმდენი დროა, რამდენიც გამოსავლის პოვნასა და საღი აზროვნების აღსადგენად გჭირდება. რაღაც პერიოდის შემდეგ კი ყველა მოვლენას სხვანაირად უყურებ. ჩემს ორგანიზმს აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება: ყველაფერი ნეგატიური მავიწყდება. მართალია, ამასთან ერთად ბევრი სხვა რაღაცეებიც მავიწყდება, მაგალითად, მანქანა დავკეტე თუ არა, სად დავტოვე ჩანთა და ასე შემდეგ, მაგრამ, საერთო ჯამში, მაინც კარგად მოქმედებს ჩემს ხასიათზე. ერთი სიტყვით, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და, როგორც მითხრეს, სამყარო სწორედ გამოუსწორებელ ოპტიმისტებზე დგას. გაუმარჯოს ოპტიმისტებს!