კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ შეისყიდა იაპონიის თოჯინების მუზეუმისთვის თამარ თუჯიშვილის მიერ შექმნილი თოჯინები


თამარ თუჯიშვილის კოლექციის პირველი ნიმუში 20 წლის წინათ შეიქმნა. დღეისათვის მისი კოლექცია რამდენიმე ასეულ ნიმუშს ითვლის, რომელთაგან თითოეული ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური მასალისგანაა დამზადებული. ქალბატონი თამარი ამბობს, რომ მისთვის ეს კოლექცია ორმაგად ფასეულია. თუ რატომ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– როდის შეიქმნა პირველი თოჯინა თქვენი კოლექციისთვის?

– პირველი თოჯინა შეიქმნა მაშინ, როდესაც ჩემს შვილებს დასჭირდათ. ჩემი პირველი ნახელავი, რომლითაც მათ ითამაშეს, იყო ბიბლიური გმირი – ლაზარე. სიმღერაც ხომ არის: „ლაზარ მოსდგა კარსაო...“ იმ პერიოდიდან დავინტერესდი თოჯინებით. მერე ბავშვები გაიზარდნენ და თოჯინებიც აღარ აინტერესებდათ, მაგრამ ჩემთვის ისინი დღემდე რჩებიან საყვარელ არსებებად. ნელ-ნელა მათი შექმნის ტექნოლოგიაც დავხვეწე. ადრე თვითშემოქმედებაზე ვიყავი დაყრდნობილი, მერე კი ისე, მოხდა, რომ საქართველოში კანადელები ჩამოვიდნენ სტუმრად და მასტერკლასი ჩაგვიტარეს. ახლა თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ თვითნასწავლი მეთოჯინე არ ვარ, მე მათი დამზადების ყველა ტექნოლოგია და ნიუანსი პროფესიად გავიხადე. ერთია მხოლოდ: მე „ევროპელი“ თოჯინების შექმნა ვისწავლე და შემდეგ ისინი „გავაქართველე“. ხასიათიც შევუცვალე, ჩაცმულობაც და ასე შემდეგ. დღეს ჩემს კოლექციას რომ გადახედოთ, აქ ნახავთ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს, ასევე ქართული ზღაპრის გმირებს, ცხოველებს, ყვავილებს...

– რამდენი წლისაა ეს კოლექცია?

– ჩემი კოლექცია უკვე 20 წლისაა.

– დღეისათვის რამდენი თოჯინა გექნებათ შექმნილი?

– არასდროს დამითვლია, ალბათ, რამდენიმე ასეული.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– როგორ არა, რაც აქ თოჯინებია წარმოდგენილი, ალბათ, ორი ამდენი გაჩუქებული მაქვს. ძალიან მოსწონთ ჩემი თოჯინები და, ამიტომ, ხშირად მიხდება ხოლმე მათი გაჩუქება, მაგრამ, როგორც წესი, გავაჩუქებ ისეთ თოჯინას, რომლის ორიგინალიც ჩემს კოლექციაში აუცილებლად მოიძებნება. თუ ვხედავ, რომ ვინმეს რომელიმე თოჯინა მოეწონა, მას მსგავსს ვუმზადებ და ვჩუქნი. დროთა განმავლობაში ისე მოხდა, რომ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი – ჩემი თოჯინები დღეს უკვე მთელ მსოფლიოშია მოდებული. ყოველ წელს, დეკემბრის დასაწყისში სასტუმრო „მეტეხში“ ეწყობა საშობაო გამოფენა-გაყიდვა, სადაც ჩემი ნამუშევრებით აღფრთოვანდა რამდენიმე ქვეყნის ელჩი და შეიძინეს კიდეც ისინი. კიდევ იაპონიაში, თოჯინების ერთ-ერთ მუზეუმშია დაცული ჩემი ნახელავი თოჯინები.

– იაპონიაში როგორ მოხვდნენ თქვენი თოჯინები?

– იაპონიაში სრულიად შემთხვევით – მეგობრების მეშვეობით მოხვდნენ ჩემი თოჯინები: მთხოვეს და რამდენიმე თოჯინა გავუკეთე სუვენირად, ისინი კი ერთ-ერთი ადგილობრივი თოჯინების მუზეუმის თანამშრომელს უნახავს და მუზეუმისთვის შეუსყიდია.

მიხარია, რომ ჩემი კოლექციის დათვალიერება ყველაში დადებით ემოციებს იწვევს. ბევრ მათგანს თვითონაც გაუჩნდა მსგავსი თოჯინების შექმნის სურვილი და მეც, რა თქმა უნდა, დიდი მონდომებით ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას.

ზამთრის დადგომასთან ერთად, ჩემს კოლექციას საახალწლო-საშობაო თემაზე შექმნილი მრავალი თოჯინა შევმატე. ესენია: თოვლის ბაბუა, ანგელოზები, მეკვლე ბიჭი. ეს ოქროსფრად შეღებილი კაკლები, რომლებიც წითელი ბაფთებითაა გაფორმებული, არა მარტო სადღესასწაულო მოსართავად, არამედ ყოველთვის კარგია ოჯახში თუ გვექნება. ისინი ბარაქის, სიუხვის ნიშანია.

– რა რეაქცია აქვთ, როდესაც თქვენთან ოჯახში შემოდიან და ამდენ თოჯინას ხედავენ?

– ძალიან მოსწონთ. მით უმეტეს, რომ არავის ვუშვებ საჩუქრის გარეშე.

შვილიშვილი მყავს, 3 წლის ხდება და ყველაზე მეტ სათამაშოს მას ვუგზავნი. ჩემი კოლექციაც მისი იქნება მომავალში. ანა-თამარს ძალიან მოსწონს ბებიას გაკეთებული თოჯინები. იგი ამსტერდამში ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მე წელიწადში ერთხელ ჩავდივარ ხოლმე მის მოსანახულებლად. ძალიან ლამაზი ქალაქია ამსტერდამი. ზაფხულობით ყველაფერი ყვავილებშია ჩაფლული. ზამთარში ფანჯრის რაფებსა და აივნებზე ყველას ქოთნის ყვავილები აქვს გამოფენილი. გარდა ამისა, აივნის კუთხეში, ზოგს კი ეზოშიც, თიხისაგან დამზადებული ჯუჯები, სახლები, სხვადასხვა ზღაპრის სცენები აქვთ მოწყობილი. ეს ძალიან მომხვდა თვალში და, მოხარული ვიქნები, თუ ეს ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდება. კარგი იქნება, თუ ამის განწყობა და ხალისი გვექნება. ლამაზი სანახავი იყო გაყინული მდინარეები, რომლის ზედაპირზეც გედები და იხვები დასეირნობდნენ. მომეწონა ტროპენ მუზეუმი, სადაც ჩემმა რძალმა დამპატიჟა, იგი ამ მუზეუმის თანამშრომელია. ამ მუზეუმმა დიდი გავლენა იქონია ჩემს შემოქმედებაზე. ტროპენ მუზეუმში თავმოყრილი და წარმოჩენილია აღმოსავლური ერებისა და ცივილიზაციების ხალხური შემოქმედება და ნაციონალური კულტურა. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში იაპონურ კუთხეში „ჩრდილების თეატრის“ წარმოდგენა ტარდებოდა, რამაც მომხიბლა. დამამახსოვრდა ინდოეთის კუთხე, თავისი სიჭრელით, სამკაულებითა და სხვადასხვა ხელნაკეთი საყოფაცხოვრებო ნივთით, აფრიკა – თავისი ბისერით მოქსოვილი ჭრელაჭრულა თოჯინებით, რომელიც თვალში მომხვდა, როგორც თოჯინების კოლექციონერს, მაგრამ, სამწუხაროდ, მუზეუმში მათი შეძენის საშუალება არ იყო. კიდევ, ძალიან მომეწონა სხვადასხვა ფერადი და სურნელოვანი ხისგან დამზადებული აფრიკული ნიღბები. სამწუხაროდ, ამ მუზეუმში საქართველოს კუთხე არ არსებობს. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩვენი კუთხეც მოეწყოს.

– რა მასალისგან იქმნება თოჯინები თქვენი კოლექციისთვის?

– მასალა არის სულ ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა: მაუდი, მატყლი, ბამბა, შალი, ტყავი, ირისის ძაფები, ბადე.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია დიდ ენერგიასა და ხალისს მმატებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ხელსაქმე დადებით კვალს ტოვებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე და ეხმარება მას უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში. ამდენად, ჩემი თოჯინების კოლექცია ჩემთვის ორმაგად ფასეულია.


скачать dle 11.3