კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იზიდავს მიშა მშვილდაძე მთვრალ კაცებს მაგნიტივით და რის ფასად დაუჯდა მას კავკასიური ნაგაზის კოცნა

„ვა ბანკის“ წამყვანი მიშა მშვილდაძე ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისი ცხოვრებაც მუდმივად საინტერესო ამბებით და თავგადასავლებით არის სავსე. ის გულღია ადამიანია და თავს გადახდენილ ისტორიებს ყოველთვის სიცილით იხსენებს

მიშა მშვილდაძე: სასაცილო, კურიოზულ სიტუაციებში საშუალო სიხშირით ვხვდები, თუმცა, შემდეგ ისინი არ მავიწყდება და მათი გახსენება ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს ხოლმე. არ დამავიწყდება, ერთხელ „კავეენშჩიკები“ ამერიკაში ვიყავით, კონცერტები გვქონდა. სუფრასთან მოვხვდი ქართველებთან. კარგად ვითამადე და სუფრის შემდეგ, როგორც თამადას, გამომატანეს გოჭის თავი, ქართული ტრადიციით. სასტუმროში რომ შევედით, მთვრალები, ტანსაცმლიანად გადავხტით „ბასეინში“. არადა, ჯიბეში ბევრი ერთდოლარიანი მედო, დაახლოებით 50 ცალი. ძალიან ცხელოდა და გამაგრილებელი სასმელი რომ გეყიდა, აპარატში ერთდოლარიანი უნდა ჩაგეგდო. მოკლედ, ნომერში რომ ავედი, ეს ერთდოლარიანები ამოვიღე ჯიბიდან და გასაშრობად მთელს ნომერში მიმოვფანტე, ზოგი თოკზე ჩამოვკიდე, ზოგი იატაკზე დავდე, ზოგი – სად და ზოგი – სად. ის გოჭის თავი კი საპატიო ადგილზე დავდე და დავიძინე. დილით დამლაგებელი რომ შემოვიდა, გაგიჟდა. ჯერ გოჭის თავი რომ დაინახა, სულ გადმოკარკლა თვალები. ეს ერთდოლარიანები რომ ნახა მიმოფანტული, დაიბნა. ვერ მიხვდა, რა სექტა ვიყავით, რა მსხვერპლშეწირვის რიტუალები ჩავატარეთ. (იცინის). ეტყობა, იფიქრა, ეს ფული ნაყოფიერების ღვთაებისადმია შეწირული, თანამედროვე სექტანტური რიტუალიაო. აი, იმ გოჭის თავზე რა იფიქრა, ვერ გეტყვით, ფაქტია, გიჟივით გაიხურა კარი და გავარდა თავქუდმოგლეჯილი.

– „ვა ბანკში“ ცდილობ, მოწვეულ სტუმრებს დაეხმარო, ფული მოაგებინო. თავად თუ მოგიგია ან გიპოვია რამე?

– ახლავე გეტყვი: სკოლაში ვსწავლობდი. ქუჩაში ვიპოვე 25 მანეთი. მე და ჩემი ორი კლასელი წავედით უნივერმაღ „თბილისის“ ბოლო სართულზე ვიდეოსალონში და 5 კინოს ვუყურეთ ზედიზედ ამ ნაპოვნი ფულით. ერთი სიტყვით, მაგარი დრო ვატარეთ და გავსკდით, იმდენი ლიმონათი „ფანტაზია“ დავლიეთ. (იცინის) იმის მერე, სულ ამ გზით დავდიოდი, იქნებ კიდევ ვიპოვო ფული-მეთქი, მაგრამ ამაოდ. ერთხელ კი ასეთი ისტორია გადამხდა თავს: ერთი მეგობარი გვყავდა, თურმე, მოცურავე იყო, გავიცანი, დავმეგობრდით და 3 წლის შემდეგ ალგეთის წყალსაცავზე წავედით. გადახტა წყალში და გაცურა და გაცურა. გავიხედეთ, რაღაცას ყვირის წყლიდან. თურმე, ძარღვი განასკვია. ხელებს იქნევდა. ჩვენ დავიბენით, მივხვდით, რომ ვერ ვუშველიდით. გავიხედეთ გვერდით და კატერთან ნავს ამაგრებდნენ ვიღაცეები მანქანაზე, უკვე მიდიოდნენ სახლში. მივცვივდით და ვთხოვეთ, კაცი გვეხრჩობა, არიქა, გვიშველეთ, ნავი გვათხოვეთ-თქო. გაიპრანჭნენ, აუ, ძმაო, „მატორი“ ძლივს ამოვიღეთ ნავიდან, ახლა ამას რა ჩადგამს უკან. მოკლედ, სანამ მძაფრი გამოთქმები არ მივაყარეთ, ისე „მატორი“ ვერ ამოვაქოქინეთ. აქედან გამომდინარე, დასკვნა: სიკეთისკენ იძულება, თავისთავად სიკეთეა. (იცინის) ძმაკაცის გადარჩენა გინების ფასად არ დამიჯდა?

– ქალის გამო სისულელე თუ ჩაგიდენია? მაგალითად, აივანზე ამძვრალხარ?

– სისულელეები კი ჩამიდენია, მაგრამ ძრომიალის რა მოგახსენოთ. ეს ჩემი „კანიოკი“ არ არის. ისე, ბავშვობაში ბლის მოსაპარად რომ მივდიოდით ბიჭები, მე დაბლა ვიდექი ხოლმე და ისინი ზევიდან მიყრიდნენ. ერთხელ, შეყვარებულს, ამავდროულად კი ჩემს მეუღლეს, ტელეფონით ველაპარაკებოდი. რადიოში ვიყავი და ვიფიქრე, გავცალკევდები-მეთქი. გავედი უკანა ეზოში. იქ ება დიდი ძაღლი – კავკასიური ნაგაზი. რომ დაიყეფა, ჩემმა შეყვარებულმა მკითხა, სად ხარ, რა ხდებაო. ვუთხარი, დიდი ძაღლი აბია-მეთქი. იმან მკითხა, ხომ არ გეშინიაო – პროვოკაციული შეკითხვა დამისვა. მეც ავვარდი გოიმივით და ვუპასუხე: რა მეშინია, ახლა მივალ და ამ ძაღლს მაგრად ვაკოცებ-მეთქი. გადაირია, რას ამბობ, ხომ არ გაგიჟდიო. არადა, ცოტა მთვრალიც ვიყავი. „გაგუსარებულს“ ვინ შემაჩერებდა? მივვარდი ძაღლს. ისიც დაიბნა და ფეხზე არ მიკბინა? ასე შეიწირა ჩემი სიყვარული იმ ძაღლმა. მერე გავიგე, ისეთი საშიში ძაღლი ყოფილა, დაგლეჯილი ჰყოლია ვიღაცეები, ვიღაცეები – შეჭმული. ერთი კაცი ისე დაუგლეჯია, რომ მისი ძმა მოსულა და ამ ძაღლისთვის იარაღი უსვრია. ეს მაინც გადარჩენილა. დაახლოებით ორი თვე პირში სასმელი არ ჩამსვლია, წესით, 6 თვე არ უნდა დამელია, მაგრამ ლუდი რომ დავლიე და გადავრჩი, მერე კი შევუბერე. მადლობა ღმერთს, ჩემი კბენის შემდეგ ძაღლუკა არ მოკვდა. (იცინის) ახლა რომ მახსენდება, რამხელა იყო ის შეჩვენებული, ტანში მზარავს. მაგრად გადავრჩი.

– უცხოეთში ჩასული თუ დაკარგულხარ?

– მე არა, მაგრამ, ჩემი ძმაკაცი კი დარჩა პორტუგალიაში. პასპორტი დარჩა სასტუმროში. 3 საათი ვიმგზავრეთ ავტობუსით და აეროპორტში რომ მივედით ლისაბონში, მერე გაირკვა, რომ პასპორტი დარჩა. იმას ხომ არ დაელოდებოდა ავტობუსი? ჰოდა, მთელი ორი დღე ლისაბონში იყურყუტა. ისე, სიგარეტს ვეწევი და სტიუარდესებთან მიწევდა ხშირად გაღიმება, მოწევის უფლება რომ მოეცათ. ერთხელ კი, ტურბულენტურ ზონაში მოვხვდით და თვითმფრინავი დიდხანს ჯდებოდა – წვალობდა, ვერ ახერხებდა. მე მშვიდად ვიყავი, გია ჭანტურიას ელეთმელეთი მოსდიოდა, ისე ნერვიულობდა და მისი დაწყნარებით ვიყავი დაკავებული. ასე რომ, ჩემთვის ცხოვრებას ჯერ კადრებივით არ ჩაუვლია თვალწინ.

– როგორც ვიცი, ხშირად ხვდებოდი ავარიაში. ერთი ეს ამბებიც გაიხსენე, რა ხდებოდა?

– ავარია რამდენჯერმე მომივიდა. „ოპელ ვექტრა“ მყავდა, რომელზეც ტარება ვისწავლე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველა უკნიდან მეჯახებოდა. სადაც გავჩერდებოდი, მანქანა მარტყამდა. სამჯერ თუ ოთხჯერ დამეჯახნენ. ერთხელ კი, სურამში მივდივართ მეგობრებთან მე და დრუპი. გზას არემონტებდნენ, წვიმდა და ღამე იყო. გავაჩერე მანქანა სავალი ნაწილის გვერდით, ვიფიქრე, გადავალ, შევხედავ, გზა საით გრძელდება-მეთქი. რამდენიმე გზა ერთდროულად მიდიოდა და ვერ გავიგე, რომელი მაწყობდა. გავაჩერე თუ არა მანქანა, უკნიდან არ შემეჯახა ვიღაც? გადმოვედი, მივუახლოვდი. იმ მანქანაში შეწუხებული მამაკაცი დამხვდა საჭესთან. მითხრა, მაგარი მთვრალი ვარ, ვერაფერს ვხედავდი გზაზე. შენ ჩემს წინ მიდიოდი და ანთებულ ფარებს უკან მოვდევ უკვე 20 კილომეტრია. პეპელასავით მეტს ვერაფერს ვამჩნევ. გადახვედი გზიდან, მეც გადმოგყევი, გააჩერე და შეგასკდიო. რაღა უნდა მეთქვა?

– „ოპელ ვექტრა“ ცუდად გქონია დაცდილი. ახლა რა მანქანა გყავს? მას აღარ ემტერებიან?

– ჰო, მართლაც, ცუდად დავცადე. ახლა „მიცუბიში პაჯერო“ მყავს და ამაზეც არ დამარტყეს, თანაც ისევ უკნიდან?! (იცინის) მოკლედ, პავლოვზე, აფთიაქთან გავაჩერე მანქანა, ჩემს მეუღლეს აფთიაქში უნდოდა შესვლა. ძალიან ფართო ქუჩაა და შუაღამის სამ საათზე ტროტუართან დავდექი. სარკეში ვხედავ, ბორდიურის გასწვრივ, შორს, მოდის მანქანა. კი გავიფიქრე, რაღაც ცუდად მოდის ეს მანქანა, სულ უკნიდან მეჯახებიან და ამანაც არ გაიმეოროს-მეთქი. მერე ჩემს თავს შევეწინააღმდეგე, რეებს ვფიქრობ, ამხელა გზა ცარიელია და მე რატომ უნდა დამეჯახოს-მეთქი. ამ ფიქრებში ვარ და არ შემაბარძგალა? ისიც მე დამეჯახა, თანაც უკნიდან. მთვრალი იყო და ვერ მოზომა. ერთი სიტყვით, მთვრალ კაცებს მაგნიტივით ვიზიდავ. (იცინის).



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3