რატომ არ დაუკავშირა ნანა ლეჟავამ ცხოვრება ძველ მეგობარს და რას ვერ ატყუებს ის მეუღლეს
ნანა ლეჟავა იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც არაერთხელ მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ომის სიმძიმეც და ტყვეობაც და, ალბათ, ამიტომაც, წლების წინ მოირგო „ექსტრემალი ჟურნალისტის“ იმიჯი. ძველი გამოცდილება და კონსპირაციული „წვრთნა“ ნანას ახლაც, ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის შექმნის დროსაც ადგება. იგი ფიქრობს, რომ უამრავ პროფესიულ ფათერაკს იღბლისა და საკუთარი ხასიათის წყალობით გაუძლო... ნანა არც პირად ცხოვრებაში უჩივის იღბალს – აქვს ოჯახი, რომელიც ცნობილი ჟურნალისტის კადრს მიღმა ცხოვრების ყველაზე მთავარი ნაწილია, შვილმა კი ნანას ბევრ ძველ გატაცებაზე ააღებინა ხელი...
ნანა ლეჟავა: ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ. ყველაზე მეტად პროფესიულ არჩევანში გამიმართლა – ზუსტად ის პროფესია ავირჩიე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრჯერ მოვხვედრილვარ ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციებში, მაგრამ გამოსავალი მიპოვია – ისეთი ვითარებიდანაც კი გამოვსულვარ, სადაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო გადამწყვეტი, მაგრამ სიცოცხლეც შემინარჩუნებია და მასალაც გამომიტანია. როცა „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი და კონფლიქტურ ზონებში წასვლა იყო საჭირო, სულ ვამბობდი ხოლმე: მე წავალ, ხომ იცით, იღბლიანი ვარ და არაფერი მომივა-მეთქი. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია იღბლის დახმარება, მაგრამ მარტო იღბალიც ვერ გიშველის, საკუთარ თავს თავად უნდა დაეხმარო. დროთა განმავლობაში იღებ იმ გამოცდილებასაც, თუ როგორ უნდა მოიქცე ექსტრემალურ ვითარებებში. რისკის შემთხვევებში ჩემი ტვინი მუშაობს იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ, სტანდარტულ სიტუაციებში. ნამდვილი კოშმარი იყო ჩემთვის ბესლანი, როცა ირგვლივ უამრავი დახოცილი ბავშვი დავინახე. იოლი არ იყო ტყვეობა, მაგრამ, დროთა განმავლობაში კოშმარი მეორე ადგილზე გადადის და ტკბები იმით, რაც მტკივნეულ პირობებში გააკეთე.
– შენ ახლაც საკმაოდ რთულ პირობებში გიწევს მუშაობა, ალბათ, გეხმარება ძველი გამოცდილება, კონსპირაციის ცოდნა, საკუთარი „აგენტურული ქსელი“...
– მე მათ უფრო „ინფორმაციის წყაროს“ დავარქმევდი, ვიდრე „აგენტურულ ქსელს“ (იცინის), თუმცა, ჩემი წყაროები, რა თქმა უნდა, დღემდე ყველაფერში მეხმარება. ჩემი მეგობრები მაგრად ხალისობენ, როცა ვრეკავ ისეთ ვინმესთან, რომელიც, შანსი არაა, დამელაპარაკოს რომ გაიგოს, ვინ ურეკავს. ჩემს სახელსა და გვარს ისე ჩქარა, გაურკვევლად ვიტყვი ხოლმე, რომ შეხვედრაზე მთანხმდებიან; რომ დამინახავენ, მერე ხომ არ მომიკეტავენ კარს?! (იცინის) „მასკიროვკა“ კარგად გამომდის, ყველა „სცენარი“ ჩემია, ოღონდ, სცენარი ისე უნდა დაგეგმო, რომ „გაგივიდეს“. მაგალითად, კოდორში ბარგს შევყევი. იცით ქართულ სპეცსამსახურს როგორ გავეპარე? ბარგი შევდეთ ურემზე, მე სახეზე ქუდი ისე მქონდა ჩამოფხატული, მარტო თვალები მიჩანდა, კამერა ყველის ჩანთაში იყო დამალული. ხელში ავიყვანე ნათხოვარი ბავშვი, რომელსაც გვარიანად ვანჯღრევდი, რომ ეტირა. ურემზე, ბარგის გვერდით დავჯექი, ბავშვი ისე ტიროდა, რომ არავის შემოუხედავს ჩემთვის (იცინის). შარშან მე და ჩემი ოპერატორი ახალგორშიც ასე შევედით: სამარშრუტო ტაქსიში ვისხედით, ყველა მგზავრს უნდა მიეწოდებინა პირადობის მოწმობა „სპეცნაზის“ თანამშრომლისთვის. ზუსტად ვიცოდი, ჩემი მოწმობა რომ ენახა, ერთი ამბავი ატყდებოდა. სულ 12 ადამიანი ვისხედით, ვიფიქრე: დავიჯერო, „სპეცნაზი“ დათვლის, რამდენი პირადობის მოწმობა უჭირავს ხელში? თუ დათვლის და აღმოაჩენს, რომ ერთი აკლია, იქვე, სკამთან დავაგდებ და ვეტყვი: ვაიმე, მე მოგაწოდეთ, ძირს დავარდნილა-მეთქი. თუმცა, მას შემდეგ, რაც მე ახალგორში შევედი, ხელებსა და ფეხებს უთვლიდნენ მგზავრებს (იცინის). სკამიც მოხერხებულად შევარჩიე – არ დავჯექი ფანჯარასთან, რომ არავის შევემჩნიე და ბიჭებს ვთხოვე, ჩამომფარებოდნენ. შევედით ახალგორში, ჩანთაში მედო დაშლილი კამერა. ჩვენი გამცილებელი იყო ახალგორელი ქართველი გოგონა. კასეტა, რომელზეც რამდენიმე ინტერვიუ მქონდა ჩაწერილი, ახალგორში გადასვლამდე ჩავაბარე ჩვენი სტუდიის მძღოლს, რომელსაც ეს კასეტა უნდა შეენახა, მეორე კასეტა კი ოპერატორისთვის უნდა მიეცა. როგორც იქნა, შევედით მე და ოპერატორი ახალგორში, საკმაოდ ბევრი ბარიერი გადავლახეთ და აღმოვაჩინე, რომ კასეტა არ გვაქვს, მძღოლს დავიწყებოდა კასეტის მიცემა. როგორია, ახალგორში შეხვიდე და კასეტა არ გქონდეს? იცი, რა დამემართა? კედლებზე დავრბოდი, ვცდილობდი, არ მეკივლა. იქვე მაღაზია იყო. ოპერატორმა მითხრა, შევალ, იქნებ იყოს კასეტაო და ამას მეუბნება ისეთ კასეტაზე, რომელიც, შეიძლება ბათუმში ვერ იშოვო. ნერვიულობისგან მეტყველების უნარი მქონდა დაკარგული, მაგრამ ძალიან მალე გონს მომიყვანა ჩემი ოპერატორის გაოცებულმა სახემ. აი, ეს არის იღბალი – ახალგორში კასეტა იშოვო! იღბალი არ არის?! (იცინის).
– ყველაზე უიღბლო პოლიტიკაში აღმოჩნდი – რეკორდულად მცირე დროში დაასრულე პოლიტიკური საქმიანობა.
– ძალიან მოკლე პერიოდში დასრულდა ეს, ეტყობა, დროზე მივხვდი, რომ პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ იყო. მქონდა პერიოდი, როცა არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა, რადგან, როგორც ჟურნალისტისთვის, დახურული იყო ყველა კარი. ეტყობა, ამ დროს იღებ გადაწყვეტილებას, რომ, იქნებ, სხვა რამე მაინც გააკეთო. გარკვეულწილად, ირაკლი ოქრუაშვილთან მუშაობის დროს მეც და თამარ რუხაძეც მაინც ჩვენი პროფილით ვმუშაობდით, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომხიბლა ახალმა ამპლუამ. მე მაინტერესებდა პოლიტიკა როგორც ჟურნალისტს, პოლიტიკურ პროცესებში ჩემი ადგილი არ იყო. მე ვერ შევიყვარე ის საქმე, თუმცა იმ პერიოდში უფრო ახლოს გავიცანი ხალხი, ვისთანაც დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელთანაც ხშირად ვკონტაქტობ სკაიპით.
– გასული წლის ბოლოს აქტიურად განიხილებოდა შენი და ეროსი კიწმარიშვილის თანამშრომლობა. რატომ არ დაუკავშირე ცხოვრება კვლავ ძველ მეგობარს?
– ჩვენ არა მარტო მეგობრები, ნათესავებიც ვართ. არავის და არაფრის გამო ხაზი არ გადამისვამს ჩვენი ურთიერთობისთვის. ეროსი თავის საქმეს აკეთებს, მე ჩემი საქმე მაქვს და, ჯობია, ასე გავაგრძელოთ. მე მათ არ აღვიქვამ კონკურენტად, მე ყოველკვირეული გადაცემა მაქვს, თუმცა დღემდე შემომრჩა იმის ამბიცია, რომ პირველმა გავაშუქო ესა თუ ის თემა. ამ მიმართულებას აუცილებლად გავაგრძელებ (იცინის).
– პირად ცხოვრებაში იღბლიანი ხარ?
– დიახ. მყავს კარგი მეუღლე, ლამაზი და ნიჭიერი შვილი – მეტი რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?! ძალიან კარგი სტარტი მქონდა ოჯახიდანაც. ჩემი ოჯახი სტანდარტული ოჯახი იყო, ვერ ვიტყვი, რომ ფინანსური მდგომარეობით გამორჩეული, მაგრამ მე მან ბევრი რამ მომცა. მართალია, პატარა ასაკიდან დამოუკიდებლად ვიღებ ყველა გადაწყვეტილებას, მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპზე ვგრძნობდი ჩემი ოჯახის მხარდაჭერას. ახლაც იმდენად დაძაბული რეჟიმით ვცხოვრობ, ჩემი მშობლები და მეუღლე რომ გვერდში არ მედგნენ, ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი. ისინი ეგუებიან ჩემს არაორდინარულ გრაფიკს – რომ ძალიან დიდხანს მიწევს სახლის გარეთ ყოფნა. მშობლები ამას ადრიდანვე შეეჩვივნენ. მახსოვს, „რუსთავი 2-ში“ მუშაობის დროს, როცა ექსტრემალურ სიტუაციებში მივდიოდი, მშობლებს რომ არ ენერვიულათ, ვუმალავდი ხოლმე ამას და ხან რას ვატყუებდი, ხან – რას.
– ახლა მეუღლის მოტყუებას თუ ახერხებ?
– მეუღლე ყოველთვის ხვდება, რომ რაღაც ისე არ არის. როცა ცოლად გავყევი, მან იცოდა, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ სირთულესთან მოუწევდა შეჩვევა. თვითონ საკმაოდ მშვიდი სამსახური აქვს, პროფესიით მუსიკოსია, ევროკავშირის მისიაში მუშაობს, ლოჯისტიკის სამსახურში. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს მეუღლეს მოსწონს, როდესაც ვარ ისეთ ადგილზე, სადაც საფრთხე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ, ალბათ, მასაც სჯერა ჩემი იღბლის, რომ ყველაფერი კარგად იქნება (იცინის).
– კადრს მიღმა როგორია შენი ცხოვრება?
– ჩემს საქმიანობას იმდენი დრო მიაქვს, რომ არაფრისთვის წუთი აღარ მრჩება. შაბათი ღამე მაქვს ყველაზე კოშმარული – მთელ ღამეს კომპიუტერთან, მონტაჟში ვატარებ. ჩემი თავისუფალი დრო მთლიანად ეკუთვნის ჩემს შვილს, მის ცხოვრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნიუანსი ჩემთვის მნიშვნელოვანია, სიამოვნებით დავყვები კონცერტებზე, მიმყავს სკოლაში, ვუვლი. ნინუცამ ყველაფერი შეცვალა ჩემ გარშემო – სამწუხაროდ, ვეღარ ვხვდები ძველ მეგობრებს, კარგა ხანია მათთან, ერთად არსად ვყოფილვარ. წარსულს ჩავაბარე ძველი გატაცებები. სიმართლე გითხრა, არც ადრე ვყოფილვარ დიდი გართობებისა და კლუბების მოყვარული, მაგრამ ახლა საერთოდ ყველაფერზე ავიღე ხელი (იცინის).
– შენი შვილი მამის კვალს გაჰყვა?
– დიახ, ზაზა „ფაბში“ უკრავდა. ნინუცაც მამის კვალს გაჰყვა, ძალიან მოსწონს სცენა. ერთი პერიოდი მეც ვღიღინებდი ჩემთვის, დილეტანტის დონეზე ცუდად არ ვმღერი, ასე რომ, თუ მოვინდომეთ, ჩვენს ოჯახში ბენდის ჩამოყალიბების შანსიც არსებობს (იცინის).
– აზარტულ თამაშებში იღბლიანი ხარ? მოგიგია რამე?
– არასდროს არ მითამაშია არც ერთ ლატარიაში, სამაგიეროდ, საჩუქრებით ვიყავი განებივრებული: ერთ წელიწადს „რუსთავი 2-ში“ მანქანა მაჩუქეს, მეორე წელს „რუსთავი 2-ის“ პრიზი მაცივარი იყო... ერთხელ კიევში ვითამაშე სათამაშო აპარატებით და ძალიან ბევრი ჟეტონი ჩამოყარა აპარატმა – ეს იყო აზარტულ თამაშებში ჩემი ყველაზე დიდი მოგება, მას შემდეგ ამ ფრონტზე ბედი აღარ მიცდია. (იცინის).
– ახლა ვინ განებივრებს საჩუქრებით?
– ახლა ოჯახის წევრებისგან მაქვს „გეგმიური“ საჩუქრები დღესასწაულებზე. არც ისეთი რომანტიკოსი ვარ, რომ დილაობით თაიგულების დანახვა მიხაროდეს. ვიცი ჩემი ოჯახის ბიუჯეტი, რომელიც, მირჩევნია პრაგმატულად დაიხარჯოს. მე და ფული ხარჯვით ნაწილში ვერ „ვმეგობრობთ“, უცებ მეხარჯება. ჩემს ასაკში სამოსისა და სოლარიუმის ფულს ოჯახში ვეღარ მოითხოვ, ამიტომ ამ ამბებს მე თვითონ ვაფინანსებ. ჩემი ბანკირი არის ჩემი და, რომელსაც ყოველთვის ვუბრუნებ ვალს, თუმცა, სერიოზულად ვჩაგრავ კიდეც (იცინის). ამას წინათ ვკითხე, დაბადების დღეზე რა უნდა მაჩუქო-მეთქი და საწყალი ხმით მითხრა: კარგი რა, ხომ არ გავიწყდება, შენამდე ჩემი დაბადების დღე რომ არისო? როცა შევთავაზე: კარგი, მოიფიქრე, რა გინდა და გიყიდი-მეთქი. მიპასუხა: ოღონდ არაფერი წამართვა და შენი ნაყიდი არაფერი არ მინდაო. მან ზუსტად იცის, რომ მის ტანსაცმელსა და კოსმეტიკას კონფისკაციით მაინც დავემუქრები (იცინის).